fbpx

მარტის ლიტერატურული კალენდარი


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

მარტს, გარდა იმისა, რომ გაზაფხულის პირველი თვეა, ლიტერატურულ სამყაროშიც უჭირავს გამორჩეული ადგილი. ამ თვეში ძალიან ბევრი ისეთი გამოჩენილი ავტორი დაიბადა, რომლებმაც სხვადასხვა დროს ჩვენი ცხოვრება შეცვალეს და მკითხველის გულში მარადიული ადგილი დაიმკვიდრეს. რასაკვირველია, თითოეულ მათგანსა თუ მათ რომანებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ გადავწყვიტეთ, სტატიისთვის კალენდრის სახე მიგვეცა და იმ რამდენიმე მწერალზე გაგვემახვილებინა ყურადღება, რომლებიც გვახსოვს და არასოდეს გვავიწყდება.

 

  • 1 მარტი – რალფ ელისონი 

ამერიკული ლიტერატურული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია რალფ ელისონი, რომელიც 1913 წლის პირველ მარტს ოკლაჰომაში დაიბადა. რალფ ელისონმა მკითხველის გულები ცნობილი „უჩინარი კაცით“ დაიპყრო. ნაწარმოების მთავარი გმირი უსახელო მთხრობელია, რომელიც უამრავი პრობლემითა და ტკივილით სავსე ისტორიას გვიამბობს, – როგორ იზრდებოდა შავკანიან საზოგადოებაში, როგორ გარიცხეს კოლეჯიდან და სხვა. რალფ ელისონი გარდა მხატვრული ნაწარმოებებისა, ცნობილია ესეების კრებულით „ჩრდილი და აქტი“. კრებული ძალიან საინტერესო ესეებს აერთიანებს  სოციალურ და პოლიტიკურ თემასთან მიმართებით. 

 

  • 6 მარტი – გაბრიელ გარსია მარკესი

მხოლოდ სამხრეთ ამერიკული კი არა, მსოფლიო ლიტერატურის წარმოდგენაა შეუძლებელი კოლუმბიელი გენიოსის, გაბრიელ გარსია მარკესის გარეშე. გაბო 1927 წლის 6 მარტს არაკატაკაში დაიბადა. მისი შემოქმედებიდან ერთი კონკრეტული რომანის გამოყოფა ძალიან ძნელია, მარკესი არ წარმოადგენს იმ კატეგორიის ავტორებს, რომლებსაც ერთი წიგნის მწერლის ბედი ერგოთ. ქართველმა მკითხველმა შესანიშნავი თარგმანების წყალობით, ბრწყინვალედ იცის გარსია მარკესის შემოქმედება, იქნება ეს „მარტოობის 100 წელიწადი“, „პოლკოვნიკს არავინ სწერს“, „პატრიარქის შემოდგომა“ , „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ თუ სხვა. 

 

  • 12 მარტი – ჯეკ კერუაკი

ბიტნიკების თაობის უმთავრესი კაცი ამერიკელი მწერალი ჯეკ კერუაკი გახლავთ. მწერალმა სიცოცხლეშივე შეძლო პოპულარობის მოპოვება და დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამერიკელ ავტორად მიიჩნევა. კერუაკის შემოქმედება სიცოცხლის არსის ძიებას ეძღვნება. „დჰარმის მაწანწალები“  და „გზა“ კი უდავოდ არეკვლაა ბიტნიკური სულისა. ნარკოტიკები, მოხეტიალე ცხოვრება და 1960-იანი წლების კონტრკულტურა ხელისგულზე გადაეშლება მკითხველს და სწორედ ამ სიცხადის გამოა, რომ კერუაკის რომანები დღესაც არ კარგავს აქტუალობას. 

