fbpx

ნაპოლი იღვიძებს


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

განვლილი კვირა უაღრესად პოზიტიური აღმოჩნდა იტალიური „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის, რადგან გუნდმა დიდი ხნის ნანატრი საჩემპიონო თამაში აჩვენა და „უდინეზეს“ და „ლეჩეს” სულ რაღაც სამი დღის მანძილზე ზედიზედ ორი მატჩი დიდი ანგარიშით მოუგო.

ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც „უდინეზესთან“ გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა შეასრულა, თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი, ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

„ლეჩესთან“ შეხვედრაში კი ქართველი გარემარბი, საგოლე სტატისტიკის თვალსაზრისით, ოსიმენის მისამართით შესრულებული იუველირული გადაცემით შემოიფარგლა, რომელიც მეორე ტაიმში შესულმა ნიგერიელმა ფორვარდმა თავური დარტყმით სტუმართა კარში მეორე გოლად აქცია.

მაგრამ მთავარი ისაა, რომ „ნაპოლის“ დაეტყო ახალი მწვრთნელის, რუდი გარსიას ხელი და ხვიჩამაც გაიხსენა ამ კლუბში გატარებული საუკეთესო პერიოდი, როდესაც გუნდი უტევდა, ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ ანგარიშს ვერ ხსნიდა ქართველი ფეხბურთელის ძალისხმევის გარეშე. 

„უდინეზესთან“ მატჩში „ნაპოლიმ“ ანგარიში ხვიჩას წინააღმდეგ საჯარიმო მოედანზე უხეში თამაშისთვის დანიშნული პენალტის შემდეგ გახსნა, ხოლო „ლეჩესთან“ შეხვედრაში კი ქართველმა ფეხბურთელმა სტანდარტული სიტუაცია გამოიმუშავა, რომელიც ზელინსკის გადაცემის შემდეგ ოსტიგორმა აქცია გოლად.

ხვიჩას ამ ორივე დაპირისპირებაში ყველაფერი გამოსდიოდა – როგორც ინდივიდუალური გარღვევები, ისე მახვილგონივრული გადაცემები თუ მოწინააღმდეგე მცველთათვის დამაბნეველი გადაადგილებები.

„ლეჩესთან“ ოსიმენის მისამართით შესრულებული საგოლე გადაცემის შემდეგ კი მატჩის ბედი ფაქტობრივად  უკვე გადაწყვეტილი იყო და მწვრთნელმა რუდი გარსიამაც ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მისცა, რადგან „ნაპოლის“ ამ კვირაში გაცილებით მნიშვნელოვანი მატჩი ელის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ. ქართველ ფეხბურთელს კი სწორედ ამ დაპირისპირებაში მართებს მაქსიმალური შესაძლებლობების ჩვენება.

„ლეჩესთან“ შეხვედრის ბოლო ათ წუთში თავი ცვლილებაზე შესულმა კაეტანომ ისახელა, რომელმაც კარიერაში პირველი გოლი გაიტანა და თერთმეტმეტრიანიც გამოიმუშავა.  

გასულ კვირას „ტორინოს“ შემადგენლობაში „ლაციოს“ წინააღმდეგ მატჩში დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდა ქართველ მცველ საბა საზონოვს, რომელმაც 27-ე წუთზე იტალიის ნაკრების ტრავმირებული ცენტრალური მცველი ბონჯორნო შეცვალა.

საბას ურთულეს დაპირისპირებაში მოუწია ჩართვა, რადგან ამბიციურ მეტოქეს მიმდინარე სეზონში იქამდე შინ არ ჰქონია მოგებული მატჩი და ამიტომ „ტორინო“ ერთგვარად განწირულიც კი იყო წასაგებად.

მიუხედავად ამისა, საბამ პრაქტიკულად უშეცდომოდ ჩაატარა შეხვედრა, მაქსიმალურად შეზღუდა მასპინძელთა ლიდერ ჩირო იმობილეს ქმედებების ეფექტი და არ ყოფილა დამნაშავე „ტორინოს“ კარში გასულ არცერთ გოლში. 

