fbpx

მამაენა – ინტერვიუ ხელოვან ლუკ ბარტონთან


გააზიარე სტატია

ლუკ ბარტონი, (დ.1983) ლონდონში მოღვაწე ხელოვანია. იგი სიმბოლიზმის როლს იკვლევს დეკორატიულ ვიზუალურ კულტურაში, ამავდროულად შეისწავლის რთულ ურთიერთკავშირს ხელოსნობას, ორნამენტსა და სახვით ხელოვნებას შორის. მისი რეფლექსიები ეხება გემოვნების, რეპრეზენტაციისა და მატერიალურობის საკითხებს ფერწერაში.

ბარტონი ფერწერაზე ტრადიციული მიდგომების გათვალისწინებით მუშაობს, ამასთან, იგი დაინტერესებულია მედიუმის ჰორიზონტის გაფართოებით და ხშირად მიმართავს ერთი შეხედვით მოძველებულ ტექნიკას, როგორიცაა მაგალითად მინანქარი ან იყენებს უფრო გამოყენებად ფორმებს, როგორიცაა დეკორატიული შირმები. ასეთი მრავალფეროვანი მიდგომები ეხმიანება ბარტონის დაინტერესებას მასშტაბის კონცეფციაზე ფერწერაში. ის აკვირდება ადამიანის პერსპექტივის, არქიტექტურისა და მინიატურის ურთიერთთანაფარდობას. როგორ წარმოშობენ განსხვავებული მასშტაბები ფიზიკურ და ემოციურ სივრცეებს, რომლებიც იწვევს ინტიმურ განწყობებს, გაუცხოებას, თანაგრძნობას ან პრივილეგიას?

ლუკს ჩვენს გალერეაში გამართული მისი გამოფენის შესახებ რამოდენიმე კითხვა დავუსვით და მანაც სიამოვნებით გაგვცა პასუხები!

​შენ ხშირად ინტერესდები იმ კულტურის სიმბოლიკით, რომელშიც აღმოჩნდები ხოლმე – მხედველობაში მაქვს შენი ნამუშევრები – შადრევნები ბაქოში, ყურძნები ათენში და ფეხბურთის ბურთები ინგლისში. მაინტერესებს ფიქრის პროცესი, რომელიც გიბიძგებს კონკრეტული გამოსახულების შერჩევაში. რა პროცესს გადიხარ?

ვფიქრობ, საინტერესო კითხვა და დაკვირვებაა, რადგან ხშირად ვეკითხები ჩემს თავს, როგორ გამოვიყენო ესა თუ ის გამოსახულება – ხანდახან ვფიქრობ, რომ მაქვს პასუხი, ზოგჯერ რაღაცეები საოცრად თავისუფალია, ბუნდოვანიც კი. მაგრამ მივედი იმ მდგომარეობამდე, როცა ვაძლევს თავს უფლებას, რომ ამ რყევებმა მეტისმეტად არ შემაწუხოს.

