fbpx

პანკი ცხოვრებაა, ხელოვნება უკომპრომისო… – ინტერვიუ გოგა დადუნაშვილთან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

„პანკი ცხოვრებაა“.. 

„ხელოვნება უკომპრომისოა და მისი პრეროგატივა კითხვების დასმაა“..

“90-იანელების ძველი გვარდია გამძლენი აღმოვჩნდით “…

 

ეს მესიჯები იკითხება გოგა დადუნაშვილთან ვრცელ ინტერვიუში სტრიქონებს შორის. 

ამ ცოტა ხნის წინ სოცქსელში ვიზუალურმა არტისტმა და კონცეპტუალისტმა  90-იანების ქართული სახელოვნებო სცენიდან – გოგა დადუნაშვილმა საკუთარი მომავალი პროექტის (გამოფენის) ვირტუალური ვიზუალიზაცია (ვიდეორგოლი) წარმოადგინა და აღნიშნა, რომ გამოფენას მომავალში სავარაუდოდ, კონგრესის ბიბლიოთეკა ან მაქ ქეინის ცენტრის საგამოფენო დარბაზი უმასპინძლებდა. 

პროექტი – Protocol Nope – Haced codes

„ჩემი სურვილია, ეს პროექტი გასცდეს ვიზუალური ხელოვნების ტრადიციულ ველს და გახდეს (იყოს) საჯარო დისკუსიის საგანი და ტერიტორია, რომელზეც შესაძლოა დისკუსია ე.წ. სპეციალური მომზადების” გარეშე“. – აღნიშნავდა ის. 

როგორც ანონსიდან ირკვევა, პროექტი, სახელწოდებით Protocol Nope – Haced codes პლატფორმაა, რომელზეც არტისტი ისაუბრებს „იმ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების სახელით, რომელთაც არ აქვთ საშუალება ფართო აუდიტორიისგან მიიღონ ემპათია და ილაპარაკონ საკუთარ პრობლემებზე“.

პროექტი  წარმოდგენილია 3 მასშტაბური ინსტალაციით („მემორიალი“, „კონფერენც-ჰოლი“ და „მიზეზ-შედეგობრივი ტრეფიკი“), რომელთა განთავსებაც სამ დარბაზში იგეგმება. ინსტალაციების საფუძველსა და მასალას, არტისტის თქმით, წარმოადგენს მისი  მრავალწლიანი გამოცდილება პოლიტიკური და სოციალური კომუნიკაციის სფეროში, მის მიერ გადაღებული და ჩაწერილი 200-ზე მეტი ადამიანის ინტერვიუ და მის არქივში შემონახული დიდი რაოდენობის სტატისტიკური კვლევა, რომლებიც ე.წ. ახალი დროების რეალიების ანალიზს ეხება. 

გამოფენის კონცეფცია, კლიპის რეჟისურა, კომპიუტერული გრაფიკა და გახმოვანება მისივე საავტოროა.

 

როგორ წარმოადგენ შენს თავს – ვინ ხარ? ამას გეკითხები იმიტომ, რომ დღესდღეობით ხარ რეჟისორი, კლიპმეიკერი, კონცეპტუალისტი არტისტი,  NFT არტისტი – ანუ 90-იანებიდან მოყოლებული საბოლოოდ ასეთი მულტიდისციპლინარული მიქსი შემოგვთავაზე. თუმცა ეს ყველაფერი ერთმანეთს ჟანრობრივად უკავშირდება.

გოგა დადუნაშვილი: „თუ პათეტიკაში არ ჩამეთვლება, უპირველესად მე ვარ ადამიანი, რომელიც მუდამ ვიკვლევდი სამყაროს ჩემ ირგვლივ და საკუთარ ინტერაქციას მასთან. 

რეალურად კი ყოველთვის ცნობისმოყვარე ვიყავი და ვარ. ვინაიდან ვხატავ იმ დროიდან, რაც თავი მახსოვს. ბუნებრივია, ეს კვლევა მხატვრობით დავიწყე (და ვაგრძელებ კიდეც). 

კი, იყო ჩემს ცხოვრებაში ოპორტუნიზმიც, რაც მუსიკის შესრულებაში გამოიხატა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრაქტიკამ დიდი გამოცდილება მომცა, მალე მივხვდი, რომ მაინც ვიზუალისტი ვიქნებოდი  სამომავლოდ.

ერთხელ, ბევრი წლის შემდეგ, მიუნხენში ვიყავი რაღაც საქმეზე. ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში ჯგუფურ გამოფენაზე ჩემი ძველი ვიდეოინსტალაცია იყო წარმოდგენილი,  რომელიც ზოგადად ცენზურას და იმ დროს ახლად ფეხადგმულ „პოლიტკორექტულობას“ ეხებოდა. სიმართლე გითხრა, თავად აღარ მახსოვდა ყველა კადრი. გადავწყვიტე, თავიდან მენახა, მაგრამ… – დარბაზში ვერ აღმოვაჩინე ვერც ერთი სკამი, გრანიტის იატაკზე დაჯდომაც არ შედიოდა ჩემს გეგმებში, რადგან იმ დღეს ბევრი ვიარე და საკმაოდ დაღლილი ვიყავი. 

