Eric Hutchence — გაიცანით ქართველი არტისტი, რომელმაც 2023 წელს 17 საერთაშორისო ტური ჩაატარა
ქართველ არტისტზე მოგიყვებით, რომელიც დიდი ხანია მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწეობს, თუმცა ქართველი მსმენელისთვის ის ნაკლებად არის ცნობილი – ჩვენი ყურადღება მუსიკოსმა სასცენო ფსევდონიმით – Eric Hutchence – და წარმატებული საერთაშორისო ტურებით მიიქცია.
მრავალფეროვანია მისი სამუშაო გამოცდილებაც – ერიკი თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, სადაც საავტორო გადაცემა მიჰყავდა. შემდეგ კი დაიწყო როკ/მეტალ ფართების ორგანიზება, სადაც სხვადასხვა ჯგუფებს მეტალ-სეტებს სთავაზობდა. მოგვიანებით ატარებდა კონცერტებსაც. 2022 წელს კი ის ისევ დიჯეის საქმიანობას დაუბრუნდა და 2023 წელიც საკმაოდ დატვირთული და წარმატებული ჰქონდა. შარშან 17 ქვეყანაში გამართა ტური, რაც საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ მისთვის კითხვები დაგვესვა და საინტერესო პასუხები თქვენთვისაც გაგვეზიარებინა.
რას სთავაზობ მაყურებელს?
პირველ რიგში გეტყვით, რომ საკმაოდ დატვირთული და აქტიური წელი მქონდა, სულ 17 ქვეყანაში გავმართე ტური. ერთ-ერთი მათგანი ახლაც მიმდინარეობს და შაბათს ინდოეთში მივემგზავრები, სადაც ჰედლაინერის სტატუსით წარვდგები. ჩემი სეტები სულ უფრო ემსგავსება პერფორმანსებს, რადგან ნაწილობრივ ლაივს ვუკრავ და ასევე ვაკეთებ დრამ-შოუს. ჩემი სეტები აერთიანებს მეტალის თითქმის ყველა ქვეჟანრს, ასევე techno-ს ელემენტებს, dubstep-ისა და drum n’ bass-ისაც კი.
ტურის სახით კი სხვადასხვა დიდ ფესტივალზეც გამოვსულვარ, მაგალითად, ძალიან პრესტიჟული Wacken Open Air, Metal Gates, Kilkim Zaibu, Nordic Metal Cruise. ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად დავუკარი, როგორებიც არიან – Iron Maiden, Megadeth, Helloween, Kreator, Amorphis, Katatonia, Batushka, Fleshgod Apocalypse, Sodom და უამრავი სხვა.
ასევე კონცერტების პრომოუშენზეც ვმუშაობ. ვარ საპრომოუტერო კომპანია JAM! Events-ის დამფუძნებელი და პრომოუტერი.
ქართველი მსმენელი გიცნობთ?
საქართველოს ფარგლებს გარეთ უფრო მიცნობს მსმენელი, თუმცა ერთი ლაივი თბილისშიც დავუკარი და იმედია მალე ისევ შევთავაზებ ჩემს შოუს ქართველ მაყურებელს. ის ლაივი საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში ჩავატარე 20 მაისს Factory Tbilisi-ში.
ახლა რა გეგმები გაქვთ?
წელს, გარდა ინდოეთისა (მუმბაი), მეორედ ვარ მოწვეული Nordic Metal Cruise-ზე, სადაც მეტალ-იკონა Abbath-თან ერთად დავუკრავ. თან უცხოური პრომოუტერები ხშირად მწერენ და მთავაზობენ საინტერესო პროექტებში მონაწილეობას.
ასევე ახალ პროგრამას ვამზადებ, რომელსაც Nordic Metal Cruise-ის ფარგლებში (ფესტივალი ტარდება გემზე ფინეთსა და შვედეთში) წარვადგენ.