fbpx

სტელა ჩენი თბილისში


გააზიარე სტატია

ავტორი: ლაშა გაბუნია

ფოტო: Derek Prager

 

„ვიკიპედიაში“ არსებობს გვერდი, სადაც გამოქვეყნებულია მსოფლიოს იმ გამორჩეულ მუსიკოსთა სია, რომლებიც ანტონიო სტრადივარიუსის შექმნილ ინსტრუმენტებზე უკრავენ. მათ შორის არის უნიჭიერესი ამერიკელი ახალგაზრდა მევიოლინე, სტელა ჩენი, რომელიც 1708 წელს დამზადებულ ვიოლინოზე – ჰაგინს სტრადივარიუსზე უკრავს. მას ასევე აქვს 1700 წელს დამზადებული პეტრი სტრადივარიუსის ვიოლინო. ჰაგინსი და პეტრი ვიოლინოების სახელებია. ეს ინსტრუმენტები მას სპეციალურმა ორგანიზაციებმა, როგორც გამორჩეულ მევიოლინეს გადასცეს.

აზიური წარმოშობის ამერიკელი მევიოლინე ქალი – სტელა ჩენი 1992 წელს დაიბადა. იგი კალიფორნიის ქალაქ პალო ალტოში იზრდებოდა. მის მშობლებს ძალიან მწირი შემოსავალი ჰქონდათ იმისთვის, რომ გოგონას მუსიკა შეესწავლა.  თუმცა, როდესაც სტელამ ვიოლინოს შესწავლა გადაწყვიტა, მათ მის გადაწყვეტილებას მაინც მხარი დაუჭირეს. გოგონას ცხოვრების მთავარი მასწავლებელი ცნობილი პედაგოგი, იცხაკ პერელმანი გახდა. ჩენი მის საზაფხულო გაკვეთილებზე უკვე 14 წლის ასაკში დადიოდა. იმის გამო, რომ პერელმანი ჯულიარდის სკოლაშიც ასწავლიდა, სტელამ ამ მსოფლიოში გამორჩეულ მუსიკალურ სასწავლებელში სწავლა მოინდომა. სწორედ ჯულიარდში მიიღო მან დოქტორის ხარისხი. 

2019 წელს გოგონა ბრიუსელში დედოფალ ელიზაბეტის კონკურსის გამარჯვებული გახდა და მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. 2020 წელს კი ნიუ-იორკის ლინკოლნ-ცენტრში ეივერი ფიშერის სტიპენდია მოიგო. იელის უნივერსიტეტისგან ახალგაზრდა მევიოლინემ რობერტ ლევინის პრესტიჟული პრემია დაიმსახურა. მას   ტიბორ ვარგას სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიაც აქვს მოგებული. ჩენმა პატარაობიდან დღემდე მსოფლიოს უამრავ ორკესტრთან ერთად დაუკრა. სტელა ჩენის სადებიუტო ალბომი წელს, მარტში გამოვიდა პლატფორმაზე Apple Music Platoon. ალბომში სტელა ასრულებს მისი უსაყვარლესი კომპოზიტორის, ფრანც შუბერტის ნაწარმოებებს. სტელა ჩენი ბრიტანული გამოცემა „გრამოფონის“ წლევანდელ დაჯილდოებაზე, რომელსაც კლასიკური მუსიკის „გრემის“ თუ „ოსკარს“ უწოდებენ, „2023 წლის ახალგაზრდა არტისტის“ პრემიის მფლობელი გახდა. ეს მევიოლინე მალე საქართველოში, თბილისში გამართავს კონცერტს. 

23 ნოემბერს, 19:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში შედგება კონცერტი „მუსიკა გვაერთიანებს“. საღამო ეძღვნება ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს და ხორციელდება „ელისო ვირსალაძის ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

სტელა დაუკრავს ბეთჰოვენის კონცერტს ვიოლინოსა და ორკესტრისათვის, რე მაჟორი. კონცერტზე ასევე შესრულდება რუმინელი კომპოზიტორის, ჯორჯო ენესკუს რუმინული პირველი რაფსოდია და ისრაელელი ქართველი კომპოზიტორის, იოსებ ბარდანაშვილის მესამე სიმფონია. მევიოლინეს პარტნიორობას გაუწევს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც ისრაელის კამერული ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე

პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, საქართველოს რადიო, რადიო „ფორტუნა“, AT.ge.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.