fbpx

ღვინო ფერწერაში


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

ღვინო მნიშვნელოვანი და ისტორიული სიმბოლოა. ის იესოს პირველი სასწაული იყო, თუმცა თავად ღვინის წარმოშობა ძვ. წ. 6000 წლიდან იღებს სათავეს. ადამიანის ღვინისადმი დამოკიდებულება მჭიდროდ უკავშირდება მის ურთიერთობას კულტურასთან, რადგან ღვინო, ისევე როგორც ხელოვნების ნიმუში, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად აღიქმება. თითოეული ადამიანი სხვისგან განსხვავებულ უნიკალურ შეგრძნებებს – სუნს და გემოს განიცდის. 

ღვინო სხვადასხვა ეპოქის მხატვრების ნამუშევრებში – ხშირად პორტრეტებსა და ნატურმორტებში გვხვდება და ის ნახატის შინაარსის და ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ღვინის და ფერწერის სამყაროს შერწყმა – იქნება ეს რელიგიური, სიმბოლური თუ ხატოვანი, ჯერ კიდევ ადრეული პალეოლითის ხანის გამოქვაბულებში – ყურძნის მოსავლის ამსახველ ნახატებში აღმოაჩინეს. 

ღვინო ძველი ეგვიპტის ორგანზომილებიან გამოსახულებებშიც შეინიშნება. ეგვიპტეში მას საკრალური, სამკურნალო და სამგლოვიარო მნიშვნელობაც კი ჰქონდა, რასაც მაშინდელ სამარხებში ნაპოვნი ყურძნის წიპწები მოწმობს. ღვინო ასევე ოსირისის, ღვინის ღვთაებისადმი მიძღვნილი ყველა დღესასწაულის თანმხლები იყო, რომელიც ეგვიპტურ ხელოვნებაში არაერთ ფრესკასა და ბარელიეფზეა გამოსახული. 

ანტიკურ ცივილიზაციებში, კერძოდ, ძველ საბერძნეთში, ღვინო ღმერთების “სითხედ” მიიჩნეოდა. მეტიც, მათ ღვინის სათაყვანებელი ღმერთიც კი ჰყავდათ – დიონისე. დიონისე – ანუ ბახუსი რომაულ მითოლოგიაში, უამრავი შემოქმედის შთაგონების წყარო იყო საუკუნეების განმავლობაში. ის არაერთ სკულპტურასა და ფერწერულ ნამუშევარშია ასახული, მათ შორის – მიქელანჯელოს ცნობილ მარმარილოს სკულპტურაში, ტიციანის “ბახუსი და არიადნეში” (Bacchus and Ariadne) და ლეონარდო და ვინჩის “ბახუსში” (Bacchus). ბახუსის ტრადიციული კვინტესენცია ფრანჩესკო მარია ბურბონის და ფერდინანდო მედიჩის მიერ დაკვეთილ კარავაჯოს ცნობილ ნახატშიც არის აღბეჭდილი. აღნიშნულ ნახატებში, დიონისე, როგორც წესი, ვაზით ან ყურძნის მტევნებით არის წარმოდგენილი. 

რენესანსის ხანაში ღვინო და ფერწერა მედიჩის გვარს და მასთან ასოცირებულ პრივილეგიას უკავშირდებოდა. თუმცა, ქრისტიანობის დასავლურ სამყაროში თავდაპირველად გავრცელებისას ღვინო ძირითადად რელიგიური შინაარსის ნახატებში – ბიბლიის ამსახველ სცენებში გვხვდებოდა, სადაც ის ერთ-ერთი მთავარი “პერსონაჟია”, მაგალითად, ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობაში”. ზოგიერთ ფერწერულ ნამუშევარში ის ქრისტეს სისხლის სიმბოლოა. 

ზოგადად ქრისტიანულ მოტივში ღვინის სმა ცოდვად მიიჩნეოდა. მიწიერი ცდუნების კონცეფციას მის ნამუშევრებში ხშირად ბოსხი ეხმაურებოდა. ეს კარგად ჩანს მის ნახატში  “წმინდა ანტონის ცდუნება” (The Triptych of Temptation of St. Anthony), რომლის მთავარი იდეაც სწორედ ღვინის ცდუნებასთან დაპირისპირებაა. 