ყველაფერი, რაც თქვენ ახსენეთ – შადრევნები, ყურძენი, ფეხბურთი – თან კულტურულად სპეციფიკურია, მაგრამ ამავდროულად ფლუიდური, საერთაშორისო სიმბოლოები, თუ არქეტიპებია. ყოველთვის არის ერთგვარი თამაში სპეციფიურსა და ზოგადს შორის. მინდა არსებობდეს განცდა, რომ შესაძლებელია ეს ძალიან ცნობილი გამოსახულებები ასოცირდებოდეს კონკრეტულ ტრადიციასთან – იქნება ეს დასავლური, კლასიკური, თუ თანამედროვე და ეროვნული, და ამავდროულად იყოს აღქმა, რომ ისინი იმდენად განზოგადებული ან იმდენად ხშირად და ფართოდ გამოყენებულია, რომ ასეთი ტიპის დაკონკრეტება შეუძლებელია. ასე რომ, ეს სიმბოლოები გულისხმობენ თავის თავში ერთგვარ საერთაშორისო ენას, რომელიც შეიძლება შეიცვალოს მათი კონტექსტიდან გამომდინარე. თუნდაც შენ მიერ ნახსენები შადრევნები ბაქოში – რაღაც მსგავსს, მაგრამ ღრმად განსხვავებულს გულისხმობს რომის ან თუნდაც ლონდონის შადრევნებისგან-  ამავდროულად აშკარაა კავშირები ძალაუფლების დასავლურ სიმბოლოებთან, მამაკაცურობასა და ვიტალურობის სიმბოლოებთან. როგორც ყველა ასეთი ტიპის გამოსახულება,  ისინი არაერთი მნიშვნელობის ფენას შეიცავს! შადრევანი თავისთავად ძალიან საინტერესო კონსტრუქციაა რადგან ის არის კონტეინერი, რომელიც მუდმივად გადმოედინება, ამიტომ მას აქვს ორმაგი შინაარსი. მაგრამ ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ბაქოს კონკრეტული კონტექსტი. ქალაქის მერი იმ დროს, როცა მე და შენ (გვანცა ჯიშკარიანი) იქ ვცხოვრობდით, ყველგან ამ ნეოკლასიკურ შადრევნებს აშენებდა. წყლის მუდმივი ნაკადი, რომელიც მიწისქვეშეთიდან ჰაერში წნევით ამოედინებოდა გაუჩერებლად, ასევე შესაფერისი სიმბოლო იყო ნავთობის სიმდიდრის შედეგად შექმნილი ქალაქისთვის. ბევრ რაიონში შეხვდებოდით იტალიური სტილის მოედნებს, სადაც ბეტონის ან ლითონის ნეოკლასიკური ან ნეო-ბაროკოს სტილში შესრულებული შადრევანი იდგა. თითქოს ნაგულისხმები იყო, რომ აყვავებულ ქალაქის სიმბოლო არა მხოლოდ მაღალი ცათამბჯენებია, არამედ ასეთი მოედნები და ძეგლები, რომლებიც უკვე სულ სხვა დასავლური ტრადიციიდან არის ნათხოვარი. 

მაგრამ ბაქო ნაწილობრივ მე-19 საუკუნის პოლონელი არქიტექტორების მიერ არის აშენებული, რომლებიც შთაგონებულნი იყვნენ ჰაუსმანის პარიზით.  ამ ბულვარის ქუჩების გვერდით, რა თქმა უნდა, მრავალი სახის არქიტექტურული სტილი შეგხვდებათ შუა საუკუნეების ქრისტიანული და ისლამური არქიტექტურიდან საბჭოთა სოციალურ სახლებამდე. ამრიგად, ამ სტილების ეკოლოგია რთულია და შადრევნები საინტერესო როლს თამაშობენ იმაში, თუ როგორ სურდათ მერსა და მთავრობას ქალაქის წარმოჩენა მათი კონსერვატორული ესთეტიკური მიზნებიდან გამომდინარე. როდესაც ამას ვამბობ, მე უფრო ყურადღებას ვამახვილებ, ვიდრე რაიმე განცხადებებს ვაკეთებ იმ კულტურებზე, რომელთა შესახებაც ძალიან ცოტა ვიცი, მაგრამ მაინტერესებდა როგორ არის ამ სახის ფორმები გამოყენებული.

