fbpx

ვენეციის კინოფესტივალი – 2023


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და პრესტიჟული ფესტივალია, რომელიც  „დიდი სამეულის“: კანის კინოფესტივალის და ბერლინალეს, ნაწილია და ვენეციის ბიენალეს მიმართულებათაგან: სახვითი ხელოვნება, მუსიკა, არქიტექტურა და თეატრი, ერთ-ერთს წარმოადგენს. გლამურითა და პომპეზურობით გამორჩეული კინოფესტივალი ყველაზე გავლენიან მსახიობებსა და რეჟისორებს ლიდოს კუნძულზე, Palazzo del Cinema-ს წითელ ხალიჩაზე უყრის თავს.

ვენეციის 80-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ტრადიციულად ზაფხულში, 30 აგვისტოს გაიხსნა, ხოლო 9 სექტემბერს გამარჯვებულები გამოცხადდა. 10 დღის განმავლობაში ფესტივალმა ცოტათი მეინსტრიმული, მაგრამ ძალიან საინტერესო – როგორც საკონკურსო, ასევე არასაკონკურსო – ფილმები შემოგვთავაზა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფესტივალი  პრესტიჟულ სტატუსს კვლავ ინარჩუნებს. 

ფესტივალი იტალიურმა ფილმმა, ედოარდო დე ანჯელისის „Comandante“-მ გახსნა, რომელმაც ასევე იტალიელი რეჟისორის,  „შენი სახელით მომმართეს“ შემქმნელის,  ლუკა გუადანინოს „პრეტენდენტები“ ჩაანაცვლა. ფილმის პრემიერა ჰოლივუდის სცენარისტებისა და მსახიობების გაფიცვის გამო გადაიდო, რაც წლევანდელ წითელ ხალიჩაზეც აისახებოდა, რომელზეც ჰოლივუდის ვარსკვლავების აშკარა ნაკლებობა შეინიშნებოდა. „Comandante“ ვენეციის კინოფესტივალისთვის საკმაოდ სიმბოლური ფილმია, რომელიც მეორე მსოფლიო ომისა და ფაშიზმის თემატიკაზეა. ფილმი დღევანდელ პოლიტიკურ კლიმატში –  უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე – განსაკუთრებით აქტუალურია. დე ანჯელისი იტალიელი წყალქვეშა კაპიტნის (პიერფრანჩესკო ფავინო) ნამდვილ ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ფაშისტურ ბრძანებას შეეწინააღმდგეგება და მის საზღვაო თანამემამულეებს დახმარების ხელს გაუწვდის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაძლოა მოკავშირეებს იარაღით ამარაგებდნენ. ფილმის მთავარი მესიჯი უნივერსალური ჰუმანიზმია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იტალიის ულტრამემარჯვენე მთავრობა ანტისაემიგრაციო პოლიტიკას ატარებს. ფილმში იტალიური კინოს ამომავალი ვარსკვლავი, ქართველი მუსიკოსი და მსახიობი ლუკა ჩიქოვანი მონაწილეობს, რომლის ფილმოგრაფიაში ასევე რიდლი სკოტის „გუჩის სახლი“ შედის. 

ფილმში შეტანილი წვლილისთვის ოქროს ლომი მსახიობმა შარლოტა რემპლინგმა იტალიელ რეჟისორს, ლილიანა კავანის გადასცა, რომელმაც რეჟისორთან „ღამის პორტიეში“ ითანამშრომლა. ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი ამერიკელი რეჟისორი დემიენ შაზელი იყო, რომელმაც 2016 წელს ფესტივალი „ლა ლა ლენდით“  გახსნა. ფილმი ოსკარის 14 ნომინაციაში იყო წარდგენილი, რომლიდანაც 6-ში გაიმარჯვა, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში. შაზელი ყველაზე ახალგაზრდა ოსკაროსანი რეჟისორია. შაზელმა ამერიკელ მსახიობებთან – ადამ დრაივერთან და ჯესიკა ჩასტეინთან ერთად ღიად დაუჭირა მხარი ჰოლივუდის სცენარისტებისა და მსახიობების გაფიცვას. 

