fbpx

ჰელოუინის წარმოშობის ისტორია


გააზიარე სტატია

ავტორი:  ნინკა მამულაშვილი

წლის ყველაზე საშიში დღეს, 31 ოქტომბერს, ყოველწლიურად, გაფორმებული გოგრებით, ტკბილეულითა და რაც მთავარია, კოსტიუმებით ვეგებებით. ჰელოუინი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა და ის ცოცხლებსა და მკვდრებს შორის ურთიერთობის კონცეფციას ეფუძნება. დღესასწაული უძველესი რიტუალებიდან წარმოიშვა, რომელიც ზაფხულიდან ზამთრის სეზონში  ტრანსფორმაციას აღნიშნავს. ტრანსფორმაცია დღემდე ჰელოუინის მთავარ  თემას წარმოადგენს. 

ამჟამინდელი ინგლისური სახელწოდება, Halloween, შუა საუკუნეების ქრისტიანობიდან იღებს სათავეს. სიტყვა “hallow”  შუა და ძველი ინგლისური სიტყვებიდან – “holy” (წმინდა) მოდის. ამ პერიოდში ქრისტიანულ დღესასწაულს, რომელსაც ვიცნობთ, როგორც All Saints’ Day (ყველა წმინდანის დღე), All Hallows’ Day ეწოდებოდა, ხოლო წინა დღეს, როდესაც საღამოს წირვა იმართებოდა, All Hallows’ Eve (დამდეგი ყველა წმინდანის დღე). სამსიტყვიანი სახელი საბოლოოდ ერთ სიტყვამდე შემცირდა – ჰელოუინი. 

ყველა ცივილიზაციას აქვს რიტუალები, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ცხოვრებას უკავშირდება. სხვადასხვა ქვეყნები განსხვავებულად აღნიშნავენ ჰელოუინს – მაგალითად, მექსიკაში მას “მიცვალებულთა დღეს” ეძახიან, ჩინეთში „საფლავის გაწმენდის ფესტივალს“, რომელიც გაზაფხულზე ტარდება; საქართველოში ჰელოუინის ანალოგად შეგვიძლია ყეენობა და ბერიკაობა მივიჩნიოთ. 

დღეს ჰელოუინის ტრადიცია ყველაზე პოპულარული აშშ-ში და კანადაშია, მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულის წარმოშობა ფესვებს კელტური ფესტივალიდან, კერძოდ, სამჰაინიდან იღებს. ქრისტიანულ კულტურაში წლების განმავლობაში ჰელოუინის დემონიზაცია ხდებოდა, რადგან მიიჩნეოდა, რომ სამჰაინი კელტური სიკვდილის ღვთაება, ჰელოუინი კი მისდამი მიძღვნილი ნადიმი იყო. თუმცა, მე-9 საუკუნეში სამჰაინის ტრადიციის დასავლეთში შენარჩუნებას თავად ეკლესიამ შეუწყო ხელი მისი გაქრისტიანებით.

სამჰაინი ზაფხულის დასასრულს ნიშნავს, რომელიც მოსავლის სეზონის დასრულებას და ზამთრის მოსვლას გულისხმობდა. დღესასწაული 1-ელ ნოემბერს იმართებოდა, მაგრამ აღნიშვნა წინა საღამოს იწყებოდა. იმდროინდელი ხალხი მიიჩნევდა, რომ ამ დროს საზღვარი ჩვენსა და მიცვალებულების სამყაროს შორის განსაკუთრებით უხილავი ხდებოდა, რაც მათ მკვდრებთან დაკავშირების საშუალებას აძლევდა. მეტიც, კელტები თვლიდნენ, რომ იმქვეყნიური სულების არსებობა დრუიდებს და კელტ მღვდლებს მომავლის წინასწარმეტყველებას უადვილებდა. ამ მოვლენის აღსანიშნავად, დრუიდები უზარმაზარ კოცონს ანთებდნენ, ადამიანები  კი კელტური ღვთაებების პატივსაცემად  ცხოველებს მსხვერპლად წირავდნენ (წვამდნენ). 

ზეიმის დროს კელტები კოსტიუმებში გამოეწყობოდნენ ხოლმე, რომლებიც უმეტესწილად ცხოველების თავებისა და ტყავისგან შედგებოდა. გარდა კოსტიუმებისა, სულებისგან სახის შენიღბვა დღესასწაულის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, კერძოდ, კოცონის ფერფლის სახეზე წასმა, რომელიც შემდეგ ნიღბის ტარებაში გადაიზარდა. საყვარელი ადამიანის სულთან შეხვედრის შემთხვევაში, კელტები ნიღაბს იხსნიდნენ და თავიანთ ვინაობას ამხელდნენ. სავარაუდოა, რომ სწორედ აქედან მოდის ჰელოუინის მოჩვენებებთან ასოციაცია. რიტუალი ირლანდიაში, ტარას გორაზე, „ბედისწერის ქვის“ გარშემო ტარდებოდა. 

