ხელოვნების გავლენა მოდაზე
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
მოდა ვიზუალური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხელოვნებისა და მოდის სამყაროს მიქსი პოსტმოდერნისტულ სამყაროში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. წლების განმავლობაში მხატვრობის სხვადასხვა მიმდინარეობებმა: რენესანსმა, სიურრეალიზმმა, იმპრესიონიზმმა, პოპ-არტმა და ა.შ. მსოფლიოს წამყვან მოდის დიზაინერებსა და მათ შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა.
„მკერავების არქიტექტორის“ სახელით ცნობილი მადლენ ვიონე 1876 წელს საფრანგეთში დაიბადა. რომში მოგზაურობისას დიზაინერი ბერძნული და რომაული კულტურით, მათ შორის – მითოლოგიური ღვთაებებით, ქანდაკებებით და არქიტექტურით იყო შთაგონებული. ამ ელემენტებზე დაყრდნობით მან საკუთარი სტილის ესთეტიკა ჩამოაყალიბა და ქალის სხეულს სრულიად ახალი განზომილება მიანიჭა. ვიონეს კაბების კერვისა და ჭრის ტექნიკამ თანამედროვე მოდაში რევოლუცია მოახდინა.
დიზაინერის ინსპირაციის წყაროს ისეთი ხელოვნების ნიმუში წარმოადგენდა, როგორიცაა სამოტრაკის ფრთიანი გამარჯვება. ელინისტურ ხელოვნებასა და ვიონეს მუზას შორის მსგავსება მართლაც გასაოცარია: ბერძნული ქიტონის სტილში შექმნილი ქსოვილი ვერტიკალურ ზოლებს ქმნის, რომლებიც სხეულზე მიედინება და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს კაბა სხეულის მსგავსად ცოცხალი არსებაა.
ვიონე აგრეთვე გატაცებული იყო თანამედროვე ხელოვნების მომდინარეობებით, კერძოდ, კუბიზმით. მან თავის შემოქმედებაში გეომეტრიული ფორმების ჩართვა დაიწყო და ქსოვილის ჭრის სრულიად ახლებური მეთოდი შეიმუშავა, რომელსაც bias cutting, ანუ მიკერძოებული ჭრა ეწოდება. მე-20 საუკუნეში დიზაინერმა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, როდესაც ყოველდღიური სამოსიდან ვიქტორიანული კორსეტი ამოიღო, რის შედეგადაც ის ქალების გათავისუფლების სიმბოლოდაც კი იქცა.
ცნობილი მოდის სახლის, Valentino-ს კრეატიულ დირექტორს -პიერ პაოლო პიკოლის ყოველთვის იზიდავდა შუა საუკუნეების რელიგიური შინაარსის ფერწერული ნამუშევრები. მისი შთაგონების ამოსავალი წერტილი შუა საუკუნეებიდან ჩრდილოეთ რენესანსამდე გარდამავალი პერიოდი იყო. პიკოლიმ ზანდრა როუდსთან თანამშრომლობით 2017 წლის გაზაფხულის კოლექცია შექმნა, რომლის 70-იანი წლების პანკ კულტურის ჰუმანიზმთან და საუკუნეების ხელოვნებასთან დაკავშირება სურდა, რის შედეგადაც, დიზაინერი რენესანსის ფესვებს დაუბრუნდა და ინსპირაცია ჰიერონიმუს ბოსხის „მიწიერ სიამოვნებათა ბაღში“ იპოვა.
ჰოლანდიელი მხატვარი მე-16 საუკუნის ჩრდილოეთ რენესანსის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელია. „მიწიერი სიამოვნებათა ბაღი“ ბოსხმა რეფორმაციამდე დახატა, რომელშიც არტისტს სურდა გამოესახა სამოთხე, კაცობრიობის შექმნა, ადამი და ევას პირველი ცდუნება და ჯოჯოხეთი ცოდვილების მოლოდინში – ნახატი შეგვიძლია ცოდვის ალეგორიადაც მივიჩნიოთ. მოდის სამყაროში ტილომ პოპულარობა მისი მოტივებით მოიპოვა. ეპოქებისა და ესთეტიკის შერწყმით, პიკოლიმ ბოსხის სიმბოლოების ხელახალი ინტერპრეტაცია მსუბუქი გამჭვირვალე კაბებით და როუდის მიერ შექმნილი რომანტიკული პრინტებითა და ნაქარგი პატერნებით მოახდინა, რომელიც ორიგინალ ნამუშევართან გადაძახილია.
