fbpx

ბრაზილიელთა კრიზისიდან ბარსელონას რეკორდამდე


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ბრაზილიის ნაკრებისთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, როგორც ჩანს, დიდი ცვლილებების საფუძველს შექმნის, რადგან გუნდი ამ უკანასკნელ ხანს საკუთარ თავს არ ჰგავს. 

გასულ კვირას „სალესაო“ ურუგვაის ნაკრებთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მატჩის გმირად დარვინ ნუნიესი იქცა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო 77-ე წუთზე კი საჯარიმო მოედანში ბრაზილიელთა ნაქები დაცვითი ხაზის თითოეული მოთამაშე გააბითურა და საგოლე პასი განახორციელა ფაქტობრივად  ცარიელი კარის პირისპირ დარჩენილ „რივერ პლეიტის“ ნახევარმცველ ნიკოლას დე ლა კრუზის მისამართით, რომელსაც ანგარიშის გაზრდა არ გასჭირვებია.

ბრაზილიელთა პრობლემებს პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ნეიმარის ტრავმა დაერთო, რომელიც უხერხულად დაეცა, მოედანი აცრემლებულმა დატოვა და დიდი ალბათობით წლევანდელი სეზონი უკვე დაასრულა…

მაგრამ გაკვირვებას იწვევს ის ამბავი, რომ სტუმრებმა მისი მოედანზე ყოფნის დროსაც კი, ერთხელაც ვერ გაამწვავეს მდგომარეობა ურუგვაელთა კარის სიახლოვეს და მთელი მატჩის განმავლობაში ხიფათი მხოლოდ ერთხელ შექმნეს მეტოქის კართან, როდესაც როდრიგომ საჯარიმო დარტყმის შემდეგ მასპინძელთა კარის ხარიხა შეაზანზარა.

პარადოქსია, მაგრამ თითქოს ურუგვაიც არ იკლავდა თავს და ისე მოიპოვა სამი ქულა, რადგან ბრაზილიელთა გასაოცარი ინდიფერენტულობიდან გამომდინარე, თამაშს დაძაბულობა აკლდა. 

ვალვერდე კი ჩინებულად აკონტროლებდა სიტუაციას მოედნის ცენტრში, სადაც მისი ქმედებები ყოფილ თანაგუნდელ კაზემიროსთან შედარებით, გაცილებით ეფექტური იყო.  

ბრაზილიელთა მორიგი ფიასკოთი არგენტინის ნაკრებმა ისარგებლა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო საკუთარი კარის მშრალად შენარჩუნებით. 

პერუს ნაკრებთან შეხვედრაში მსოფლიო ფეხბურთის ლიდერმა ლიონელ მესიმ გაიბრწყინა, რომელმაც დუბლი პირველ ტაიმშივე შეასრულა და ფეხბურთის გულშემატკივრების გასახარად, მთელი 90 წუთი დაყო მოედანზე.

მორიგი სენსაცია მოახდინა ვენესუელას ნაკრებმა, რომელმაც ბრაზილიელებთან ნათამაშევი ფრის შემდეგ, შინ ჩილეს ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ნოემბრის მატჩების წინ სატურნირო ცხრილში ურუგვაელებთან და ბრაზილიელებთან ერთად,  მეორე პოზიცია გაინაწილა.   

ევროპის კონტინენტზე კი საოცრებებს ყაზახეთის ნაკრები ახდენს, რომელმაც უკანასკნელ ტურში ფინელებთან სტუმრად შემოაბრუნა შეხვედრა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

საინტერესოა, რომ ყაზახეთს შესარჩევ ციკლში უკვე ხუთი მატჩი აქვს მოგებული და სლოვენიასთან და დანიასთან ჭიდილში, კვლავ ინარჩუნებს ერთა ლიგის გვერდის ავლით ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს. 

საქართველოს ნაკრები კი, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახებთან შედარებით სახელოვანი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, შესარჩევ ციკლში მხოლოდ აშკარა აუტსაიდერ კვიპროსის დამარცხებას ახერხებს.  

საინტერესოა, დაფიქრებულა ვილი სანიოლი, დაამარცხებდა თუ არა ყაზახების მსგავსად, მის მიერ დამოძღვრილი გუნდი დანიის, ფინეთის და ორჯერ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებს?

ამ კითხვაზე უმარტივეს პასუხს ნორვეგიასთან საქართველოს ნაკრების მატჩების  შედეგები და ხარისხი გაგვცემს, სულაც რომ არ ვახსენოთ უფრო ძლიერი შოტლანდიელები.

სანიოლის მსგავსად, ვერ ამართლებს იტალიელთა ახალი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი, რომელმაც გასულ კვირას ანგარიშით 1:3 უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგო გასვლაზე ინგლისელებთან.

თუმცა, „ნაპოლის“ ყოფილ ხელმძღვანელს თავის გამართლება იმით შეუძლია, რომ ამჟამად ინგლისის ნაკრები მის გუნდთან შედარებით უფრო ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ამიტომ მარცხიც ლოგიკურია…

ინგლისელებმა ამ მოგებით ევრო 2024-ის საგზური მოიპოვეს, ხოლო მეორე ადგილოსნის ვინაობა კი ბოლო ტურში კაიზერსლაუტერნში გადაწყდება, სადაც უკრაინის ნაკრები ევროპის მოქმედ ჩემპიონ „სკუადრა აძურას“ „უმასპინძლებს“.

