fbpx

ოთხდღიანი ტური სამეგრელოსა და სვანეთში – თიბისი კონცეპტისა და “მოგზაურის” ახალი თავგადასავალი ლამპრობის დღესასწაულზე


გააზიარე სტატია

13-16 თებერვალს თიბისი კონცეპტი და „მოგზაურიოთხდღიან მოგზაურობას გთავაზობთ სამეგრელოსა და სვანეთში. ტურის მთავარი აქცენტი უძველეს სვანურ დღესასწაულს –  „ლამპრობას” უკავშირდება.  4-დღიანი თავგადასავლის მეგზურები ისტორიის დოქტორი ბუბა კუდავა და მუსიკოსი აჩიკო გულედანი იქნებიან. ტურის ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ აღმოაჩინოთ „აიეტიდან დადიანებამდე: კოლხეთ-ოდიშ-სამეგრელოს ისტორიული პორტრეტი“, სვანეთის ღირსშესანიშნაობები, უძველესი ტრადიციები და ისტორია.

უკვე წელიწადზე მეტია, რაც “მოგზაური” არსებობს და თიბისი კონცეპტთან ერთად  დაუვიწყარ მოგზაურობებს გეგმავს. კულტურული ურთიერთობების, ტრადიციების, სხვადასხვა მიზეზით მივიწყებული ამბების გახსენების, ისტორიის შეხსენებისა და კარგად ნაცნობი ადგილების მონახულების შესაძლებლობება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ “მოგზაურის” მთავარი მიზანია.

განვლილი ერთი წლის განმავლობაში თითქმის სრულად მოვიარეთ საქართველოს როგორც ტურისტულად აქტიური, ისე ნაკლებად ცნობილი ადგილები.  მაგალითად, ქართლის რეგიონის სასახლეები – “მოგზაურობა მივიწყებულ ისტორიებში – ქართლის დიდგვაროვნების სასახლეების ტური” სრულიად ახალი მიმართულებაა ტურისტულ რუკაზე, რომელიც ქართლის მე-18, მე-19 საუკუნეების ისტორიას აცოცხლებს. 

ტურის მეგზურები – ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, რეჟისორი ლევან წულაძე და მხატვარი გუგა კოტეტიშვილი შეეცადნენ იმ პერიოდის ქართლის ფეოდალთა ცხოვრების მაგალითით საქართველოს ისტორიის, კულტურისა და წარსულის გააზრების შესაძლებლობა შეექმნათ. 

დაფუძნების მეორე წელი,  კომპანიისთვის უკვე საზღვრებს გარეთ გასვლით დაიწყო და პირველ იანვარს მოგზაურობა ინდოეთში ზურა შევარდნაძესთან და ზაქარია ჭელიძესთან ერთად შედგა. ჩვენი ტურის მასპინძელი ინდურ თავგადასავლებში მაჰარაჯა ჰარშვარდან სინგი იყო, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ინდოეთის ტური განსაკუთრებული და განსხვავებული, არატურისტული მარშრუტებით და ინდოეთის მაჰარაჯას შთამომავლების მიერ გამართული წვეულებებით დაიტვირთა.”  – გვიყვებიან “მოგზაურის” დამფუძნებლები –  თაკო მესხი და ნათია ცირეკიძე.

“მოგზაურში” მიმართულებების შერჩევა გეოგრაფიულზე მეტად შინაარსის მიხედვით ხდება. მაგალითად, ქუთაისის მოგზაურობა ქალაქის კლასიკურ ტურს არ მიჰყოლია და კონკრეტული შინაარსით, ლიტერატურის მცოდნე ლაშა ბაქრაძისა და მკვლევრის, ირაკლი ხვადაგიანის მეგზურობით დაიგეგმა “ცისფერყანწელების პერიოდის ქუთაისის” შინაარსით.

სწორედ ამ ლოგიკით დაიგეგმა მომდევნო, სამეგრელო-სვანეთის ოთხდღიანი ტური, რომლის მეგზურებიც მუსიკოსი აჩიკო გულედანი და ისტორიკოსი ბუბა კუდავა იქნებიან. ეს ტურიც, სხვა ტურების მსგავსად, თიბისი კონცეპტის და კომპანია “მოგზაურის” მორიგი კონცეპტ-თავგადასავალი იქნება. 

“ბუბა კუდავასთან ერთად გასული წლის სექტემბერში ჩვენმა მოგზაურებმა, “კონცეპტ-თავგადასავლის” ფარგლებში, ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაო-კლარჯეთში იმოგზაურეს. მეგზურების შერჩევა კონკრეტული თემების მიხედვით, ამ ადამიანების  კომპეტენციის, ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინებით ხდება. სხვადასხვა პროფესიის მოგზაურებისთვის ცნობილი, საყვარელი ადამიანების მეგზურობა და მათთან ერთად ტურისტული მარშრუტების გავლა კიდევ უფრო სხვა ხასიათის მოგზაურობა, სიღრმისეული ცოდნის, განსხვავებული ანალიზის და კონკრეტული თემის ახალი რაკურსით დანახვის მცდელობა და ამასთან, განსაკუთრებული გამოცდილებაა. სამეგრელო-სვანეთის ტური პირველ რიგში იდუმალი, მისტიკური ტრადიციული რიტუალის, “ლამპრობის” თანამონაწილეობას გულისხმობს. მოგზაურები უძველეს სვანურ ტრადიციას ადგილობრივ ადამიანებთან ერთად გაივლიან, ბუბა კუდავას ისტორიული ექსკურსი და აჩიკო გულედანის მუსიკალური აკორდები ტურის მონაწილეებს ჯადოსნურ-დაუვიწყარ გამოცდილებას და შთაბეჭდილებებს შეუქმნის” – გვიყვებიან ორგანიზატორები.

