საპასუხო მატჩების წინ
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
გასული კვირა ევროპაში ახალი სეზონის დაწყებით აღინიშნა და საქართველოს ოთხი კლუბი – თბილისის „დინამო“, ქუთაისის „ტორპედო“, გორის „დილა“და ბათუმის „დინამო“ ევროთასების გათამაშებების საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვნენ.
დინამოელთა მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე ყაზახეთის ჩემპიონი „ასტანა“ აღმოჩნდა, რომელმაც აქამდე ერთხელ ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზეც მოახერხა გასვლა.
სამწუხარო რეალობაა, რომ თუკი ძველად „დინამოს“ მიერ ყაზახეთის საუკეთესო გუნდთან მარცხი ან მატჩის ფრედ დასრულება დიდი სენსაცია იყო, ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენს კლუბებს მათთან შეხვედრებში მკვეთრად უარყოფითი ბალანსი აქვთ და წლების წინ მხოლოდ რუსთავის „მეტალურგმა“ შეძლო ევროთასზე ყაზახური ბარიერის დაძლევა.
„დინამოელთა“ ხელში კი ძველი ტრადიციის აღდგენაა და ჩვენ გუნდს ამისათვის განმეორებით მატჩში მეტი თავდაჯერებულობით თამაში მართებს.
საბედნიეროდ ჩვენებმა გასვლით შეხვედრაში გარდატეხის შეტანა და მეორე ნახევრის დასაწყისში ანგარიშის გათანაბრებამდე რამდენიმე საგოლე მომენტის შექმნაც შეძლეს, რაც საპასუხო მატჩის წინ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.
ერთი მხრივ, შედეგი 1:1 თითქოს დამაკმაყოფილებელია. მეორე მხრივ კი ყველაფერი წინაა და მომდევნო ეტაპზე გასვლისათვის დინამოელებისთვის აუცილებელი იქნება საბოლოო გამარჯვებისათვის აუცილებელი თვისებების გამომუშავება, რაც მათ გასვლით შეხვედრაში არ გამოუვლენიათ.
თუკი პირველ დაპირისპირებაში ერთმანეთს ჩვენების და ყაზახების ყოფაქცევას შევადარებთ მოედანზე, დიდ განსხვავებას შევნიშნავთ მათ შორის. ლმობიერება და „მოყვასის სიყვარული“ კი არას გვარგებს საპასუხო მატჩში.
გავიხსენოთ, რომ მასპინძლები უხეშობის დროს დინამოელთაგან განსხვავებით არასოდეს მისულან წაქცეულ ფეხბურთელთან ფეხზე წამოსაყენებლად, აიმბეტოვმა გოლი უხამსი ჟესტით გამოხატა, სიგუამ – მოკრძალებით, თამაშის დასრულების შემდეგ კი ჩვენი ფეხბურთელები იჩენდნენ ზურგშექცეული მეტოქეებისთვის ხელის ჩამორთმევის ინიციატივას და თითქოს აიძულებდნენ კიდეც მათ ამის გაკეთებას.
თბილისის „დინამო“ მდიდარი ისტორიის მქონე მსოფლიო მნიშვნელობის კლუბია, რომელსაც ევროპის სტადიონებზე მაყურებელთა დასწრების რეკორდი არაერთხელ აქვს დამყარებული და ევროპული თუ საბჭოური მასშტაბის ჯილდოები, მრავალგზის მოპოვებული.
ამიტომ განმეორებითი მატჩის წინ გუნდში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ფსიქოლოგიური სამუშაო ფეხბურთელთა შორის თავდაჯერებულობის ასამაღლებლად, რაც ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას გარდა, აშკარად აკლდათ ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, განსაკუთრებით – შეხვედრის პირველ ნახევარში.
გარდა ამისა, „ასტანას“ ძლევისათვის აუცილებელი იქნება სტადიონის თუნდაც სანახევროდ შევსება, რათა მოწინააღმდეგე ფეხბურთელები მთელი 90 წუთის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართაგან დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი იარსებებს საშიშროება, რომ კონტრიერიშებზე ორიენტირებულმა ჩვენზე მეტად გამოცდილმა მეტოქემ თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ კედლებში…
„სარაევოს“ ფეხბურთელებმა ქუთაისის ახალ სტადიონზე გულშემატკივართა მხრიდან თავიდანვე იგრძნეს გარკვეული ზეწოლა. თუმცა ამას მათთვის ხელი არ შეუშლია ხარიხაზე ბურთის ორჯერ გარტყმაში და კიდევ არაერთი საგოლე მომენტის შექმნაში ტორპედოელთა კართან.
მასპინძლების მხრიდან კი მაქსიმუმის გამოვლენა ბურთის ეპიზოდურად მეტოქის ნახევარზე გადატანაში და მალევე მის დაკარგვაში გამოიხატებოდა.