მთავარი პრიზი – ოქროს ლომი – როგორც მოსალოდნელი იყო, ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის ფილმს, „საწყალი არსებები“ გადაეცა. მასში მთავარ როლებს ემა სთოუნი, მარკ რუფალო და უილიამ დეფო ასრულებენ. „საწყალი არსებები“ სიურრეალისტური ფილმია, რომელიც ვიქტორიანულ ეპოქაში ვითარდება. ის ბელა ბაქსტონის (ემა სთოუნი) შესახებ მოგვითხრობს, რომელიც უილიამ დეფოს პერსონაჟის, ქარიზმატული და კომპლექსური ექიმის საიდუმლო ექსპერიმენტის ობიექტი ხდება –  ლონდონის თაუერის ხიდიდან გადახტომით სუიციდის მცდელობის შემდეგ.  თითქმის მკვდარ ბელას ექიმი ბაქსტერი ტემზას ტალახიანი ნაპირიდან ამოიყვანს და მერი შელის „ფრანკენშტეინის“ მსგავსად გააცოცხლებს. ბელა მისი ახალი ცხოვრების ნავიგაციას მამაკაცების გარემოში იწყებს, ექსპერიმენტის საზარელი შედეგები კი ისტორიის ბოლოს ვლინდება. ფილმი ნიჭის ნამდვილი ტრიუმფია, კინემატოგრაფიიდან დაწყებული, პერფორმანსებით დამთავრებული, განსაკუთრებით კი სტოუნის. 

ვერცხლის ლომი (ჟიურის გრანპრი) იაპონელ რეჟისორს, რიუსუკე ჰამაგუჩის  გადასცეს ფილმისთვის  „ბოროტება არ არსებობს“. ფილმში მოქმედება იდილიური ტოკიოს მახლობლად, სოფელში ვითარდება, სადაც მთავარი პერსონაჟი პატარა ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს და ბუნებითა და მშვიდი ცხოვრებით ტკბება. მის იდილიას ტალანტების სააგენტოს ჩამოსვლა არღვევს, რომელიც ძვირადღირებული კომპლექსის აშენებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს თანამშრომლები სხდომას მოაწყობენ, რომელზეც არაერთი საჩივარი გაჟღერდება, აშკარაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მშენებლობა მიწისქვეშა წყლების დაბინძურების და ტყის ხანძრების რისკის გაზრდის სერიოზულ საფრთხეს ქმნის, თუმცა კომპანია მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული. 

ვერცხლისფერი ლომი საუკეთესო რეჟისორისთვის იტალიელმა  მატეო გარონემ მიიღო ფესტივალის ერთ-ერთი ფავორიტი ფილმისთვის „მე კაპიტანო“,  რომელიც აფრიკელი ემიგრანტების მძიმე ისტორიას გადმოსცემს. ის ორი სენეგალელი მოზარდი ბიჭის (რომლებიც მუსიკოსობაზე ოცნებობენ) დაკარიდან ევროპაში, კერძოდ, იტალიაში ოდისეას ასახავს. მოგზაურობა ძალადობით, ქურდობითა და კორუფციითაა სავსე, მათი ოცნება კი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მიუწვდომელი ხდება. თუმცა, რეჟისორი პატარა შუქს ტოვებს, რომელიც მთავარი გმირების საზარელ მოგზაურობას ანათებს. „მე კაპიტანო“ პირველი ფილმია, რომელშიც რეჟისორი იტალიას არა შიგნიდან, არამედ იმათი თვალით იკვლევს, ვინც უკეთესი ცხოვრების იმედით ევროპას დანიშნულების წერტილად აქცევს.

