fbpx

თბილისი – ქალაქი ქვაბულში: ინტერვიუ ანა ჩორგოლაშვილთან


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

 

 „…თბილისი აშენებულია ქვაბულში, სადაც მიწა მთებით არის გარშემორტყმული. ამ უნიკალურმა მდებარეობამ განსაზღვრა ქალაქის ბედი და შექმნა მისი ისტორია…“ ეს ფრაგმენტია პუბლიკაციიდან „ქვაბული: თბილისის რუკა“, რომლის მომზადებითა და გამოცემით თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ თბილისის  ურბანული ქსოვილისა თუ პეიზაჟის, გეოლოგიური, გეოგრაფიული თუ ისტორიული კონტექსტების ფუნდამენტურ კვლევას იწყებს. 

ამ კომპლექსური და რამდენიმეწლიანი კვლევის შედეგები კი საბოლოოდ თბილისის ქალაქგამოსახულების მომავალი მუზეუმის მუდმივ კოლექციაში დაიდებს ბინას. პროექტის ავტორთა თქმით,  ეს იქნება საჯარო პლატფორმა, ანუ შეხვედრის ადგილი ყველასათვის – ამ სფეროთი დაინტერესებული სპეციალისტების, თბილისის სტუმრებისა თუ ფართო საზოგადოებისთვის, ინტერაქციული ციფრული კარტოგრაფიითა და ბიბლიოთეკით თბილისის შესახებ. 

პროექტის თანაავტორს – ხელოვნებათმცოდნე ანა ჩორგოლაშვილს პეტრიაშვილის ქუჩაზე, “უბანის” ახლად გახსნილ. პატარა, გამჭვირვალე ოფისში შევხვდით:

უბანი გარაჟი. მისამართი: პეტრიაშვილის ქ. 24

 

თქვენი პროექტი კომპლექსურ კვლევაზეა დაფუძნებული. რომელი დისციპლინებისა  და კომპონენტებისაგან  შედგება ეს კვლევა.

ანა ჩორგოლაშვილი, ხელოვნებათმცოდნე: თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრ “უბანის” მთავარი ფოკუსი თბილისი, მისი ნაშენი გარემოს ისტორიის, თანამედროვეობის შესწავლა და ბუნებრივ მახასიათებლებზე დაკვირვებაა. ჩვენი პროგრამა რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, რაც გულისხმობს სემინარების, გამოფენების, კვლევითი პროექტების, საჯარო ინიციატივების ორგანიზებას, პუბლიკაციების გამოცემას, არქიტექტურული ჟურნალის მომზადებას (საქართველოსა და კავკასიის რეგიონის სამშენებლო პრაქტიკის, მასალების, თეორიული შრომების და პოლიტიკურ-ეკონომიკური კონტექსტების შესახებ), მოდელების სახელოსნოს ჩამოყალიბებას და ციფრული კარტოგრაფიის შექმნას. 

ჩვენი მიზანია თავი მოვუყაროთ თბილისის არქიტექტურული და ურბანული გარემოს შესახებ არსებულ ცოდნას და ასევე, განვახორციელოთ ახალი კვლევები, ხელი შევუწყოთ ცოდნის  ხელმისაწვდომობას და გაღრმავებას. კვლევის მეთოდოლოგია  მოიაზრებს ქალაქის წარსულის კვლევას არქიტექტურული ისტორიული ანგარიშების, რუკების და საარქივო მასალების გამოყენებით. ამ მონაცემების სხვადასხვა მედიუმთან დაკავშირება და ქალაქის არა მხოლოდ ფაქტობრივი, არამედ მხატვრული – შემოქმედებითი, უფრო პოეტური აღწერაც კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც ქალაქის და კონკრეტული ადგილის სულთან უფრო მჭიდროდ გვაკავშირებს. მულტიდისციპლინული ხასიათის კვლევა ხორციელდება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით. ეს უკანასკნელი  გულისხმობს საჯარო ლექციების, სემინარების, გამოფენების მოწყობას და სხვა. აღნიშნული მეთოდოლოგიის მიზანია ამომწურავად აღწეროს და დააფიქსიროს მრავალგანზომილებიანი ქალაქის სახე. 

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ჩვენთვის ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუდენტების მონაწილეობის და ჩართულობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამ მიმართულებით უკვე დაგეგმილია სემინარი ვენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TU Wien) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორების მონაწილეობით. 

ჩვენ ასევე გამოვაცხადეთ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ციფრული კარტოგრაფიის პროექტისთვის. ამ მიზნით გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა საჯარო პროგრამის ორგანიზებას, ჩვენს სივრცეში ვუმასპინძლებთ  საგანმანათლებლო / შემეცნებით ღონისძიებებს, მოვაწყობთ სხვადასხვა ხასიათის და ფორმატის შეკრებას, იმისათვის, რომ შეიქმნას ადგილი მიძღვნილი ქალაქის არქიტექტურის, მის ისტორიის და თანამედროვეობისადმი. სწორედ აქ გვინდა, რომ  გაერთიანდეს და გაძლიერდეს ქალაქით დაინტერესებული თემი, რომელიც შეისწავლის და შესაბამისად, იზრუნებს თბილისზე – პროფესიული, სოციალური, ნაციონალური თუ სხვა მიკუთვნებულობის მიღმა. 

