ტრანსგრესიული ხელოვნება
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
ტრანსგრესიული ხელოვნება არის მიმდინარეობა, რომელიც ძირითადი მორალისა და წესრიგის რღვევის კონცეფციებს იკვლევს. ეს ტერმინი პირველად კინორეჟისორმა ნიკ ზედმა გამოიყენა და ის 1980-იანი წლების underground film სცენას აღწერდა. ტრანსგრესიის კვალი ნებისმიერ ხელოვნების ნამუშევარში შეიმჩნევა, რომელიც მისი შოკისმომგვრელი ღირებულებიდან გამომდინარე, ხშირად კრიტიკისა და აღშფოთების საგანი ხდება. ტრანსგრესიული ხელოვნების ფესვები ჯერ კიდევ სიურრეალისტ და დადაისტ არტისტებთან შეინიშნებოდა, თუმცა ყველაზე მეტად 1990-იანი წლების ხელოვნებაში პოვა ასახვა.
ხელოვნების სამყაროსთვის სკანდალი უცხო არ არის, მეტიც, ის ხანდახან ყვავის კიდეც მის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟში. ტრანსგრესიული ხელოვნების მრავალმხრივობითა და ემოციური ზემოქმედებით, თანამედროვე არტისტები ყველანაირ დაწესებულ საზღვრებს სცდებიან, რითაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებას ესთეტიკის პრიზმად აქცევენ.
ანდრეს სერანო, ქრისტე შარდში (1987)
სამ ათწლეულზე მეტია ანდერს სერანოს „ქრისტე შარდში“ მისი კონცეფციიდან გამომდინარე საკმაოდ პოლარიზებულ ნამუშევრად მიიჩნევა. მხატვრის მიერ თავისივე შარდით სავსე ქილაში მოთავსებულმა პლასტმასის ჯვარცმის ფოტომ მისი შექმნის დღიდან დიდი აღშფოთება გამოიწვია. მხატვრის განცხადებით, რომელიც თავად კათოლიკური ღირებულებებით იყო აღზრდილი, ამ გამოსახულებით ის მედიასა და კულტურაში ქრისტეს კომერციალიზაციას კიცხავდა. საზოგადოების პროტესტმა კულმინაციას 2011 წელს საფრანგეთში, ავინიონში მიაღწია, როდესაც კათოლიკე ფუნდამენტალისტებმა ფოტოს ჩაქუჩებით განადგურება სცადეს.
მარკუს ჰარვი, მირა (1995)
30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „Sensation“ (სენსაცია) ლონდონის სამეფო აკადემიაში გაიხსნა და ახალგაზრდა ბრიტანელი არტისტები (YBA) 1990-იანი წლების ხატმებრძოლებად დაგვირგვინდნენ. მათ შორის იყო: დემიენ ჰირსტი, ტრეისი ემინი, ჯეიკ და დინოს ჩაპმენები და ა.შ. თუმცა ხელოვანი, რომელმაც ნამდვილი სენსაცია გამოიწვია, იმ დროისთვის ნაკლებად სახელგანთქმული იყო და შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ დღესაც ასეა. ხელოვნების სამყაროს მიღმა ცოტას ახსოვს სახელი მარკუს ჰარვი, მაგრამ ბევრს ახსოვს მისი სერიული მკვლელის, მირა ჰინდლის პორტრეტი, რომელიც ბავშვების ხელის ანაბეჭდებით არის შექმნილი. მავრების მკვლელობები ომისშემდგომი ბრიტანელების გონებაში სამუდამოდაა დალექილი. 1960-იან წლებში მირა ჰინდლიმ მის საყვარელთან, იან ბრეიდთან ერთად ხუთი ბავშვი მოკლა, ხოლო მათგან ოთხზე სექსუალურად იძალადა. 1995 წელს მარკუს ჰარვიმ ჰინდლის საპატიმროში გადაღებული შემზარავი ფოტოს მემორალიზაცია სერიული მკვლელის მონუმენტური პორტრეტით მოახდინა. საზოგადოების შოკი ნამუშევრის დამზადების წესმა კიდევ უფრო გაამძაფრა: პატარა ბავშვების ხელის ანაბეჭდების პატარა იმიჯებმა. გაზეთები აღშფოთებულები წერდნენ, გალერეის ფანჯრები ჩამსხვრეული იყო, სურათს კვერცხებს და მელანს ესროდნენ. სამეფო აკადემიაში დაცვაც კი დააყენეს. აღსანიშნავია, რომ პროტესტის სათავეში ვინი ჯონსონი იყო, ჰინდლის ერთ-ერთი მსხვერპლის დედა, რომელიც ნამუშევრის გამოფენიდან ამოღებას მოითხოვდა.
