fbpx

Weseeitems – კონცეპტუალური მაღაზია, რომელიც თანამედროვე ქართულ ხელოვნებაზეა ორიენტირებული


გააზიარე სტატია

მაღაზიისა და გალერეის, WeeSeeItems-ის მიზანია, იყოს თბილისის ხელოვნების გული არა მხოლოდ კონცეპტუალურად, არამედ ფიზიკურადაც, რადგან ახალი სივრცე სოლოლაკში, აბო თბილელის 6 ნომერში გაიხსნა. თუმცა თავდაპირველი ჩანაფიქრი საჩუქრების ჩანაცვლების იდეით დაიწყო. ჩვეულებრივი, მიღებული საჩუქრების ჩანაცვლება ხელოვნების ნიმუშებით, რომლებიც შექმნილი იქნებოდა ქართველი ხელოვანების მიერ ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომ ფასად. 

 2022 წელს, სექტემბერში, Weseeitems-ის კონცეპტუალური მაღაზია პირველად გამოჩნდა თბილისში. მაღაზია მყიდველებს სთავაზობდა ნივთებს, რომელთა 85% საქართველოში, ქართველი ხელოვანების მიერ იყო დამზადებული. დამფუძნებლების – ლიკა გოროზიასა და არი კოროტოვსკიხის გაერთიანებამ  კურატორ კატი არსენიშვილთან გამოიწვია სივრცის გაზრდა  და მაღაზიას გალერეაც დაემატა. 

გალერეა  კომერციულია და ორიენტირებულია თანამედროვე ქართულ ხელოვნებაზე. “ნამუშევრები ყოველთვის უნდა ბადებდნენ კითხვებს და ეხმიანებოდნენ დღევანდელ რეალობას.” გამოფენები გამოირჩევა იმით, რომ სტუმრებს შეუძლიათ იხილონ სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა დროში შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც სინთეზში არიან ერთმანეთთან, რაც მათ შერჩევასა და შეძენას ამარტივებს.  Weseeitems-ის გალერეა ყოველთვის ღიაა  დამწყები ქართველი ხელოვანებისთვისაც, რადგან სივრცის მთავარი მიზანია  ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია.  

გარდა გამოფენებისა, Weseeitems სტუმრებს სთავაზობს ეგრეთწოდებულ “დრანქ ლექციებს”, გასვლით ტურებსა და ქართული კინოს ჩვენებებს. ლექციები ორ კვირაში ერთხელ ტარდება, სადაც მსმენელი თვითონვე ხდება განხილვის თემის მონაწილე და შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს დისკუსიაში. იქმნება თავისუფალი, მეგობრული გარემო, მსუბუქი ალკოჰოლისა და ხემსის თანხლებით. ხოლო ექსკურსიები იმართება ყოველ კვირაში, შაბათ დღეს.  დამთვალიერებლები ეცნობიან ძველი თბილისის არქიტექტურას და ესწრებიან სხვა გალერეების გამოფენებს. ყოველ შაბათს ტურზე დასწრების მსურველებს განსხვავებული პროგრამა ელით, რადგან ექსკურსიების მთავარი მიზანი რაც შეიძლება  მეტი ქართველი არტისტის გაცნობაა საზოგადოებისთვის.  

კურატორები გამოფენების შემდგომაც ინარჩუნებენ კომუნიკაციას არტისტებთან და ზრუნავენ მათი ნამუშევრების გავრცელებაზე. ამჟამად აქტიურად ცდილობენ გაიტანონ ქართველი ხელოვანების სახელი ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა –  ARTSY, 1STDIBS და ARTSPER 

Weseeitmes-ის სტარტაპის მიზნებია:  გარემოს შეიქმნა, სადაც ქართველი ხელოვანები შეძლებენ გაერთიანებას და საზოგადოებისათვის საკუთარი თავის გაცნობას, უცხოელებისათვის ქართული კულტურის ჩვენება, მსოფლიოს ბაზარზე ნიშის დამკვიდრება და თბილისის შუაგულში თანამედროვე სტილის შემოქმედებითი საღამოების დაბრუნება. ამჟამად დამფუძნებლები მუშაობენ პოდკასტის სერიებსა და ჩაის სესიებზე. 11 აპრილს კი მონაწილეობას მიიღებენ Tbilisi Art Fair-ის გამოფენაზე, კონცეპტუალური მაღაზიის სახით. 

https://www.instagram.com/weseeitems/

https://www.instagram.com/store.weseeitems/ 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.