“ბავშვობიდანვე, არ მახსოვს ზუსტად როდიდან, ალბათ სულ-სულ თავიდან, საოცარი სურვილი გამიჩნდა, შემეცნო და შემეგრძნო ჩემი ქვეყანა. ერთხანს, არა, კარგა ხანს, იმის ილუზიაც მქონდა, რომ ამ ვითომ პატარა და სინამდვილეში კი ცა-ფირუზად გაშლილ-გალაღებულ, კოპწია საქართველოს სულ ფეხ-ფეხ დავივლიდი, დიახ, ამ გამოთქმის სწორედ პირდაპირი და არა ხატოვანი მნიშვნელობით.

დაწაფების ეს წყურვილი უპირველესად სწორედ სამეგრელომ და სვანეთმა გააჩინა. მამით მეგრელი და დედით სვანი, ამ კუთხეებში ვატარებდი მთელ ზაფხულებს, დიახ, მთელს – ბოლო ზარიდან პირველ სექტემბრამდე და არ ვაჭარბებ, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ თბილისში დაბადებულ-გაზრდილს  სამეგრელო და სვანეთი შემიძღვა საქართველოს ნამდვილ სიყვარულში.

ამ მხარეებმა და მერე და მერე კიდევ ახლების ახლოს გაცნობა-შეყვარებამ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის ფორმულა აღმომაჩენინა. ჩვენი კუთხეების სიუხვე ყოფილა ჩვენი ძალა, ერთ მყარ ძუაზე ჩაწიკწიკებულად, ფერადოვნად, ანტიკური მძივივით რომ აუკინძავს მაღლიდან ღმერთს და დაბლიდან კი ჩვენს წინაპრებს, ეჰეი, უხსოვარი დროიდან უწყვეტად რომ უცხოვრ-უშრომ-უბრძოლიათ ამ მიწაზე.

შემდეგ და შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სამეგრელოსა და სვანეთზე სტერეოტიპებით მოსაუბრე ადამიანები არცთუ ცოტანი ყოფილან. მერე კი, საბედნიეროდ,საკუთარი თვალით ვიხილე, როგორ სასწაულებრივად იცვალეს ფერი, ამ კუთხეებისა და აქაურების ახლო გაცნობამ როგორ შეჰყარა მათაც ამ მხარეების სიყვარული.

დიახ, საქართველოს სიყვარული მისი კუთხეების შეყვარებაა, სწორედ კუთხეების – ზოგს რომ ხსენებაც კი საჩოთიროდ და გამთიშველად მიუჩნევია. ეს სიყვარული ლექსების კითხვით, სადღეგრძელოების ბრახუნითა და ისტორიის ზუთხვით არ მიიღწევა. საქართველო უნდა მოიარო, დაიარო, ფეხდაფეხ – ხან პირდაპირი მნიშვნელობითაც, იმოგზაურო, ნახო, შეეხო, შეიგრძნო.
აქაც ასეა, სამეგრელოსა და სვანეთში – ამ ერთმანეთთან მიკრულ, მაგრამ კონტრასტულად განსხვავებულ მხარეებში. აქ კოლხეთის დაბლობია და მერე მალევე პირქუში უშბა, ევროპული დარბაზებია და მერე სვანური მაჩუბები, ჭყონდიდის საკათედრო ტაძარია და მერე კოპწია პატარა ტაძრები, კოლხეთის კორომებია და მერე კოშკების ტყეები, მეგრული ელარჯია და მერე სვანური ლამპრობა… ამ ყველაფრის მიღება და ერთად შეკვრა ერთია და მთავარი კი მეორე – უკვე მერამდენედ გააზრება და დადასტურება, რომ კუთხეების შეცნობის გზით სამშობლოს შეყვარებაში მოგზაურობა არა და არ მთავრდება” – გვიყვება ტურის ერთ-ერთი მეგზური, ისტორიკოსი ბუბა კუდავა.

 

სამეგრელო-სვანეთის ჯადოსნური ოთხდღიანი ტური 13-16 თებერვალს ჩატარდება, ხოლო თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ისარგებლოთ ტურის სპეციალური ფასით – 1 ადამიანზე 2-ადგილიან ნომერში – 1750 ლარად, ხოლო მოზარდებზე (12 წლამდე) – 875 ლარად (ფასი მოიცავს თიბისი კონცეპტის 20%-იან ფასდაკლებას).

ტურზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00, ხოლო დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ “მოგზაურის” გუნდს: 599 380 817; 599 908 906

ტურის სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/MogzauriTour

 გაითვალისწინეთ, ტურზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 4 თებერვალი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.