fbpx

ვერა ფაღავას „მდუმარე ქალაქები“ თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში


გააზიარე სტატია

23 სექტემბრიდან 2024 წლის 30 მარტამდე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე  (მარჯანიშვილის 7), შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო სახელოვნებო სცენისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო გამოფენას – წარმოშობით ქართველი, საფრანგეთში მცხოვრები მხატვრის – ვერა ფაღავას „მდუმარე ქალაქებს“ მასპინძლობს. 

პროექტი ხორციელდება  თიბისი ბანკსა და ვერა ფაღავას კულტურულ ასოციაციასთან (AC/VP) თანამშრომლობით. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოში საფრანგეთის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი.

გარდა იმისა, რომ ამ გამოფენაზე დიდი სიამოვნებით უნდა მივიდეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაღალი კლასის დახვეწილ ნამუშევრებსა და დოკუმენტურ მასალას ვიხილავთ, რომელიც  პირველი თაობის ემიგრაციის წარმომადგენელს ეკუთვნის  პარიზული და  საერთაშორისო არტ-სცენიდან, ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ვერა ფაღავა დღესდღეობით მრავალი კონტექსტით საინტერესო და აქტუალური მხატვარი გახდა  ხელოვნების თანამედროვე ისტორიკოსებისა თუ მკვლევრებისთვის, რადგან დღეს სწორედ  50-80-იანების ხელოვნების ტენდენციების კვლევაა აქტუალური. ეს ინტერესი მკაფიოდ ჩანს თუნდაც ამ ბოლო წლების  საყურადღებო მონოგრაფიებსა და გამოფენებში, სადაც ვერა ფაღავაა წარმოდგენილი –  მათ შორის:  Elles font l’abstraction, Pompidou Center-ში, თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, პარიზი (2021), გუგენჰაიმის მუზეუმში, ბილბაო (2021) და „50-იანი წლების ქალები აბსტრაქციით, ფერწერითა და ქანდაკებით“ (Femmes, années 50: au fil de l’abstraction), Museé Soulages Rodez-ში (2019). 

ჩამოთვლილთაგან ავიღოთ თუნდაც Elles font l’abstraction  – ეს არის  2021 წელს გამოცემული კატალოგი და მასშტაბური ჯგუფური გამოფენა პომპიდუს ცენტრში, რომელიც აბსტრაქციული ხელოვნების ისტორიაში  მხატვარი ქალების როლს იკვლევს. პომპიდუს ცენტრის ამ  გამოფენის  კატალოგში შესულია  1860-1980 წლებში  მოღვაწე  მხოლოდ 106 მხატვარი ქალის  500 ნამუშევარი და მათ შორისაა ვერა ფაღავა – ქალი, რომლის ნამუშევრებიც ზოგადად აბსტრაქციული ხელოვნების ისტორიის ნაწილია და არამხოლოდ… ის არის მხატვარი, რომელიც 40-იან წლებში ფრანგულ არტ-სცენაზე ცნობილმა გალერისტმა – ჟან ბიუშემ (Jeanne Bucher) გამოიყვანა  დორა მაართან ერთობლივი გამოფენით. მის მიერ შესრულებულ ვიტრაჟებს და პანოებს დღესაც ნახავთ საფრანგეთის პატარა ქალაქებში, ან თუნდაც ის ფაქტი, რომ მან ბრიუსელის მსოფლიო გამოფენისთვის ვატიკანის პავილიონში მონუმენტური ფრესკა შექმნა, ან ის, რომ  მან საფრანგეთი წარადგინა 1966 წელს ვენეციის ბიენალეზე თავისი აკვარელში შესრულებული პეიზაჟებით და ა. შ.