1500-1600 წლებში ღვინო იტალიური ხელოვნების ნიმუშებში უფრო დღესასწაულების  – ბანკეტების და ღვინის მოხმარების ყოველდღიური მომენტების ამსახველი გახდა. ღვინის იმიჯი ფერწერაში განვითარებას განაგრძობდა და სულ უფრო ღრმა ფსიქოლოგიურ შინაარს იძენდა. ცოტა მოგვიანებით, მე-17 საუკუნეში, ბახუსს ისეთი მხატვრების შემოქმედებაში ვაწყდებით, როგორიც არის რუბენსის “ორი სატირა” (Two Satyrs),  სადაც ის ხორციელ სიამოვნებას გამოხატავს და ველასკესის “ბახუსის ტრიუმფი” (The Triumph of Bacchus). რემბრანდტი  თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატში – “ავტოპორტრეტი სასკიასთან ერთად” (Self-portrait with Saskia) – ქალს, როგორც სიყვარულის და ღვინოს, როგორც სიამოვნების სიმბოლოს ერთად უყრის თავს და ამით  ცხოვრებისადმი ტრფობას გამოხატავს. 

ისტორიულად ღვინო და ყურძენი ფერწერაში ყველაზე ნათლად ბაროკოს პერიოდის ნატურმორტებშია დემონსტრირებული. ხილის თასს და ღვინოს ნატურმორტში გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ხილი იმ მცირე დროშია გემრიელი, სანამ გაფუჭდება, მხატვრებისთვის ის “დროებითობის” და ცხოვრების სიმოკლის განმსაზღვრელია. ხილს ასევე საინტერესო ურთიერთობა აქვს ღვინოსთან, რადგან ღვინო სწორედ ხილისგან კეთდება. თუმცა, უკანასკნელისგან განსხვავებით, ღვინო, რაც დრო გადის, მით მეტად  უმჯობესდება, ის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას სცდება და ზეიმისა და დღესასწაულის მემკვიდრეობას ტოვებს. ხილისა და ღვინის ურთიერთკავშირი ფერწერაში დროისა და ზრდის საპირისპირო იდეას აერთიანებს. 

1900 წლებიდან ღვინომ ჰეტეროგენული მნიშვნელობა შეიძინა და ბოლომდე გათავისუფლდა კლასიკური იკონოგრაფიისა და რელიგიური ასპექტებისგან, რის შედეგადაც ის ჰედონიზმის სიმბოლოდ იქცა. ეს ტენდენცია სხვადასხვა მიმდინარეობის მხატვრებში შეიმჩნეოდა: იმპრესიონიზმში – რენუარი, მანე, მონე და სეზანი გამოირჩეოდნენ, რომლებიც ღვინოს თავიანთი თემატიკის და ცხოვრების მოკლე, ყოველდღიურ მომენტების აღსაბეჭდად იყენებდნენ, სიურრეალიზმში – ჟოან მირო, ხოლო კუბიზმში – პიკასო. ამ არტისტების შემოქმედების მეშვეობით, ღვინომ ხელოვნებაში საკუთარი ღირსება შეიძინა, რომელიც შემოქმედის არტისტულ სენსიტიურობას და მის პირად ინტერპრეტაციას უკავშირდებოდა. 

ღვინო საქართველოს 8000-წლიანი უწყვეტი ისტორიის ნაწილია და ის გამრავლების და სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა. საქართველოს ხშირად ღვინის ქვეყნადაც კი მოიხსენიებენ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ღვინო ქართული კულტურაში, მათ შორის – ფერწერაშიც გვხვდება, განსაკუთრებით კი ფიროსმანის ნახატებში. მხატვრის შემოქმედებაში, კოლექტიური ლხინის დროს, ღვინის, როგორც საკრალური სითხის გაზიარება ხდება და ამით ქართული სუფრის მნიშვნელობას ესმევა ხაზი. თუ დავაკვირდებით, ეს სუფრები, როგორც სამყაროს ნაწილი, ღია ცის ქვეშ იყრის თავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გავრცელებული ყანწის კულტურა ასევე ბერძნული მითოლოგიიდან მოდის. უზენაეს ღვთაებას, ზევსს, რომელსაც კრონოსისგან მალავდნენ, თხა ამალთეა ზრდიდა. ლეგენდის მიხედვით, ყანწი ამალთეას მოტეხილი რქა არის, რომელიც ქართულ მხატვრობაში დოვლათის და ნაყოფიერების სიმბოლოა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.