ხელოვნება, საჯაროობა და სხვა ნაწნავები
ავტორი: ანა გაბელაია
ბოლო დღეებია სოციალური ქსელი მოიცვა გიორგი ხანიაშვილის ახალ ნამუშევარზე – “დროის ნაწნავზე” საუბრებმა. ქანდაკება “თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის” ინიციატივით თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე განთავსდა. ფონდი თბილისის მერიის მიერ დაარსებული ინსტიტუციაა და საჯარო სივრცეებში შემოქმედებითი ინტერაქციების წახალისებასა და თანამედროვე ხელოვნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ამ პროექტის ფარგლებში უკვე სამი ნამუშევარი განთავსდა თბილისში, თუმცა აქამდე ფონდის საქმიანობა, შეიძლება ითქვას, ფართო საზოგადოებისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობდა.
კონტროვერსია, რაც გიორგი ხანიაშვილის ნამუშევარმა გამოიწვია, ჩემი აზრით, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ამ წერილში ვეცდები მათზე იმაზე ოდნავ ვრცლად მოვყვე, ვიდრე ფეისბუქ-სტატუსში შევძლებდი.
საჯარო ხელოვნებაზე: საჯარო ხელოვნება (პირადად ჩემთვის) ყველაზე რთულად მოსახელთებელი და შესასრულებელია ხელოვნების მიმდინარეობებს შორის. ამის მიზეზი ღია სივრცეა – ჩარჩოების (კომფორტის ზონის) არარსებობა და უცნობი აუდიტორია, რომლისრეაქციის განსაზღვრა წინასწარ რთულია.
საქართველოს მსგავს ქვეყანაში (განსაკუთრებით), სადაც ფართო საზოგადოება არ იცნობს თანამედროვე ხელოვნებას, მის გასაჯაროებას სწორედ ეს მისია ეკისრება, გავიდეს თეთრ კედლებს მიღმა და ყოველდღიურობას დაუმეგობრდეს.
საჯარო ხელოვნებაზე საუბრისას საკვანძო სიტყვა სწორედ “საჯაროა”. რას გულისხმობს ხელოვნების საჯაროობა?
ადვილად (ხელ)მისაწვდომობას: რაშიც იგულისხმება როგორც ნამუშევრის ვიზუალური აღქმა, ასევე მისი გაგება. ფართო აუდიტორიისთვის შექმნილი ნამუშევრები, მიუხედავად იმისა, ატარებს თუ არა კომპლექსურ იდეას, ხშირად არის ხოლმე ფორმით მარტივი, რადგან საჯარო სივრცე ხალხისთვის უფრო გახსნას და არა – პირიქით. თუ ნამუშევარი რთულად გასაგებია ან ბევრ კითხვას აჩენს დამთვალიერებელში, ეს არათუ აახლოებს ხელოვნებას ყოველდღიურობასთან, არამედ პირიქით, ზრდის დისტანციას საზოგადოებასა და ხელოვნებას შორის, რადგან დამთვალიერებელი თვითონ დისტანცირდება იმისგან, რაც არ ესმის.
საზოგადოების ჩართულობას: ეს პროცესი მრავალნაირი შეიძლება იყოს. ის შეიძლება დაიწყოს ნამუშევრის უშუალოდ განთავსებამდე და გაგრძელდეს მისი არსებობის განმავლობაში. უბრალო, ქუჩის გამოკითხვიდან სატელევიზიო თუ საგანმანათლებლო პროგრამებამდე – საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ყველა გზა მისაღებია.
მულტიდისციპლინარულ მიდგომას: საჯარო ხელოვნებას არ ქმნიან მხოლოდ ხელოვანები და კურატორები. აქ საჭიროა არქიტექტორის, ხელოვნებათმცოდნის, ურბანისტისა და სოციოლოგის ჩართულობაც კი. საჯარო ხელოვნებისთვის შერჩეული ადგილი, მისი პროპორციები უნდა უპასუხებდეს გარემოს, რომელშიც ის დგას და ითვალისწინებდეს მოსახლეობას, რომელიც მის მიდამოებში ცხოვრობს.
საჯარო დაფინანსებას: უფრო ხშირად საჯარო ხელოვნება სწორედ საჯარო რესურსებით ფინანსდება. ეს საჯაროობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და აუცილებელია საზოგადოების ამაზე ინფორმირებაც. ხალხმა, რომელიც ნამუშევარს უყურებს, უნდა იცოდეს, რომ ეს ნამუშევარი მისი გადახდილი გადასახადებით არის დაფინანსებული და ეკუთვნის მას, მის ქალაქს. ამის ცოდნა ადამიანებს საკუთრების/მიკუთვნებულობის განცდას უქმნის და ნამუშევრისადმი მიმღებლობასა და ინტერესს ზრდის.
