თიბისი კონცეპტი X At.ge – კონცეპტ შეხვედრების ახალი სერია
ავტორი: ანი კლდიაშვილი
აპრილიდან მარჯანიშვილის 7 ნომერში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე განახლებულ კონცეპტ შეხვედრების სერიას უმასპინძლებს – გაზაფხული, როგორც დასაწყისის, გამოღვიძებისა და განახლების მეტაფორა, იდეალური პერიოდი და ახალი შესაძლებლობაა შინაგანი ცვლილებების დასაწყებად, სწორედ ამიტომ შეხვედრების პირველი სერიის საერთო თემატიკა მოტივაცია და თვითგანვითარება იქნება. კონცეპტ შეხვედრების სპიკერები, ფსიქოლოგები ნათია ფანჯიკიძე, ზურა მხეიძე და თამარ გაგოშიძე იქნებიან, რომლებიც ამ მიმართულებით დიდ გამოცდილებასა და კომპეტენციას ფლობენ.
იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე ცხოვრების წესი აჩქარებული და ხშირ შემთხვევაში ძალიან სტრესულია, თიბისი კონცეპტი მიზნად ისახავს, თავის მომხმარებლებს პიროვნული წინსვლისა და განვითარების მოტივაცია მისცეს – შინაგანი აყვავებისა და საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნის გზის გამარტივებაში დაეხმაროს და ამავდროულად, ცოდნაც გაუღრმაოს ამ მიმართულებით: ასწავლოს მეთოდები და გასცეს იმ ტიპის რეკომენდაციები, რომლებიც მათ ცხოვრებაში მიმდინარე უარყოფით მოვლენებს დადებითისაკენ შეცვლის.
თიბისი კონცეპტის დახვეწილი მულტიფუნქციური სივრცე სწორედ ის ადგილია, სადაც სტუმრებს კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში შეეძლებათ გამორჩეული სპიკერების მოსმენა – ამ შეხვედრებისგან კონცეპტის მომხმარებლები უნდა ელოდონ როგორც ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მოტივაციის ზრდის, შთაბეჭდილების მიღების ხელოვნებისა და თვითგანვითარების შესახებ, ასევე რჩევებს, რეკომენდაციებსა და მაგალითებს სპიკერების ცხოვრებისეული გამოცდილებიდან.
პირველი კონცეპტ შეხვედრა, სახელწოდებით „შთაბეჭდილების მიღების ხელოვნება“ 13 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება, სპიკერი კი ნათია ფანჯიკიძე იქნება. 18 აპრილს თამარ გაგოშიძე ჩაატარებს შეხვედრას თემაზე – „პიროვნული ზრდა, წარუმატებლობა და განვითარების მოტივაცია“ , 27 აპრილს კი ზურა მხეიძე ისაუბრებს „მოტივაციასა და თვითგანვითარებაზე“. ერთსაათიანი სალექციო/საპრეზენტაციო დროის გარდა შეხვედრების ფორმატი 30-40 წუთიან კითხვა-პასუხის რეჟიმსა და დისკუსიასაც ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს მათთვის საინტერესო საკითხების განხილვისა და მსჯელობის შესაძლებლობაც მიეცემათ.
AT.ge X თიბისი კონცეპტი გთავაზობთ სპიკერების კომენტარებს შეხვედრების სერიაზე განსახილველი საკითხების, მათი მოლოდინისა და პიროვნულ განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ:
თამარ გაგოშიძე: „შეხვედრისას განვიხილავ ინდივიდის პიროვნული ზრდის კავშირს წარუმატებლობასა და განვითარების მოტივაციასთან. დღეს, წარმატების, მიღწევების, მოგების ეპოქაში, ადამიანები ძალიან მტკივნეულად განიცდიან წარუმატებლობას, რაც აფერხებს მათ შემდგომ განვითარებას, სრულყოფას და მათ დემოტივაციას იწვევს. რატომ ხდება ასე?
