მუზეუმების პირველი მობილური აპლიკაცია
25 იანვარს თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში, ”ხუთშაბათობის” ფარგლებში, თბილისის მუზეუმების გაერთიანების პირველი მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა.
„ხუთშაბათობა“ ილიასეული ტრადიციაა, რომლის ფარგლებშიც (სახლში, რომელშიც დღეს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმია განთავსებული) იმართებოდა ტრადიციული შეხვედრები. ეს სახლი იმდროინდელი ქართული საზოგადოებისთვის ერთგვარ თავშეყრის ადგილად იქცა, სადაც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურული საკითხები განიხილებოდა და წყდებოდა. ამ სახლში იყო გამართული გაზეთ „ივერიის“ სტამბა და რედაქცია.
რადგან პროგრესსა და განმანათლებლობაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში თბილისის მუზეუმების გაერთიანება მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს 21-ე საუკუნის სწრაფ ტემპს და შეძლოს სამუზეუმო კულტურის აქსელერაცია ციფრულ სივრცეში. სწორედ ამიტომაც, თბილისის მუზეუმების გაერთიანება გახლავთ პირველი საქართველოში, რომელმაც დანერგა სამუზეუმო აპლიკაცია, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს ცხრა მუზეუმს, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მუზეუმებში მიმდინარე სიახლეებსა და ინფორმაციას იმ შემეცნებითი ღონისძიებების და პროგრამების შესახებ, რაც ამ მუზეუმებში ხორციელდება. დღესდღეობით თბილისის მუზეუმების გაერთიანება 28 სხვადასხვა შინაარსის საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს სკოლის მოსწავლეებისა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთათვის. აპლიკაცია, ამავდროულად, გვთავაზობს დღის შთამაგონებელ ფრაზებს, მუზეუმების ისტორიებს, თამაშებსა და კალენდარული თარიღის მიხედვით გვახსენებს ღია კარის დღეების შესახებ.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სამუზეუმო ფონდების საგანმანათლებლო რესურსებად ტრანსფორმაციისა, მიჰყვება გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნებსა და ამოცანებს და 2023 წლიდან ცდილობს სამუზეუმო სივრცეში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რისთვისაც არაერთი პროექტი განახორციელა პროგრამით – „Museums in the Digital Age“. 2023 წლის ბოლოდან bp-ის მიერ დაფინანსებული პროექტის, „მეტი ინოვაცია და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ – თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ–მემორიალურ მუზეუმში მზის პანელების სისტემა მოეწყო.
ეს არის პირველი შემთხვევა ამიერკავკასიაში, როცა მუზეუმი ბუნებრივი ენერგიის წყაროზე გადავიდა, შეამცირა გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა და მზის ენერგიას მოიხმარს. სიახლე დაზოგავს მინიმუმ 30 000 კილოვატ ტრადიციულ ელექტროენერგიას, რაც საშუალებას მისცემს მუზეუმს ასევე დაზოგოს ელექტროენერგიის გადასახადი, 20 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს დაახლოებით 150 ტონა CO2 ემისიის შეკავებას და გადაარჩენს 8000-მდე ხეს.
ამავდროულად, მუზეუმებში განთავსდა აუდიოგიდები, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ QR კოდის დასკანერებით მიიღონ ინფორმაცია როგორც ნებისმიერი ადგილის ისტორიის, ასევე საგამოფენო ექსპონატების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მეტი ინფორმაციისთვის გადავწყვიტეთ, გავსაუბრებოდით თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურ დირექტორს – ნინი სანადირაძეს.
– ნინი, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და რა გზა გაიარეთ, სანამ სრულად მოახერხებდით ციფრულ ინტეგრაციას სამუზეუმო სივრცეში?