ასე რომ, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცეც წარმოდგენილი პროექტით – „მდუმარე ქალაქები“ შეგვიძლია, ლოკალურთან ერთად, საერთაშორისო კონტექსტშიც განვიხილოთ, რადგან „მდუმარე ქალაქების“ ნამუშევრების ავტორი 50-80-იანი წლების ევროპული სახელოვნებო პროცესების თანამონაწილეა. ამასთანავე მისი მემკვიდრეობა თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში მრავალმხრივ კონტექსტში წარდგენის საშუალებას იძლევა საკურატორო პროექტებისთვის. ამჯერად საინტერესოა რა კონტექსტში წარმოადგინეს კურატორებმა და პროექტზე მომუშავე ჯგუფმა  მხატვარი  თიბისი კონცეპტის სივრცეში.    

გამოფენის კურატორი ნინა ახვლედიანია. მასვე ეკუთვნის გამოფენის კონცეფცია და დიზაინი. გამოფენაზე მუშაობდნენ ასოცირებული კურატორები – ელისო ტარასაშვილი და ანა ტარასაშვილი AC/VP-ისთვის. გამოფენის კოორდინატორი მარიამ წიქარიძეა. გრაფიკული დიზაინი და შრიფტის დიზაინი – ტიმურ ახმეტოვისა და საშა კულიკოვისაა. 

წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით   –  „გამოფენა „მდუმარე ქალაქები“  1950-იანიდან 1980-იან წლებამდე შესრულებულ ნამუშევრებს მოიცავს. ვერა ფაღავას შემოქმედებაში ეს გადამწყვეტი პერიოდია, როცა ის თანდათანობით გადადის ფერწერულ ტილოებზე ფორმების აბსტრაჰირებაზე. მისი შემოქმედების მცოდნეები ხშირად ახასიათებდნენ „ქალაქებს“, როგორც „მდუმარე არქიტექტურას“. ამ მოტივს მხატვარი ხშირად უბრუნდებოდა მომდევნო წლებში“.

ქალაქების რაკურსით აქცენტი ვერა ფაღავას შემოქმედებაზე პირველად 70-იანებში გაუკეთებიათ: როგორც გამოფენის პრესრელიზში აღნიშნავენ, „ქართველმა ემიგრანტმა  თამარ ტარასაშვილმა-ტალიმ,  რომელმაც პარიზში „გალერეა დარიალი“ 1972 წელს სწორედ ვერა ფაღავას გამოფენით გახსნა, მოგვიანებით, 1976 წელს  პირველად მოაქცია  ყურადღების ცენტრში ვერა ფაღავას ქალაქების სერია. ამიტომაც თიბისი კონცეპტის სივრცეში წარმოდგენილ გამოფენაზე საპატიო ადგილზე დაგხვდებათ  გალერეა „დარიალის“ საარქივო მასალა და აქ წარმოდგენილი ვერა ფაღავას გამოფენების ამსახველი ფოტოდოკუმენტაცია. მათი ამ თანმიმდევრობით წარმოჩენა გამოკვეთს ქალაქების ვერა ფაღავასეულ ხედვას. ისინი მხოლოდ არქიტექტურული ადგილები კი არ არის, არამედ ამ ადგილების ხსოვნაა, კონკრეტული მომენტების ციტირება. 

მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები ფიგურაციას სცილდებოდა, ის ხშირად არქმევდა მათ რეალური ადგილებისა და  ქალაქების სახელწოდებებს“.

გამოფენაზე წარმოდგენილია AC/VP-ის კოლექცია და ასევე ნამუშევრები საჯარო და კერძო კოლექციებიდან. ამ ნამუშევართაგან დამთვალიერებელი  ბევრს პირველად იხილავს, მათ შორის – ცხრა ნახატის ნაკრებს, რომელიც აღმოჩნდა პარიზში, მხატვრის საქაღალდეში, ავტორის მინაწერით – „ვენეცია“ (1960 წ. ) იგი ამ ნამუშევრებში იყენებს პუანტილიზმის ტექნიკას“.