იტალიის სერია A-ს გათამაშებას „ინტერი“ და „მილანი“ ლიდერობენ, „ნაპოლი“ კი ზედიზედ ორი მოგების შემდეგ სულ რაღაც ოთხი ქულით ჩამორჩება მათ და აქედან გამომდინარე, უკვე ჩართულია საჩემპიონო რბოლაში.

ესპანეთის ჩემპიონატის დაწყებიდან 6 ტურის შემდეგ კი ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ სატურნირო ცხრილის სათავეში „ბარსელონასთან“ ერთად კიდევ ერთი კატალონიური კლუბი „ჟირონა“ აღმოჩნდებოდა, ხოლო მე-7 ტურის შემდეგ ამ ჩემპიონატის შარშანდელი დებიუტანტი უკვე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა.

„ვილიარეალთან“ გასვლით მატჩში „ჟირონას“ ფეხბურთელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში პირველი ბურთი საკუთარ კარში გაუშვეს, მაგრამ წონასწორობა მალევე აღადგინეს, შემდეგ მშვიდად დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე ამბიციურ მეტოქეს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე „ძელებიც კი ჩამოუღეს“.

ასეთი რკინის ნერვები კი თვით „ბარსელონას“ ფეხბურთელებსაც არ აღმოაჩნდათ, რომელთაც წინა დღეს „მალიორკას“ ანგარიში ორჯერ კი გაუთანაბრეს, მაგრამ დაწინაურება ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ ლიდერობა აქ ნახსენებ „ჟირონას“ და მეორე პოზიცია მადრიდის „რეალს“ დაუთმეს.

გასული უიკენდის ტურის ცენტრალურ მატჩში კი „ჟირონამ“ სწორედ იმ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა, რომელსაც შარშან შინ არგენტინელ ფორვარდ ტატი კასტელანოსის სასწაულებრივი „პოკერით“ ანგარიშით 4:2 მოუგო.  

კასტელანოსი ამჟამად უკვე რომის „ლაციოს“ ღირსებას იცავს, მაგრამ „ჟირონას“ წლეულს არც საგოლე მომენტების შექმნა და, რაც მთავარია, არც გოლების გატანა უჭირს, რაზედაც „რეალთან“ მატჩის წინ ლა ლიგის გათამაშებაში ამ გუნდის მიერ „ბარსელონას“ მსგავსად გატანილი ყველაზე მეტი – 18 ბურთი მეტყველებდა.

კლუბს უკვე მესამე წელიწადია, რაც 48 წლის სპეციალისტი მიჩელი წვრთნის, რომლის ხელმძღვანელობითაც იგი ლა ლიგას დაუბრუნდა, შარშან მეათე პოზიცია დაიკავა, ხოლო წლეულს კი მის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. 

„ჟირონა“ საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია და მის ღირსებას ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი იცავს. კლუბის შემადგენლობაშია ასევე უკრაინის ნაკრების ორი და ვენესუელას ნაკრების ერთი ფეხბურთელი.

ახალგაზრდების გვერდით კი გამოცდილ ფეხბურთელებსაც ვხედავთ, რომელთაგან ზოგიერთმა „მანჩესტერ სიტიში“ და ზოგიერთმაც „ბარსელონაში“ თავი ვერ გამოიჩინეს და „ჟირონაში“ იჯარის წესით ან უკვე მის მფლობელობაში იმყოფებიან.

მაგრამ „რეალის“ წინააღმდეგ „ჟირონამ“ ვერ ივარგა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში თითქოს თანაბარ კალაპოტში მიმდინარეობდა, გოლები მხოლოდ მასპინძელთა კარში გადიოდა და „რეალმაც“ საბოლოოდ მიმდინარე სეზონში ყველაზე იოლი გამარჯვება (3:0) იზეიმა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა ამ მოგებით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია დაიბრუნა, მისმა ყოფილმა კაპიტანმა სერხიო რამოსმა კი „სევილიას“ შემადგენლობაში „ბარსელონას“ წინააღმდეგ დებიუტი იმ ავტოგოლით აღნიშნა, რომელმაც მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე „რეალის“ დაუძინებელ მტერს სამი ქულა მოუტანა ამ უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში. 