 

  • 18 მარტი – ჯონ აპდაიკი 

რიგითი საშუალო კლასის ამერიკელების ცხოვრებაზე, მათ მისწრაფებებსა და პრობლემებზე თუ დაგაინტერესებთ, ამ შესანიშნავი მწერლის რომანებს უნდა ესტუმროთ. ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი ჯონ აპდაიკია. მან მალევე შეძლო, რომ თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მწერალი გამხდარიყო. აპდაიკს სხვა ავტორთაგან მისთვის მკვეთრად დამახასიათებელი პროზაული სტილი გამოარჩევს. როგორც თავად იტყოდა: „ეს არის ამქვეყნიური სამყაროსადმი დამსახურებული სილამაზის მინიჭების მცდელობა.“ ქართველი მკითხველი აპდაიკს ძირითადად რომანებით იცნობს, მაგრამ მწერალს არაერთი ლექსი და მოთხრობაც დაუწერია. ის ერთ-ერთია იმ ოთხ ავტორს შორის, რომლებიც ისეთი დიდი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატები გახდნენ ერთზე მეტჯერ, როგორიცაა პულიცერის პრემია. აპდაიკი პოპულარულია რომანების ციკლით „ბაჭიათა სერია“ და ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებებით, როგორებიცაა „ბრაზილია“ და „ისთვიქელი ალქაჯები“.

 

  • 19 მარტი – ფილიპ როთი

 

ფილიპ მილტონ როთი ამერიკელი რომანისტი და მოთხრობების ავტორია. ებრაელ-ამერიკელთა ცხოვრების იუმორისტული აღწერა როთის შემოქმედების მთავარი შტრიხია. სწორედ ამ ხაზის გაგრძელებად გვევლინება მისი ცნობილი რომანი „პორტნოის სინდრომი“, რომელშიც ახალგაზრდა ებრაელი მამაკაცის იუმორისტული და ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისია გადმოცემული. ფილიპ როთი იმ მწერალთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებსაც მრავალი მკვეთრად მათთვის სახასიათო შტრიხი აქვთ, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი მაინც რეალობასა და ფანტაზიას შორის საზღვრის წაშლაა, რითაც როთი ბორხესიანული ლიტერატურის შვილადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. 

 

  • 20 მარტი – ოვიდიუსი და იბსენი

მარტის ლიტერატურული კალენდრის გამოკვეთილი დღეა 20 მარტი, ოვიდიუსისა და იბსენის დაბადებათა თარიღი. ერთი უდიდესი რომაელი პოეტია, რომელიც ძვ.წ მოღვაწეობდა და ლექსებს სიყვარულზე, მითოლოგიურ მეტამორფოზებსა და მიტოვებულ, მარტოსულ ქალებზე წერდა, ხოლო მეორე კი ნორვეგიელი დრამატურგი, რომელიც თავისი ქვეყნის ლიტერატურულ სიაში ყველაზე მუქი ასოებით ჩაიწერა. ქართველ მკითხველს ორივეს შესახებ კარგად სმენია, წაუკითხავს ოვიდიუსის „მეტამორფოზები“ და უგრძნია ჰენრიკ იბსენის ენა და როგორც ანტიკური ხანის ლიტერატურა არ არსებობს ოვიდიუსის გარეშე, სწორედ ისეა XIX საუკუნის დრამატურგიისა და მთლიანად ლიტერატურის წარმოდგენა შეუძლებელი ჰენრიკ იბსენის უკვდავი პიესებისგან დამოუკიდებლად. 

 

  • 25 მარტი – ფლენერი ო კონორი


ამ ღიმილიანი სახის მიღმა უსასტიკესი პროზა იმალება. ფლენერი ო’კონორი ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესოა და მთელ XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში ერთ-ერთი გამორჩეული. ფლენერი 1925 წელს დაიბადა. მთელი მისი ლიტერატურული სამყარო დიდ უილიამ ფოლკნერს მოგვაგონებს და გამონაკლისი ქართულ ენაზე ბრწყინვალედ ნათარგმნი მოთხრობების კრებულიც არ გახლავთ. „კარგი კაცი სანთლით საძებარია“ ავტორის რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს და ადამიანების დაუოკებელ სურვილებზე, შავ-ბნელ განზრახვებსა და სისასტიკეზე გვიამბობს. ეს სისასტიკე კი იმდენად დიდია, რომ ისინი ყველაფერს ივიწყებენ, ჰუმანიზმს ემშვიდობებიან და უსაზღვრო სისასტიკეში აგრძელებენ ცხოვრებას. 

