fbpx

ხორხე ლუის ბორხესი – ოთხგვერდა სამკუთხედის ავტორი


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

არგენტინელი მწერალი, ესეისტი, პოეტი, ლექტორი… ეს სია ასე მარტივად ვერ დასრულდება. ხორხეს ლუის ბორხესი 1899 წლის 24 აგვისტოს დაიბადა. ის ძალიან ბევრს კითხულობდა და ძალიან ბევრს წერდა. ნობელის პრემია რომ გადაეცათ მისთვის, ალბათ, ასე დააწერდნენ, ხორხე ლუის ბორხესს გადაეცემა ნობელის პრემია იმისათვის, რომ გვაჩვენა, ლიტერატურა უსასრულოა. 

 

ბორხესი და სხვები…

ბორხესისა და საკუთარი თავის გავლით ფილოსოფიისა და ლიტერატურის გავლენის რაობაზე მოსაუბრე უმბერტო ეკომ სამკუთხედის მოდელი შემოგვთავაზა და მის თავზე X დასვა. იტალიელმა ენციკლოპედისტმა X-ს ენციკლოპედიის სამყარო უწოდა. მისი თქმით, ჯოისის მსგავსად, ბორხესი უნივერსალურ კულტურას თამაშის ინსტრუმენტად გამოიყენებდა. ამ პროცესის დასახელებას თუ გავამარტივებთ წარმოუდგენლის წარმოსადგენამდე გარდაქმნის პროცესს მივადგებით, რაც უკვე ნათელმხილველის ნიშნებს შეიცავს და ეს კი მარგარეტ იურსენარის პრიზმიდან დანახული კლასიკოსის თვისებაა. „ადრიანეს მოგონებების“ ავტორი შენიშნავს, რომ ნათელმხილველობა, როგორც თვისება, ბორხესს სიბრმავემ ძალიან გაუმძაფრა. 

ჯონ მაქსველ კუტზეე, რომელსაც ღრმად სწამდა, რომ  ბორხესი გნოსტიციზმით იყო შეპყრობილი, წუხდა, რომ არგენტინელმა მწერალმა თავისი მთავარი ტექნიკა, შემოქმედებითი იმპულსი დროთა განმავლობაში დაკარგა. მსჯელობა ბორხესის ერთ-ერთი კრებულის, „ქვიშის წიგნის“ მიხედვით ნამდვილად ზუსტია, რადგან, ჩანს, რომ ბორხესს ძველებური სიმსუბუქე აღარ ეტყობა, მაგრამ ყველაფრის გადაყვანა ახალ რელსებზე ნამდვილად შეგვიძლია – ბორხესი კი არ კარგავს იმპულსს, არამედ სხვა ფორმას აძლევს მას. 

 როდესაც “სიბნელის შემყურე ბრმის“ (შექსპირი) შემოქმედებაზე ვფიქრობთ, ძნელია, მარიო ვარგას ლიოსა არ გაგვახსენდეს. მისი წიგნი „ნახევარი საუკუნე ბორხესთან“ ამის თვალსაჩინო მაგალითია, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, უმჯობესია გავიხსენოთ, თუ რას ვკითხულობთ მის საუკეთესო რომანში – „საუბარი კათედრალში“: „ყველაფერი იგივე იყო, ოღონდ უფრო პატარა, ყველაფერი იგივე, მაგრამ უფრო გაბრტყელებული, მხოლოდ ხალხი იყო განსხვავებული…“.  ეს მონაკვეთი ბრწყინვალედ ერგება ოთხგვერდა სამკუთხედის ოქსიმორონს და ბორხესიანელ სამყაროში რეალობასა და წარმოსახვას შორის საზღვარს შლის.

საზღვრის წაშლა წარმოსახვასა და რეალობას შორის…

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მოთხრობაში ბორხესი მკითხველს ინდობს და აფრთხილებს, მართალს წაიკითხავენ თუ გამონაგონს, მისი ლიტერატურის მთავარი შტრიხი მაინც ამ საზღვრის გაფერმკრთალებაა. „ქვიშის წიგნის“ ერთ-ერთი მოთხრობა „ულრიკა“ შემდეგნაირად იწყება: „ამ მოთხრობაში რეალობის ერთგული ვიქნები, ყოველ შემთხვევაში იმ რეალობისა, ჩემს მოგონებებს რომ შემორჩა“. მაგალითად, უილიამ ტრევორი არარსებულსა და არსებულს, მომხდარსა და გამონაგონს შორის მკაფიო ზღვარს ავლებს და, ამდენად, მისი მოთხრობები იმ ფორმაციის რეალობის აღმდგენია, როგორიც ის თავისთავადაა, ყოველგვარი ფორმებისა და სახეცვლების გარეშე. ბორხესისეული თეოლოგი მელანჩტონის ისტორია ამის შესანიშნავი ნიმუშია. ის საიქიოში ისეთ ოთახში სახლდება, სადაც ყველაფერი ზუსტი ასლია იმისა, რაც სიცოცხლეში გააჩნდა, მელანჩტონი ვერ იაზრებს, რომ გვამია. საბოლოოდ, რწმენის გარეშე მელანჩტონი იკარგება წარმოსახვისა და რეალობის საზღვრებში, მკითხველი კი სხვაობას ვეღარ ხედავს ამ ორ ცნებას შორის. 

