გამოფენა Empower Her Art Forum 2023
ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი
ეგვიპტური ცივილიზაციების ნაციონალურმა მუზეუმმა Artoday-ს ორგანიზებით უმასპინძლა ფორუმს – Empower Her Art Forum, რომელშიც მონაწილეობდა ქართველი მხატვარი მაკა ზედელაშვილი. ფორუმის მთავარ თემას – არტისტი ქალების გაძლიერება – წარმოადგენდა 100-ზე მეტი ხელოვანი ქალის ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნიდან.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოფენის მთავარი იდეა ასახავდა ქალთა როლის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროში, თუ შეიძლება, გვიამბეთ უფრო მეტი რამ გამოფენის იდეასთან დაკავშირებით.
მოგესალმებით. დიახ, Empower Her Art იყო გლობალური ფორუმი, რომლის პირველი მისიაა ხელოვანი ქალების გაძლიერება. ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნული მუზეუმის (NMEC) ცენტრალურ დარბაზში გამოიფინა 100-ზე მეტი ხელოვანი ქალის ნამუშევარები. Ხელოვანები წარმოდგენილი იყვნენ როგორც ეგვიპტიდან, ასევე ბელგიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ქუვეითიდან, ლიბანიდან, ომანიდან, იემენიდან, ესპანეთიდან, სირიიდან, სუდანიდან, თურქეთიდან. Ჩამონათვალი რომ არ გამიგრძელდეს, ჯამში 35 ქვეყნიდან. Საქართველოს წარმოვადგენდი მე. Ჩემი წარმდგენი კი ბელგიური გალერეა იყო. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ადგილობრივი ხელოვანების გაცნობა, მათი შემოქმედება და მათთვის გამოცდილების გაზიარება.
როგორც ფორუმის ორგანიზატორმა Shereen Badr-მა განაცხადა: “არ არსებობს ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნულ მუზეუმზე უკეთესი ადგილი ამ ღონისძიების გასამართად.” ცხადია, ფორუმის თემა ქალთა გაძლიერების საკითხს ეხებოდა, ხოლო მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები საუკეთესო ილუსტრაციაა იმ პოზიტიური გავლენის, რაც ეგვიპტეში ქალებს ჰქონდათ ცივილიზაციის თვითმყოფადობასა და ფორმირებაზე. (Empower Her Art Forum)
NMEC არ არის მათთვის მხოლოდ არტეფაქტების გამოფენის ადგილი, არამედ “კულტურული შუქურაა”, რომელიც მასპინძლობს სხვადასხვა მხატვრულ და კულტურულ აქტივობებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წლებში ძველიდან ახალ NMEC მუზეუმში არტეფაქტების გადმოტანის დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდა.
მოხარული ვარ, რომ მქონდა საშუალება ჩემი ქვეყანა წარმედგინა ასეთი მნიშვნელობის კულტურულ ცენტრში.
ფორუმი წამყვანმა სატელევიზიო, ონლაინ და ბეჭდურმა მედიებმა გააშუქეს. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების გარდა ფორუმის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ ელჩები, გამოფენაში მონაწილე ქვეყნის შესაბამისად. ღონისძიებას ჰყავდა ისეთი სტრატეგიული მხარდამჭერები, როგორებიცაა გაეროს ქალთა ორგანიზაცია, კულტურის, სოციალური სოლიდარობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები, ქალთა ეროვნული საბჭო და ეგვიპტის ტურიზმის ხელშეწყობის საბჭო. ეს სია არასრულია და ასევე მოიცავს უამრავ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას.
თქვენ წარმოადგენდით, ახალი იორგის გალერეას. როგორ მოხდა თქვენი შერჩევა?
New Jorg Gallery არის ბელგიური გალერეა, რომელთანაც რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ. ეს გალერეა არაჩვეულებრივ ბელგიელ მოქანდაკეს ეკუთვნის, რომელსაც ევროპისა და აზიის საუკეთესო არტისტების კოლექცია აქვს ექსპოზიციაში. ფორუმის ორგანიზატორთა და და New Jorg Galery-ის თანამშრომლობის ფარგლებში შეირჩა ჩემი ერთ-ერთი ფერწერა, რომელიც იმ დროისათვის უკვე გაყიდული იყო, რის გამოც მომიწია სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შემექმნა ახალი ნამუშევარი. Მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ქალთა უფლებებთან დაკავშირებული არაერთი ტილო მაქვს შექმნილი და საკითხი სრულად დავფარე შესაბამისი სერიით, ამჟამად ვმუშაობ ხეთა სიმბოლიკაზე და ნამუშევარიც სწორედ ამ სერიის ფარგლებში შესრულდა. ტილო “ხის ბეჭი”, რომელიც წარმართულ ქართულ რიტუალებს ეძღვნება და სიცოცხლეში მრავალჯერ აღდგინებისა და განახლების იდეით არის ინსპირირებული, იყო ერთ-ერთი წამყვანი ტილო, რომელიც New Jorg Gallery-მ წარადგინა.
