fbpx

სამი რეჟისორი ქართული კინოინდუსტრიის გამოწვევებზე – კომენტარი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

 

როგორც ყველასთვის ცნობილია, კინოთეატრ “ამირანში” თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი მაყურებელს  საინტერესო პროგრამასა და თანამედროვე თუ ძველი ფილმების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, ამავდროულად, კარს უღებს ახალ შესაძლებლობებს დისკუსიებისთვის, ვორქშოფებისა და ზოგად საჭირბოროტო თემებზე სამსჯელდ.

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და პროტესტმა, რომელიც მიემართებოდა საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში კულტურის სამინისტროს მიერ ცენზურის პოლიტიკის გატარებას, 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტის პროტესტი გამოიწვია. მიმდინარე დაძაბული მოვლენების ფონზე გადავწყვიტე სამი რეჟისორის ჩაწერა  – ისინი გვიყვებიან თავიანთ  კონკრეტულ გამოცდილებაზე, რომელიც შეეხება როგორც ფესტივალების მნიშვნელობას ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის, ამავდროულად, ინდუსტრიაში არსებულ დღევანდელი კინოწარმოების სირთულეებსა და სამომავლო პროგნოზებზე.

მარიამ ჭაჭია: რეალურად ახლა გვაქვს ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა, რადგან კინოცენტრი – როგორც ორგანიზაცია –  არ არსებობს. როგორც ვიცით, ის წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც აფინანსებდა კინემატოგრაფისტებს და  ეს ორგანიზაცია გახდა ერთგვარი  ცენზურის  ობიექტი და რაღაცნაირად დიქტატორული რეჟიმი გამოცხადდა. ამიტომაც, 450 კინემატოგრაფისტზე მეტი ბოიკოტის რეჟიმში  ვართ და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარს ვამბობთ მათ მიერ ჩვენს დაფინანსებაზე. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ არ გვინდა ფული, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ არ გვინდა ცენზურის გამტარებელ ორგანოსთან თანამშრომლობა, სადაც  მხოლოდ ისეთ ფილმებს ანიჭებენ პრიორიტეტს, რომლებიც მათ ინტერესებთან მოდის თანხვედრაში.

კინოცენტრიდან მიღებული დაფინანსება, კარგ შემთხვევაში თითოეულ ფილმზე, წარმოადგენს ფილმის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 20 – 30 %-ს, დანარჩენი თანხის მოძიებას ვახერხებთ უცხოეთში – ან კოპროდიუსერებით, ან  ფონდებით. ჩვენ რომ შევიტანოთ უცხოურ ფონდებში დაფინანსებისთვის, აუცილებლად გვჭირდება ადგილობრივი თანხები და საქართველოში არის მხოლოდ კინოცენტრი, რომელიც გასცემდა ამ თანხებს და აქედან გამომდინარე, ჩვენი გზაც იჭრება, რათა შევიტანოთ დაფინანსებისთვის პრესტიჟულ და მძლავრ უცხოურ ფონდებში. მათ ვისაც გვაქვს პორტფოლიო, მაინც გაგვიადვილდება კოპროდიუსერის ნახვა და თუნდაც არაქართულენოვან ნამუშევარს შევქმნით საქართველოში, უცხოური დაფინანსებით.

მაგრამ აქ პრობლემა ჩნდება ნიუქამერებზე, ანუ დამწყებ რეჟისორებზე, ვისაც არ აქვთ პორტფოლიო და საკმარისი კონტაქტები, რადგან მათ გაუჭირდებათ დაარწმუნონ უცხოელი პარტნიორები, რომ  შეუძლიათ ფილმების გადაღება. კინოცენტრი ასევე წარმოადგენდა, ასე ვთქვათ, დამწყები რეჟისორების ერთიან ბაზას, რომელიც საშუალებას აძლევდათ ფეხი მოეკიდათ ინდუსტრიაში. ფესტივალები ახლა ფაქტობრივად ერთადერთი პლატფორმა დარჩა, სადაც რეჟისორებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ უცხოელ პარტნიორებს, წარადგინონ თავი და მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია იმ სფეროში, რაშიც სურთ განვითარება.