 

ბორხესის საშლელი კი ოქსიმორონია…

 „მსოფლიო მზაკვრობის ისტორიაში“ ნიღბიანი მღებავი ჰაქიმის შესახებ ვკითხულობთ. ეს გახლავთ კაცი, რომელიც ღმერთად ქცევას გადაწყვეტს და გაავრცელებს ჭორს, რომ ვინც დაინახავს, დაბრმავდება. არავინ დაიჯერა, უცბად ლეოპარდი დაბრმავდა, ხალხმაც იწამა. ჰარემში ვიღაცამ დაინახა, რომ ჰაქიმს ფრჩხილები და თითი აკლდა, ჩამოგლიჯა ნიღაბი და კეთროვანი სახე იხილა. ჰაქიმის ბოლო სიტყვებად ეს შემოგვრჩა: „თქვენი ცოდვების გამო არ შეგიძლიათ ჩემი ბრწყინვალების დანახვა“. – ვერავინ გაიგო, შუბებით განგმირეს. კითხვისას რეალობის განცდა არ გტოვებს, მერეც თითქოს უცნაური არაფერია, აი სწორედ გონებამახვილური სისულელით მიიღწევა ეს შედეგი.

ენა და ცდები ლიტერატურაში

თუ ვირჯინია ვულფისთვის შემოქმედების მთავარი პათოსი ისეთი ენით წერა იყო, რომლითაც ფურცლები აალდებოდა, ბორხესი ლიტერატურაში ცდებს ატარებს და მთავარ ინსტრუმენტად ენას იშველიებს. მას სჯერა, რომ სიტყვის არსის შეცნობა სამყაროს შეცნობის ტოლფასია, მაგრამ ამისთვის ცდები უნდა ჩაატაროს – ისტორიას მიუთითოს არარსებული წყარო, დონ კიხოტის ავტორად შეგვასაღოს ვინმე სხვა, არარსებულ წიგნზე დაწეროს რეცენზია. მისი ენობრივი მახასიათებლები განსაკუთრებით მკითხველთან კომუნიკაციისას ვლინდება: „ამბობენ (რაც ძნელი სარწმუნოა), რომ ეს ამბავი თავად ედუარდ ნილსენმა მოჰყვა უფროსი ძმის, კრისტიანის ცხედართან ღამისთევის დროს“. – ასე იწყებს ბორხესი მოთხრობას „შემოჭრილი“ და ხაზს უსვამს, რომ მკითხველს რაღაცა უნდა უამბოს, ეს განწყობა ენობრივი თავისებურებებით იქმნება, ამბის თხრობასა და მოთხრობის წერას შორის კი დიდი ზღვარია. ბორხესის მთავარი ლიტერატურული ცდა ძნელი გამოსარჩევია, მაგრამ, ვფიქრობ, არაფერს დავაშავებ, თუ სარკის ცნებაზე შევჩერდები. ამავე მოთხრობაზე მსჯელობას რომ გავუყვეთ, დავინახავთ,  როგორ აირეკლა სანაპიროს, ტურდერას მცხოვრებთა ტრაგიკული ყოფა ერთ ქალზე შეყვარებული ორი ძმის ისტორიის მიღმა. ბორხესის სარკეებში ირეკლება ლიტერატურის მუშაობის კანონი, რომელიც სამყაროში არსებულ კანონზომიერებად ფორმირდება. სარკე სამყაროს მაკეტია, რომლის მიღმაც დგას ბორხესი, უფრო სწორად, პაროდისტი და სარკე მას კი არა, მის წარმოსახვას ირეკლავს, წარმოსახვა მძიმეა, რათა მკითხველი შეშინდეს, რათა პაროდისტმა გაიცინოს…

ლიტერატურული ცდაა კონუსის ცნების შემოტანაც ტექსტში. მოთხრობაში „ტლონი, უქბარი და ორბის ტერციუსი“ პერსონაჟი გრძნობს ხელისგულზე დადებული კონუსის სიმძიმეს მას შემდეგაც, რაც ეს კონუსი მისი ხელიდან აიღეს. ამავე მოთხრობაში ბორხესი ამბობს: „დანარჩენი ჩემი მკითხველების მეხსიერებაში ცოცხლობს (თუ არა იმედებსა და შიშებში). ამ ორი აზრით  ვიღებთ ფორმულას, სადაც ხელისგული მკითხველია, კონუსი – ბორხესი, სიმძიმე კი ის, რაც მისი წაკითხვის შემდეგ შიშებსა და იმედებში დაგვრჩა. 

 

სამყაროში ოთხი ლიტერატურული სიუჟეტია

„მორიდებული ზურმუხტის“ პრეზენტაციაზე აკა მორჩილაძემ თქვა, რომ ყველა წიგნი ომსა და სიყვარულზეა. თანამედროვეო – ქართული ლიტერატურის საუკეთესო პროზაიკოსის ნათქვამის თითქოს განვრცობაა ბორხესის ეს სიტყვები, დაზუსტება ლიტერატურის ისტორიისა, რომელიც უსაზღვროა, არასოდეს მთავრდება, მაგრამ მაინც ექცევა ამ ოთხ სიუჟეტში.