საუკეთესო ქალი მსახიობისთვის პრიზი კეილი სპანის გადაეცა, სოფია კოპოლას „პრისცილაში“  ტიტულიანი როლის შესრულებისთვის. „პრისცილა“ ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი იყო, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებით ელოდებოდა. ბაზ ლურმანის „ელვისის“ წარმატების შემდეგ, კოპოლა ამჯერად ლეგენდარული მუსიკოსის ცოლის, პრისცილას შესახებ ბიოგრაფიული ფილმით წარდგა ვენეციის კინოფესტივალზე. ფილმში სპანის პარტიორის და როკ-ნ-როლის მეფის, ელვის პრესლის როლს ავსტრალიელი მსახიობი ჯეიკობ ელორდი ასრულებს და ის ლეგენდარული მომღერლის და პრისცილას გაცნობისა და თანაცხოვრების პერიოდზე გვიყვება. „პრისცილა“ წყვილის ტურბულენტურ ურთიერთობას ასახავს, მათ შორის – მომღერლის მაკონტროლებელ ბუნებას და ქორწინების გარეთ მის რომანებს. 

საუკეთესო მამაკაც მსახიობად პიტერ სარსგაარდი დასახელდა ფილმისთვის „მეხსიერება“. მექსიკელი რეჟისორის, მიშელ ფრანკოს ფილმი სოციალური სამსახურის თანამშრომლის, სილვიას (ჯესიკა ჩასტეინი) შესახებ მოგვითხრობს, რომლის სტრუქტურული ცხოვრებაც კურსდამთავრებულთა წვეულების შემდეგ რადიკალურად იცვლება, როდესაც მას თანაკურსელი საული სახლში გაჰყვება. მათი მოულოდნელი შეხვედრა დიდ გავლენას ახდენს ორივე პერსონაჟის ცხოვრებაზე.

საუკეთესო სცენარში ჩილელი კინორეჟისორის, პაბლო ლარეინის „გრაფმა“ გაიმარჯვა. „გრაფი“ ჩილელ დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტიზე გვიყვება, თუმცა ბიოგრაფიული მოვლენების ნაცვლად, ფილმი ერთგვარ გოტიკურ პარალელურ სამყაროს წარმოადგენს, რომელიც ჩილეს უახლესი ისტორიით არის შთაგონებული. პინოჩეტი 250 წლის ვამპირია (მისი დედა მარგარეტ ტეტჩერია), რომელიც ყველა ეპოქაში სამეფო ძალაუფლების დაცვისთვის იბრძვის. როგორც დრაკულა ამოყოფს თავს იორკშირში, პინოჩეტი ჩილეში მოხვდება, მის ჯარს შეუერთდება და 1973 წლის გადატრიალების დროს სახელს გაითქვამს. შემთხვევითი არ არის, რომ ფილმი ამ  მოვლენის 50 წლის იუბილეს ემთხვევა. 

ჟიურის სპეციალური პრიზი პოლონელი რეჟისორის, აგნეიშკა ჰოლანდის „მწვანე საზღვარს“ გადაეცა. „მწვანე საზღვარი“, რომელიც ბელარუსსა და პოლონეთს ყოფს,  ომით განადგურებულ ლტოლვილებზე მოგვითხრობს, რომლებიც უსაფრთხო ცხოვრების დაწყების იმედით ევროპას აფარებენ თავს. ფილმის მთავარ პერსონაჟებს – ოჯახს სირიიდან და მათი თანამეგზურს ავღანეთიდან – მხოლოდ მტრული გარემო დახვდებათ და უხეში პოლიტიკური თამაშის მსხვერპლნი ხდებიან. 

