ღრუბლებში, მწვერვალზე მჯდომი
უყურე, – ეუბნება მამაკაცი სამიოდე წლის ბიჭუნას, – ეს არის პატი სმითი. ჩვენ მის ეპოქაში ვცხოვრობთ.
2022 წელს ბერლინში, ტემპელჰოფში თვალ- და ყურმოკრული ამბავი.
ერთხელ, გასულ საუკუნეში, ისე მოხდა, რომ ერთად მღეროდნენ პატი სმითი და ნილ იანგი, და პატი სმითმა ბოლოს სიმღერის ტექსტი შეცვალა, და ამას რომ მივხვდი, მეასედ როცა მოვისმინე, კიდევ უფრო, საბოლოოდ და უკანმოუსვლელად შემიყვარდა პატი სმითი. აღარ ვარ უმწეო, ჩემო დედოფალო.
ჯერ კი იყო წიგნები, რობერტ მეპლთორფის ფოტოგრაფია – მამაკაცები თუ ნახევარღმერთები, გასაოცარი რამ, და მათთან ერთად – მზეთუნახავი, რომელიც ფოტოგრაფს ისე უყვარდა, რომ მეც კი მივხვდი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ამ სიყვარულის შესახებ არაფერი მსმენოდა და არ ვიცოდი, ვინ იყო პატი სმითი.
მერე, ბევრი წლის შემდეგ, „სიზმრების შემგროვებელში“ წავიკითხე, რომ იყო ერთი პატარა გოგო, და მასაც, როგორც ყველა პატარა გოგოს, ათასი რამ წარმოედგინა. რომ მანათობელი გახდებოდა. რომ სიკეთეს მოიტანდა. რომ თმაგაშლილი იჯდებოდა მაღლა, მწვერვალზე, და იმ ბორბალს დაატრიალებდა, სამყაროს რომ ატრიალებს, და თვითონ მას, ღრუბლებში ჩამალულს, ვერავინ იპოვიდა, და ასე, შეუმჩნეველი, რაღაცებს შეცვლიდა.
კიდევ ერთ კარგ წიგნში წაკითხული მაქვს, რომ ერთი ადამიანის გადამრჩენი, სინამდვილეში, სამყაროს გადამრჩენია, და თუ ორი კარგი წიგნის კარგი აზრი რამეს ნიშნავს, გამოდის, რომ პატი სმითს ნამდვილად აუხდა იმ პატარა გოგოს ოცნება, რომელიც ოდესღაც იყო.
ასე ვფიქრობდი, ცოტა არეულ, მაგრამ ჩემთვის სავსებით გასაგებ ფიქრებს, სანამ პანკროკის დედოფალი, პოეტი პატი სმითი სხვა მეფის და პოეტის, ალან გინზბერგის გარდაცვალების ამბის მოყოლას დაიწყებდა, და მერე აღარ ვფიქრობდი, და ზაფხულის იმ ცხელ საღამოს შორეული ქალაქის ჭუჭყიან ზამთარში მოვაბიჯებდი ქუჩაზე, რომელიც გაფიცული მეეზოვეების დატოვებული ნაგვით იყო სავსე, და ყველგან ვირთაგვები იყვნენ, იმ სახლის შესასვლელშიც, სადაც პოეტი იყო დასვენებული, და პოეტი თეთრი იყო, სულ თეთრი ეცვა, და იყო წმინდა.
წმინდაა! წმინდაა! წმინდაა! წმინდაა! წმინდაა! წმინდაა! წმინდაა! წმინდაა! წმინდაა!
„წმინდაა!“ – ამბობდა პატი სმითი, და ათასობით ადამიანი კვერს ვუკრავდით, რომ ყველაფერი წმინდაა! ყველა წმინდაა! ყველგან წმინდაა! ყოველი დღე მარადიულობაა! ყველა ანგელოზია!
როცა პატი სმითზე ვფიქრობ, მგონია, რომ ყველაფერი მართლა წმინდაა და ამის გამო ძალიან, უაღრესად მნიშვნელოვანია: სახლი, რომელზეც ოცნებობ, კაფე, რომელიც გიყვარს, მარადიულ ყინულში დაღუპული მკვლევრის გამოგონილი დღიური, სამყურა გულსაკიდი, ჯეკი ბეღურას გაჩენის დღე და ის ამბავი, რომ იმ, ყველაზე კარგმა კაცმა გაკოცა, და ეს იმდენად მნიშვნელოვანი და შესანიშნავია, რომ მთელი დედამიწა იმღერებს, იმიტომ, რომ ღამე საყვარლებისაა, იმიტომ, რომ ღამე ჩვენია.
იმის მერე, რაც სიზმრების შემგროვებელი გოგოს, უბრალოდ, ბავშვის არსებობა აღმოვაჩინე, ჩემთვის რაღაც შეიცვალა. არ ვიცი, ამას რა დავარქვა, ვერ ვაყალიბებ, და ამის გამო ბოდიშს ვიხდი – ძალიან ვღელავ. მასთან მიახლოების შემდეგ აღარ ვთვლი, რომ გაუთავებელი დეტექტიური სერიალის გაუთავებლად ყურება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, აღარ მიმაჩნია, რომ მხოლოდ ჩემნაირმა უთავბოლო ქალმა შეიძლება დაკარგოს პალტო – პალტო! ღმერთო ჩემო, ეს ვის გაუგია? და აი, ყველაზე ძვირფას ქალზე მოყოლისას სათქმელი რომ მერევა – ძალიან ვწუხვარ, ბოდიშს ვიხდი, უბრალოდ, საშინლად ვღელავ.
დიდებული სიტყვები, რომლებიც იმდენმა ვიგინდარამ თქვა, რომ სრულად დაეკარგა მნიშვნელობა და სიმძაფრე, პატის სმითის წარმოთქმული – წმინდაა. მისი ლექსები, მისი წიგნები, მისი ყოველი გამოსვლა არის ძალა, სიკეთე, სიყვარული – აი, ნახეთ, რა საძაგელი, პათოსით გამსჭვალული წინადადება გამომივიდა?! არადა, ასეა. მე – არა, მაგრამ პატი სმითს დაეჯერება.
ჩემთვის ვფიქრობ: ახლა, როცა სამყაროს ცეცხლი უკიდია და – ვაღიარებ! – გავიფიქრებ ხოლმე, რომ კარგი არაფერი ხდება და აღარც მოხდება, კიდევ უფრო დიდი ნუგეშია, რომ მაღლა, მწვერვალზე, თმაგაშლილი და ულამაზესი, სიზმრების შემგროვებელი გოგო ზის, უბრალოდ, ბავშვი, და იმ ბორბალს ატრიალებს, სამყაროს რომ ატრიალებს, და ის გოგო, ჩემი დედოფალი, რაღაცებს ყოველი ჩვენგანის სასიკეთოდ შეცვლის. აი, ნახავთ, თუ არა.