გამოფენაზე ამავე დროს წარმოდგენილია  ვერა ფაღავას მიერ შესრულებულ ფართომასშტაბიან არქიტექტურულ პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ფოტომასალა. მაგ., გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი ნახავს ფოტოდოკუმენტაციას ბრიუსელში, მსოფლიო გამოფენაზე (1958 წ.) ვატიკანის პავილიონისთვის შესრულებული ფრესკის შესახებ, აგრეთვე აბსტრაქტულ ტრიპტიქს, რომელიც ვერა ფაღავამ შექმნა ტელეკომის შენობისთვის დიჟონში (1980 წ.).

გამოფენაზე ასევე გავეცნობით წიგნების კრებულს, რომლებიც თავის დროზე მხატვარმა შექმნა პოეტ და გამომცემელ  პიერ ლეკიუირთან თანამშრომლობით. 1970 წლიდან მოყოლებული ისინი მრავალ პროექტზე მუშაობდნენ ერთად, მათ შორის იყო „პასარგადები“ (1977 წ.), „მეტაფიზიკური ლექსები“. თითოეული ამ პუბლიკაციისთვის ვერა ფაღავამ შექმნა ქსილოგრაფიები და მშრალი ნემსით შესრულებული გრავიურები, რომლებიც ჰარმონიულად ეხამებოდა ლეკიუირის პოეტურ კომპოზიციებს. 

გამოფენაზე მხატვარი საინტერესო რაკურსითაა წარმოდგენილი Kona Books-ის პუბლიკაციით, რომელიც შეიქმნა ტიმურ ახმეტოვის დიზაინით. ეს წიგნი გვაცნობს ნინა ახვლედიანის ესეის „წერტილ-წერტილ“ და პიერ ლეკიუირის ლექსს, რომელიც მან ვერა ფაღავას მიუძღვნა 1972 წელს. წიგნში ასევე შესულია ვერა ფაღავას ჩანახატები AC/VP-ის არქივიდან და კანადელი ავტორისა და პოეტის – ლისა რობერტსონის ესეის – „შფოთვის“ ქართული თარგმანი. ლისა რობერტსონის პროზაული კომპოზიციების კვლევის საგანი ხშირად  ფილოსოფიურია, სახელოვნებო და ენობრივი ცნებები საგანგებო აქცენტებით არქიტექტურასა და ქალაქებზე. მისი პოეზია და პროზა ერთნაირად ეხება არქიტექტურასაც – როგორც სივრცეს და სტრუქტურას – იმისათვის, რომ მან თავისუფლად იმოძრაოს კონცეპტუალურ აზროვნებასა და ხელშესახებ აზროვნებას შორის. 

ვერა ფაღავას ნამუშევრები ინახება კერძო და საჯარო კოლექციებში, მათ შორის – საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, პომპიდუს ცენტრში, პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, დიჟონის სახვითი ხელოვნების მუზეუმსა და კოლმარის უნტერლინდენის მუზეუმში, საფრანგეთის თანამედროვე რეგიონული  ხელოვნების ცენტრში“ (Fonds Regional d’Art Cntemporain (FRAC). 

მისი ნამუშევრებისა და არქივების უმეტესობას ფლობს და განაგებს Associaation Culturelle Vera Fagava – AC/VF. ასოციაცია შექმნა გალერეა „დარიალის“ დამფუძნებლის, თამარ ტარასაშვილი-ტალის ქალიშვილმა და ვერა ფაღავას ახლობელმა, დოქტორმა ელისო ტარასაშვილმა. ასოციაციის მიზანია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მხატვრის წარმოჩენა. ასოციაცია აწყობს მის გამოფენებს საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში, მის ფუნქციებში შედის ნამუშევრებისა და საარქივო დოკუმენტების მიწოდება/თხოვება ეროვნული და საერთაშორისო გამოფენებისათვის. (CA/VF)-ს მიზანია ვერა ფაღავას შემოქმედებისა და არქივების შენახვა (კონსერვაცია) დაცვა და გავრცელება.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.