fbpx

ემა ზარაფიშვილი ხუციშვილის და გიორგი კონტრიძის დუო გამოფენა „დილის მთვარეული“ გალერეა 4710-ში


გააზიარე სტატია

გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ორი სხვადასხვა თაობის ხელოვანის, ემა ზარაფიშვილი ხუციშვილის და გიორგი კონტრიძის დუო გამოფენა „დილის მთვარეული“.

ემა ზარაფიშვილი-მურზინა ან ემა ზარ-ხუცი(1940-2012წწ.) დაიბადა უზბეკეთის ქალაქ იანგულში, შემდგომ   ცხოვრობდა ტომსკში. 1950-იან წლებში გადმოდის თბილისში საცხოვრებლად და აღმოჩნდება  ქართველი   მხატვრების   გარემოცვაში. 

მისი შემოქმედება, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები იქმნებოდა 1960-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე. სტილურად ემას ხელოვნებას განაკუთვნებენ ნაივს, პრიმიტივზმს და „გარიყულთა ხელოვნებას“ (outsider art).  არტისტის არსებობა და ზოგადად შემოქმედებითი ბუნება ცდება ქართული საბჭოთა ხელოვნების კონტექსტს და   აბსოლუტურად სხვა რაკურსით წარმოაჩენს ქართული ხელოვნების ისტორიის რაობას.

იგი არ მიეკუთვნება პროფესიულ მხატვრთა თაობებს, დეკადებს და არ იყო საბჭოთა სახელოვნებო ინსტიტუციების  წევრი. ემა თავისი ექსპრესიულობით, ობსესიური სიუჟეტებით, ეროტიულობით, ღრმა ფსიქოლოგიზმითა თუ საშემსრულბლო მანერით საბჭოთა ხელოვნების სტილისტურ-იდეოლოგიურ ჩარჩოს ანგრევდა.

გიორგი კონტრიძე ახალგაზრდა ხელოვანია, რომელიც დაიბადა ოზურგეთში, ამჟამად კი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მისი მხატვრობა სპეციფიურია. მისი ნამუშევრები  თხელ ქაღალდზე ზეთის საღებავებით შესრულებული სხვადასხვა, ერთი შეხედვით ურთიერთ გამომრიცხავ სიუჟეტეს და პორტრეტებს წარმოადგენს.

გიორგის ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია გროტესკი და ექსპრესიულობა. მის ნამუშევრებში გროტესკულია იმ კულტურათა სინთეზი და სტილიც, რასაც მხატვარი ხშირად იყენებს – საბჭოთა ილუსტრაცია, პოპ კულტურა, პლაკატი, ინტერნეტი და არარეალური არსებები. გიორგისთან, ისევე როგორც ემასთან ხშირია პორტრეტების, მათ შორის ავტოპორტრეტების ვარიაციები, სადაც სხვადასხვა სიმბოლოებით, მათ შორის კატების და ყოფითი ნივთების გამოყენებით საერთო პოეზია იქმნება.

კურატორები: კოტე ბოლქვაძე, ნინი დარჩია


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.