fbpx

მარიამ  ოდიშელიძე  –  „ გარდამავალი  სივრცეები“


გააზიარე სტატია

Window Project- ი წარმოადგენს მარიამ ოდიშელიძის გამოფენას„ გარდამავალი სივრცეები“, რომელიც აერთიანებს ფერწერას, ტექსტილის ნამუშევრებსა და კერამიკას. თბილისიდან დიუსელდორფში, და კვლავ სამშობლოში დაბრუნება, მარიამ ოდიშელიძის სახელოვნებო კვლევის შთაგონების წყაროდ იქცა. ხელოვანი იკვლევს მდგომარეობებს შორის ტრანზიციის პროცესს ერთი კულტურული კონტექსტიდან მეორეში, მუცლად ყოფნიდან დაბადებაში, სიცოცხლიდან გარდაცვალებაში,  მატერიალურად   არსებობიდან აბსტრაქტულობაში, საკრალურიდან პროფანულში.

აბსტრაქტული და ფიგურატიული, სხვადასხვა დროს შექმნილი ნამუშევრები, კონცეპტუალურად ემყარება გარდამავლობის მნიშვნელობას. ბუნებრივი და ხელოვნური თაღები („ თეატრი. ჩემი შოუ“, „ პიკნიკი მარტო“, „ შესასვლელთან“, „ სარეველა“), გამოკვეთილი ჰორიზონტის ხაზები („ შეყვარებულები“, „ დუელი“), ისევე როგორც ფიგურატიულიდან აბსტრაქტულში გარდამავალი კომპოზიციები („ მძივი“, „Untitled“) არის ფიზიკურსა და მეტაფიზიკურს შორის ტრანზიტულობის მეტაფორა. გამოფენა ადამიანს, საკუთარ თავთან, საგნებთან, ბუნებასთან ურთიერთობას ასახავს. სამყაროსთან უწყვეტი კავშირი იქცევა ადამიანის ფიზიკური და სულიერი ტრანსფორმაციის წყაროდ.

დედობამ, როგორც მნიშვნელოვანმა ახალმა გამოცდილებამ, ხელოვანს  უბიძგა ნაკლებად ტოქსიკური მასალებით დაინტერესებულიყო. ბებიის საგულდაგულოდ გადანახული სუფრები, ზეწრები და პირსახოცები, რომელსაც ხშირად გოგონებისთვის მზითებად ინახავდნენ, ხელოვანმა საკუთარი ნამუშევრების მასალად აქცია. მან ისტორიულად ქალთან, მზრუნველობასთან ასოცირებული ნივთები ბალიშისა და საბნის მსგავსი სტრუქტურის ნამუშევრებად აქცია. ტუშით დაფერილი ტექსტილის ტაქტილური კომპოზიციები მჭიდროდ არის დაკავშირებული მის მიერ შექმნილ ტილოებთან, ისე თითქოს ფერწერის   ცალკეული   ელემენტები   სიბრტყიდან   სივრცეში „ იბადება“.

მარიამ ოდიშელიძემ პირადი გამოცდილება თარგმნა მხატვრულ ენაზე, რომელიც შექმნილია ორიენტალური და დასავლური ხელოვნების სინთეზით, და დაკავშირებულია ხელოვანის დაბადების   ადგილთან,   საქართველოსთან,  როგორც კულტურული, სოციალური და პოლიტიკური კონტექსტების გარდამავალ სივრცესთან.

მარიამ ოდიშელიძე ( დ.1988 წ) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.  2009 – 2015 წლებში სწავლობდა დიუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში, ანდრეას შულცეს კლასში. გერმანიაში ცხოვრების პერიოდში მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის:

  • 2018: EAF – „ ტრანსფორმაცია“, ბუნკერი K101, კიოლნი, გერმანია; „Mixed“- ხელოვნების სახლი მეტმანში, მეტმანი, გერმანია;“Die GROSSE NRW”, მუზეუმი კუნსტპალასტი, დიუსელდორფი, გერმანია “Die GROSSE NRW Ausstellung”, მუზეუმი კუნსტპალასტი, დიუსელდორფი, გერმანია
  • 2016: „Genius Loci 4 – The kicking Figure“, ჟერარ გუდროუს კურატორობით, სეთარეს გალერეა, დიუსელდორფი, გერმანია
  • 2015: „Genius Loci3 – here they come“, ჟერარ გუდროუს კურატორობით, სეთარეს გალერეა,
  • 2013: “Das ist alles Deine Schulze”, ფილარა, თანამედროვე ხელოვნების კოლექცია, დიუსელდორფი,  გერმანია
  • 2012:  “Geranien”,  შულცეს   კლასი # კოშკი 6, დუისბურგი
  • 2022 წელს თბილისში, გურამ შავდიასთან ერთად, დააფუძნა სახელოვნებო სივრცე RAUM.

„ გამოფენა ეძღვნება გიორგი არსენიშვილისა და ლილიკო ბოლქვაძის ხსოვნას, რომლებმაც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მხარდაჭერა გამიწიეს ჩემი შემოქმედებითი განვითარების გზაზე.“

22 სექტემბერი – 25 ოქტომბერი

ე. ტატიშვილის ქ.9, თბილისი, საქართველო


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.