fbpx

ცეცხლში გახვეული კრემლი – სანდრო ანთაძის ნახატი „ოცნება“ და მისი დაუჯერებელი თავგადასავალი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო ჩლაიძე

 

სულ მალე რუსეთის უკრაინაში შეჭრის 2 წლისთავია. ორი წელია მსოფლიო ხედავს, თუ  როგორ იგერიებს მტერს გმირი უკრაინელი ხალხი. ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, ომის გაჩაღებამ, უდანაშაულო ხალხის ხოცვამ, ქალაქების მიწასთან გასწორებამ – პროტესტისა და უსამართლობის განცდა გაუჩინა. განსაკუთრებით კი ჩვენ, საქართველოს მკვიდრებს, დღემდე რომ ვერ დავეხსენით სასტიკი იმპერიის ოკუპაციას.    

მოდით ვაღიაროთ, რამდენ ჩვენგანს უფიქრია, უოცნებია კიდეც, იხილოს ცეცხლში გახვეული, მიწასთან გასწორებული კრემლი… ბოროტების სავანე, რომელიც სპობს ყველაფერს და ყველას, ვინც მისი ორბიტის გარშემო არ ტრიალებს, ვინც ცდილობს, მის მარწუხებს დააღწიოს თავი… 

მხატვარმა სანდრო ანთაძემ ეს განცდა ტილოზე გადაიტანა და დახატა ცეცხლის ალში გახვეული კრემლი. სანდროს ნახატი თითქოს  ყველას ოცნებაა, განადგურდეს და მიწასთან გასწორდეს ის, რაც ებრძვის და სპობს ყველაფერ ადამიანურს, ხმლით და მახვილით ანადგურებს ყველაზე ხელშეუხებელს – სხვის სამშობლოს, სიცოცხლესა და თავისუფლებას. 

ამ ნახატს საოცარ ენერგეტიკასთან ერთად, დაუჯერებელი ისტორია აქვს. ტილო თითქოს  გაცოცხლდა და უამრავი დაბრკოლების მიუხედავად,  მიაღწია იქამდე, სადაც მისი ადგილია. მიაღწია უკრაინამდე, კიევამდე და…უკრაინის პრეზიდენტამდე. 

სანდრო ანთაძე: 

„ამ ტილოზე მუშაობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მერე დავიწყე და ხატვის პროცესში მთელი ბრაზი და ზიზღი ჩავაქსოვე.  ხატვისას ვფიქრობდი, თუ  სად უნდა იყოს ეს ტილო, სად იქნებოდა საუკეთესო ადგილი მისთვის… აშკარად ვგრძნობდი,  რომ უბრალო კედელზე არ უნდა დაეკიდათ და იქ უნდა მოხვედრილიყო, სადაც ამ ენერგეტიკას გამოიყენებდნენ და ხორცს შეასხამდნენ…“

სანდრომ ნახატის რამდენიმე კოპიო გააკეთა, თვლიდა, რომ მათი სიმრავლე  მეტ ძალას შესძენდა.

„ჩემს ფიქრებში რაღაც მაგიური ძალა მივანიჭე ამ ნახატებს, ცხადია, ფანტაზიის ნაყოფი იყო, თუმცა ჩემთვის ძალიან ძლიერი ენერგიის მატარებელი“.   

სანდროს სურვილი ბოდვას ჰგავდა… იდეაფიქსად ექცა ნახატი უკრაინაში გაეგზავნა, პირადად ზელენსკისთვის. გაჩაღებული ომის დროს, როდესაც ფოსტაც შეფერხებით მუშაობდა, ძალიან პატარა შანსი იყო ნახატს  არამცთუ ზელენსკიმდე,  კიევამდე მაინც ჩაეღწია.

„მზად ვიყავი იმისთვისაც, რომ ნამუშევარი  დაიკარგებოდა გზაში, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ იმდენად „ძლიერი“ ნახატია და ისეთი რამ „ეწერა“, ადრე თუ გვიან, მაინც მიაღწევდა ადრესატამდე. დავიწყე ადამიანის ძებნა,  რომელიც რამენაირად პრეზიდენტის აპარატს დამაკავშირებდა“ 

სანდრომ სტატუსი დაწერა, რის შემდეგაც დაუკავშირდა ადამიანი, რომელმაც მოინდომა ნახატის ერთი ასლის შეძენა და ისიც უთხრა, რომ კონტაქტი აქვს უკრაინასთან და შეეცდებოდა ნახატი კიევში გაეგზავნა. პროცესი გაიწელა, უკრაინაში ვითარება მძიმდებოდა, ნახატის გაგზავნა რთულდებოდა, თუმცა ბოლოს მაინც მოხერხდა… სანდროს შეუთვალეს, რომ ნახატი პრეზიდენტის აპარატს გადაეცა.

ჩანაფიქრი მიზანს უახლოვდებოდა. თუმცა გარკვეული დროის მერე, როდესაც ნახატი მოიკითხა, უთხრეს, რომ კავშირზე არავინ გამოდის, სიტუაცია მეტად დაძაბულია და ალბათ, ნახატისთვის არავის სცალია.

 „მივხდი, აზრი აღარ ჰქონდა ნახატის მოკითხვას… ასე დაიკარგა კვალი, დამავიწყდა კიდეც ეს ისტორია, უკვე თითქმის ერთი წელი იყო გასული“.

ახალ წელს კი მართლაც სასწაული მოხდა:  1-ელ იანვარს სანდროს მეგობარი უგზავნის ვიდეოს ბმულს და ურჩევს, ბოლომდე უყუროს.

„ჩავრთე ვიდეო და რას ვხედავ…  პრეზიდენტ ზელენსკის საახალწლო მიმართვისას, ვიდეოს ბოლოს, კედელზე ჩანს ჩემი ნახატი! ბოლო კადრი სწორედ მასზე ფოკუსირდება და ფონად ზელენსკის სიტყვები ადევს, რომლითაც გამოსვლას ასრულებს:  „ვინც ჩვენი ქვეყანა ცეცხლში გახვია, ძალიან მალე თავისი ფანჯრებიდან დაინახავს ასეთივე ცეცხლს“. ზელენსკის გამოსვლა ჩემი ნამუშევრის დიდი კადრით მთავრდება. დაუჯერებელი ამბავია, ამ ნახატს „ოცნება“ დავარქვი, რის ასრულებასაც ვუსურვებ უკრაინას, საქართველოს და ყველა თავისუფლების მოყვარე ადამიანს“.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.