fbpx

EMMY-ს დაჯილდოების გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

 

EMMY-ს 73-ე დაჯილდოებას, რომელიც ამერიკის მწერალთა გილდიის გაფიცვის გამო 4 თვით გადაიდო, 3 აშკარა ფავორიტი ჰყავდა: „დაპირისპირება“, „დათვი“ და „მემკვიდრეობა“. უკანასკნელის დასკვნით, მე-6 სეზონს კრიტიკოსები ჯერ კიდევ გამოსვლამდე უწინასწარმეტყველებდნენ ტრიუმფს.

ჯესი არმსტრონგის HBO-ს ჰიტმა ექვსი ჯილდო მიიღო, მათ შორის: საუკეთესო კაცი მსახიობი დრამატულ სერიალში – კიერან კალკინი, საუკეთესო ქალი მსახიობი დრამატულ სერიალში – სარა სნუკი, კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი დრამატულ სერიალში – მეთიუ მაკფადიენი და საღამოს ყველაზე საპატიო ჯილდო – საუკეთესო დრამატული სერიალი. 

„დათვს“ პირველივე სეზონისთვის საუკეთესო კომედიური სერიალის ტიტული მიენიჭა, რომელსაც „მემკვიდრეობის“ მსგავსად 6 ემი გადაეცა. საუკეთესო  მსახიობ კაცად კომედიურ სერიალში ჯერემი ალენ უაიტი, ხოლო ქალისა და კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლებად კომედიურ სერიალში აიო ედებირი და ებონ მოს ბარახი დასახელდნენ. 

ნომინაციაში საუკეთესო ქალი მსახიობი კომედიურ სერიალში ქვინტა ბრანსონმა გაიმარჯვა სერიალისთვის „ებოტი ელემენტარი“. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორმა შავკანიანმა  მსახიობმა ქალმა (ედებირიმ და ბრანსონმა) ორი ემის ჯილდო მიიღო ერთ წელს. საღამოს წამყვანმა ენტონი ანდერსონმა, ნომინაციებში შავკანიანი მსახიობების ლიდერობიდან გამომდინარე, წლევანდელ დაჯილდოებას „შოკოლადის ემი“  უწოდა. 

საუკეთესო მინისერიალის ან ანთოლოგიის კატეგორიაში „დაპირისპირება“ დომინირებდა. სერიალში მთავარი როლის შემსრულებლებმა სტივენ იუნიმ და ალი ვონგმა კი ამავე კატეგორიის საუკეთესო მსახიობი კაცის და ქალის ნომინაციებში გაიმარჯვეს. ვონგი  აზიური წარმოშობის პირველი ქალია, რომელსაც წამყვანი როლის შესრულებისთვის ემი გადასცეს. 

მსახიობი ჯენიფერ კულიჯი მეორედ გახდა ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი დრამატულ სერიალში. HBO-ს „თეთრი ლოტუსის“ მეორე სეზონი 2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სატელევიზიო შოუ იყო. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ბოროტ გეის!“ – განაცხადა კულიჯმა ხუმრობით მის სამადლობელ სიტყვაში, რითაც მსახიობმა შოუს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციტატა გაიმეორა.  

2023 წლის ემის ნომინაციებში HBO ლიდერობდა სერიალებით: „მემკვიდრეობა“, „უკანასკნელი ჩვენგანი“ და „თეთრი ლოტუსი“. როის ოჯახის შესახებ დასკვნითი სეზონი 27 ნომინაციაში, პოპულარული Zombie Apocalypse ვიდეოთამაშის ადაპტაცია 24 ნომინაციაში და ბოლოს მაიკ უაიტის სოციალური სატირა 23 ნომინაციაში იყო წარდგენილი. 

წლევანდელი დაჯილდოება მსახიობ მეტიუ პერის პატისაცემად Friends-ის საუნდტრეკით, I’ll Be There For You-თ გახსნეს. 

ლეგენდარული ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი ოთხი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – გრემის, ოსკარის, ტონის და ახლა უკვე ემის მფლობელი გახდა. 

ემის ნოსტალგიურმა  75-ე ცერემონიამ სცენაზე არაერთი სატელევიზიო შოუს ე.წ. reunion შემოგვთავაზა, მათ შორის – „სოპრანოს კლანის“ და „გრეის ანატომიის“. ჯილდოს გარეშე დარჩნენ „ტედ ლასო“, „გვირგვინი“ და „უმჯობესია დაუკეროთ სოლს“.  ცერემონია „ოქროს გლობუსიდან“ ერთი  კვირის შემდეგ ჩატარდა, რომელშიც სერიალების კატეგორიაში მთავარი მოთამაშეები, ემის მსგავსად, „მემკვიდრეობა“, „დაპირისპირება“ და „დათვი“ იყვნენ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.