fbpx

არ გამოგრჩAT თბილისის წიგნის დღეები


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

გრანდიოზული ლიტერატურული დღესასწაული, მკითხველისთვის საყვარელი „თბილისის წიგნის დღეები“ იწყება და მას, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი 10, 11 და 12 ნოემბერს უმასპინძლებს. ქართველი მკითხველი შეძლებს მონაწილეობა მიიღოს არაერთ ძალიან საინტერესო ღონისძიებაში, დაათვალიეროს სხვადასხვა გამომცემლობის წიგნები. „თბილისის წიგნის დღეები“ ძალიან ბევრ გამომცემლობას აერთიანებს და ქართველ მკითხველს დაუვიწყარ, მრავალფეროვან და უაღრესად საინტერესო დღეებს სთავაზობს. 

რას ნახავთ ახალს და რას გირჩევთ…

 

თომას ბერნჰარდი – „ძველი ოსტატები“

ავსტრიელი რომანისტი თომას ბერნჰარდი მსოფლიო ლიტერატურულ ასპარეზზე აპოლინური ტრილოგიითაა ცნობილი. ქართველი მკითხველი მის „ტყის ჩეხასა“ და „დაღმამავალს“ უკვე შესანიშნავად იცნობს, ახლა კი „სულაკაურის გამომცემლობისა“ და მაია ფანჯიკიძის შესანიშნავი თარგმანის საშუალებით შეძლებს, ბერნჰარდის მორიგ ნაწარმოებს, „ძველ ოსტატებს“ შეხვდეს. თომას ბერნჰარდის შემოქმედება ხელოვნების დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე მოგვითხრობს, ამდენად, შემთხვევითი სულაც არაა, რომ მისი გმირები ხან თეატრის, ხან მუსიკისა და ხანაც მხატვრობის საბურველში ეხვევიან. რომან „ძველი ოსტატების“ მთავარი გმირი 82 წლის მუსიკათმცოდნე რეგერია, რომელიც ძალიან დიდი ხანია, რაც ხელოვნების ისტორიის მუზეუმში დადის და ძველი ოსტატების ნამუშევრებს ეცნობა. ბერნჰარდის პერსონაჟთან ერთად, ეჭვგარეშეა, რომ მკითხველიც ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენს და გააცოცხლებს იმ ფანტაზიებსა და შთაბეჭდილებებს, რომლებიც ხელოვნებას მასში არაერთხელ აღუძრავს. 

 

ნაცუმე სოსეკი – „ათი ღამის სიზმრები“

XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული იაპონელი მწერლის, ნაცუმე სოსეკის წაკითხვა ქართველ მკითხველს გამომცემლობა „დიოგენეს“ დახმარებით შეუძლია. მეიჯის ხანაში (1868-1912) მოღვაწე მწერლის ცხოვრებამ იაპონიის ვესტერნიზაციის პროცესების ფონზე გაიარა, – ეკონომიკურმა გარდატეხამ იაპონელებზე ძალიან დიდი კვალი დატოვა და გასაკვირი სულაც არაა, რომ იაპონურმა ლიტერატურამ გვერდი არ აუარა ამ თემას. კრებული ნაცუმე სოსეკის რჩეულ მოთხრობებს აერთიანებს, რომლებშიც მწერალი სიყვარულის, სიმამაცის, ერთგულების, სისასტიკისა და სასოწარკვეთის შესახებ გვიამბობს. იაპონური ლიტერატურისთვის დამახასიათებელი მისტიციზმი ამ მოთხრობებსაც სდევს თან. მოთხრობები იაპონურიდან თამთა ბოკერიამ თარგმნა და ქართველ მკითხველს ნამდვილად კარგი საჩუქარი გაუკეთა. 

 

ხავიერ სერკასი – „სალამინის ჯარისკაცები“

ესპანეთის სამოქალაქო ომი მსოფლიო პოლიტიკის ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ხავიერ სერკასის შემოქმედებაც სწორედ ამ  მოვლენას ეფუძნება, შესაბამისად, მის ყველაზე ცნობილ რომანს, „სალამინის ჯარისკაცები“ საფუძვლად ესპანეთის ისტორიის ტრაგიკული ფაქტები დაედო. ესპანეთის სამოქალაქო ომის მიწურულს დამარცხებული რესპუბლიკელები პირენეებისკენ მიდიან და ბრძანების შესაბამისად, დასახვრეტად ორმოცდაათი ტყვე მიჰყავთ. ტყვეთა შორის ფაშისტი მწერალი, რაფაელ სანჩეს მასასია, რომელიც სადამსჯელო ჯგუფს უსხლტება და ტყეში იმალება. განვითარებული, მეტად დამაინტრიგებელი სიუჟეტის ფონზე, მკითხველი ძალიან ბევრ ფასეულობას შეეჩეხება და კიდევ ერთხელ შეიგრძნობს ომის სისასტიკეს, რომელზე დაყრდნობითაც არაერთი მწერლის შემოქმედება აღმოცენდა.

 

ფილიპ როთი – „პორტნოის სინდრომი“

 XX საუკუნის ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი, ფილიპ როთი ქართველი მკითხველისთვის არაერთი რომანითაა ცნობილი, მაგრამ მის შედევრებს შორის ყველაზე დიდი აღიარება „პორტნოის სინდრომს“ ხვდა წილად. რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექსი პორტნოის მონოლოგია, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება და ძალიან ღრმა ადამიანურ შრეებში აღწევს. მკვლევართა აზრით, ფილიპ როთის ეს ნაწარმოები ერთი-ერთი ყველაზე თამამი წიგნია მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში. ქეთი ქანთარიას შესანიშნავი თარგმანი გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა და ქართველ მკითხველს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა. 

 

რიჩარდ პაიპსი – „კომუნიზმი“

რიჩარდ პაიპსი ანტიკომუნისტი მწერალია, რაც მის ნაშრომს კომუნიზმის შესახებ გაცილებით საინტერესოს ხდის. წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა, ინგლისურიდან კი ის შესანიშნავად თარგმნა ლევან ღამბაშიძემ. პაიპსის „კომუნიზმი“ მკითხველს ამ იდეოლოგიის ისტორიისა და მიზნების შესახებ უამბობს და ეხება ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა კოლექტივიზაცია, კერძო საკუთრების გაუქმება და სხვა. პაიპსის ნაშრომი შესანიშნავი ანალიზია იმისა, თუ რა გავლენა იქონია კომუნისტურმა იდეოლოგიამ პოლიტიკურ მოძრაობებზე, რევოლუციებსა და მმართველობის ფორმებზე. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ანტიკომუნისტური განწყობა რთული შესამჩნევი სულაც არაა, პაიპსი მაინც აძლევს მკითხველს საშუალებას, თავად გამოიტანოს დასკვნები მოცემული ფაქტებიდან. რიჩარდ პაიპსი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო და მას რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. „კომუნიზმი“ კი ერთ-ერთი ყველაზე სანდო პოლიტიკური წყაროა ამ იდეოლოგიის მანკიერი მხარეების გასაგებად. 

არ გამოტოვოთ „თბილისის წიგნის დღეები“ 10,11 და 12 ნოემბერს… შეიქმენით საუკეთესო ლიტერატურული დღეები და დაისვენეთ საოცარი ავტორების საოცარ სამყაროში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.