ორი კინოს ვეტერანის, რომან პოლანსკისა და ვუდი ალენის კინოფესტივალზე გამოჩენას საზოგადოების მხრიდან პროტესტი და შეძახილები მოჰყვა, ზოგიერთმა დარბაზიც კი დატოვა. პოლონელი რეჟისორის ფილმი „სასახლე“ კინოკრიტიკოსებმა სასტიკად გააკრიტიკეს და მის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნამუშევრად შეაფასეს. ფილმი ირონიული კომედიაა და ის სტილისტურად 2022 წელს კანის კინოფესტივალის გამარჯვებულს, რუბენ ოსტლუნდის „სევდის სამკუთხედის“ წააგავს. კიდევ ერთი პერსონა ნონ გრატა – ვუდი ალენი ახალი ფილმით, სახელწოდებით „იღბლის დარტყმა“ წარდგა, რომელიც კონკურსის გარეთ აჩვენეს. ვუდი ალენს ხშირად სჩვევია ამერიკის ფარგლებს გარეთ ფილმების გადაღება, კერძოდ, ევროპაში, თუმცა თითქმის ყველა მათგანი ინგლისურ ენაზეა. „იღბლის დარტყმა“ მთლიანად ფრანგულენოვანია და მასში მხოლოდ ფრანგი მსახიობები მონაწილეობენ. კომედიური დეტექტივი ძველი ფრანგული კინოების რემინისცენციას წარმოადგენს და მისი იდეა ბედისწერისა და იღბლის მნიშვნელოვან როლს ეფუძნება ჩვენს ცხოვრებაში. 

2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი, რომლის პრემიერაც ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, მაიკლ მენის ბიოგრაფიული ტრილერი „ფერარია“. ის ავტომწარმოებელი „ფერარის“ დამფუძნებლის, ენცო ფერარის ცხოვრებაზე, კერძოდ, ავტოსპორტის ჟურნალისტის, ბროკ იიტსის 1991 წლის ბიოგრაფიაზე – „Enzo Ferrari: The Man and the Machine“-ზე არის დაფუძნებული. ფილმში მთავარ როლებს ადამ დრაივერი და პენელოპა კრუზი ასრულებენ. ადამ დრაივერისთვის იტალიური ხატის როლი უცხო არ არის, მან 2021 წელს რიდლი სკოტის „გუჩის სახლში“ ლეგენდარული მოდის სახლის მფლობელის, მაურიციო გუჩის როლი შეასრულა. 

ტრილერის ოსტატის, ამერიკელი რეჟისორის, დევიდ ფინჩერის ახალი ფილმი, „მკვლელი“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პრეტენდენტი იყო ვენეციის საკონკურსო კინოფესტივალის ასპარეზში. ფილმი ალექსის ნოლნეტის ფრანგულ გრაფიკულ რომანზეა დაფუძნებული და მასში უსახელო ტიტულოვანი მკვლელის როლს მაიკლ ფასბენდერი ასრულებს, რომელიც წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ სახლში ბრუნდება. ფილმის კონცეფცია ცივსისხლიან მკვლელში სინდისის დაბადებას ეხმაურება, რის შედეგადაც მისი შეხედულება სამყაროსა და ზნეობის შესახებ იცვლება და შემდეგ ფსიქოლოგიურ ტვირთად იქცევა. მსგავს იდეებს ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“ იკვლევს, რომელთანაც აშკარა პარალელები შეგვიძლია გავავლოთ. 

ფესტივალის კიდევ ერთი გამორჩეული ფილმი ბერტრანდ ბონელოს „მხეცია“, რომელშიც ლეა სედუ და ჯორჯ მაკქეი ნოლანისებრ სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობენ. სიუჟეტი მომავალში, კერძოდ, 2044 წელს ვითარდება, სამყაროში, სადაც ადამიანური გრძნობები საფრთხედ მიიჩნევა. სედუს პერსონაჟი წარსულში მოგზაურობს და ამ პროცესში ხვდება მამაკაცს, რომელთანაც ემოციურ კავშირს ამყარებს. 

ბრედლი კუპერი ერთდროულად რეჟისორის და მსახიობის ამპლუაში “მაესტროთი“ წარდგა ვენეციის კინოფესტივალზე. ფილმი ლეგენდარული დირიჟორის და კომპოზიტორის, ლეონარდ ბერნშტეინის და ფელიცია მონტეალეგრე კონ ბერნშტეინის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ცხოვრებისა და ხელოვნებისადმი ერთგვარი სასიყვარულო წერილია. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.