პეტერ პაულ რუბენსი ქალების დახატვის ოსტატური ტექნიკით გამოირჩეოდა. მან სიყვარულის ღვთაება, ვენერა, სარკის წინ, ღია ფერითა და თმით გამოსახა, კონტრასტში მუქკანიან მოახლესთან. სარკე, რომელიც კუპიდონს უჭირავს ხელში, სილამაზის უმთავრეს სიმბოლოს წარმოადგენს, ვენერას ანარეკლი კი სექსუალური ლტოლვის რეპრეზენტაციაა – ის ქალის პორტრეტს ქმნის და ამავდროულად, დახვეწილად უსვამს ხაზს სხეულის სიშიშვლეს.
რუბენსი ბაროკოს ხელოვნების ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა, რომლის კონცეფციაც მნიშვნელოვნად უკავშირდებოდა ფერებს, რამაც არაერთ დიზაინერზე მოახდინა გავლენა, მათ შორის – Dolce & Gabbana-ზე. ბაროკოს სტილი აქცენტს ელეგანტურობაზე, მღელვარებაზე და მოძრაობაზე აკეთებდა. მოდის დიზაინერებს – დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას ისეთი კოლექციის შექმნა სურდათ, რომელიც ქალის სილამაზის სენსუალურ, მაგრამ რომანტიკულ მხარეზე გაამახვილებდა ყურადღებას. საკულტო დუეტის შემოქმედება ჰარმონიულ თანხვედრაში მოვიდა ფლამანდიელი მხატვრის ხელოვნებასთან. მოდელები თითქოს პირდაპირ რუბენსის ნახატებიდან გადმოდიოდნენ, დეკორაცია კი ბაროკოს პერიოდის დეტალებით იყო გაფორმებული. ფიგურების გრაციოზულობა და პასტელის ფერების პალიტრა შესანიშნავად ასრულებდა ბროკადის ვარდისფერ კაბას. კოლექციაში მრავალფეროვანი ტიპის სხეულის მოდელების ჩართვა იმ პერიოდის სხეულის იმიჯს ეხმაურებოდა.
Dolce & Gabbana-ს 2012 წლის ქალთა კოლექცია იტალიური ბაროკოს არქიტექტურის ბევრ მახასიათებელს მოიცავდა, კერძოდ, სიცილიური ბაროკოს კათოლიკური ეკლესიის. ყველაზე თვალსაჩინო მინიშნება რუბენსის „ანა ავსტრიელის“ პორტრეტია, რომელშიც ანა ესპანურ მოდაშია გამოსახული – შავი კაბა მწვანე ნაქარგების ვერტიკალური ზოლებითა და ოქროს დეტალებით არის მორთული. მხატვრულად შემუშავებულმა კაბებმა და მოსასხამებმა, მდიდრულმა ქსოვილებმა იტალიელი დიზაინერების შოუ ნამდვილ სანახაობად აქცია.