სამაგიეროდ, ჰოლანდიის ნაკრების მიერ გასვლაზე ბერძნების დამარცხების შემდეგ, ინტრიგა პრაქტიკულად დაკარგა B ჯგუფმა და საბერძნეთის ნაკრებიც ჩვენი გუნდის მსგავსად, ერთა ლიგის პლეიოფებიდან ეცდება ევრო 2024-ის საგზურის მოპოვებას.

განვლილ უიკენდზე ნაკრებებისგან ესტაფეტა კვლავ კლუბებს გადაეცათ და ქართველ გულშემატკივართა ყურადღება იტალიის სერია A-ზე გადაერთო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ტრავმირებული ოსიმენის და ანგისას გარეშე „ვერონას“ ესტუმრა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა შესანიშნავი გუნდური ფეხბურთი აჩვენა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი დუბლი შეასრულა და ლაღი და შემოქმედებითი თამაშით მაყურებელს შარშანდელი სეზონი გაახსენა, როდესაც ის წლის ბოლოს სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ვერონაში მოპოვებული სამი ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ამბები „ნაპოლის“ უახლოეს ორ მატჩში ელის, როდესაც გუნდი ჯერ ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ბერლინის „უნიონს“ ეწვევა, შემდეგ კი იტალიის ჩემპიონატში „მილანს“ უმასპინძლებს.

„ნაპოლის“ მსგავსად გასვლაზე სამი ქულა მოიპოვა „ინტერმა“, რომელმაც უშინაარსო პირველი 45 წუთის შემდეგ მეორე ტაიმში „ცალკარა“ მოუწყო „ტორინოს“ და სამი უპასუხო გოლით დაასაჩუქრა იგი. 

შეხვედრის 50-ე წუთიდან თამაშში საბა საზონოვი ჩაერთო და ერთ-ერთ ეპიზოდში იგი ახლოს იყო პრესტიჟის გოლის გატანასთანაც, მაგრამ  მაღალ ასხლეტილ ბურთს ხეირიანად ვერ შესწვდა და თავური დარტყმა არ გამოუვიდა.

„მილანის“ და „იუვენტუსის“ ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში კი მანუელ ლოკატელის გოლმა სამი ქულა მოუტანა ტურინელებს, რომლებიც „სკუდეტოსთვის“ ბრძოლას ნამდვილად აპირებენ მიმდინარე სეზონში.

საინტერესოა, რომ ზუსტად 7 წლის წინ, 2016 წლის 22 ოქტომბერს ლოკატელიმ „მილანის“ მაისურით გაიტანა ბურთი „იუვენტუსის“ კარში…

უიკენდის ორი გამორჩეული მატჩი პარალელურ რეჟიმში ჩატარდა, როდესაც „სევილიამ“ მადრიდის „რეალს“, ხოლო „ჩელსიმ“ „არსენალს“ უმასპინძლა. 

„ჩელსისა“ და „არსენალის“ შეხვედრაში მეტოქეებმა თითო-თითო გოლი მეკარეთა მიერ „კარის დაკარგვის“ შემდეგ გაიტანეს, საბოლოოდ „არსენალმა“ ორბურთიანი სხვაობა ამოქაჩა და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში კვლავ დაუმარცხებელი დარჩა.

„სევილიას“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირებაში კი შეხვედრის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე ვნებათაღელვამ ზღვარს გადააჭარბა და ფეხბურთელები ხელჩართულ ჩხუბში ჩაერთნენ. 

იმ მომენტისთვის ანგარიში უკვე 1:1 იყო. ალაბას ავტოგოლის შემდეგ მასპინძლები დაწინაურდნენ, ცოტა ხანში კი ტანმორჩილი დანი კარვახალი, სევილიელთათვის მოულოდნელად,  მათ საჯარიმო მოედანზე აღმოჩნდა, ტონი კროოსის მიერ შესრულებული სტანდარტული სიტუაცია თავური დარტყმით დააგვირგვინა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. 

არანაკლებად საინტერესო გამოდგა ლიდერთა ჯგუფის სხვა წარმომადგენელთა შეხვედრებიც. 

მატჩის 25-ე წუთიდან მოყოლებული 10 კაცის შემადგენლობით მოასპარეზე მადრიდის „ატლეტიკომ“ ანტუან გრიზმანის ჰეთთრიკის მეშვეობით გასვლაზე „სელტა“ ანგარიშით 3:0 გაანადგურა. 

„რეალის“ წაბორძიკებით „ჟირონამ“ ისარგებლა, აუტსაიდერ „ალმერიასთან“ ორბურთიანი დეფიციტი პირველ ტაიმშივე თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა, საბოლოოდ ანგარიშით 5:2 გაიმარჯვა და „რეალთან“ ერთად ლა ლიგის ლიდერის პოზიცია დაიბრუნა. 

„ბარსელონას“ და „ბილბაოს“ შეხვედრაში კი მარკ გუიუმ კატალონიური კლუბის ისტორიული რეკორდი დაამყარა, როდესაც მასპინძელთა ერთადერთი და გამარჯვების გოლი სადებიუტო მატჩში 17 წლის ასაკში მოედანზე გამოსვლიდან 17 წამში გაიტანა!

ალბათ გუიუს მომავალ კვირასაც ვიხილავთ „კამპ ნოუზე“, სადაც წლევანდელი სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ შედგება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.