fbpx

გავიხსენოთ ფილმები გაზაფხულის შესახებ


გააზიარე სტატია

ავტორი:  ნინკა მამულაშვილი

 

ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ, გაზაფხულის პირველი სითბოს შემოპარვა ჩვენს განწყობაზეც აისახება. ბუნებასთან ერთად, თითქოს გარშემო ყველაფერი იღვიძებს. გაზაფხული ხომ იმედის, ცვლილებების და განახლების სიმბოლოა. 

სხვა სეზონებისგან განსხვავებით, გაზაფხულის თემატიკა ნაკლებად გვხვდება ფილმებში, თუმცა სიუჟეტში უამრავი ასპექტი შეგვიძლია გამოვყოთ, რომელიც გარდა აშკარა მახასიათებლებისა, მაგალითად: ყვავილები, მუსიკა, პიკნიკები, ღია ცის ქვეშ წვეულებები, ასევე სიმბოლური და მეტაფორული მნიშვნელობით უკავშირდება საგაზაფხულო განწყობას, კერძოდ, ტრანსფორმაცია და პერსონაჟის პიროვნული განვითარება. 

„გაზაფხული იყო და ნუშიც აყვავდა ჩვენს დროს. კარგი იყო ნუში…“  -ზურა ყიფშიძე

ლანა ღოღობერიძის ცნობილ ფილმში გაზაფხული სახელწოდებაშივე მოიაზრება. ერთ-ერთ ეპიზოდში ლიკა ქავჟარაძე აყვავებული ნუშის რტოთიც კი მისეირნობს. როგორც თავად რეჟისორმა აღნიშნა, „სწორედ აქედან წარმოიშვა აზრი, რომ ეს ამბავი სწორედ ნუშის ყვავილობისას ხდება“ და შესაბამისად, ფილმის სათაურის შთაგონებად იქცა. „როცა აყვავდა ნუში“ 1972 წელს გამოვიდა და ის მაშინდელი ახალგაზრდობის სახეს და ამავდროულად, შეძლებული და გავლენიანი მშობლების შვილებისადმი დამოკიდებულებას ასახავს. ამ ყველაფერს კი ფონად გია ყანჩელის დაუვიწყარი მუსიკა ახლავს თან, რომელიც ფილმიდან გადმოცემულ ემოციას კიდევ უფრო ამძაფრებს. აღსანიშნავია, რომ სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. 

 

ფრანგი რეჟისორი – ერიკ რომერი ფრანგული საზოგადოების ეთნოლოგად შეიძლება მივიჩნიოთ. „გაზაფხულის ზღაპარი“ „წელიწადის დრონის“ პირველი სერიაა. სწორედ ამ ფილმის წარმატებამ გადააწყვეტინა რომერს ეს  სერიები გადაეღო. ფილმი ფილოსოფიის მასწავლებლისა და პიანისტის მზარდი და მოულოდნელი მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც შემდეგ სასიყვარულო სამკუთხედში გადაიზრდება. რეჟისორის დახვეწილ ვიზუალურ თხრობას, პარიზულ გარემოს და პერსონაჟების სიკაშკაშეს, მათი ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილები, იდეები და ტემპერამენტი უპირისპირდება, რაც საინტერესო კონტრასტს და კომპლექსურ ისტორიას ქმნის. 