კრის ოფილი, წმინდა ქალწული მარიამი (1996)
მიუხედავად იმისა, რომ ტერნერის პრიზის ლაურეატმა, კრის ოფილმა ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ნახატი 1996 წელს შექმნა, ნამუშევარმა აჟიოტაჟი 1999 წელს გამოიწვია, როდესაც მისი ჩვენება „Sensation“-ის ფარგლებში, იგეგმებოდა – ნიუ-იორკის ბრუკლინის მუზეუმში YBA-ს ნამუშევრების ჯგუფურ გამოფენაზე. გამოფენის მთავარი კრიტიკის ობიექტი ოფილის ტილო და მასზე გამოსახული შავი ღვთისმშობელი გახდა, რომელიც სპილოს მირიადებით ფეკალიებისა და კოლაჟური პორნოგრაფიული იმიჯებისგან შედგებოდა. ნამუშევარი მხატვრის ზიმბაბვეში მოგზაურობით იყო შთაგონებული, სადაც მან ერთი წელი გაატარა. სპილოს ფეკალიები და შავი მადონა ზიმბაბვეს კულტურასა და რელიგიას შორის კავშირს წარმოადგენს. ნიუ-იორკის იმჟამინდელმა მერმა და ღვთისმოსავმა კათოლიკემ, რუდოლფ ჯულიანიმ ნახატს „მკრეხელობა“ უწოდა და მან მუზეუმის დაფინანსების შეწყვეტით ექსპოზიციის დახურვა სცადა. ფედერალურმა მოსამართლემ ჯულიანის მოთხოვნა უარყო და საბოლოოდ ნახატი აუქციონზე 4,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ტანია ბრუგუერა, El peso de la culpa (დანაშაულის ტვირთი), (1997)
1990-იანი წლების ბოლოს ტანია ბრუგუერამ ვისცერული და მეტაფორული პერფორმანსების სერია დაიწყო, რომელიც კუბელი ხალხის ისტორიასა და დანაშაულის გრძნობას, კერძოდ, კუნძულის ადგილობრივი მოსახლეობის აღმოფხვრას ეხმაურებოდა. „დანაშაულის ტვირთი“ ძირძველი კუბელების ჯგუფის კოლექტიური თვითმკვლელობის ისტორიითაა შთაგონებული, რომლებიც ესპანელი მჩაგვრელების წინააღმდეგ აჯანყების დროს იმდენ ჭუჭყს ჭამდნენ, სანამ არ მოკვდებოდნენ, რითაც პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარი წინაპრების მიწას მოიხმარდნენ და მათი კულტურის, მემკვიდრეობისა და სხეულების განადგურებაზე ძალაუფლებასა და კონტროლს ინარჩუნებდნენ. ბრუგუერამ ეს ჟესტი მის პერფორმანსში გადაათამაშა: მან ჭუჭყი მარილიან წყალს შეურია (სინანულის ცრემლების და მწუხარების სიმბოლო), შემდეგ კი მას პატარა ბურთების სახით ნელ-ნელა რამდენიმე საათის განმავლობაში ჭამდა, ამით კი მონანიების აქტს განასახიერებდა. არტისტი შიშველი იყო, გარდა კისერზე ჩამოკიდებული დაკლული ბატკნისა, რომელიც ერთბაშად ფარს, ჭრილობას და მსხვერპლს წარმოადგენდა. ბრუგუერას პერფორმანსი ძალაუფლებისა და დაუცველობის ფუნდამენტურ საკითხებს პირად, პოლიტიკურ და კოლექტიურ სხეულთან მიმართებაში იკვლევს.