პიროვნული ზრდა მხოლოდ პოზიტიურ გამოცდილებასთან არ არის დაკავშირებული. კვლევა იმისა, თუ როგორ იღებს ადამიანი წინააღმდეგობას, რა მნიშვნელობის მატარებელია მისთვის ცხოვრებაში მომხდარი უარყოფითი მოვლენები – სტრესი თუ გამოწვევები და როგორ ახერხებს ის გაუმკლავდეს წარუმატებლობას, მარცხს, უგულებელყოფას, სტრესის დაძლევის უნარებს, აძლიერებს და ადამიანს პიროვნულადაც ზრდის.
ვფიქრობ, რომ კონცეპტ შეხვედრა სტუმრებს თვითრეფლექსიაში, სტრესისა და ნეგატიური მოვლენების როლის გადაფასებაში დაეხმარება, დაეხმარება იმის გაგებაში, რომ პიროვნება კი არა, მისი დამოკიდებულება, განწყობა და შეხედულებები უნდა შეიცვალოს იმ მიზნით, რომ გაიზარდოს მოტივაცია.“
ზურა მხეიძე: „ადამიანის ბუნება მთლიანად სოციალურია – მისი ცხოვრების ხარისხი განისაზღვრება მისი სტატუსით საზოგადოებაში და ამავდროულად, მისი კმაყოფილების განცდით, რომ საჭიროა იმ ადამიანებისათვის, ვისთანაც ურთიერთობა უწევს, რომ მას აქვს ფუნქცია, არის მნიშვნელოვანი და მისაღები. საინტერესოა ამ მიზნის მისაღწევად რა უნარები და განწყობებია საჭირო.
ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა გარკვეული ქმედება, ამ ქმედების დასაწყებად – მოტივაცია. ადამიანსაც პიროვნულ დონეზე სჭირდება თვითმოტივაცია მოქმედებისთვის და მიზნის მისაღწევად. ამ გზაზე წარმოქმნილი მთავარი დაბრკოლებები კი არასწორი ურთიერთობებია როგორც გარეთ, ასევე საკუთარ თავთან. – კონცეპტ შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ.
შეხვედრების განახლებულ სერიასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი მაქვს – როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მსგავსი ტიპის შეხვედრები ბევრ ადამიანს დაეხმარა როგორც თვითმოტივაციაში, ისე განვითარებაში. ძნელად წარმოსადგენია, რომ ეს აუდიტორია გამონაკლისი იყოს.“
ნათია ფანჯიკიძე: „ქართულ სოციალურ სინამდვილეში ზოგჯერ ამპარტავნება უშლის ხელს ადამიანს მეტად განვითარდეს, ღია იყოს ახალი გამოცდილებისთვის, რადგან უჭირს დათმოს როლი, რომ „უკვე ყველაფერი იცის“; ასევე ფაქტორია დეპრესიული განწყობა, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება, რაც თრგუნავს ინტერესების გაჩენას და მითუმეტეს, ინტერესის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვას. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი გადაძლევს თუ არა დეპრესიულ ან სხვა მძიმე და ტრავმულ ეპიზოდს თავის ცხოვრებაში, კვლავ დაუბრუნდება ძველ მიზნებს და მოტივაციასაც დაიბრუნებს. ზოგჯერ და უმეტესწილად კი მიზეზი არის შთაბეჭდილების მიღების არცოდნა, შესაბამისად, სურვილების ჩამოყალიბების სირთულე, რაზეც სწორედ ამ შეხვედრაზე ვაპირებ ლაპარაკს.
რაც შეეხება მოლოდინს, მოლოდინი არასდროს მაქვს, მაქვს იმედი, რომ აუდიტორიასთან ერთიანობის განცდა შედგება და შეხვედრა არ იქნება მშრალი და უსიცოცხლო.“
მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრების სერიის პლატფორმა წელს გრძელვადიანი ფორმატით განახლდება, რის ფარგლებშიც თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა თემატიკისა და მიმართულების შესახებ გამართულ შეხვედრებს დაესწრონ, მოუსმინონ გამორჩეულ პროფესიონალებს და მათგან საინტერესო რჩევები თუ რეკომენდაციები მიიღონ.