მაგრამ ამ დროს მოხდა წარმოუდგენელი რამ. შესვენებამდე ორი წუთით ადრე ჩვენებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს. ბურთი არაბიძემ ჩაკიდა მეტოქის საჯარიმო მოედანზე და იქ ჩასულმა, კართან ზურგით მდგომმა ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ ისეთი სილამაზი ბურთი გაიტანა, გოლის სახელმძღვანელოებში რომ იქნება შესატანი, რადგან მსგავსი პოზიციიდან ფეხბურთელს „მაკრატელათი“ ან ქუსლით თუ გააქვს ბურთი და არა ისეთი უცნაური შეხებით, რის შედეგადაც გოლი სადღაც, ოდესმე, რომელიმე ბრაზილიურ დაპირისპირებაში თუ გასულა…
სტუმრები შესვენების წინ ასეთ სიურპრიზს ნამდვილად არ ელოდნენ, მოედანზე დაბრუნებისთანავე წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ გოლი მყისვე გაუშვეს. თანაგუნდელები ბუგრიძემ გიგაურის გადაცემის შემდეგ დააწინაურა.
დასანანი კი ისაა, რომ ქუთაისელთა კარში კიდევ ერთი საპასუხო გოლი მაშინ გავიდა, როდესაც მათ საკუთარი შესაძლებლობებისა ირწმუნეს და სულ უფრო ხშირად დაიწყეს მეტოქის ნახევარზე გამოჩენა.
ჩვენების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთ მძიმე შეხვედრაში მათ მეტოქეს აჯობეს კარის ჩარჩოში დარტყმული ბურთების რაოდენობით და დასკვნით პერიოდში მასზე უკეთ გამოიყურებოდნენ.
სამწუხაროდ სლოვაკეთის „დუნაისკა სტრედასთან“ გასვლითი მატჩი ანგარიშით 1:2 დათმო გორის „დილამ“.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გოლი ჩვენებმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანეს, როდესაც ანგარიშით 0:2 მარცხდებოდნენ და მეორე ნახევარში ანგარიშის შენარჩუნებაც შეძლეს.
თავი კოტალიუკმა გამოიჩინა, რომელმაც მარჯვენა ფრთიდან ინდივიდუალური გარღვევა განახორციელა და უხერხული პოზიციიდან მოულოდნელად ძლიერად დაურტყა კარიდან წინ გამოსულ მეკარეს, რომელმაც კუთხე თითქოს კი ჩაკეტა, მაგრამ ბურთის შეკავება ვეღარ შეძლო.
მინიმალური უპირატესობით მარცხი იმას ნიშნავს, რომ საპასუხო მატჩში გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერის ფონზე გორელებს რეალური შანსი მიეცემათ მომდევნო ეტაპზე გასვლისა.
ქუთაისელთა მსგავსად ანგარიში გახსნა ბათუმის „დინამომაც“, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა ალბანურ „ტირანასთან“ გასვლითი მატჩის მოგებამდე მისაყვანად.
შეხვედრის 66-ე წუთზე მოედანზე ცოტა ხნით ადრე შესული ბიძინაშვილი მარჯვენა ფრთაზე გაიჭრა და შესანიშნავი გამჭოლი გადაცემა განახორციელა ალბანელთა საჯარიმო მოედანში მცველებისგან გამოთავისუფლებული ფლამარიონის მიმართულებით, რომელსაც ისღა დარჩენოდა, რომ ბურთი გადაეგზავნა მეტოქის კარის ბადეში.
ბათუმელებმა გატანილი გოლის შემდეგაც განაგრძეს მეტოქის კონტრიერიშებით შეწუხება, მაგრამ საკუთარმა კედლებმა თავისი როლი მაინც შეასრულა და მასპინძლებმაც არ აპატიეს ჩვენებს შეხვედრის დამატებულ მესამე წუთზე კარის წინ წამიერი უყურადღებობა.
როგორც ვხედავთ სამმა ქართულმა კლუბმა თავისი პირველი საკვალიფიკაციო შეხვედრა ფრედ დაასრულა, ხოლო ერთი კი მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ბუნებრივია, რომ თითოეულ მათგანს აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალური შესაძლებლობა.
თუმცა, სამწუხაროდ არსებობს მოვლენების ისეთი განვითარების ალბათობაც, როგორიც თავს გადახდათ სამივე წლევანდელი ევროთასის ფინალში გასულ იტალიურ კლუბებს.
ამის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელი იქნება მეტი თავდაჯერებულობით თამაში. გამართლება კი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის და ისიც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მწვრთნელების მიერ პირველი შეხვედრებიდან სწორი დასკვნების გამოტანის შემთხვევაში, ოთხივე ქართული კლუბი მომდევნო ეტაპზე ვიხილოთ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იქნება.