როდესაც რომის იმპერიამ კელტური ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დაიპყრო, სამჰაინის ტრადიციულ დღესასწაულთან რომაული წარმოშობის ორი დღესასწაული გაერთიანდა, კერძოდ, ფერალია – დღე ოქტომბრის ბოლოს, როდესაც რომაელები მიცვალებულებს იხსენებდნენ და რომაული ნაყოფის ღვთაების, პომონას პატივისცემის დღე. პომონას სიმბოლო, ვაშლი და მისი სამჰაინში ჩართვა ვაშლის ბობინგის ტრადიციასაც ხსნის, რომელიც დღესაც აქტუალურია ჰელოუინზე. 

რაც შეეხება ჰელოუინის ტრადიციულ შავ და სტაფილოსფერ ფერებს, ესეც სამჰაინს უკავშირდება. კელტებისთვის შავი ზაფხულის სიკვდილს, ხოლო სტაფილოსფერი შემოდგომის მოსავლის სეზონს გამოხატავდა.

ჰელოუინს რამდენიმე ტრადიცია ახლავს თან. მათ შორის ყველაზე სიმბოლური გოგრების გაფორმებაა, რომელიც ირლანდიაში წარმოიშვა, თუმცა მაშინ გოგრის ფუნქციას ბოლოკი ასრულებდა. რიტუალი „ძუნწ ჯეკზე“ ლეგენდას ეფუძნება, რომლის თანახმადაც, ჯეკმა არაერთხელ მოიმწყვდია ეშმაკი ხაფანგში და მხოლოდ იმ პირობით უშვებდა, თუ კი ჯეკი ჯოჯოხეთში არასოდეს მოხვდებოდა. თუმცა,   სიკვდილის შემდეგ ჯეკი ვერც სამოთხეში მოხვდა, ამიტომ იძულებული იყო დედამიწაზე როგორც აჩრდილს ისე ეხეტიალა და გზას ამოჭრილ ბოლოკში მოთავსებული სანთლით იკვლევდა. ამგვარად, ადგილობრივმა მოსახლეობამ ბოლოკებში საშიში სახეების გამოკვეთა დაიწყო, რათა ბოროტი სულები დაეფრთხოთ. როდესაც ირლანდიელი ემიგრანტები აშშ-ში წავიდნენ, ბოლოკი გოგრამ ჩაანაცვლა, რადგან გოგრა შემოდგომის მოსავალზე უხვად იყო და სწორედ ასე იქცა ის ჰელოუინის სიმბოლოდ. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც ჰელოუინის განუყოფელი ნაწილია „ხრიკი თუ მკურნალობაა“ (trick or treat). მე-19 საუკუნის შუა ხანებისთვის ყოველწლიური შემოდგომის დღესასწაულები გავრცელებული იყო, თუმცა ჰელოუინი ჯერ კიდევ არ აღინიშნებოდა ყველგან. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში ირლანდიელმა ემიგრანტებმა ჰელოუინის ამერიკაში პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი. ევროპული ტრადიციების მსგავსად, ამერიკელებმა კოსტიუმების ჩაცმა და სახლიდან სახლში ნუგბარის გაცვლა დაიწყეს, რომელსაც “ხრიკი თუ მკურნალობა” უწოდეს.

უამრავი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ საიდან იღებს სათავეს” ხრიკი თუ მკურნალობის” რიტუალი. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სამჰაინის დროს კელტები საკვებს გარეთ ტოვებდნენ, რათა დედამიწაზე მოხეტიალე სულები გამოეკვებათ. დროთა განმავლობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ საკვების და სასმლის სანაცვლოდ არამიწიერი არსებების ფორმაში გამოწყობა დაიწყო. მეორე თეორიის მიხედვით, “ხრიკი თუ მკურნალობის” პრაქტიკა სათავეს შოტლანდიიდან იღებს. შუა საუკუნეების დროს ბავშვები და ღარიბი მოზარდები საკვებსა და ფულს აგროვებდნენ, სანაცვლოდ კი “ყველა წმინდანის დღეზე” მიცვალებულებისთვის ლოცულობდნენ. რაც შეეხება მესამე თეორიას, თანამედროვე ამერიკული “ხრიკი თუ მკურნალობა” სათავეს გერმანულ- ამერიკული საშობაო ტრადიციიდან, “ბელსნიკელინგიდან” იღებს, რომლის დროსაც კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები მეზობლებს სტუმრობდნენ, რომლებსაც მათი ვინაობა უნდა გამოეცნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ტკბილეულით ასაჩუქრებდნენ. 

ჰელოუინის ყველაზე დიდი ნაწილი უდავოდ კოსტიუმებია, რომლის გარეშეც დღესასწაული წარმოუდგენელიც კია. სამჰაინის მთავარი  თემა ტრანსფორმაცია იყო. მაშინ ეს ნათელი დღეებიდან სიბნელეში და მკვდრების ცოცხლების სამყაროში გადასვლას გულისხმობდა. ტრანსფორმაციის კონცეფცია დღემდე აქტუალურია ჰელოუინზე. ნიღაბი და კოსტიუმი გარდასახვის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა მათ დღეს უფრო განზოგადებული დანიშნულება შეიძინეს. ადრე თუ ჰელოუინზე მოჩვენებებად, მაქციად, ვამპირად და  ჯადოქრებად იმოსებოდნენ, დღეს ის უბრალოდ ფილმის და წიგნის საყვარელ პერსონაჟად ან  საკულტო „სელებრითად“ – მსახიობად, მომღერლად და ა. შ. გარდასახვასაც გულისხმობს. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.