დებიუტი შედგა!
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
როდესაც ქუთაისის „ტირპედოს“ პარაგვაელი ლეგიონერი კაბალიერო მეტოქე გუნდის გულშემატკივართა გამაყრუებელი სტვენის ქვეშ ბურთთან მივიდა გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად, ცოტა არ იყოს შევშინდით, რადგან ყველაფერი ხდება, ქართული გუნდები საჭირო მომენტში ხშირად კონცენტრაციას კარგავენ ხოლმე და მერე ვინ იცის, ვაითუ ეს პენალტიც გაფუჭდეს, მომდევნოც ვერ გამოვიყენოთ და ყველაფერი წყალში ჩაიყაროს.
მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მომხდარა და ჩვენც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პენალტების სერია არა „საფეხბურთო ლატარია“, არამედ მატჩის ჩვეულებრივი გაგრძელებაა და იგებს ის გუნდი, რომელიც მის შესასრულებლად მეტი პასუხისმგებლობით ემზადება.
ქებათა ქება ქუთაისის „ტორპედოს“, რომელმაც მომდევნო ეტაპზე გასვლით, დადებითი ბალანსისკენ მომართა ქართული კლუბების გამოსვლა ევროთასების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე და აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დებიუტი შედგა.
დაწვრილებით თუ შევუდგებით ქუთაისელთა საპასუხო დაპირისპირების განხილვას „სარაევოს“ წინააღმდეგ და მეორე მატჩის პირველ წუთებს შევადარებთ პირველისას, განცვიფრებით აღვნიშნავთ, რომ სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში გუნდმა დაუჯერებელი სახეცვლილება განიცადა.
შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნას, თითქოს „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა მთელი ეს პერიოდი განუწყვეტელ ვარჯიშს მოანდომეს და მატჩის მოსაგები თითოეული კომპონენტი, პენალტების სერიის ჩათვლით, ისეთი სიზუსტით დაამუშავეს, რომ საჭირო დროს არსენალში იღბალიც ჩართულიყო და ის ერთადერთი გოლი, რომელიც მათ გადაარჩენდა, თუნდაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გასულიყო…
გავიხსენოთ, რომ პირველი შეხვედრის დაწყებიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც „სარაევოს“ ფეხბურთელებმა უკვე ხარიხას გაარტყეს ბურთი და მალევე კიდევ არაერთი სახიფათო ეპიზოდი შექმნეს დაბნეული და გამოუცდელი მასპინძლების კართან.
შემდგომში ჩვენებმა თამაშში გარდატეხის შეტანა და ორჯერ დაწინაურებაც შეძლეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საპასუხო შეხვედრის წინ, ქართველ გულშემატკივართა უმრავლესობის აზრით, ჩვენი გუნდებიდან მომდევნო ეტაპზე გასვლის ყველაზე მცირე შანსი სწორედ „ტორპედოს“ გააჩნდა.
მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? ქუთაისელებმა პირველი წუთებიდანვე ხელთ იგდეს სათამაშო ინიციატივა და უკვე მატჩის დებიუტშივე „სარაევოს“ მეკარე შაჰინოვიჩს ორჯერ მოუწია შეტევაში ჩართული გუნდის კაპიტნის, მერაბ გიგაურის სახიფათო დარტყმების მოგერიება.
ქუთაისელები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ კედლებში, მაგრამ უეცრად მათ თავზე ცივი წყალი გადაესხათ, როდესაც „სარაევოს“ ფეხბურთელებმა პირველივე შეტევა მატჩის მე-12 წუთზე გოლით აღნიშნეს.
უიღბლობას კი მოლდოველი მსაჯის მიერ მთელ რიგ ეპიზოდებში მასპინძელთა მიმართ მიკერძოებული გადაწყვეტილებებიც დაერთო და ამგვარად ჩვენები მეტოქის გულშემატკივრების ღრიანცელის ფონზე, უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ პირველ ტაიმში სამი ყვითელი ბარათის მოპოვების შემდეგ, მეორე ნახევარში მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩენის არასასურველი პერსპექტივაც ჩნდებოდა.
ასეთი პრობლემების მიუხედავად, ჩვენებმა მოახერხეს მეორე ტაიმში მოედანზე სტაბილური ფონის შენარჩუნება და ზოგჯერ სახიფათო ეპიზოდების შექმნაც. მაგრამ აუცილებელი იყო საპასუხო გოლის გატანა, რომელიც თამაშს დამატებით დროში გადაიტანდა…
და ეს გოლი თურმე მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე უნდა გასულიყო, როდესაც არაბიძემ სტანდარტული სიტუაციიდან მასპინძელთა საჯარიმო მოედანზე ბურთი ჩაკიდა და ამ გადაცემას პირველი წუთების მსგავსად, გუნდის კაპიტანი გიგაური გამოეხმაურა, რომელმაც თავით ისეთი დაურტყა, როგორსაც მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები ვერ მოიგერიებდნენ.
