მკაცრი სინამდვილის პირისპირ
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
ფეხბურთში, ისევე როგორც ნებისმიერ საზოგადოებრივ სფეროში, ხდება ხოლმე, რომ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ზოგჯერ თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში უწევს ჩავარდნა, მაგრამ რადგან არსებობს სიტყვა „თითქმის“, ესე იგი კონკრეტული წინააღმდეგობის ნაწილობრივი მოგვარების გარკვეული გზებიც ისახება.
ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი ვიზიტი საქართველოს ნაკრებისთვის მგლის ხახაში ჩავარდნის ტოლფასი იყო, რადგან ჯგუფში შექმნილი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მძვინვარე სტუმრებს პირველი ადგილის დასაკავებლად აწი ყველა თამაშის მოგებასთან ერთად, ხუთი მატჩიდან ხუთივეს მომგებ შოტლანდიის ნაკრებთან შედარებით ბურთების უკეთესი სხვაობა დასჭირდებათ.
ასე რომ, ესპანელებმა ბურთის თამაშში შეტანისთანავე საქმეს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და მას შემდეგ, რაც გიორგი მამარდაშვილს უკვე პირველივე წუთზე „სეივი“ გააკეთებინეს და იქვე VAR-ის ბრიგადაც ჩართეს საეჭვო პენალტის განხილვაზე, მარკო ასენსიოს, ალვარო მორატას და დანი ოლმოს სახეებზე ღიმილი მოეფინათ, რადგან მათ სისხლის სურნელი შეიგრძნეს. ეს კი თურმე საქართველოს ნაკრებს განადგურებას უქადდა.
ოლმო სწორედ ის ფეხბურთელია, რომელმაც ჩვენებს თბილისში ესპანელთა წინა ჩამოსვლისას ერთ-ერთი ყველაზე დასანანი მარცხი აგემა მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გატანილი გოლით.
ჩვენი გუნდი სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, მაშინაც თითქმის განწირული იყო „ფურია როხასთან“ წასაგებად, რადგან ჯგუფში ლიდერი შვედეთის ნაკრები იყო, მაგრამ მაშინ მან საკუთარი მისია ღირსეული თამაშით შეასრულა და სულ ცოტა დააკლდა ესპანელთა გასამწარებლად.
ოლმომ ამჯერადაც გაიტანა, მაგრამ მას მოედნის დატოვება მარკო ასენსიოსთან ერთად. პირველ ტაიმშივე ტრავმის გამო მოუწია.
საბოლოოდ კი ჰეთთრიკის შემსრულებელ მორატასთან ერთად თავი ისახელეს წამყვან ფორვარდთა შემცვლელებმა, 16 წლის დებიუტანტმა იემალმა და უილიამსმა.
როგორც ვხედავთ, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუნდში მუდმივი როტაციის და ახალი სათამაშო სქემების მომხრეა, რისი შედეგიც ის თავბრუდამხვევი კომბინაციები იყო, რომლებზეც ჩვენი ფეხბურთელები თვალის გადევნებასაც ვერ ასწრებდნენ.
მაგრამ რა გააკეთა ამის საპასუხოდ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა? რა მოიმოქმედა სანიოლმა გუნდისთვის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით განადგურების თავიდან ასაცილებლად? რატომ ერიდება იგი მოედანზე ახალი ფეხბურთელების გამოჩენას და რატომ არ ესწრება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს? რატომ არ გამოიძახა მან ნაკრების შემადგენლობაში იტალიაში და ირანში მოთამაშე ცენტრალური მცველები ლოჩოშვილი და გველესიანი და წლევანდელი ევროთასების უდავოდ საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი არაბიძე?
და კიდევ, რატომ არ დაესწრო იგი 21 წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს…
მოკლედ, საქართველოს ნაკრებს ტურისტი მწვრთნელი არ სჭირდება და მისი გუნდიდან გაშვების საკითხი ალბათ სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, რადგან შემცვლელმა უნდა მოასწროს მომავალი წლის ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის გუნდის უმაღლეს დონეზე მომზადება.
შემცვლელთა ძიება კი შორს არ არის საჭირო. ასეთები ამ ბოლო პერიოდში ეროვნულ ჩემპიონატში წინსვლის და შედეგის გაუმჯობესების მაჩვენებელი სამი პიროვნება, გორის „დილადან“ ბათუმის „დინამოში“ გადასული ანდრეი დემჩენკო და ასევე ქუთაისის „ტორპედოს“ და „საბურთალოს“ მწვრთნელები – სტივ კინი და ომარ თეთრაძე არიან.
ვილი სანიოლისგან კი ჩვენ არაერთი სიკეთე გვახსოვს, რისთვისაც მადლობაც გვეთქმის, მაგრამ როგორც ჩანს, მან ბოლო ხანს შემოქმედებითი უნარი ან ხალისი, ან ეს ორივე ერთად დაკარგა. მათ გარეშე კი მწვრთნელს გუნდში არაფერი ესაქმება.