კრისტობალ ბალენსიაგამ მე-20 საუკუნის მოდაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ესპანეთის პატარა სოფელში დაბადებულმა დიზაინერმა სამშობლოს ხელოვნების ისტორია მის თანამედროვე დიზაინში გადაიტანა. მთელი მისი კარიერის განმავლობაში ესპანური რენესანსი ლაიტმოტივად გასდევდა მის შემოქმედებას. ის ხშირად ეძებდა შთაგონებას ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრებსა და სასულიერო პირებში, რის შედეგადაც მან იმ პერიოდის საეკლესიო და სამონასტრო სამოსი მოდის შედევრებად აქცია. დიზაინერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინსპირაცია მანერისტი მხატვარი ელ გრეკო იყო, რომლის შემოქმედებაზეც გავლენა იტალიური რენესანსის ნეოპლატონიზმმა მოახდინა. თუკი ელ გრეკოს „კარდინალ დონ ფერნანდო ნინო დე გუევარას“ ნახატს დავაკვირდებით, აშკარა მსგავსებას დავინახავთ კარდინალის მოსასხამსა და Balenciaga-ს დიზაინს შორის.
Balenciaga-ს გატაცება ისტორიული სამოსით ყველაზე თვალსაჩინოდ მისი 1954 წლის კოლექციის ესტრავაგანტურ ქურთუკში ჩანს. დიზაინერს უნიკალური ხედვა და უნარი ჰქონდა ხელახლა გადაეთამაშებინა ფორმები. ქურთუკის გაზვიადებული საყელო ტილოში მოსასხამის სიმსუბუქეს იმეორებს. კარდინალის სამოსში წითელი ფერი სისხლის სიმბოლოს და მისი რწმენისთვის თავგანწირვას განასახიერებს. დიზაინერი ხშირად ანიჭებდა უპირატესობას გაბედულ და ნათელ ფერთა კომბინაციებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მას წითელი ფერი მოსწონდა. ყველაზე დიდი ინოვაცია წელის ხაზის აღმოფხვრა, ფლუიდური ხაზების, მარტივი ჭრის და სამი მეოთხედი მკლავების შემოღება იყო, რითაც Balenciaga-მ ქალთა მოდაში რევოლუცია მოახდინა.
ავსტრიელმა მხატვარმა, სიმბოლიზმის ოსტატმა და ვენის სეცესიონის მოძრაობის ფუძემდებელმა, გუსტავ კლიმტმა მე-20 საუკუნის ხელოვნების ისტორია შეცვალა. მისი ნახატები და არტისტული ესთეტიკა არაერთი მოდის დიზაინერის შთაგონებად იქცა, მათ შორის – Aquilano Rimoldi-ს, L’Wren Scott-ის და Christian Dior-ის. თუმცა, დიზაინერი, რომლის შემოქმედებაზეც ყველაზე მეტად იგრძნობა კლიმტის გავლენა, ალექსანდრ მაკ-ქუინი იყო. 2013 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში დიზაინერმა მისი უნიკალური ნამუშევრები სწორედ მხატვრის ინსპირაციით შექმნა. ფარფატა შავმა კაბამ განმეორებადი ოქროს ნიმუშებით, შეიძლება კონკრეტული ნახატიც კი მოგაგონოთ. მაკ-ქუინი აბსტრაქტულ, გეომეტრიულ და მოზაიკურ ნიმუშებს ბრინჯაოსა და ოქროს ტონებში აერთიანებდა.
1905 წელს გუსტავ კლიმტმა ტილო, სახელწოდებით Fulfillment დახატა, რომელზე გამოსახული ჩახუტებული წყვილი სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. ავსტრიელი მხატვარი ოქროს ნახატებით და აბსტრაქციისა და ფერის შერწყმით იყო ცნობილი. თითოეულ მოზაიკას მდიდარი ოქროსფერი ტონები და კალეიდოსკოპური დეკორაციები ახლავს თან, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა მოდაზე. ნახატი შეყვარებულების სამოსს შორის კონტრასტული გეომეტრიული ფორმებით სიცოცხლეს იძენს. მამაკაცის სამოსი შავ, თეთრ და ნაცრისფერ კვადრატებს მოიცავს, ხოლო ქალის კაბას ოვალური წრეები და ყვავილების მოტივი ამშვენებს. ამ გზით კლიმტი ოსტატურად ასახავს განსხვავებას მასკულინობასა და ფემინურობას შორის.
იმპრესიონიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ფრანგმა მხატვარმა კლოდ მონემ მხატვრობაში წარუშლელი კვალი დატოვა. მონესთვის საკუთარი შემოქმედების განმეორებითი ინსპირაცია ჟივერნიში საკუთარ სახლი და ბაღი იყო, რომლის ბუნებრივი ლანდშაფტიც არაერთ ნახატში აქვს აღბეჭდილი. ცნობილი იმპრესიონისტი ტილოებში ხშირად იყენებდა ირისის ყვავილს მისი მეწამული ფერის გამო, რათა ნათელი მზის ეფექტი შეექმნა. ვარდების და იასამნის ფურცლები, ზამბახი და ჟასმინი ფერადი სამოთხის ნაწილია, რომელიც თეთრ ტილოზეა გადმოტანილი.
ფრანგული მაღალი მოდის პიონერმა, კრისტიან დიორმა მოდის სამყაროში გადატრიალება მოახდინა. 1949 წელს მან გაზაფხული/ზაფხულის მაღალი მოდის კოლექცია შექმნა. კოლექციაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა Miss Dior-ის საკულტო კაბა, რომელიც მთლიანად მოქარგული იყო სხვადასხვა ტონალობის ვარდისფერი და იისფერი ყვავილების ფურცლებით. Dior-მა შესანიშნავად წარმოაჩინა ხელოვნებისა და მოდის ორი სამყარო მონეს ესთეტიკით შექმნილ ფუნქციურ კაბაში. მხატვრის მსგავსად, კრისტიან დიორი დიდ დროს ატარებდა ქალაქგარეთ, კერძოდ, გრანვილის ბაღში, სადაც ესკიზების ჩანახატებს აკეთებდა. სწორედ ასე განსაზღვრა მან Dior-ის ელეგანტური სტილი, რომელიც დიზაინერის შემოქმედებაში ფერთა პალიტრას და მონეს ყვავილოვან ნიმუშებს აერთიანებს.
მონდრიანი მე-20 საუკუნის აბსტრაქტული ხელოვნების სათავეში იდგა. 1872 წელს ნიდერლანდებში დაბადებულმა მხატვარმა ხელოვნების მოძრაობა, სახელწოდებით დე შტეილი წამოიწყო. მოძრაობის მიზანი თანამედროვე ხელოვნებისა და ცხოვრების შერწყმა იყო. სტილი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ნეოპლასტიციზმი, აბსტრაქტული ხელოვნების ფორმას წარმოადგენდა, რომელიც გეომეტრიულ პრინციპებზე იყო აგებული და ძირითადი ფერების: წითლის, ლურჯის და ყვითლის ნეიტრალურ ფერებთან (შავი, ნაცრისფერი და თეთრი) მიქსს გულისხმობდა.
1900-იანი წლების მონდრიანის ინოვაციური სტილი და მისი აბსტრაქტული ხელოვნება მოდაზეც აისახებოდა. დე შტეილის სტილის ნახატის საუკეთესო მაგალითი წითელი, ლურჯი და ყვითელი ფერების კომპოზიციაა. ხელოვნების მოყვარულმა ფრანგმა დიზაინერმა, ივ სენ-ლორანმა მონდრიანის ნახატები თავისი მაღალი მოდის შემოქმედებაში ჩართო. დიზაინერის მხატვრით შთაგონება მონდრიანის შესახებ ბიოგრაფიულმა წიგნმა განაპირობა, რომელიც დედამ მას საშობაოდ აჩუქა. ივ სენ-ლორანი მონდრიანს „მეოცე საუკუნის შედევრადაც“ კი მოიხსენიებდა. დიზაინერმა მხატვრისადმი აღფრთოვანება 1965 წლის შემოდგომის „მონდრიანის“ სახელით ცნობილ კოლექციაში გამოხატა. არტისტის გეომეტრიული ხაზებითა და თამამი ფერების გავლენით, მან ექვსი კოქტეილის კაბა წარმოადგინა, რომლებიც მისი საკულტო სტილისა და 60-იანი წლების ეპოქის კვინტესენციას წარმოადგენდა. კაბები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, თუმცა მათ ა-ხაზის ფორმა და მუხლამდე სიგრძე აერთიანებდათ, რომელიც სხეულის ყველა ტიპს ერგებოდა.