ამ ყველაფრის გათვალისწინების გარეშე აუდიტორია, რომლისთვისაც ნამუშევარი იქმნება, უგულებელყოფილია, ხელოვნების საჯაროობა კი ზედაპირული. საჯარო სივრცეში განთავსებული ნამუშევარი ისევ თეთრ კედლებში დგას, თუმცა ეს კედლები ორმაგი სარკესავითაა – უხილავია შიგნიდან (კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის) და მხოლოდ მათთვის არის ბარიერი, ვინც არ არის დამეგობრებული თანამედროვე ხელოვნებასთან, და ვისთვისაც, წესით, საჯარო ხელოვნება უნდა იქმნებოდეს.
ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი რომ მოკლედ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჯარო ხელოვნების შექმნა აუცილებლად მოითხოვს მის თანმხლებ საჯარო პროცესებს.
ხელოვნების საჯარო ადგილას განთავსება არ არის საკმარისი მის საჯარო ხელოვნებად გამოცხადებისთვის.
ნამუშევარზე: გიორგი ხანიაშვილი ხელოვანების იმ მცირე სიაშია, რომლებიც თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში თამასას სწევენ, აჩვენებენ ხარისხს როგორც ტექნიკური, ასევე კონცეპტუალური მიმართულებით. იგივე შეიძლება ითქვას ამ პროექტის კურატორზე – ირინა პოპიაშვილზე, რომელმაც სახელოვნებო სივრცისთვის აუცილებელი პროცესების დაძვრას შეუწყო ხელი და მათ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ნამუშევარი “დროის ნაწნავი”, რომელიც ზაარბრიუკენის მოედანზე “თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის” ინიციატივით განთავსდა, თავისთავად, კარგია. თავისთავად იმიტომ, რომ ამ ხელოვანის ნამუშევრები, რომლებიც აქამდე მხოლოდ საგამოფენო სივრცეებში მინახავს და მქონია პატივი, გამომეფინა კიდეც, უდავოდ განსაკუთრებულია. თუმცა, სივრცე, სადაც ნამუშევარია განთავსებული, ებრძვის მას. ნამუშევრის ანფასის დანახვა მხოლოდ ხიდიდანაა შესაძლებელი. ნებისმიერი სხვა მხრიდან ქანდაკებას ყლაპავს ფონი, რომ აღარაფერი ვთქვათ (თუმცა შეუძლებელია, არ ვთქვათ) სამანქანო მოძრაობაზე, რომელიც დღის ყველა მონაკვეთში დატვირთული და ქაოსურია. სწორედ ეს მოძრაობა არის დაბრკოლება ქანდაკებამდე მისასვლელად. პიედესტალის არსებობას შესაძლოა, შორიდან უკეთ აღსაქმელი გაეხადა “დროის ნაწნავი” და ახლოს მისვლის სურვილიც აღარ გაეჩინა, თუმცა ქანდაკების კონცეფციიდან გამომდინარე, რადგან ნაწნავი – ქანდაკების მთავარი ხაზი – ძირში ფესვებად გადაიქცევა, ის აუცილებლად ითხოვს მიწასთან კავშირს და პიედესტალის არსებობას გამორიცხავს.
ზოგადად, გიორგი ხანიაშვილის ნამუშევრებში არის რაღაც ქართველი ადამიანისთვის ძალიან ახლობელი, – ამის მიზეზი მისი ხელწერის ქართული კედლის ფერწერასთან კავშირია. მისი ქანდაკებები, კედლიდან მომზირალი წმინდანებივით, მზერით დაგყვებიან და შენს ყურადღებას ითხოვენ. მათ ერთდროულად გააჩნიათ განყენებულად და “აქ და ახლა” ყოფნის უნარი და თუ საკმარის დროს დაუთმობ, არ საჭიროებენ ზედმეტ ახსნა-განმარტებას, თვითონ გიყვებიან საკუთარ თავზე.
სწორედ ამიტომ, მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა ქანდაკების ისეთ გარემოში განთავსება, რომელიც ხელს შეუწყობდა მის აღქმას და არა – პირიქით; რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას მისცემდა წრე დაერტყა ნამუშევრისთვის, დაენახა ის მისთვის სასურველი დისტანციიდან ან, სულაც, ჩამომჯდარიყო იქვე და იმდენი ხანი გაეტარებინა ნამუშევართან, რამდენიც გაუხარდებოდა.