 

  • 26 მარტი – რობერტ ფროსტი და ტენესი უილიამსი

გრძელი ვერ გამოვა იმ ადამიანთა სია, რომლებიც პულიცერის პრემიის ლაურეატნი ოთხჯერ იყვნენ. ასეთი კაცია რობერტ ფროსტი, ამერიკელი პოეტი და მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთი ცენტრალური რგოლი. დიდ ბრიტანეთში ცხოვრებისას ეზრა პაუნდი გაიცნო, რომელმაც ფროსტის გენიალობა უმალ ამოიცნო და დაეხმარა პოეტს შემოქმედების პოპულარიზაციაში. პირველი მსოფლიო ომის კვალდაკვალ ფროსტი აშშ-ში დაბრუნდა და ფერმა შეისყიდა. ძალიან პოპულარული კაცი იყო, ჯონ კენედის ინაუგურაციაზეც უთქვამს სიტყვა, მისი ვარსკვლავი არასოდეს ჩამქრალა და მსოფლიო პოეზიის სპექტრში დღესაც კაშკაშებს.

თომას ლაინერ უილიამსია ტენესი უილიამსის ნამდვილი სახელი და გვარი. 1948 წელს გამოსული „ტრამვაი სახელად სურვილი“ ერთ-ერთი მთავარი სიტყვაა ლიტერატურაში. ტენესიმ 1955 წელს პულიცერის ჯილდო მიიღო და თუ კრიტიკოსებს დავუჯერებთ, მისი ნაწარმოებები სამხრეთის გოტიკური სტილის წარმოჩენის მცდელობაა და თან საკმაოდ წარმატებულიც. 

 

  • 28 მარტი – მარიო ვარგას ლიოსა

მარიო ვარგას ლიოსა თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. ის 1936 წელს დაიბადა და მსოფლიო ლიტერატურულ ასპარეზზე თავი არაერთი ესეისა და რომანის გამოქვეყნებით დაიმკვიდრა. ლიოსას ცხოვრება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, გარდა მისი სამწერლო კარიერისა, მან საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყარა კენჭი, თუმცა დამარცხდა. მწერალმა არაერთხელ შეიცვალა პოლიტიკური მსოფლმხედველობა და ბოლოს ლიბერალიზმის ერთ-ერთ მთავარ დამცველად იქცა. ქართველი მკითხველი მას არაერთი რომანით იცნობს, იქნება ეს „საუბარი კათედრალში“, „ვაცის ნადიმი“, „ქალაქი და ძაღლები“, „დეიდა ხულია“, „ცუდი გოგოს ოინები“ თუ სხვა.

 

  • 31 მარტი – ოქტავიო პასი

ოქტავიო პასზე ამბობენ, მექსიკის სული ყველაზე მეტად ამ კაცში ჩანსო. პასს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, იქნება ეს სერვანტესის პრემია, ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია თუ სულაც ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. ოქტავიო პასი მექსიკელი პოეტი და დიპლომატია. ის 1914 წელს დაიბადა და მკითხველს არაერთი პოეტური კრებულით დაამახსოვრდა. წერდა სიყვარულზე, ბუნებასა და ბუდიზმზე, მაგრამ ნებისმიერ თემას ოქტავიო პასის შემოქმედებაში თან სდევდა ის მექსიკური ქარიზმა და ვნება, რომელიც რთულად თუ შეიმჩნევა სხვა ავტორთა ნაწარმოებების კითხვისას. ოქტავიო პასის შემოქმედებას არაერთი დიდი მწერლის შემოქმედებაზე მოუხდენია გავლენა და ერთ-ერთი მათგანი „არტემიო კრუსის სიკვდილის“ ავტორი, კარლოს ფუენტესი გახლავთ. 

დიდი ავტორების დაბადების დღეებით დახუნძლულია გაზაფხულის პირველი თვე. ამ მწერალთა გარეშე ლიტერატურაზე მსჯელობა წარმოუდგენელია, მათი თითოეული ნამუშევრის წაკითხვა კი ყველანაირი გემოვნების მკითხველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს და ამოგზაურებს იმ საოცარ სამყაროში, რომელთა აღმოჩენაც მხოლოდ ლიტერატურის მოყვარულთ შეუძლიათ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.