  • ისტორია ალყაშემორტყმულ ქალაქზე, რომელსაც თავს ესხმიან და რომლის დაცემაც გარდაუვალია. (“ილიადა”)
  • ისტორია სახლში დაბრუნებაზე. (“ოდისეა”)
  • ისტორია ძიებაზე (“არგონავტიკა”)
  • ისტორია ღმერთის თვითმკვლელობაზე.

ადამიანი და ბორხესი „წრიული ნანგრევების“ მიხედვით

ეკლესიასტეში ვკითხულობთ: „რადგან როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს.“ ბორხესის შემოქმედებაში ადამიანის ცნებაზე, სულაც არაა გასაკვირი, რომ საუბარი ერთგვარი მუდმივობაა, მაგრამ „ფიქციების“ ერთ-ერთი მოთხრობა „წრიული ნანგრევები“ ყველაზე უცნაურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს.

ამ მოთხრობის მიხედვით, ადამიანი ღმერთის ილუზიაში გაჩნდა და ეს მოთხრობაც სიზმრიდან, ილუზიიდან დაბადების კონცეფციის წარმოჩენას ემსახურება, რადგან საზღვარს წარმოსახვასა და რეალობას შორის აქ ყველაზე უკეთ წაშლის და დაადგენს, რომ სამყარო ამ ორი ცნების თანაარსებობა და ამ თანაარსებობაში გაჩენილი ქაოსია. 

 

ახლოს მაშინ, როცა მკითხველი მოიხმობს

ლიტერატურის პრაგმატულ დანიშნულებებზე რომ დავფიქრდეთ, პირველ რიგში ალბათ ოთხ პუნქტს გამოვყოფთ: ვერბალური უნარების განვითარება, წერითი უნარების განვითარება, ტექსტის გააზრება და დამოუკიდებელი აზროვნების გაღრმავება. ის, ვინც მხოლოდ ამ ჩარჩოებში მოაქცევს ლიტერატურას, ბორხესთან უნდა მივიდეს. 

ირეალური სამყაროს რეალურში ათქვეფა, ეჭვგარეშეა, მკითხველის ფანტაზიის განვითარებისკენაა მიმართული, მაგრამ, მიუხედავად უამრავი ოქსიმორონისა თუ უბრალოდ ტყუილისა, ბორხესი ლიტერატურულ კანონებს არ ემიჯნება. მის მოთხრობებს კვანძის შეკვრა-გახსნა მუდამ თან სდევს, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს ისინი. ანგელოზებზე წაიკითხავ, თუ რაიმე სხვა ფანტასტიკურ ელემენტზე, მაინც ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამ მხრივ ის მარკუს ავრელიუსის „ფიქრებს“ მოგვაგონებს, ჩვენ ხომ ორივე დაუღალავად გვიმეორებს, რომ ყველაფერი „აქ და ახლაა“ და მოქმედება აწმყოს პასაჟია და არა მომავლისა.

ხშირად ჩვენი ტვინი რაღაც ინფორმაციას თავისით ავსებს და მერე თავის თავს აჯერებს. ამ პროცესს მანდელას ეფექტს უწოდებენ. ზუსტად ეს შეგრძნება რჩება ბორხესის წაკითხვის შემდეგაც, არგენტინელი მწერლის მკითხველებს ბორხესის სამყაროში უამრავი რამის ნახვა შეუძლიათ, ნახულობენ კიდეც – ყოველ შემთხვევაში ასე სჯერათ, რადგან რეალობის ეფექტში გახვეული ირეალურობა აქ ძალიან კარგადაა შეფუთული. ჩვენ კი ვერ გავბრაზდებით, რადგან ვხედავთ, რომ უფრო კარგი მკითხველნი ვართ, ვიდრე ბორხესამდე ვიყავით. ბორხესისთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესი შემეცნებით ტკბობა და ახლის აღმოჩენაა, ამიტომ მისი შემოქმედების მთავარ მიზნადაც სწორედ ეს საკითხი გვევლინება. როცა გინდა სიამოვნება მიიღო შემეცნებით, სწორედ მაშინ უნდა ეძებო წარმოსახვასა და რეალობას შორის გადაკვეთის წერტილი, ამ გზაზე შეიძლება კუთხოვანი წრე ნახო, მართკუთხედი, რომლის არცერთი კუთხე მართი არაა და ასე დაუსრულებლად… ამას აღმოაჩენ და უსვამ შეკითხვას საკუთარ თავს: ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა, თუ ზოგჯერ სამკუთხედი ოთხგვერდიანია?

საკუთარი თავისთვის შეკითხვების დასმა კი ყველაზე დიდი უნარია, ბორხესის შემოქმედება კი ამ უნარის აღმოჩენისა და სრულყოფისკენ გვიბიძგებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.