თუმცა, ეს არ არის “დროის ნაწნავის” სამუდამო ადგილსამყოფელი და იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგ სახლში ნამუშევარი ისე მყარად დადგება, როგორც ათასწლოვანი ხე – დროის მიმოსვლის ცოცხალი მოწმე.
ხალხზე: ნამუშევრის სანახავად მისულმა, იქვე გადავწყვიტე, პატარა გამოკითხვა ჩამეტარებინა. 20-მდე ადამიანი გამოვკითხე – ძირითადად, მოედანზე არსებული მაღაზიებისა და აფთიაქების პერსონალი და მათი მომხმარებლები – ადგილობრივი მოსახლეობა. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო იყო, ჩემს გამოცდილებაში პირველი, როცა სრულიად უცხო ადამიანებს, ვისაც ვერასდროს შევხვდებოდი გამოფენებზე, ვეკითხებოდი აზრს ხელოვნებაზე. მარტივი კითხვა მქონდა – მაინტერესებდა, რას ფიქრობდა ხალხი მოედნის ახალ ქანდაკებაზე.
ძირითადად, მიპასუხებდნენ, რომ არ იციან, რადგან ისიც არ იციან, რა არის ან რატომ. საინტერესო იყო პასუხი – “არაფერს აშავებს”. ბევრმა მითხრა, რომ მანქანების მოძრაობაში ვერ დაინახა, მხოლოდ თვალი მოჰკრა ზურგიდან. რამდენიმემ აღნიშნა ნაწნავი და მისი სილამაზე. თითქმის ყველამ კითხვა დამიბრუნა და მთხოვა ამეხსნა, თუ რა და რატომ დადგეს მოედანზე, რომელსაც ყოველდღე უყურებენ. რა თქმა უნდა, გავუზიარე ინფორმაცია თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდზე, გიორგი ხანიაშვილზე და მის ამ ნამუშევარზეც ვუთხარი რაც ვიცოდი. ახსნის, ნაცნობი სახელებისა და საქართველოსთან კავშირის შესახებ მოსმენის შემდეგ, მომეჩვენა, რომ მათი განწყობა უფრო მეტად შეიცვალა დადებითისკენ.
მიუხედავად იმისა, რომ პროცესით, როგორც აღვნიშნე, ძალიან ვისიამოვნე, ვფიქრობ, რომ ეს საქმე ჩემამდე უნდა გაეკეთებინათ საჯარო ხელოვნების ფონდის თანამშრომლებს. სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის (პირველ რიგში) ინფორმირება უნდა ყოფილიყო საჯარო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. იმედი მაქვს, რომ მომავალში ფონდის თანამშრომლებისთვის პრიორიტეტული გახდება საზოგადოებასთან ურთიერთობაც როგორც ინფორმაციის მიწოდების, ასევე მათი აზრის მოსმენის კუთხითაც. სწორედ ეს პირდაპირი კომუნიკაცია არის ის, რაც აახლოებს საზოგადოებას ხელოვნებასთან და ხელოვნებას ხალხთან.
აქვე აურზაურსა და გაწევ-გამოწევაზე: არ მახსენდება ლია უკლებას “თვითმკველი ღვთისმშობლის” გარდა სხვა ნამუშევარი, რომელსაც ამხელა გამოხმაურება მოჰყოლოდა სოცქსელებში. დისკუსია (მსუბუქად რომ ვთქვათ) გასცდა მოწონება/არ მოწონებას და ნამუშევარი შარჟებისა და მიმების ობიექტიც კი გახდა. რა თქმა უნდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმაც არ დააყოვნეს და სასტიკად დაგმეს (ეს სიტყვათშეთანხმება ყველაზე მეტად უხდება) ის ხალხი (და მათი არაპროფესიონალური მოსაზრებები), რომლებმაც არ იციან, რაზე ლაპარაკობენ და, ამის მიუხედავად, ბედავენ და იღებენ ხმას. მე კი, საოცარი სურვილი გამიჩნდა, რომ ეს ადამიანები რამენაირად ვატაროთ გამოფენებზეც, რომ დაგვცინონ, გაგვაშარჟონ და გაგვამასხარაონ. ბოლოს და ბოლოს, აღარაა დრო გამოფენის გახსნებზე ერთმანეთის კომპლიმენტების გარდა რამე სხვა (და ნამდვილი) მოვისმინოთ?
აბსურდზე: ბოლოს, ამ წერილს იმით დავასრულებ, რითაც უნდა დამეწყო და რაც ამ ამბავში მე, როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენელს და სამოქალაქო აქტივისტს, ყველაზე მეტად მაინტერესებს.
