fbpx

ბუკა გალოგრეს „ფერწერის ანატომია“


გააზიარე სტატია

ავტორი თეონა ჯაფარიძე

 

ბუკა გალოგრეს ფერწერული ნამუშევრები მილანში ჩვენებამდე თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ მხოლოდ ერთი დღით გამოიფინა  სპეციალურად ქართველი დამთვალიერებლისთვის. პროექტი  Reach Art Visual –Art Consulting Company-სთან თანამშრომლობის შედეგად შედგა. გამოფენის კურატორი მისი დამფუძნებელი თეა გოგუაძეა.

გამოფენა  ფერწერული სერიაა,  სახელწოდებით  „ფერწერის ანატომია“, რაც იმთავითვე აჩენს იმის მოლოდინს,   რომ  წარმოდგენილი ნამუშევრები  ექსპერიმენტული და  კონცეპტუალურია და არც შეცდებით – მხატვარმა მოახერხა ექსპერიმენტული ტექნიკის მიგნებით დამთვალიერებლის შეგრძნებებზე იმოქმედოს:

ბუკა გალოგრე, მხატვარი:  „ამ სერიაზე მთელი წელი ვმუშაობდი. ეს არის ჩემი მეტა ენა, რომლითაც ვიკვლევ  ფერწერის ანატომიას, მის შესაძლებლობებს ადაპტირდეს თანამედროვე დროში.  ტრადიციულად ტილოზე ზეთში შესრულებული ნამუშევრების პარალელურად, ამჯერად გამჭვირვალე „ტილო“ გამოვიყენე ექსპერიმენტისთვის და მასზე  აკრილით ვიმუშავე, რომ ფერწერის საფარქვეშ დამთვალიერებელს ქვეჩარჩო და კედელი დავანახო, რომ სივრცე მაყურებელთან  ახლოს მივიდეს და   ნამუშევრის უსასრულო ჰორიზონტი, ტილოს ნაცვლად, მათ მზერაში გაგრძელდეს…“

ბუკა გალოგრე 21-ე საუკუნის 10-იანი წლების თაობის მხატვარია, რომლისთვისაც  ფერწერის ფუნდამენტის შესწავლასა  და მის  კვლევას   თბილისის, შემდეგ კი ბოლონიის სამხატვრო აკადემიებში სწავლის შედეგად ჩაეყარა საფუძველი. 12 წელი  ბოლონიაში და შემდეგ თბილისში, საკუთარ სტუდიაში ის ეძებს და ქმნის თავის გამომსახველობით ექსპერიმენტულ  ენას, თუმცა მისთვის ძირითად მედიუმად ფერწერა რჩება.

ფერწერის შესაძლებლობის  „ანატომიურ კვლევას“ ბუკა გალოგრე  მრავალმხრივ კონტექსტში ახორციელებს – მაგალითად, მის ფერადოვან, ტრადიციულად ტილოზე  ზეთში შესრულებულ  ნამუშევრებზე ვიზუალურადაა დაფიქსირებული დრო. ჩვენ მისი ორი ნამუშევრის წინ ვდგავართ: პირველზე ნახევრად ფიგურატიული, ნახევრად აბსტრაქციული ტექნიკით ყვავილია გამოსახული, რომელიც ღამეში ანათებს,  მეორე ტილოზე  კი ანგელოზი, რომელიც ბურთით თამაშობს.

ბუკა გალოგრე, მხატვარი:  „პირველ შემთხვევაში კოსმოსური დრო გამოვსახე,  სადაც არ არსებობს არც გუშინ, არც ხვალ. ეს კოსმოსური დროა, რაშიც ყვავილი ლივლივებს. ეს მოლივლივე, უსასრულო  დროა.

აი, მეორე ტილოზე კი, სადაც ანგელოზი ბურთით თამაშობს,  წამის მეასედია დაფიქსირებული, რადგან  ანგელოზის გვერდით ხანძარი ინტუიციური მონასმით მივახატე   იმის მინიშნებასავით, რომ ანგელოზები არსებობენ და წამის მეასედში, ვიდრე მათი ბურთი დაეცემა, ინტუიციურად საფრთხის მოახლოებას ვგრძნობთ ხოლმე…“

ბუკა გალოგრეს თითოეული ნამუშევარი მართლაც მომნუსხველად მოქმედებს დამთვალიერებელზე და ჩარჩოში მოქცეულ ჰორიზონტებსა და დამთვალიერებლის  ინტერპრეტაციას უსაზღვრო თავისუფლებას ანიჭებს. და ალბათ სწორედ ეს არის ფერწერის ანატომიის მისეული კვლევის შედეგიც – ესთეტიკურად და ფერადოვნად დაგვანახოს ფერწერის ფიზიკური აგებულება და მისგან გამოწვეული შეგრძნებებით დამთვალიერებელთან კონტაქტი შედგეს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.