– ჩემთვის პირველ რიგში მთავარია, როგორ პოზიციონირებს მუზეუმი, რა არის მუზეუმი. მუზეუმი არის ადგილი, რომელიც თავისთავად ინახავს, აგროვებს, ავრცელებს იმ კულტურულ მემკვიდრეობას, სამუზეუმო ფონდებს, მემორირებულ პირებს, მათ კოლექციებსა და სხვა ამა თუ იმ მნიშვნელოვან ამბავს, მაგრამ მეორე საკითხია – ვისთვის არის ეს ყველაფერი – რა ჯობია, თაობიდან თაობას ასე გაუვრცელებლად გადაეცეს თუ ეს არის ამბავი იმისთვის, რომ არსებობდეს თანამონაწილე და გამზიარებელი. როდესაც 2016 წელს თბილისის მუზეუმების გაერთიანება შეიქმნა, ორი, სამი, ოთხი სხვადასხვა მიმართულება იყო, რომლებიც გზადაგზა ჩნდებოდა. ერთი იყო, რომ მოგვეხერხებინა მემორირებულ პირთა მემკვიდრეობის კარგად გააზრება და გაანალიზება; მეორე მხრივ კი – მუზეუმების თანამედროვე სტანდარტის მიხედვით აღჭურვა (თუმცა ავთენტურობის სრულად შენარჩუნება) და მესამე, ეს იყო სრული თანამონაწილეობა საზოგადოებრივ პროცესებში, სადაც ნებისმიერი ასაკისა და ინტერესების მქონე ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას. Როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მუზეუმზე, ზოგადად – თანამედროვე ადამიანი რამდენჯერ შეიძლება მოხვდეს მუზეუმში? სტატისტიკურად, არაუმეტეს – სამისა, როდესაც ის არის პატარა და მოჰყავთ; როდესაც მას მოჰყავს თავის შვილი და როდესაც უკეთეს შემთხვევაში მოჰყავს თავისი შვილიშვილი. ეს არის სტატისტიკა, თუ მას არაფერი განსაკუთრებული არ ხვდება. ეს “განსაკუთრებულის დახვედრა”, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს როგორც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც სამუზეუმო საქმესთან და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული და მეორე მხრივ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – შთაბეჭდილება. დღეს თანამედროვე ადამიანს სჭირდება კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, თუ რატომ უნდა მოვიდეს მუზეუმში, მეორე ფაქტია ის, რომ ძალიან დიდია საკონკურენციო სივრცე. მუზეუმი, ერთი მხრივ, არის ადგილი, რომელიც ინახავს, მეორე მხრივ – ის ადგილია, რომელიც არის ატრაქციული, სანახაობრივი. მოსულ სტუმარს პირველ რიგში უნდა დახვდეს შესაძლებლობა და მერე – მიმღებლობა. მან უნდა იგრძნოს, რომ მუზეუმი არის ადგილი, სადაც ელიან, სადაც ის წარმოადგენს ერთ–ერთ მთავარ მონაწილეს. როდესაც ჩვენ 2017 წელს ვიწყებდით ბარათაშვილის მუზეუმზე მუშაობას, რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დავდექით: ერთი მხრივ, მემორიალური და ეპოქალური სივრცის შექმნა სახლში, სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილის წინაპრები ცხოვრობდნენ (არის ვარაუდი, რომ თვითონაც ამ სახლში ცხოვრობდა, რასაც წერილები ადასტურებს, როდესაც ანჩისხატის უბანში გადმოვიდნენ) და მეორე – ისტორიული რეალობა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი ნივთებიდან ძალიან ცოტაა შემორჩენილი. რას შვრება ამ დროს მუზეუმი? – ქმნის ეპოქალურ სივრცეს, სადაც ერთი მხრივ, ასეთია გამოცდილება და მეორე მხრივ, ანაცვლებს მას ვირტუალური, ციფრული სამყაროთი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეპოქალური სივრცის ნაცვლად ყოფილიყო კიდევ ერთი, ძალიან ხელშესახები კომპონენტი, რომლითაც თანამედროვე ახალგაზრდა შეძლებდა სარგებლობას. ამან ძალიან გაამართლა, რადგან როდესაც მოდიან და ნახულობენ მაგალითად, მე-19 საუკუნის საათს, რომელიც ციფრული მაჩვენებლის და ციფრული შესაძლებლობის მიხედვით მოძრაობს, ან მაგიდაზე ხელნაწერის სახით ჩნდება, ეს კიდევ უფრო მეტად აინტერესებთ გაიგონ – ვისია, რისია, რატომ არის და ა.