fbpx

მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი მანიფესტები


გააზიარე სტატია

ავტორი: ტატო ჩანგელია

ინდუსტრიალიზაციის განვითარებას მალევე მოჰყვა გამოხმაურება ხელოვნებაში – შეიქმნა ახალი მიმდინარეობა, რომელიც გაფორმდა მოდერნიზმის სახელით; ის თავის მხრივ ორ ნაწილად იყოფა – მაღალი და გვიანი მოდერნიზმი. მაღალი მოდერნიზმი ნიცშეს მიერ „გამხელილი“ დასავლური საზოგადოების ერთგვარი ინტელექტუალური თვითგვემაა, დაკვირვებაა საკუთარ თავსა და გარემოზე, მოდერნისტული ხელოვნების მთავარი დამახასიათებელი ნიშანიც ყამირ მიწაზე ჭეშმარიტების პოვნაა, სამყაროს აბსოლუტური გონის ძიების პროცესია. ინდივიდი თითქოს ბურუსში გაეხვა, თუკი იქამდე ყველაფერი ნათელი და თვალსაჩინო იყო, ახლა უკვე გარდაიქმნა კითხვის ნიშნებით დატვირთულ საგნად. ხოლო, სადაც მოდერნიზმმა უარი თქვა სარწმუნოების სივრცეში დაბრუნების შესაძლებლობაზე და ამ იდეის მხატვრულ რეალიზაციაზე, სწორედ აქ დაიწყო ავანგარდი – ესე იგი, გვიანი მოდერნიზმი, თუმცა ის თავის მხრივ უარს არ ამბობს რეპრეზენტაციის იდეაზე. ავანგარდი განადიდებს ძალმოსილი – ანუ მატერიალური – არტისტული მედიის გამარჯვებას უძლურ, ნულოვან მედიუმზე „სულისა“, მედიუმზე, რომელსაც ეს მედია მეტისმეტად დიდხანს ექვემდებარებოდა. შესაბამისად, ძველი ხატების მსხვრევის პროცესი უიგივდება ახალი ხატების წარმოქმნის პროცესს – ამ შემთხვევაში მატერიალიზმის ხატებისა. 

სწორედ ასე, ხელოვნებაში გაჩნდა მანიფესტის ტიპის ტექსტები, ესე იგი, გაჩნდა ახალი ჟანრი ლიტერატურაში, რომლითაც სავსეა მეოცე საუკუნის ხელოვნება, და რომელიც დღემდე განაგრძობს არსებობას.

საუკუნეების განმავლობაში ხელოვანისთვის თუკი რეპრეზენტაციის ერთადერთი საშუალება საკუთარი ხელოვნება იყო, მოდერნიზმიდან კალაპოტი იცვლება, სამყაროს ცვალებადობა ცვლის მიმართებას – ხელოვანების ნამუშევარი აღარ არის საკმარისი, ის აბსტრაჰირდება და საჭიროებს გარკვეული სახის განმარტებას, ესე იგი, ჩნდება კონცეფციის ცნება, რაც დღემდე თანამედროვე ხელოვნების განუყოფელი ნაწილია – ჩვენ მივდივართ გამოფენაზე, რომლის შინაარსიც კონცეფციის გაცნობის გარეშე მოუხელთებელია. ამ კონტექსტით ჩნდება ხელოვნების ისტორიაში მანიფესტის ფენომენი.

ხელოვნება გარკვეული სახის უკმარობასა და შევსებას საჭიროებს, ხელოვანები კი იწყებენ ახსნა განმარტებას.

მოდერნიზმმა არა მხოლოდ ინოვაციები და ტექნოკრატიული განვითარება მოიტანა, ასევე შეცვალა ხელოვანის პერსონა და მისი აღქმა სამყაროზე.

მეოცე საუკუნის დამდეგს, ლამის ყოველ კვირა ახალი სახელოვნებო მიმართულებები იქმნებოდა, იდეოლოგიური კონფლიქტები, ახალი იდეების დაბადება, რამდენიმე ხელოვანი მოიყრიდა თავს, წარადგენდა საკუთარ პროგრამას მანიფესტის სახით და ახალი მიმდინარეობაც დაბადებული იყო – ასე შეიქმნა დადაიზმი, სიურრეალიზმი, კუბიზმი, კონცეპტუალიზმი, კუბო-ფუტურიზმი და სხვა პოპულარული ჟანრები. მანიფესტით კი სახელოვნებო ჯგუფები გამოხატავდნენ საკუთარი მოძრაობის ზრახვებს, მოტივებსა და შეხედულებებს. მანიფესტი ავანგარდული მოძრაობების სტანდარტული მახასიათებელია.