მოკლედ, 5 წუთში გამოვედი დარბაზიდან მყარად დარწმუნებული იმაში, რომ მონიტორის ადგილი საგამოფენო დარბაზში არ არის! ჰო, აი ასე, კატეგორიულად… ამის შემდეგ,  ბევრი გარემოებებისა თუ შეგნებული მიზნის გამო, კინო უკვე სტაბილურად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და  მივიღე განათლებაც, პარალელურად ვიღებდი კლიპებს.

არ ვიცი, ალბათ მაინც არტისტი ვარ, იმიტომ რომ ყოველთვის ხაზს ვუსვამდი იმას, რომ ვიჟუალ არტით დაიწყო ჩემი გზა იქამდე, სადაც ახლა ვარ”. 

 

და ეს დაიწყო 90-იანებში. რა ინსპირაცია მოგცა ამ პერიოდმა? 

გოგა დადუნაშვილი:  „უფრო თუ დავაკონკრეტებთ, 80-იანების ბოლოდან – ერთი მხრივ, ეს იყო არსებული რეჟიმის (სსრკ) რეზისტენტულობის, ცნობისმოყვარეობის, შემოქმედების სურვილის, ფასეულობებთან ბრძოლის და ჰაერში დაკიდებული თავისუფლების განცდის შედეგი. ჩემი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ცნობისმოყვარე ნატურისთვის, ის მეტამორფოზები, რომელიც სამყარომ განვლო ამ 30 წლის მანძილზე საინტერესო საკვლევი თემა აღმოჩნდა.

90-იანები რომ გავიხსენო, ძალიან დიდი დრო დამჭირდება. მხოლოდ ერთი ეპიზოდით შემოვიფარგლები: ფოტოს წავაწყდი ინსტაგრამზე – „რეაქტიული კლუბის“ პირველი წიგნის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში და როდესაც ამ ფოტოზე ხალხს გადავხედე, ბევრი მათგანი, როგორც ამბობენ, „უკეთეს სამყაროშია“. 

მაგრამ, რომ არა 90-იანების ცინიკური სიხისტე, შესაძლოა, მოვლენები სრულიად სხვაგვარად წარმართულიყო. იმასაც ვიტყვი, რომ დღეს უკვე მიხარია, როდესაც ვხედავ  90-იანების „ძველ გვარდიას“ საგამოფენო დარბაზებში და ვხედავ მათ საზოგადოებრივ აქტიურობას. მოკლედ, გამძლენი აღმოვჩნდით 90-იანელები”. 

 

დღესდღეობით თამაშების კონცეპტებს ხატავ. ამ სფეროში რა ხდება ან NFT სივრცეში როგორ გრძნობ თავს? 

გოგა დადუნაშვილი: თავს ვგრძნობ კარგად. მიყვარს ტექნოლოგიები. მიყვარს ყველაფერი ახალი და ამ სფეროში საკუთარი თავის რეალიზაციის დიდი შესაძლებლობა მაქვს. 

Games Industry ცალკე სამყაროა, სადაც იმხელა პოლიგონი გეხსნება, რომ ალბათ ორი ცხოვრება არ გეყოფა ადამიანს ყველა იდეის რეალიზაციისთვის. ახლა ვმუშაობ პროექტ Order of the White Pea-ს პერსონაჟებსა და სცენარზე. მოკლედ, ამ სფეროს რომ არ ეარსება, უნდა გამოგვეგონებინა.

რაც შეეხება NFT-ის,   ტოკენებით დაინტერესება და მოთხოვნა დიდი იყო და არის. ერთ-ერთ პროექტად We are Zodiac გავაკეთე. ეს არის 12 სუპერგმირი – 12 ზოდიაქო.

 პროექტი We are Zodiac 

საიდან წამოვიდა იდეა? 

გოგა დადუნაშვილი: იდეა წამოვიდა ფილმის სცენარის წერის დროს, რომელიც  დდი იმედი მაქვს, მალე პრე-პროდაქშენში ჩაეშვება და ამაზეც ვისაუბროთ. მოკლედ, დავიწყე ფილმის გმირების ხატვა და უცებ გამიჩნდა იდეა – რა იქნება, თუ ზოდიაქოს ნიშნების დიზაინსაც გავაკეთებ მეთქი. ასეც მოხდა. 

ახლა მწარმოებელ კომპანიასთან მაქვს მოლაპარაკება და სავარაუდოდ, თებერვლიდან გაიყიდება ონლაინ. მოკლედ, ყიდულობ ვირტუალურ NFT ტოკენს, რომელსაც მოჰყვება ფიზიკური ზოდიაქოს ნიშანი. ფილმის ფროდაქთ ფლეისმენტადაც განვიხილავ ამ აქტს.

 

საერთოდ, საიდან მოდის შენთან ინსპირაცია, და როგორ იქმნება შენი ნამუშევრები თუ პროექტები ამ ციფრულ  ერაში? 