“უბანის” პროგრამა 2024 და 2025 წლებისთვის დასათაურებულია როგორც “ქვები” და “წყლები”, რაც პირველ შემთხვევაში ქალაქის ლანდშაფტზე, ხოლო მეორე შემთხვევაში მის წყლის აუზებსა და რესურსებზე დაკვირვებას გულისხმობს. კვლევითი მიმართულების პირველი მნიშვნელოვანი პროექტია  ვ. ცინცაძის წიგნის, “თბილისი ძველი ქალაქის ხუროთმოძღვრება და XIX საუკუნის პირველი ნახევრის საცხოვრებელი სახლები” – მისი თარგმნა ინგლისურად და ახალ გამოცემაში თანამედროვე კვლევების ინტეგრაცია, ე.წ. ანთოლოგიური გამოცემის მომზადება. 

 

ზოგადად კარტოგრაფიისა და ციფრული კარტოგრაფიის როლი თქვენს პროექტში.

ანა ჩორგოლაშვილი, ხელოვნებათმცოდნე: კარტოგრაფია ჩვენს პროექტში ნაწილია ე.წ. ქალაქისგამოსახულების კვლევის პროცესის –  cityscaping, რომელიც ასევე მოიაზრებს  არქიტექტურული მოდელების სახელოსნოს ჩამოყალიბებას და საგანგებო პროექტების განხორციელებას. 

კარტოგრაფია თბილისის ურბანული გარემოს ვიზუალურ კვლევას გულისხმობს, რომელიც ეფუძნება რუკას (რუკებს), როგორც ანალიტიკური გამოკვლევის საშუალებას. ექსპერიმენტების წარმოება მასშტაბთან, ხედვის წერტილებთან და რეპრეზენტაციის ფორმებთან კონკრეტული ტერიტორიის აღქმის ახალ პერსპექტივას ბადებს, სადაც განსხვავებული ინტერპრეტაციები იქმნება.

აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთი საგულისხმო პროექტია RUKA maps. ეს არის ონლაინ პლატფორმა, სადაც თავმოყრილია თბილისის სხვადასხვა დროის რუკა, რომელიც ფართო საზოგადოებას აძლევს ქალაქის ისტორიის კვლევის საშუალებას. ამასთანავე, აქვე დატანილია ქალაქის ოფიციალური და ალტერნატიული კულტურული მემკვიდრეობის აღმნიშვნელი შენობები, მათი მოდელები და აღწერები. 

“უბანის” განხორციელებული პროექტებიდან უნდა აღინიშნოს  პუბლიკაცია ,,ქვაბული – თბილისის რუკა”, რომელიც ტოპოგრაფიული ფენომენის და ლაკონიური schwarzplan-ის სინთეზია, სადაც აქცენტი  ურბანული ფორმების ქალაქის ლანდშაფტთან გადაკვეთის წერტილებზე არის დასმული.  

პუბლიკაცია ,,ქვაბული თბილისის რუკა”, 2023

 

მოდელების სახელოსნოს ჩამოყალიბება რას გულისხმობს? 

ანა ჩორგოლაშვილი, ხელოვნებათმცოდნე: მოდელების სახელოსნოს ჩამოყალიბებაში იგულისხმება ფიზიკური ადგილის შექმნა, სადაც დამზადდება ქალაქის რელიეფის, მისი ბუნებრივი და ნაშენი გარემოს მოდელები, რომელიც სამომავლოდ ქალაქგამოსახულების მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილი გახდება. 

ვახტანგ ცინცაძის „თბილისის“ როლი და ადგილი  თქვენს პროექტში და აქვე ქალაქგამოსახულების მომავალი მუზეუმისა და მისი ადგილმდებარეობის შესახებ.

ანა ჩორგოლაშვილი, ხელოვნებათმცოდნე: როგორც უკვე აღვნიშნეთ, “უბანია”   კვლევითი მიმართულების პირველი პროექტია ვ. ცინცაძის წიგნის, “თბილისი – ძველი ქალაქის ხუროთმოძღვრება და XIX საუკუნის პირველი ნახევრის საცხოვრებებლი სახლები” – მისი თარგმნა ინგლისურად და ახალი გამოცემის მომზადება, სადაც  ორიგინალ ტექსტთან ერთად დაიბეჭდება ახალი კვლევები გამდიდრებული თანამედროვე ვიზუალური მასალით. ამასთანავე, გვინდა   საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ ვახტანგ ცინცაძის ფიგურა და ვისაუბროთ გ. ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის როლის და მნიშვნელობის შესახებ. 

კვლევითი ცენტრ “უბანის” რამდენიმე წლის თეორიული და პრაქტიკული მუშაობის შემდეგ და შედეგად იგეგმება თბილისის ქალაქგამოსახულების მუზეუმის დაფუძნება, სადაც გაერთიანდება ჩვენი კვლევის შედეგები: თეორიული ნაშრომები, ფიზიკური ობიექტები და სხვა. სავარაუდოდ, მუზეუმი  ვახტანგ ცინცაძის ყოფილი სახლის (ს. ზალდასტანიშვილის ქუჩა) პირველ სართულზე დაიდებს ბინას. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.