სამხრეთკორეელი რეჟისორის, კიმ კი დუკის 2003 წლის შედევრი „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და ისევ გაზაფხული“ ბუდისტი ბერის ისტორიაა, რომელიც საკუთარი ცხოვრების „სეზონებს“ ბავშვობიდან სიბერემდე გადის. ფილმი სათაურიდან გამომდინარე, ხუთ სეგმენტად არის დაყოფილი, რომელთაგანაც თითოეული ახალბედა ბერისა და მისი უფროსი მასწავლებლის ცხოვრების ეტაპებს ასახავს. სიუჟეტი ერთი შეხედვით მარტივად ვითარდება, თუმცა პერსონაჟების ქმედებების შედეგები ბუდისტური სიმბოლოებითა და იკონოგრაფიით არის დახუნძლული. სამსარა ბუდიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, რომელიც სიცოცხლის, სიკვდილისა და ხელახლად დაბადების ციკლს აღნიშნავს. კიმ კი დუკის ფილმში ამის არაერთი მაგალითი გხვდება. სეზონების ტრანსფორმაცია და კვლავ გაზაფხულის დადგომა ერთგვარი მეტაფორაა იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ ბუდისტები ადამიანის ცხოვრების ციკლს. 

ცნობილი გერმანელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი პინა ბაუში 2009 წელს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, სწორედ მაშინ, როდესაც თავის მეგობართან, ვიმ ვენდერსთან საკუთარი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ფილმზე უნდა ეთანამშრომლა. ვენდერსმა პროექტზე მუშაობა განაგრძო და მოცეკვავეების ბაუშთან მუშაობის მოგონებებითა და მისი ძირითადი პერფორმანსებიდან ნაწყვეტებით, რეჟისორმა მათ 20-წლიან მეგობრობას დოკუმენტური ფილმით მიაგო პატივი, რომელიც 3D ტექნოლოგიით არის გაკეთებული. როგორც თავად ვენდერსი იხსენებს, მან ბაუშს კოლაბორაციის შესახებ მას შემდეგ მიმართა, როდესაც „კაფე მიულერში“ მისი პერფორმანსი იხილა, რომელმაც ცრემლებამდე მიიყვანა. ბაუშის თანხმობის მიუხედავად, ვენდერსს 20 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ფილმი სისრულეში მოეყვანა. შედეგად მივიღეთ ნამუშევარი, რომელიც ცეკვის მეშვეობით ისეთ  მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ კონცეფციებს მოიცავს, როგორიც არის სიყვარული, სიცოცხლე, დანაკარგი და საბოლოოდ, ორი დიდი ხელოვანის კრეატიული ტანდემი. 

რაც შეეხება ფილმის კავშირს გაზაფხულთან, ბაუშის ძირითად შემოქმედებებზე აქცენტით, ის მოცეკვავის მიერ დადგმულ „კურთხეულ გაზაფხულსაც“ ეხმაურება. ცნობილი კომპოზიტორის, იგორ სტრავინსკის ორმოქმედებიან ბალეტში, რომელიც მან მხატვარ ნიკოლაი რერიხთან ერთად შეადგინა, რჩეულ ქალიშვილს მსხვერპლად სწირავენ კერპს, რათა ზამთარი დასრულდეს და ბუნება გამოცოცხლდეს. 

ჯეინ ოსტინის წიგნების ეკრანიზაციები, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გარკვეულწილად, წარმატებული პრაქტიკაა ჰოლივუდში. მწერლის ცნობილი ნაწარმოების, „ემას“ არაერთი ვარიაცია გვინახავს, მათ შორის – თანამედროვეც. 2020 წლის ადაპტაციაში მთავარ როლს ანია ტეილორ ჯოი ასრულებს, რომელსაც მაყურებელი „ლაზიერის გამბიტიდან“ იცნობს. ფილმი ორიგინალურობითა და ავთენტურობით გამოირჩევა, რომელმაც როგორც ოსტინის თავდადებული თაყვანისმცემლების, ასევე ახალბედების გულიც მოიგო. 20 წლის გათამამებული და პრივილეგირებული ემა დის დაოჯახების შემდეგ გადაწყვეტს, რომ მაჭანკლობის ნიჭი აქვს, რასაც ბუნებრივია, უამრავი გაუგებრობა და ქაოსი მოჰყვება. ეს ყველაფერი კი ინგლისის ულამაზესი პეიზაჟების, ყვავილების და ანტონიო ვივალდის მუსიკის ფონზე ხდება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.