რას გავიგებ დღეს 12 – ფოთი, ინდუიზმი და აჭარული ბორანო
ავტორი: ქეთი ბზიკაძე
ცოტა ხნის წინ თბილისი დავტოვე და არც ისე შორს – ფოთში გადავსახლდი. ასოციალური და მშვიდი ფოთი საკმარისი აღმოჩნდა შედეგის მისაღწევად – ვარ პროდუქტიული, დასვენებული და ბედნიერი.
ცოტას ფოთზე მოგიყვებით.
ამ ქალაქზე არისტოტელესგან, სტრაბონისგან, პლუტარქესგან, პომპონიუს მელასგან, არიანესგან და პტოლემაიოსისგან უკვე გვსმენია ისტორიის გაკვეთილებზე. ახლა აქ ანტიკური არაფერია შემორჩენილი, თუმცა ძველი ტოპონიმის – ფაზისის ცოდნაც უკვე ამაღელვებელ განწყობას ქმნის. რძე და თაფლი ნამდვილად არსაიდან იღვრება, მაგრამ ზაფხულში აქ ყველაფერი ყვავილობს და ყოველი მოსახლის ღობის შიდა და ღობის გარე სივრცე გადაფერადებულია მრავალფეროვანი მცენარეებით, თითქოს ლამაზი ეზოების კონკურსია. ნიკო ნიკოლაძის მიერ გაშენებულ თანამედროვე ფოთში ღამის ცხოვრებას ვერ ნახავთ, სამაგიეროდ ულამაზესი მეცხრამეტე საუკუნის შუქურა, ქვეყნის მთავარი პორტი თავისი შთამბეჭდავი ესთეტიკით, მოსახერხებელი ქალაქგეგმარება, უამრავი ტბა, კოლხეთის ულამაზესი ეროვნული პარკი – კი ბატონო. ამსტერდამის მსგავსი პატარა ფოთი ურელიეფო და ჭაობებამომშრალი ლანდშაფტით ინტროსპექციისთვის, სიმშვიდისთვის, ველოსიპედით სეირნობისთვის შესანიშნავი ქალაქია.
ჩემი ძალიან პროდუქტიული ზღვისპირა ქალაქური ყოველდღიურობა ინდუიზმის, იაპონური ესთეტიკის და ირანული კინემატოგრაფიის შემეცნებით დაიწყო. დასავლეთ საქართველოში თურმე გონება აღმოსავლეთში გამექცა.
ევროპულ ფასეულობებზე გაზრდილს ამ ეტაპზე ეგზოტიკური, შორეული ცნებები უფრო მხიბლავს და მაინტერესებს, შესაბამისად, ვეცადე ათასჯერ გაგონილი თვითონ წამეკითხა, მომესმინა და მენახა.
მაჰაბჰარატას, ანტიკური ინდოეთის მსოფლიოში უგრძესი ეპოსის, ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილს – ბჰაგავატ გიტას დავადგი თვალი და ერთ საღამოში წავიკითხე. სულაც არ არის პრანას, ატმანის, იოგას, კარმას და სამსარას სრულად გასააზრებლად საკმარისი ერთი საღამო, მაგრამ თითქოს ადვილად ვიგებდი.
ამ სტატიაში ინდუიზმის ფუნდამენტურ სპირიტულ ცნებებზე და უკვდავ სულზე საუბარს არ დავიწყებ, სამაგიეროდ გაჩვენებთ ინდუისტურ მინიატიურებს და სახვითი ხელოვნების ჯადოსნურ, ზღაპრულ ფერადოვან ნიმუშებს, რომელთა თვალიერებითაც არასდროს ვიღლები.
ინდუისტური მინიატურები შუა საუკუნეების ინდოეთის დამახასიათებელი ტრადიციული ხელოვნების ფორმაა, ტრადიციული სტილით შესრულებული უჩვეულო გამოსახულებები ხასიათდება სკრუპულოზურობით, დეკორატიულობით და ხასხასა ფერებით, რაც მათ უნიკალურობას განაპირობებს. შინაარსობრივად ინდუისტური მითოლოგიის, ლეგენდებისა და რელიგიური ტექსტების სხვადასხვა ფანტასმაგორიულ პასაჟებს ასახავენ.
ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი უძველესი კულტურის 400-მდე დიალექტის მქონე ქვეყანაში მხატვრობაც განსხვავდება რეგიონების (ფაჰარი, რაჯპუტი, დეკანი) მიხედვით, შესაბამისად, თვალიერებისას ვხვდებით სხვადასხვა გავლენებისა და სტილების თვალისმომჭრელ გამოსახულებებს.
ამასობაში ინდუისტური ტაძრების თვალიერებასაც შევყევი და უნდა გაგიზიაროთ, სხვა გზა არ არის! აქამდეც მითვალიერებია, როგორ ჰარმონიულად არის მორგებული თვალწარმტაცი არქიტექტურული ნაგებობები ლანდშაფტს, მაგრამ ამჯერად ახლოდან და უფრო დეტალურად ვეცადე დავკვირვებოდი, ვზივარ პირღია და მონუსხული. დეტალების სიმრავლე და ფერადოვნება, რაც ნახატებშია, უკვე სამგანზომილებიანი, საოცრად მონუმენტური, კიდევ უფრო კომპლექსური და დახუნძლულია.