ესპანელების წინააღმდეგ შეხვედრაში მოედანზე ჩვენთვის გიორგი ჩაკვეტაძის გოლის სახით ერთი სასიხარულო რამ მაინც მოხდა.
აი გიორგი მამარდაშვილს კი ყველაზე მეტად არ გაუმართლა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მან ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელების დონეზე ჩაატარა მატჩი, თანაგუნდელებთან ერთად მასაც მოუწია განადგურებულის პოზიციის გაზიარება…
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს კი საკუთარი თავის დამშვიდება იმით შეუძლიათ, რომ ესპანეთის ნაკრებს 2018 წელს არგენტინა – ანგარიშით 6:1, 2021 წელს გერმანია – ანგარიშით 6:0 და 2022 წელს კოსტა რიკა ჩვენზე დიდი ანგარიშით – 7:0 ჰყავს განადგურებული და აქედან გამომდინარე, ერთა ლიგის ბოლო ტურნირის გამარჯვებულთან დიდი ანგარიშით მარცხისგან არავინაა დაზღვეული.
ჩვენი ნაკრების კატეგორიის გუნდებიდან კი აღსანიშნავია სომხეთის მიერ თურქებთან გასვლაზე დაფიქსირებული ფრე 1:1. ანალოგიური ანგარიშით დასრულდა ჩეხეთისა და ალბანეთის ნაკრებების შეხვედრაც. ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ყაზახეთის ნაკრები კი შინ ფინელებთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
ასევე შინ სლოვაკები პორტუგალიელებთან ანალოგიური ანგარიშით დამარცხდნენ, მაგრამ ამ ქვეყანაში კიდევ ერთი და თანაც უმნიშვნელოვანესი მატჩი ჩატარდა, რომელშიც უკრაინის ნაკრებმა ინგლისს „უმასპინძლა“ და ჯგუფის ლიდერს ფრედ 1:1 ეთამაშა.
ჰოლანდიამ დიდი ანგარიშით 3:0 საბერძნეთი, ხოლო საფრანგეთის ნაკრებმა კი ირლანდიის გუნდი დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა.
როგორც ვხედავთ, ერთა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში ყაზახეთთან ერთად, ვერც ჩვენი სავარაუდო მეტოქეები, თურქეთის და საბერძნეთის ნაკრებები ბრწყინავენ. მაგრამ ისინი მომავალი წლის მარტისთვის ოპტიმალურ ფორმაში ჩადგებიან, ჩვენ კი მათი ძლევა გვმართებს. ასე რომ, საქართველოს ნაკრებში რეფორმები უკვე ახლავეა ჩასატარებელი.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პარალელურად კი სამხრეთ ამერიკაში გუნდები ტრადიციულად წრიული სისტემით მსოფლიო ჩემპიონატის ხუთი საგზურისთვის ბრძოლას შეუდგნენ.
კვლავ გაიბრწყინა ლიონელ მესიმ, რომელმაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ეკვადორელებთან მატჩში ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე შესრულებული იუველირული საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
აი ნეიმარმა კი, სანამ დუბლს შეასრულებდა ბრაზილიის ნაკრების მიერ ბოლივიასთან 5:1 მოგებულ მატჩში, შეხვედრის მე-17 წუთზე თერთმეტმეტრიანი გაანიავა.
სამაგიეროდ ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა ბოლო ორი გოლით დაასაჩუქრა მეტოქე, მთლიანობაში ჩაატარა რა ბრწყინვალე შეხვედრა.
აღსანიშნავია, რომ ფერნანდო დინიზისთვის ეს იყო ბრაზილიის ნაკრების უფროსი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის რანგში ჩატარებული პირველი ოფიციალური მატჩი.
მთავარი გამოცდა კი მას 19 ნოემბერს ელის, როცა პენტაკამპეონი შინ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს – არგენტინის ნაკრებს უმასპინძლებს.
ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებებთან ერთად პირველი გამარჯვებები იზეიმეს ურუგვაელებმა და კოლუმბიელებმა. პარაგვაის და პერუს შეხვედრა კი ფრედ 0:0 დასრულდა.
ურუგვაელთა შემადგენლობაში აღსანიშნავია „რივერ პლეიტის“ ნახევარმცველ ნიკოლას დე ლა კრუზის შესანიშნავი თამაში, რომელმაც გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, ერთი ბურთი მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ვალვერდესაც გაატანინა.
ჩილეს ნაკრები კი ურუგვაელებთან მხოლოდ მატჩის 74-ე წუთზე არტურო ვიდალის მიერ გატანილ პრესტიჟის გოლს დასჯერდა.