გოგა დადუნაშვილი: Right here, right now – ეს არის პრინციპი, რომლითაც ვცხოვრობ. 

ცხოვრება თავად არის ინსპირატორი: აი, მაგალითად, გარკვეული დროის წინ პოლონეთში მივფრინავდი და ჩემს WhatsApp-ზე მოვიდა მესიჯი, რომლის ქართული თარგმანი დაახლოებით ასეთია: „გაქვთ ყასბის გამოცდილება? დაგვიკავშირდით ამა და ამ ნომერზე. ანაზღაურება 5000-დან 7500 ევრომდე“ – თავად ასეთი სარეკლამო გზავნილის მიღება უკვე ძალიან სასაცილო და საინტერესო გახდა ჩემთვის. და ეს ხდება მთლად ფრონტის ხაზთან. ჩავატარე კვლევა და აღმოჩნდა, რომ ასეთი ყოველთვიური ანაზღაურება ამ პოზიციაზე არ არსებობს. რა უნდა მეფიქრა? გამომდინარე იქიდან, რომ, ჩემი ღრმა რწმენით, ხელოვნება არ უნდა იყოს მენტორული, თუმცა მას აქვს უდიდესი პრეროგატივა დასვას კითხვები, დავგეგმე ნამუშევარი „Conventional Marketing”.

პროექტი Conventional Marketing

ეს არის შეთავაზება იმ ადამიანებისთვის, ვინც შესაძლოა გამოიარა ომის კოშმარი, შესაძლოა დაერღვა ფსიქიკა და შესაძლოა ამის ხარჯზეც ან უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შეასრულოს ამორალური ან სულაც დანაშაულებრივი შეკვეთები. 

 მეორე დიდი პროექტი, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთ – ევროპაში  განვახორციელებ, არის „Ezoterrorism”,  მაგრამ, ვფიქრობ, ეს ვრცელი თემაა და ცალკე სალაპარაკო. 

 ვიდეო არტი „ბინ ლადენი – პუტინი“ No justice, No peace.

ვინ არის – “Punk is not choice. This is the Life” , რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ სოცქსელში დიდი მოწონება და სიმპათიები დაიმსახურა.  Marvel Comics-იდანაა? და საერთოდ, ვინ არიან  შენი პერსონაჟები და რა ტექნიკაში   შეასრულე?

გოგა დადუნაშვილი: “Punk is not choice. This is the Life”-ის პერსონაჟი კრებსითი სახეა. მეტსაც გეტყვი – წესად მაქვს, დღეში ერთი სკეტჩი გავაკეთო დილით ყავის სმისას. აი, ასე დავხატე ესეც.

რაც შეეხება ტექნიკას – პლანშეტზე დავხატე სტილუსით დიჯითალ. ბოლო პერიოდი პლანშეტს სულ თან დავატარებ და სადაც საშუალება მაქვს,  ვხატავ ხან კლიპის კადრირებას და ხან პერსონაჟს, რომ მერე მხატვრებს მივცე კოსტიუმებზე და ვიზუალზე სამუშაოდ.  ხანაც კი ასეთი პერსონაჟი შემომეხატება თავისი ისტორიით, დრამატურგიით და მკაფიო პოზიციით. 

პრინციპში მხატვრები, რეჟისორები საკუთარ სამყაროს ვქმნით, სადაც ჩვენივე მოგონილ გმირებს ვასახლებთ. და ამას ვამბობ მე, რომლის ბოლო ორი სცენარი რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით გაწერილი სოციალური დრამაა. ჰო, რა საკვირველია, კონტრასტებიც საჭიროა შემოქმედებაში. 

ეს სქრინი  მომავალი ფილმისაა? ანუ  ვიზუალი არტისტიდან  შემდეგი ნაბიჯი  დიდ კინოშია?  ზემოთ,  ზოდიაქოების სერიაზე რომ ვსაუბრობდით, მომავალი ფილმის პროდაქტ პლეისმენტზე საუბრობდი? 

გოგა დადუნაშვილი: დიახ,   პროექტი, რომელზეც ბოლო 5 წელია ვმუშაობ, ფილმია, რომლითაც დიდ კინომდე მივაღწიე. ეს თავიდან ბოლომდე ჩემი საავტორო ფილმი იქნება (სცენარი, რეჟისურა).  ძალიან ძნელია ჰოლივუდში შეღწევა, მე რეპუტაცია რეკლამებით გავიკეთე (ამ მომენტშიც ცნობილი კოსმეტიკური კომპანიის ახალი კოსმეტიკური ხაზის სარეკლამო რგოლებზე ვმუშაობ)   და,  ასე თუ ისე, იმან იმუშავა,  რომ ქრიეითერი ვარ და და ცხადია, მხატვარიც. მაგრამ,  პირველ რიგში ეს არის 24/7-ე მუშაობის შედეგი. 

უკვე ფილმის  პრე-პროდაქშენზე ვარ და 2025-ში ჩაეშვება… 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.