ბუნებრივია, რომ ინდოეთის უზარმაზარ სუბკონტინენტზე მრავალი კლიმატური ზონებით და კულტურული გავლენებით ზღაპრული ხუროთმოძღვრების მრავალ სტილს ვხვდებით: დრავიდა (სამხრეთი ინდოეთი), ნაგარა (ჩრდილოეთი ინდოეთი), ვესარა (წინა ორის ნაზავი)…
ინდუისტური სასულიერო არქიტექტურა ძირითადად მანდალას და ვასტუ შასტრას პრინციპებზეა დაფუძნებული. მანდალა ალბათ აქამდეც გსმენიათ, კოსმოსის სიმბოლოა და სპეციფიკური ფორმა აქვს, ცენტრიდან სიმეტრიულად ამომავალი ფიგურებით, ხოლო ვასტუ შასტრა ანტიკური ინდური მეცნიერებაა არქიტექტურასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია ჰარმონიული და იღბლის მომტანი კონსტრუქციების შექმნა, რაც ფენ შუის და მსგავს ფილოსოფიებს და პრაქტიკებს მახსენებს.
ინდოეთში არსებული არქიტექტურიდან ასევე გამოვარჩევდი ქაშმირის რეგიონს, რომელზეც გავლენას ისლამი და არა ინდუიზმი ახდენს. ქვის ფასადიდან გამოსული უნიკალური ხის ორნამენტებიანი აივნები ისლამური კულტურის გავლენის გამო თბილისურსაც მაგონებს.
ინდუისტური ვიზუალური ხელოვნება ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული, კაშკაშა და ინტეგრალური ნაწილია, რომელიც უდიდეს რწმენასა და არტისტულ ტრადიციებს აერთიანებს. მოკლედ, ცრურწმენის თუ რწმენის – არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დღესდღეობით შესაძლებელია საოცარი ესთეტიკის შეგრძნებით და წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობით ნაგები ირეალური და ფანტასტიკური შენობების ხილვა.
ამ თვალიერ-თვალიერებასა და კითხვა-კითხვაში წავაწყდი უძველეს მსოფლხედვას – ანიმიზმს, რომელიც სპირიტულობისა და რელიგიის საწყისად არის მიჩნეული, მას დღემდე ჰყავს მიმდევრები. ამ ფენომენის თანახმად ადამიანი უხილავი და ხილული, ცოცხალი და არაცოცხალი ურთიერთდაკავშირებული ერთიანი კომპლექსური სამყაროს ნაწილია, ობიექტები და მოვლენები კი ზებუნებრივი თვისებებით ხასიათდებიან.
ანიმიზმის ჰოლისტიკური მსოფლაღქმა დამყარებულია ბუნების და გარემოს პატივისცემაზე, იგი სპირიტულ ბუნებაზე, ადამიანებისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთბალანსა და ჰარმონიაზე ფოკუსირდება.
ტერმინი ანიმიზი ლათინური სიტყვა Anima-დან მოდის, რაც სუნთქვას, სულს, სიცოცხლეს ნიშნავს. მსგავსი ცნება გვხვდება ინდუიზმში – Prana, Chi – დაოიზმში, Nwyfre – კელტ დრუიდებთან, Orenda – ინდიელებთან, ბერძნულ ფილოსოფიაში პლატონი ამ უნივერსალურ სპირიტულ ძალას Anima Mundi-ს უწოდებდა. ამასობაში კარლ იუნგის ანიმას და ანიმუსსაც მივაგენი, დავრწმუნდი, რომ ფოთში აღმოსავლეთში კი გამირბის გონება, მაგრამ დასავლეთიც სულ აქვეა.
ბევრს აღარ ვილაპარაკებ, სტატიის წერა ისე გამიგრძელდა, ამასობაში ფოთიდან მეჩეთებით სავსე ზემო აჭარაში ვიმოგზაურე – ადამიანები, სუბალპური მდელოები, მცენარეები და მწერები გავიცანი და კვლავ ფაზისში დავბრუნდი.
მარტო ყოფნით, ინტერნეტით და მოგზაურობით, ჩემი ჰოლისტიკის და ბალანსის რწმენა ერთი-ორად გაიზარდა, თავისი დასავლეთში აღმოჩენილი აღმოსავლეთით და აღმოსავლეთში ნაპოვნი დასავლეთით, ჩემს თავში ჩაძიებით და გარე სამყაროში საკუთარი თავის აღქმით.
P.S. ძალიან ფილოსოფიური გამოვიდა ბოლო აბზაცი, ამიტომ გთავაზობთ აჭარული ბორანოს რეცეპტს:
ინგრედიენტები:
- დაწნული ყველი, ნაკლებ მარილიანი, სასურველია იყოს დაძველებული (100 გრამი)
- იაღი – დამარილებული კარაქი (50 გრამი)
მომზადების წესი
- წვრილად დაჭრილ ყველს დავასხათ მდუღარე წყალი, რამდენიმე წამი გავაჩეროთ და კიდევ გავიმეოროთ, სანამ ყველი არ დარბილდება და ნაკლებმარილიანი არ გახდება. გადავიტანოთ კეცზე ან რაიმე ცეცხლგამძლეზე.
- ვადნობთ კარაქს ტაფაზე, ვადუღებთ და ვურევთ, სანამ არ გაოქროსფრდება.
- ოქროსფერ მდუღარე კარაქს ვასხამთ ყველს და ცოტა ხნით ვაჩერებთ.
ჩემი აზრით:
ფრანგული ფონძიუს მსგავსად, ამ კერძს სუფრაზეც რომ ჰქონდეს ცეცხლი შენთებული, არ აწყენდა.
P.P.S. სოფელ გომარდულში გავიცანი 37 წლის საოცარი ნარგიზი, რომელთანაც ვიყიდე დაწნული ყველი, იაღი და ჩემ თვალწინ მიწიდან ამოღებული კარტოფილი, საჩუქრად დაძველებული ყველი და მისი ბაღის გეორგინები მივიღე, კარავთან დავბრუნდი, ზემო მახუნცეთში ნაყიდ ჯარას თაფლთან ერთად მივირთვი და 1-2 კილო მოვიმატე.
#travelingeorgia