ასე რომ, კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ვფიქრობ, ამ სახის სურათებამდე მივედი, რადგან მაინტერესებს მათი ცვალებადობა და მოჩვენებითი მოქნილობა სხვადასხვა კონტექსტში, რაც მიგვითითებს კომუნიკაციის ერთგვარ ნაციონალურ ფორმაზე, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ხშირად მიმართავენ, რადგან ის შეიძლება ემსახურებოდეს მიზანს კაპიტალისტური ლოგიკის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც საგნები უნდა იყოს „წაკითხული“ კონტექსტის გარეშე. ვფიქრობ, ასე ამ გამოსახულებებზე ფიქრი სახიფათოა, რა თქმა უნდა, მაგრამ გრძელ ისტორიულ ხედვას რომ გადახედავ ბევრ მსგავსებას იპოვი. ბევრი გამოსახულება, რომელსაც ვიყენებ, საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა – ფორმები შენარჩუნებულია მაშინაც კი, თუ მათი მნიშვნელობა იცვლება. ასე რომ, ჩემი აზრით საინტერესო წინააღმდეგობაა – მათი სიმტკიცე მათ ცვალებადობაშია. 

როდესაც მუშაობ გამოსახულებებზე, როგორიცაა ყურძენი, ფეხბურთი, ჩოგბურთის რაკეტები, შადრევნები და სხვა, რა ტრანსფორმაციას განიცდიან ისინი? როგორ ამუშავებ მათ? 

ჯერ ფორმების ჩანახატებს ვაკეთებ ჩემს ესკიზების რვეულში. თავიდან ფორმის ჩვეულებრივი მონახაზით ვიწყებ, ვცდილობ, ობიექტი მაქსიმალურად მიმსგავსებულად გადმოვიტანო ჩემი გონებიდან. მაგრამ იმის გამო, რომ ამ საგნებს ხშირად არ ვაკვირდები, მცირე დარღვევები მაქვს ფორმაში, რომელიც ბუნებრივად ხდება. შემდეგ ვამუშავებ ამ უზუსტობებს და ვაკეთებ ჩანახატების სერიას, სანამ ეს დეფორმაციები უფრო გამოხატული გახდება. მიზიდავს ფორმები, რომლებიც უძლებენ ამ სახის მოდიფიკაციებს იქამდე, რომ მათი ამოცნობა საფრთხეშია, მაგრამ მთლიანად შეუძლებელი არაა. ეს გამოსახულებები კოლექტიურად კიდევ უფრო კარგად მუშაობენ; ერთ ნახატზე, როგორიცაა ფეხბურთის ბურთები ან ყურძნები, ან ერთად გამოფენის შემთხვევაში, როგორიცაა ჩოგბურთის ჩოგნების კოლაჟები. ისინი ერთმანეთის ამოცნობას ხელს უწყობენ, როგორც ოჯახური პორტრეტი, სადაც ერთმანეთის გვერდით დგანან და-ძმები, ბიძაშვილები, ძმისშვილები და ა.შ. მიუხედავად მათი ცვლილებებისა, გარკვეული ფორმალური თანმიმდევრულობა ფერთან და ფორმასთან მიმართებაში შენარჩუნებულია, რაც იძლევა მათი ამოცნობის საშუალებას. ფეხბურთების ბურთების ფორმით ნამდვილად შეიძლება ბევრი თამაში, ისე რომ მათი იდენტობის ძალა შენარჩუნდეს ზუსტად ამ შემადგენელი ნაწილების გამო.

რამ შთაგაგონა მსაჯების თემაზე გემუშავა და გამოგესახა სხვადასხვა ისტორიული ფიგურა იმ ნამუშევრებში, რომლებიც გალერეის გამოფენისთვის შექმენი? რამ განაპირობა ამ ფორმატში ტოქსიკური მასკულინობის ასახვა? რატომ დახატე ისინი ყურძნებით გაფორმებული? ჩემთვის მსაჯების სერია ქართულ კონტექსტში იკითხება ტოქსიკური მასკულინობის მეღვინეობის ტრადიციასთან შერწყმად, სადაც მათი ტრადიციონალიზმი სხვა ისტორიულ ნარატივებზე მაღლა დგას. ეს მამრი ფიგურები შეიძლება ასხივებდნენ სნობიზმისა და უპირატესობის განცდას, რომ მათ მიაღწიეს “განმანათლებლობის” მაღალ დონეს.

ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაც მინდოდა მსაჯების სერიაზე მემუშავა ის იყო, რომ ჩემი წინა ნამუშევრები ძალაუფლების სიმბოლოებზე ფოკუსირდებოდა ძირითადად ობიექტების მეშვეობით; ობიექტები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მამაკაცის ძალაუფლებასა და პატრიარქატზე. ვიყენებდი ისეთი სიმბოლოებს, როგორიცაა შადრევნები, ფარშევანგები, ფეხბურთის ბურთები, და ვქმინიდი ნამუშევრებს, სადაც ფიგურა პირდაპირ არ იყო გამოსახული. ადრინდელ ნამუშევრებში მამაკაცის ფიგურას ვხატავდი ხოლმე, რომელსაც ‘ამბივალენტურ კაცს’ ვუწოდებდი – ის ბიჭის კლასიკურ ფიგურას ჰგავდა ძალიან თმიანი მკერდით და იყო ერთგვარი არქეტიპი. თუმცა, როდესაც ამბივალენტური კაცი ‘მოვკალი’ ვგრძნობდი, რომ არსებობდა სივრცე, ადამიანის ფიგურა დაბრუნებულიყო ჩემს ნამუშევარში, მაგრამ მქონდა კითხვა, ვინ დამეხატა. ეს რთული კითხვა მუდმივად მიბრუნება ხოლმე. მუდმივად მაქვს შინაგანი დებატები, თუ ვისი დახატვისას ვგრძნობ თავს კომფორტულად ჩემი სუბიექტური პოზიციიდან, როგორც თეთრი, ჰეტეროსექსუალი მამაკაცი მხატვარი. რამდენ  ჩემი მხატვრული კარიერა ბოლო  ათწლეულის განმავლობაში განვითარდა, ვგრძნობ, ეს კითხვა ძალიან შეიცვალა და ამჟამად ძალიან აქტუალურია. გარკვეულწილად, საკუთარ თავს ვეკითხები, საერთოდ თუ უნდა ვხატო და ვინ შეიძლება იყოს ჩემი ნამუშევრების ფოკუსი. არის გარკვეული რისკები, როდესაც თეთრკანიანი მამაკაცი სხვა თეთრკანიან მამაკაცებს ხატავს – არის რისკი ამ ფიგურების პრივილეგიის მნიშვნელობის ხაზგასმისა. მაგრამ ჩემი მიზანია ვაღიარო ეს რისკი, ეს კითხვა ან „პრობლემა“ და ამით საკუთარ თავს მივცე სივრცე ამ ტიპის ფიგურების წარმოსაჩენად. გარკვეულწილად, საკუთარ თავს კუთხეში ვიმწყვდევ ამდენი შეზღუდვების დაწესებით. ნახატებზე შევამჩნიე, რომ მსაჯების ფიგურების გამოსახულებები დეცენტრირებულია, თითქოს ისინი მარგინალიზებულია. ვფიქრობ, თავიდან ეს გაუაზრებელი აქტი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი კავშირი გახდა  ნაწარმოების კომპოზიციურ და კონცეპტუალურ დინამიკას შორის.

