On The Road – დიდი გზის დასაწყისი
ავტორი: ლაშა გაბუნია
ანკეტა:
– ჯგუფის სახელწოდება: On The Road
– შექმნის თარიღი და ადგილი: 2019 წელი, თბილისი
– ჯგუფის წევრები: ლადო გიგაია (ვოკალი, გიტარა), გიგი კობერიძე (დრამი), თორნიკე ჯაფიაშვილი (კლავიში), ავთო ირემაშვილი (სოლო გიტარა, ვოკალი) და ბექა ჩხარტიშვილი (ბას გიტარა)
– ბენდის მენეჯერი: გია ქარჩხაძე
– სტუდიური ალბომები: Hundred Homes (2020 წელი), Heal Yourself (2023 წელი)
– სინგლების რაოდენობა: 5
– სტუდიის სახელწოდება: Duo Records (თბილისი)
– ალბომების გამომცემელი ლეიბლი: One Small Step Production (თბილისი)
– მუსიკალური სტილი: ინდი-როკი, პროგრესივ-როკი, ჯაზ-ფიუჟენი, სოფტ-როკი
– სასიმღერო ენა: ინგლისური
ჯგუფის ახალი ალბომის, Heal Yourself-ის, ანუ „განკურნე თავი შენის“ რელიზი 27 ნოემბერს შედგა და მისი მოსმენა სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზეა შესაძლებელი. ალბომი ძალიან კარგი და შთამბეჭდავია. მუსიკა მელოდიურია და თანაც მძლავრი შინაგანი მუხტის მატარებელი. ალბომის სახელწოდება – Heal Yourself არის ჯგუფის წევრების მოწოდება თანატოლებისადმი, რომ ირგვლივ არსებული პრობლემები თავადვე მოაგვარონ.
პანდემია რომ არა, ჯგუფი ახლა ბევრად წინ იქნებოდა წასული, მითუმეტეს ამის ამბიცია და პოტენციაც ბენდს ნამდვილად გააჩნია. მათი მენეჯერი ლეგენდარული ჯგუფის, Soft Eject-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და სიმღერების ავტორი გია ქარჩხაძეა. საინტერესოა ისიც, რომ „სპოტიფაიზე“ ჯგუფის ახალი ალბომის მოსმენების რაოდენობა საკმაოდ შთამბეჭდავია.
ასევე საინტერესოა, რომ 4 კვირის განმავლობაში ყველაზე ხშირად ალბომს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უსმენდნენ და მოსმენების რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია. ყველაზე მეტი მოსმენა ესპანეთშია, რომელსაც მოსდევს ქვეყნები: მექსიკა, პორტუგალია, ბელგია, ნორვეგია, ირლანდია და ა.შ.
ჩემი აზრით, ეს წარმატება განაპირობა პირველ რიგში ძალიან კარგმა მუსიკამ. ამავე დროს, უნდა აღვნიშნო მომღერლების შესანიშნავი ინგლისურენოვანი პრონონსი (წარმოთქმა) და პლუს ალბომის ძალიან კარგი ჟღერადობა, რომელიც ხმის რეჟისორის, ლაშა უგულავას დამსახურებაა. 23 დეკემბერს On The Road თეატრალური კომპანია „ჰარაკის“ სცენაზე, რომელიც მელიქიშვილის 20-ში მდებარეობს, ახალი ალბომის მხარდასაჭერ პირველ კონცერტს მართავს. ამ საღამოზე ჯგუფი არა მარტო ბოლო ნამუშევარში შესულ რეპერტუარს დაუკრავს, არამედ მომავალ ალბომში შესატან სიმღერებსაც შეასრულებს. კარი 20:00 საათზე გაიღება.
On The Road დიდი გზის დასაწყისშია და წარმატებები მინდა ვუსურვო.