შ. ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიები ბარათაშვილის სახლ–მუზეუმიდან მოყოლებული შემოდის უკვე გალაკტიონის მემორიალურ სახლ–მუზეუმში; სოსო და კოტე წერეთლების მემორიალურ მუზეუმში; ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ–მემორიალურ მუზეუმში, რომელიც ყველაზე დიდია. თუმცა ეს ტექნოლოგია არ არის მხოლოდ ინფორმაციის გასავრცელებლად, ეს ისევ და ისევ ისტორიის, მემორირებული პირების მნიშვნელობის გასავრცელებლადაა და ადამიანებს აქვთ ბევრი შესაძლებლობა – აირჩიონ მედიუმი, აირჩიონ სხვადასხვა პლატფორმა, თუ როგორ მიიღებენ ინფორმაციას. შესაბამისად, ჩვენთვის ეს იყო ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა, თუ რა პლატფორმას ირჩევენ ესა თუ ის ადამიანები, თუმცა ტექნოლოგიური გამოწვევები 21-ე საუკუნის მთავარი მახასიათებელია. ციფრული ერა, როგორიც შეიძლება იყოს აუდიოგიდი, მობილური აპლიკაცია, ვირტუალური გამოფენები, პლატფორმები და ა.შ. ძალიან ბევრი სხვა ამბავი გველოდება 2024 წელს, რასაც ციფრული სამყარო გვპირდება. ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ მემორიალური მუზეუმია, უნდა ავყვეთ.
– სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ
– სამომავლო გეგმები ძალიან მრავალმხრივია, ბევრნაირია. ჩვენი ერთ–ერთი მთავარი ამოცანაა, მუზეუმი იყოს კიდევ ერთი პასუხისმგებელი მოთამაშე თანამედროვე საზოგადოებაში არსებული პრობლემებისა. მაგალითად, ჩვენი 8 საგანმანათლებლო პროგრამა სწორედ ეკოლოგიასა და კლიმატის ცვლილებებს ეყრდნობა; გვაქვს მნიშვნელოვანი ამბავი, როგორიცაა მზის ენერგია და ბუნებრივი ენერგიების დანერგვა მუზეუმებში და ბიომდგრადი საღებავების გამოყენების გამოცდილება. მაგალითად, ილია–ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმი სწორედ ამ საღებავითაა დაფარული; სარესტავრაციო, საკონსერვაციო ლაბორატორია, რომელიც მთლიანად არის აღჭურვილი ბიოდანადგარებით და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. მწვანე მიმართულება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. თბილისის მუზეუმების გაერთიანება NEMO-ს (The Network of European Museum Organisations – ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი) წევრი გახდა, სადაც ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სწორედ მწვანე მიმართულება. ვიწყებთ თანამშრომლობას ეროვნულ გვარდიასთან, რაც ნიშნავს, რომ უკვე გაჩნდება სამოქმედო გეგმები კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი ზრუნვისა და არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, არამედ მშვიდობიან დროს ექსპონატების დაცვისა და თანამონაწილეობის პროცესში. თუმცა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო გამოწვევები არის სოციალური პასუხისმგებლობები, რომლის ფარგლებშიც ვმუშაობთ ვეტერანებთან, ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის ასაკობრივ ჯგუფებთან, მათ შორის – სხვადასხვა ტიპის საჭიროებების ადამიანებთან და ვმუშაობთ პენიტენციარულ სამსახურებთან.
სამომავლოდ თბილისის მუზეუმის გაერთიანებისგან არაერთ საინტერესო სიახლეს უნდა ველოდოთ პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ.
937 total views, 2 views today