1890 წელს რომის არისტოკრატულ ოჯახში დაბადებულმა ელზა სკიაპარელიმ მოდის სამყაროს საზღვრები გააფართოვა. მისი რევოლუციური სტილი ფუტურიზმით, დადათი და სიურრეალიზმით იყო შთაგონებული. დიზაინერის კარიერა ისეთ ცნობილ სიურრეალისტ და დადაისტ არტისტებს უკავშირდება, როგორებიც იყვნენ: სალვადორ დალი, მან რეი, მარსელ დუშამი და ჟან კოკტო. ის ესპანელ მხატვართან, სალვადორ დალისთან თანამშრომლობდა კიდეც. მისმა ესთეტიკამ და სიურრეალისტურმა „აბსურდულობამ“ დალი ამ მოძრაობის წამყვან ფიგურად აქცია. მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოლაბორაცია სწორედ სალვადორ დალისა და ელზა სკიაპარელის შორის შედგა. დიზაინერმა მხატვართან ერთად თავისი 1939 წლის ზაფხულის კოლექციისთვის დალის ცნობილი ნახატის გავლენით შექმნა კაბა – ნახატზე სამი ქალია გამოსახული.
სიურრეალისტი არტისტებისთვის იდეალური ქალის ძიება უშედეგო პროცესი იყო, რადგან ის მხოლოდ მათ წარმოსახვაში არსებობდა. თუმცა დალის განზრახვა ქალების რეალისტურად გამოსახვას არ წარმოადგენდა, ამიტომ მათი სხეულები სულაც არ არის ესთეტიკურად მიმზიდველი. სკიაპარელის სურდა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა სხეულის დამალვისა და გამოვლენის „თამაშში“, რაც დაუცველობისა და ექსპოზიციის ილუზიას იძლეოდა. “Tear-Illusion Dress” ღია ცისფერი აბრეშუმისგან იყო შექმნილი, რომელიც დალიმ დააპროექტა, რითაც მის ნახატთან გაავლო პარალელი.
პოპ-არტი მხატვრებისა და მოდის დიზაინერებისთვის გარდამტეხი პერიოდი იყო. ენდი უორჰოლი პოპ-კულტურისა და მაღალი მოდის კომბინაციის პიონერი გახდა, რამაც ის პოპ-არტის სიმბოლოდ აქცია. 60-იან წლებში არტისტმა ბეჭდვის ტექნიკა შეიმუშავა, რომელიც ცნობილია, როგორც ტრაფარეტული ბეჭდვა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და ცნობილი ნამუშევარი მერლინ მონროს პორტრეტებია. ნახატის შთაგონება არა მხოლოდ პოპ-კულტურამ, არამედ ხელოვნების ისტორიამ და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მხატვრებმა განაპირობეს. უორჰოლმა მერლინ მონრონს ორი სამყარო გააერთიანა – ჰოლივუდის ვარსკვლავის საზოგადოებრივი ცხოვრება და ნორმა ჯინის ტრაგიკული რეალობა, ქალი, რომელიც დეპრესიასა და დამოკიდებულებას ებრძოდა.
კონსუმერიზმისა და მატერიალიზმის სამყაროს ასახვისას არტისტი ინდივიდებს არა როგორც ადამიანებად, არამედ პროდუქტებად წარმოაჩენდა. იტალიელ დიზაინერს ჯანი ვერსაჩეს ენდი უორჰოლთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა. უორჰოლის მსგავსად, დიზაინერიც გატაცებული იყო პოპულარული კულტურით. ხელოვანის ხსოვნის პატივსაცემად Versace-მ მას 1991 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია მიუძღვნა, რომელშიც ერთ-ერთი კაბა უორჰოლის მერლინ მონროს და ჯეიმს დინის პრინტებით იყო გაფორმებული.