ყოველთვის მაინტერესებდა მხატვრობის ისტორიაში არსებული კონვენციები ან ჟანრები – ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი და ა.შ. – რადგან ისინი საწყის წერტილს გაძლევენ, გიადვილებენ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი შემდეგ თავს თავში სხვა ტიპის პრობლემებსა და კითხვებს მოიაზრებენ.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მსაჯების ფიგურებზე დავფიქრდი, არის ის უბანი სადაც ვცხოვრობ ლონდონში. ვცხოვრობ ვესტმინსტერის უბანში, ამ უბანში მდებარეობს ჩვენი ეროვნული პარლამენტი და ხელისუფლების სხვა ორგანოები – ბევრი შენობა იმ ტერიტორიაზე, საჯარო სამსახურის ოფისია, მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ა.შ. ასე რომ, არა მხოლოდ რეალური ძალაუფლების ადგილსამყოფელი, ანუ პარლამენტი, არამედ ძალაუფლების მანქანები, რაც ამუშავებს მთავრობას, განთავსებულია ამ თანამედროვე ან არა თანამედროვე შენობებში, სადაც მე ამჟამად ვცხოვრობ. ფაქტიურად გარდაუვალი იყო დამეწყო ფიქრი ძალაუფლების სტრუქტურების იმ ასპექტებზე, რომლებიც კულისებშია დამალული და იმ ჩვეულებრივ მუშაკებზე, ვინც მთავრობას აფუნქციონერებს. შემდეგ დავიწყე სასამართლო სისტემაზე ფიქრი, როგორც ხელისუფლების ამ ფარული სტრუქტურების კიდევ ერთი ასპექტი. ამან დამაფიქრა ესთეტიკურ განსჯასა და გემოვნებაზე და შემდეგ სხვა სახის მსჯელობაზე დავიწყე ფიქრი – იურიდიულსა და მორალურზე – და როგორაა გემოვნების იდეა დაკავშირებული, ყოველ შემთხვევაში ინგლისურ ენაში, ესთეტიკურ განსჯასთან და ასევე ფიზიკურ გემოვნებასთან. ასე რომ, ყურძენი ასევე გემოვნების სიმბოლოა – ესთეტიკური, როგორც კლასიკურ ტრადიციაში, ასევე ფიზიკური გემო. ვგრძნობდი, რომ ნახატების ამ ელემენტებს – ყურძენსა და პორტრეტებს შორის უფრო მეტი კავშირი იყო, ვიდრე თავიდან ჩანდა. ყურძნები, რომლებიც ადამიანურ მახასიათებლებს იძენს დეფორმაციის შედეგად და მსაჯების პორტრეტები, რომლებიც ძალიან უძრავია, უსიცოცხლოც კი! აშკარაა ფორმალური კონტრასტები, მაგრამ ასევე არაპირდაპირი კონცეპტუალური კავშირები, როგორც შენ ასე კარგად ჩამოაყალიბე საქართველოში მევენახეობის ტრადიციასა და მისი ასოციაციები ამა თუ იმ სახის მამაკაცურობასთან. მომწონს აზრი, რომ შენთვის მსაჯები შემკული არიან ყურძნებით. ასევე ვფიქრობ, რომ ეს დინამიკა სხვაგვარადაც შეიძლება იყოს წაკითხული – თითქოს პორტრეტები გარშემორტყმული არიან საშიში, ამაზრზენი ყურძნის ფორმებით. ვფიქრობ, არსებობს ამბივალენტობა თუ რომელ ელემენტს აქვს მეტი მუხტი და ძალა ნახატში. პორტრეტი ყოველთვის იპყრობს თქვენს ყურადღებას, როგორც ფოკუსური წერტილი, მაგრამ ყურძენს აქვს მეტი დინამიზმი, მეტი ენერგია და დომინირებს სურათის სიბრტყეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩარჩოს მსგავსად ფუნქციონირებს. შემდეგ, რა თქმა უნდა, პეიზაჟები, რომლებიც დამატებითი ჩარჩოსავით ფუნქციონირებს.  ყველაზე კონვენციური, ყველაზე კონსერვატორული ელემენტი არის მსაჯების პორტრეტები, რომლებსაც ერთი შეხედვით არ ეხებათ ის, რაც მათ გარშემო ხდება. მაგრამ როგორც აღვნიშნე, ისინი არ იკავებენ სურათის ცენტრს. ისინი ყოველთვის განზე არიან, პერიფერიაზე, მაგიდის კიდეზე მიყრილი სათამაშო კარტის მსგავსად; ან დაფაზე უყურადღებოდ მიმაგრებული საფოსტო ბარათები.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.