გალერეის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები პირდაპირ ეგვიპტური არტეფაქტების გვერდით, კერძოდ, ტექსტილის განყოფილების მიმდებარედ იყო განთავსებული, იმავე ღია სივრცეში, სადაც საუკუნოვანი ექსპონატები ინახება, რაც, ვფიქრობ, ექსპოზიციას კიდევ უფრო მიმზიდველს და ექსპერიმენტულს ხდიდა დამთვალიერებლისთვის. გამახარა იმ ფაქტმა, რომ ჩემი ნამუშევარი მზარდი ყურადღებისა და ინტერესის ცენტრში მოექცა და მქონდა საშუალება ნამუშევრის იდეა დაინტერესებული დამთვალიერებლებისთვის გამეზიარებინა.
თქვენ ნამუშევარი ეგვიპტეში შექმენით, ასეა ხომ? მაინტერესებს, რა სახის გამოცდილება იყო ეს თქვენთვის და როგორ მოხდა – გამოფენამდე სარეზიდენციო სივრცე გქონდათ გამოყოფილი?
წინასწარ შეთანხმებული ნამუშევრის გარდა, ადგილზე შეიქმნა ორი ნამუშევარი, რომელიც ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობის პროცესში შესრულდა. სივრცე მხატვრებისთვის პირდაპირ მუზეუმში, საგამოფენო დარბაზის მიმდებარედ იყო გამოყოფილი. ეს იყო ყველაზე ცოცხალი და საინტერესო გამოცდილება ჩემთვის.
გაიმართა ვორქშოფები, შეხვედრები, დამთვალიერებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ ჩვენი ხატვის პროცესს და კომუნიკაცია დაემყარებინათ არტისტებთან. ხატვის პროცესს უამრავი ადამიანი ესწრებოდა და საშუალება გვქონდა როგორც აუდიტორიასთან ახლო ურთიერთობის და უკეთ გაცნობის, ასევე ადგილობრივ არტისტებთან საერთო აქტივობების განხორციელების და მათი შემოქმედების გაცნობის. იქ შესრულებული ნამუშევრები მუზეუმის საკუთრებაში დარჩა.
რა სახის თემატიკა ჭარბობდა გამოფენაზე? Რამდენად გაამართლა მოლოდინი და როგორ შეაფასებდით მას, როგორც მხატვარი?
ერთ-ერთი გამორჩეული ჩემთვის იყო გერმანიის პავილიონი, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ადგილობრივ კულტურასა და ხელოვნებაში მიმდინარე პროცესები უფრო მაინტერესებდა. Გამოფენა საერთო ჯამში მრავალფეროვანი გამოდგა, სოციალური თემებით, გენდერულ საკითხებზე შექმნილი ნამუშევრებით, ინსტალაციებით ეკოლოგიურ “დაბინძურებაზე” თუ სხვა. ყოველთვის, როცა ქვეყნის ფარგლებს მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ვტოვებ, მოლოდინი ერთია: ვნახო და გავეცნო სხვა კულტურის, სოციუმისა და ყოფის წარმომადგენელ ხელოვანთა მიერ დანახულ სამყაროს. მოლოდინი, რა თქმა უნდა, გამართლდა, ვინაიდან ფორუმში მონაწილეთა ნამუშევრების მრავალფეროვნება ნამდვილად ქმნიდა იმ ეგზოტიკას, რაც საერთაშორისო ღონისძიებებს ახასიათებს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი გალერეების წარმომადგენლები. რამდენიმე მათგანმა ინტერესი გამოთქვა თანამშრომლობის და უახლოეს მომავალში ვაპირებ კონკრეტული ნამუშევრების გაგზავნას აღნიშნულ გალერეებში განსათავსებლად.
თქვენს სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ, მომავალში ხომ არ გეგმავთ პერსონალურ გამოფენას საქართველოში?
პერსონალურ გამოფენებს დიდი შუალედებით ვაწყობ. Ჩემთვის და ვფიქრობ, ნებისმიერი ხელოვანისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. Ბოლო სოლო გამოფენა 2019 წელს ლიტერატურის მუზეუმში მქონდა. ამჯერად გეგმები გაცილებით კომპლექსურია და მომდევნო გამოფენისთვის ინტენსიური მზადების პროცესში ვარ. Ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა ხელოვნების სფეროში და მსურს, ჩემი სოლო გამოფენით ახალ გამოწვევებს ახალი შესაძლებლობებით ვუპასუხო.
მნიშვნელოვანია ნამუშევრები, რომლებსაც ამ საუკუნეში მხატვარი ქმნის, აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს. თამასა მნიშვნელოვნად არის აწეული, არტისტს კი განსაკუთრებულად მართებს ფორმაში ყოფნა. ტექნოლოგიური განვითარების ფონზე ეს ყველაფერი მოსალოდნელიც იყო. გამარტივებული წვდომის, ინფორმაციის გადაცემის აჩქარებისა და შესაბამისად, აჩქარებული ცხოვრების ტემპის ფონზე საჭიროა უზრუნველყო ექსპრესიულობის ინტენსიური ზრდა, რაც თავის მხრივ შრომატევადია. ასე რომ, ამჟამად მზადების პროცესში ვარ და აუცილებლად გაგაგებინებთ ჩემი გეგმების შესახებ.