თუ ზაარბრიუკენის მოედნის გაჩერებასთან დადგებით, “დროის ნაწნავის” ზურგს დაინახავთ. ამ ჩანაწნავებული ორნამენტის ფონად, მთის წვერზე, პანორამა თბილისის მშენებლობა მოჩანს. ეს ის მშენებლობაა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი (კულტურის სფეროს წარმომადგენლები) ვაპროტესტებდით და რომელიც ძალდატანებით დაგვადგეს თავზე და ჩაგვიდგეს ქალაქის მთავარ მოედანზე, იმ მუზეუმის გვერდით, რომლის ბედიც ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა.
ვფიქრობ, ეს კადრი საუკეთესოდ ასახავს ჩემს სათქმელს.
საქმე იმაშია, რომ ამ მშენებლობის ნებართვის გაცემის ბრძანებასა და “საჯარო ხელოვნების ფონდის” შექმნის ბრძანებაზე ერთი და იგივე ხელმოწერაა. ეს ერთი ადამიანის ორი ხელია – ერთით ანგრევს და ანადგურებს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობასა და იერსახეს, მეორით – გვთავაზობს ხელოვნება საჯაროდ ხელმისაწვდომი გავხადოთ. ეს ფაქტი, თავისთავად, ირონიულია და ბუნებრივია, რომ გაღიზიანებას იწვევს იმ ადამიანებში, ვინც ამ ზედაპირზე მოტივტივე სიმართლეს ხედავს.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ თბილისის მერიაზე საუბრისას არანაირად არ ვგულისხმობ დაფინანსებას. პირიქით, მჯერა, რომ თბილისის მერიის ფული ჩვენი ფულია, ზუსტად ისევე, როგორც კულტურის სამინისტროსი, ზუსტად ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის თუ სხვა ნებისმიერი საჯარო ინსტიტუციის. ჩვენივე ფულით საჯარო ადგილებში თანამედროვე ხელოვნებისა და ხელოვანების პოპულარიზაციისა და ქალაქისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტის შემატების არათუ საწინააღმდეგო არ მაქვს რამე, მომწონს და საჭირო მგონია.
საჯარო ხელოვნება აცოცხლებს ქალაქს და ამიტომაცაა აუცილებელი. თუმცა, რომელ სიცოცხლეზე შეიძლება ვისაუბროთ ქალაქში, სადაც ბავშვები საჯარო, მათთვის განკუთვნილ ადგილებზე თამაშისას იღუპებიან? სადაც ოჯახები წამში რჩებიან ჭერის გარეშე? სადაც სიმწვანეს ყველა კუთხეში აბეტონებენ? სადაც გაუთავებელი და უკონტროლო მშენებლობებისგან მიწა პირს აღებს? სადაც ჰაერში ჟანგბადს გამონაბოლქვი და ცემენტის მტვერი ანაცვლებს?
სწორედ ეს კონტექსტი ქმნის აბსურდულ გარემოს და შეუძლებელია, უფრო სწორად კი, არასწორია ვისაუბროთ ხელოვნებაზე და ეს აბსურდი სრულიად დავაიგნოროთ.
არათანმიმდევრულობა ნამდვილად არის ჩვენი, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი ნაკლი. სწორედ ეს განაპირობებს ხოლმე გაორმაგებულ სტანდარტებს, რაც ჩვენში მიმდინარე უბედურებების არცთუ უმნიშვნელო მიზეზი მგონია.
სიკეთეებზე: რაც აქამდე დავწერე, ფაქტებისა და ჩემი აზრების ნაზავი იყო. გასათვალისწინებელი კიდევ ბევრი რამ არის როგორც პროექტის ავტორებისა და მონაწილეების, ასევე მისი შემფასებლების მხრიდან.
კიდევ ერთი ფაქტი ისაა, რომ თბილისში, საჯარო ადგილებში, ხელოვნება გამოჩნდა და რომ ამ ხელოვნებაზე ის ხალხიც ალაპარაკდა, ვის ყოველდღიურობაშიც ხელოვნება იშვიათად თუ იჭრება.
ეს ფაქტი მომწონს. ჩემი დიდი სურვილია, რომ მომავალში ამ ფონდის მიერ შემოთავაზებული ხელოვნება ისეთ ნამუშევრებსაც მოიცავდეს, რომელიც არა მხოლოდ “ალამაზებს” ქალაქს, არამედ მის მცხოვრებლებს მათთვის მნიშვნელოვან და ახლობელ თემებზეც ელაპარაკება.