დათი ჯაფარიძე: ქართულ კინოში გამოწვევები მუდმივად მიმდინარეობდა, თუმცა დღევანდელი სიტუაცია იმდენად კრიზისულია, რომ სხვა პრობლემები აღარც არის ამ ეტაპზე რელევანტური. Რადგან ჩვენ ახლა ვსაუბრობთ საავტორო ფილმებზე, მის შეზღუდვასა და წართმევაზე, ფილმის ჩარჩოებში ჩასმაზე, შერჩევით კინოზე და ა.შ. ეს არ არის მოლოდინი, რომ ეს მოხდება, ეს უკვე მოხდა და რამდენიმე ფილმი უკვე მოექცა ცენზურის ქვეშ, მოხდა მათი რაღაცნაირად გვერდზე ჩაჩოჩება და ალბათ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ვიდრე სიტუაცია მთლიანად არ შეიცვლება.

თბილისის კინოფესტივალი წარმოადგენს იმ პლატფორმას, რომელიც აკავშირებს როგორც საერთაშორისო, ამავდროულად ადგილობრივ რეჟისორებს, სცენარისტებს, მსახიობებს, პროდიუსერებს ქართველ მაყურებელთან. ხაზს უსვამს ადგილობრივ წარმოებას, ადგილობრივ კინოს და გიყვებიან კიდევ უფრო მეტს ადგილობრივი წარმოების შესახებ, და რაც მთავარია, ხდება მაყურებელთან ინტეგრაცია კითხვა-პასუხისა და დისკუსიების რეჟიმის მეშვეობით. მათაც ეძლევათ შესაძლებლობა პირადად გაიცნოს ფილმის გადამღები ჯგუფი.

ანა ძიაპ-შიპა: ფესტივალები, რომელიც ტარდება დღეს საქართველოში, განსაკუთრებით – თბილისის კინოფესტივალი, დარჩა ერთადერთი პლატფორმა საქართველოში, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვილაპარაკოთ იმ გამოწვევებზე, რაც რეალურად გვაქვს დღეს კინოში, იმიტომ, რომ ეს გამოწვევები პირდაპირ კავშირშია იმასთან, რაც ხდება დღეს კინოცენტრში და რომ 500-მდე კინემატოგრაფისტი, არა მარტო რეჟისორები, არამედ პროდიუსერები, ტექნიკური ჯგუფის წევრები და კინოსთან დაკავშირებული პროფესიონალები – ყველა არის ამ ბოიკოტში ჩართული და შესაბამისად, ძალიან ცოტა პლატფორმა რჩება, რადგან კინოცენტრის კარი დაკეტილია ჩვენთვის და ამიტომაც ერთადერთი კარი, რაც დაგვრჩა, არის დამოუკიდებელი კინოფესტივალები, რაც ტარდება საქართველოში და თბილისის კინოფესტივალი არის ასე ვთქვათ – ისეთი კუნძული, სადაც შეგვიძლია გავაჟღეროთ ჩვენი გამოწვევები, არა მარტო ფილმების ჩვენებით, არამედ დისკუსიების სივრცეების გაჩენითაც და ლაპარაკით იმაზე, თუ რა პრობლემები აქვს კინოინდუსტრიას და ფესტივალის ინდუსტრიული ნაწილიც სწორედ ამას მოიაზრებს. ეს პლატფორმა კარგია იმისთვის, რომ  ახალგაზრდა რეჟისორებმა და ავტორებმა იპოვონ თავიანთი ფილმები და განვითარდნენ პროფესიულად.

მიუხედავად იმისა, რომ კინოცენტრის დაფინანსებაზე წვდომა შეიზღუდა, გაჩნდა ქართული კინოინსტიტუტი, DOCA (დოკუმენტური ფილმების ასოციაცია) და მათ წევრებს ბევრად უფრო მეტი კონტაქტები და უფრო მჭიდრო ურთიერთობები აქვთ საერთაშორისო სივრცეებთან, ვიდრე დღეს არსებულ კინოცენტრს. არ ვიცი რამდენად შეიძლება ეს გამოვიყენოთ ახალი ფონდების და დაფინანსების წყაროების მოძიებისთვის, თუმცა ამის გაკეთებას ვცდილობთ, რომ გაჩნდეს რაღაცნაირი საშუალება ადამიანებისთვის, რათა საკუთარი თავი წარმოაჩინონ.  გამომდინარე იქედან, რომ კინოცენტრი არის უალტერნატივო სივრცე და არის სახელმწიფოს, ანუ ჩვენი ფული, რომელიც ჩავარდნილია არაპროფესიონალების ხელში, დროებით მაინც გაჩნდეს დამატებითი შესაძლებლობა რეჟისორებისთვის, რათა მოიძიონ დაფინანსების წყაროები.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.