საინტერესოა თავად მანიფესტის პოეტიკური სპეციფიკურობა, ის აუცილებლად გამოირჩევა გარკვეული დიდაქტიკურობით, ის ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მკაცრი და რადიკალურია, თავისთავად წარადგენს მოძრაობის წამყვან იდეებს, თუმცა ეს განცხადებები მიზნად ისახავს არა მხოლოდ სტილისტური დარწმუნების გამოხატვას, არამედ გამოხატვის თავისუფლებისა და ემანსიპაციის სოციალურ და პოლიტიკურ სწრაფვას. შუა საუკუნეებისა და რენესანსის პერიოდში დაწყებული პროცესი – ხელოვნების დახსნა რელიგიური ეთიკისგან – გარკვეულ ნიშნულამდე მიდის – ერთი მხრივ, ხელოვნება სრულებით თავისუფლდება რელიგიურობისგან, მეორე მხრივ კი, ის ოფიციალურად ფორმირდება აპარატად, რომლის დეპოლიტიზაციაც შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ხელოვნება კი არ მიდის პოლიტიკის იდეის წინააღმდეგ, არამედ მისი საუბარი ავტონომიურობაზეც კი საკუთარი სოციალური გავლენიდან გამომდინარეობს, ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ავანგარდულ ხელოვნებაში, განსაკუთრებით საბჭოთა ავანგარდში – პირველი პერიოდის საბჭოთა კავშირში ხელოვანებს გარკვეული სახის პრივილეგია და ძალაუფლება ეპყრათ ხელთ, ბევრი მნიშვნელოვანი მოაზროვნის აზრით, ავანგარდის აკრძალვა სწორედ მათი სწრაფვიდან გამომდინარეობს – ზღვრის წაშლა საზოგადოებრივ ცხოვრებას, პოლიტიკასა და ხელოვნებას შორის, რაც მმართველი გუნდისთვის, საკუთრივ კი სტალინისთვის, საშიშროებას წარმოადგენდა.

გარდა ამისა, გასახსენებელია ფუტურიზმი, ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც ფაქტობრივად ტოტალიტარული რეჟიმების წინასიტყვაობა იყო.

მეოცე საუკუნის განმავლობაში გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი მანიფესტების მთელი რიგი და ზოგიერთი მათგანი დღემდე გავლენიანია, ამ  სტატიაში სწორედ სახელოვნებო მანიფესტებს გავიხსენებთ.

საუბარი, რასაკვირველია, უნდა დავიწყოთ გასული საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი მანიფესტიდან – ფუტურისტული მანიფესტი.

დიდი გერმანელი მწერალი თომას მანი სადღაც ამბობს, რომ მსოფლიო ომები ხელოვანებმა, ინტელექტუალებმა გამოიძახეს – მოითხოვეს. მანის ეს გამოთქმა არ არის უადგილო, 1910 წელს ჩაქუჩით შეიარაღებული იტალიელი მხატვრის, ტომასო მანიფესტის მიერ წარმოთქმული მანიფესტი ომის აუცილებლობას ქადაგებდა.

რეალისტური ხელოვნების უარყოფის საფუძველზე შექმნილი ფუტურიზმი მიზნად ისახავდა არა გარემომცველი სინამდვილის ასახვასა და შეცნობას, არამედ ახალი რეალობის შექმნას, ამგვარად ხელოვანების მზერა რადიკალური გახლდათ, ფუტურიზმის პირველი და მეორე მანიფესტი განადიდებს მოძრაობასა და სიჩქარეს, გამოირჩევა საფრთხისა და ამბოხის სიყვარულით, ომი კი მიჩნეულია სამყაროს დასუფთავების საშუალებად.

ფუტურიზმის მანიფესტი პოეზიაში მოითხოვდა სიტყვათა თავისუფლებას, განცდისა და გამოხატვის თანადროულობას, პუნქტუაციის რღვევას, სინტაქსის უარყოფას.

ფუტურისტული მანიფესტი მალევე მოედება მთელ ევროპას, ის ჩააღწევს რუსეთშიც, სადაც დიდ პოპულარობას მოიპოვებს და სრულიად განსხვავებულ სახეს მიიღებს, ვიდრე ეს მარინეტის ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა უარყოფა წარსულის აქაც მთავარი მოტივია. ჩამოყალიბდება პეტერბურგის და მოსკოვის ავანგარდული სკოლები. მათ შორის ყველაზე მძლავრი კუბო-ფუტურისტული მიმდინარეობაა, რომლის წევრებიც ხდებიან ვლადიმერ მაიაკოვსკი, დავიდ ბერიუკი, ალექსეი კრუჩონიხი, ველიმირ ხლებნიკოვი, ბენედიქტ ლიცშიცი და სხვ. 1912 წელს ისინი გამოსცემენ პოეტურ კრებულს სახელად – სილის გაწნა საზოგადოებრივი გემოვნებისთვის, რომლის წინასიტყვაობაც მანიფესტია, იმავე სახელწოდების. მანიფესტი საპროგრამო დებულებებთან ერთად, შეიცავდა ეპატაჟურ განცხადებებს, როგორიცაა: „გადავაგდოთ პუშკინი, დოსტოევსკი, ტოლსტოი და ა.შ. და ა.შ. თანამედროვეობის ხომალდიდან“.