შემდეგ იყო უგოლო დამატებითი დრო და ჩვენების მხრიდან ფანტასტიკურად შესრულებული 4 თერთმეტმეტრიანი, რომელთაგან „სარაევოს“ მეკარემ ერთხელაც ვერ გამოიცნო დარტყმის მიმართულება.
მატჩის მთავარი გმირი კი ჩვენი გუნდის სერბი გოლკიპერი ფილიპ კლიაიჩია, რომელმაც „სარაევოს“ ორი პენალტი მოიგერია.
ქუთაისელთა მსგავსად, ქებათა ქება გორის „დილას“ ფეხბურთელებს, რომელთაც საკუთარ კედლებში ანგარიშით 2:0 სლოვაკეთის „დუნაისკა სტრედა“ დაამარცხეს.
გორელებმა მაშინ გაიტანეს, როდესაც პარალელურ შეხვედრაში ბათუმის „დინამოელებმა“ „ტირანასთან“ გაუშვეს და წინა დღეს თბილისის „დინამოს“ „ასტანასთან“ გამოვარდნის შემდეგ, ტიერი გეილის გოლმა ქართველ ქომაგთა შორის იმედის ნაპერწკალი გააღვივა.
ბარბადოსელი ლეგიონერი ძოწენიძემ ჩინებული გადაცემით გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე. ამ უკანასკნელმა კი ხელიდან არ გაუშვა თავისი შანსი და აუღებელი ტრაექტორიით გადაგზავნა ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში.
მატჩის მეორე ნახევარში ბუნებრივია, რომ „დუნაისკა სტრედას“ ფეხბურთელებმა ძირითადი ყურადღება შეტევაზე გადაიტანეს და პირველ ტაიმში მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობა შესვენების შემდეგ ორმხრივმა შეტევებმა ჩაანაცვლა.
მაგრამ უეცრად სტადიონზე შუქი ჩაქრა და თამაში დაახლოებით ათი წუთით შეწყდა.
მეორე გოლი მოედანზე ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ გავიდა, როდესაც მატჩის 75-ე წუთზე ჩვენი გუნდის ბრაზილიელმა ლეგიონერმა ალეფ სანტოსმა საშუალო დისტანციიდან ჭეშმარიტად ბრაზილიური „ხმელი ფოთოლი“ ჩაუსვა „დუნაისკა სტრედას“ მეკარეს, რომელსაც ისღა დარჩენოდა, რომ თვალი გაეყოლებინა უცნაური ტრაექტორიით წასული ბურთისათვის…
2:0 იმას ნიშნავდა, რომ მასპინძლები უკვე ახლოს იყვნენ მომდევნო ეტაპთან, მაგრამ ამ ანგარიშის შენარჩუნება მარტივი რომ არ იქნებოდა, გორის სტადიონზე მისულ თითოეულ გულშემატკივარს კარგად ესმოდა.
მთავარი ხიფათი სტუმრებმა გორელთა კართან მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შექმნეს, როდესაც ჯერ ხარიხას გაარტყეს ბურთი, შემდეგ კი მასპინძელთა გოლკიპერ კუროჩკინს ურთულესი „სეივის“ ჩადენა აიძულეს.
საბოლოოდ გორის „დილამ“ საქმე ბრწყინვალე გამარჯვებამდე მიიყვანა და მომდევნო ეტაპზე იგი უკრაინულ „ვორსკლას“ ჯერ პოლონეთის ქალაქ ტიხიში დაუპირისპირდება, შემდეგ კი შინ მიიღებს.
ყურადღება მივაქციოთ, რომ პირველი ეტაპი წარმატებით დაძლიეს იმ გუნდებმა, რომელთაც უცხოელი მწვრთნელები ჰყავთ, თბილისის და ბათუმის „დინამოელებმა“ კი გასვლაზე ფრედ დასრულებული მატჩების შემდეგ, ერთნაირი ანგარიშით 1:2 დათმეს შინაური შეხვედრები.
თბილისის „დინამო“ აწი კონფერენს ლიგაზე გადაერთვება, სადაც მალტის გუნდ „ჰამრუნ სპარტანსს“ დაუპირისპირდება, ბათუმის „დინამოსთვის“ კი წლევანდელი ევროთასი დასრულებულია.
საგულისხმოა, რომ „ტირანა“ ევროტურნირებზე მხოლოდ საქართველოს საუკეთესო გუნდების ბარიერის დაძლევას ახერხებს, სხვა შემთხვევებში კი ყოველთვის მარცხდება და ამჯერად მან თბილისის „დინამო“ ბათუმის „დინამოთი“ ჩაანაცვლა…
ყაზახების წინააღმდეგ ჩვენი კლუბების მკვეთრად უარყოფითი ბალანსის შემცირებას კი ქუთაისის „ტორპედო“ ეცდება, რომელიც კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზე „აქტობეს“ შეხვდება.