გასული კვირა მოულოდნელობებით დატვირთული აღმოჩნდა ინგლისური ფეხბურთისთვის, რადგან ზედიზედ ორ მატჩში დამარცხდა აქამდე წაუგებელი „მანჩესტერ სიტი“.

ოთხშაბათ საღამოს „ნიუკასლთან“ მარცხი მას ინგლისის ლიგის თასის ასპარეზობიდან გამოვარდნად დაუჯდა, რომელიც პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით 2018-2021 წლებში კლუბს ზედიზედ ოთხჯერ აქვს მოგებული.

„ვულვერჰემპტონთან“ წაგებული შეხვედრა კი პრემიერლიგის განვლილი ტურის უდიდეს სენსაციად იქცა. „მანჩესტერ სიტიმ“ ამ ბოლო ხანს გულშემატკივრები დააჩვია მეორე ტაიმში თამაშების შემობრუნებას და ამიტომ, როდესაც ალვარესმა შეხვედრის 58-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, თითქოს სტუმრები  უნდა დაწინაურებულიყვნენ კიდეც, მაგრამ მოხდა პირიქით და „ვულვერჰემპტონმა“ ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

„სიტის“ მსგავსად სენსაციური მარცხი იწვნია „მანჩესტერ იუნაიტედმაც“, რომელმაც თუკი სათასო შეხვედრაში იოლად, ანგარიშით 3:0 მოუგო „კრისტალ პალასს“, სამი დღის შემდეგ „ოლდ ტრაფორდზე“ ამ გუნდთან კიდევ ერთ დაპირისპირებაში უკვე მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.

პრემიერლიგის განვლილი ტურის ცენტრალური მატჩის 25-ე წუთიდან 10 კაცით, ხოლო 70-ე წუთიდან 9 კაცის შემადგენლობით გმირულად მებრძოლი „ლივერპული“ კი მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე მატიპის ავტოგოლით დამარცხდა „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში, რომელიც ამ უმნიშვნელოვანესი მოგების შემდეგ სატურნირო ცხრილში „არსენალთან“ ერთად მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ და ამდენივე ქულით უსწრებს „ლივერპულს“.

მერსისაიდელებს თავის მხრივ თითო ქულით „ასტონ ვილა“ და „ბრაიტონი“ ჩამორჩებიან, რომელთა გასული ტურის დაპირისპირებაშიც ბირმინგემელებმა უხერხული ანგარიშით 6:1 გაანადგურეს უშუალო კონკურენტი.

აი გერმანიის ბუნდესლიგას კი ერთპიროვნული ლიდერი მას შემდეგ გამოუჩნდა, რაც მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ მოასპარეზე „ლევერკუზენმა“ „მაინცი“ სტუმრად ანგარიშით 3:0 დაამარცხა, ხოლო ტურის ცენტრალურ მატჩში კი მიუნხენის „ბაიერნი“ მხოლოდ ქულას დასჯერდა გასვლაზე „ლაიპციგთან“.

ამ დანაკარგის შემდეგ „რეკორდმაისტერი“ სატურნირო ცხრილში „ლევერკუზენს“ ორი და „შტუტგარტს“ ერთი ქულით ჩამორჩება. იქვე იმყოფებიან „დორტმუნდი“ და „ლაიპციგიც“ და თუკი ასე გაგრძელდება, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ უკვე ახალი წლისთვის მიუნხენელთა მწვრთნელის პოსტზე, თომას ტუხელის ნაცვლად, ამ რომელიმე გუნდის და მათ შორის – უპირველეს ყოვლისა „ლევერკუზენის“ ამჟამინდელი ესპანელი მწვრთნელი ჩაბი ალონსო ვიხილოთ.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.