მეოცე საუკუნის დასაწყისი მრავალ სახელოვნებო მანიფესტს ინახავს, რომელიც ლიტერატურის ისტორიის მნიშვნელოვანი, მაღალი ხარისხის ნიმუშებია.

ასეთია სიურრეალისტური მანიფესტი, რომლის ოთხი ვერსია არსებობს, პირველი ორი მანიფესტი გამოქვეყნდა 1924 წელს და დაწერილი იყო გოლისა და ანდრე ბრეტონის მიერ. მათ შორის შემდეგ განხეთქილება მოხდა, 1929 წელს კი ბრეტონმა მეორე, თავისი დაწერილი მანიფესტი გამოაქვეყნა.

მეოცე საუკუნის ორ მნიშვნელოვან სახელოვნებო ფიგურას ღია კამათი ჰქონდა ერთმანეთთან, მეტიც, ისინი ფიზიკურ კონფლიქტშიც კი შევიდნენ ტერმინ „სიურრეალიზმის“ უფლებების გამო. ბრძოლაში ბრეტონმა გაიმარჯვა და სიურრეალიზმი, რომელიც საკმაოდ ეკლექტური იყო და თითოეულ სიურრეალისტს ჰქონდა საკუთარი ხედვა და მეთოდი, საბოლოო ჯამში, მათ მეტ-ნაკლებად მოუწიათ მიეღოთ ბრეტონის მიერ შემოთავაზებული განმარტება.

მანიფესტის მისმა ვერსიამ განსაზღვრა მოძრაობის ძირითადი პრინციპები:

ფსიქიკური ავტომატიზმი სუფთა მდგომარეობაში, რომლის საშუალებითაც ადამიანი გვთავაზობს გამოხატოს – ვერბალურად, წერილობით, ან სხვა გზით – აზრის რეალური ფუნქციონირება, ნაკარნახევი აზროვნებით, გონივრული კონტროლის არარსებობის შემთხვევაში, გათავისუფლებულია ყოველგვარი ესთეტიკური ან მორალური საზრუნავისგან.

სიურრეალიზმი გამოირჩევა თავისი უმიზნობით, რის გამოც მათ კონფლიქტი ჰქონდათ დადაისტებთან. ბრეტონი თავის მეორე მანიფესტში მკითხველს არწმუნებდა, რომ აეღოთ რევოლვერი და ხალხის მასისთვის უმიზნოდ ესროლათ. რევოლვერის მოქმედება უმიზნოდ. დადაისტები პრაქტიკაში აზრის და ლოგიკის მიღმა დისკურსს ახორციელებდნენ. ეს დისკურსი მისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს.

1946 წელს არგენტინაში, ბუენოს აირესში ლუჩიო ფონტანამ და მისმა სტუდენტებმა გამოაქვეყნეს – თეთრი მანიფესტი (Manifesto Blanco), რაც წარმოადგენდა ფონტანას იდეების კულმინაციას, რომლის მიხედვითაც ხელოვნება და მეცნიერება უნდა გაერთიანებულიყო. ლუჩიო სპათიალისტური მოძრაობის ლიდერი იყო, რომელიც გარკვეული სახის კვლევით საქმიანობას ეწეოდა, რათა შეესწავლა ფერი და ფორმა რეალურ სივრცეში ისეთი ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა ნეონის განათება და ტელევიზია.

სინთეზის ეს იდეა ემყარება იმ კონცეფციას, რომ გარკვეულმა მეცნიერულმა და ფილოსოფიურმა განვითარებამ ადამიანის ფსიქიკა იმდენად შეცვალა, რომ ტრადიციული, მეტაფიზიკური, სტატიკური ხელოვნების ფორმები და მხატვრული დისციპლინების დიფერენციაცია მოძველებულია თანამედროვე ადამიანისთვის. 

მანიფესტში მოწოდებულია ახალი, სინთეზური ხელოვნება, რომელიც მოიცავს დროსა და სივრცეში მოძრაობის დინამიკურ პრინციპს.

მანიფესტი, როგორც ლიტერატურული ჟანრი, ბევრი ნიშნით გამოირჩევა, გარდა მისი დიდაქტიკური პოეტიკისა, ასევე მნიშვნელოვანია მომავლის ჰორიზონტის დასახვის შესაძლებლობა, ის ერთი ხელით უარყოფს წარმოდგენილ სამყაროს, ან ხელოვნებაში გამეფებულ ფორმებს, მეორე ხელით კი შემოაქვს საკუთარი პროექტი, ანუ ის თავისი მოტივით – რევოლუციურია. ლიტერატურათმცოდნეები ხელოვნებაში მანიფესტის ფორმის შემოტანას მეცნიერული კომუნიზმის ფუძემდებლების, კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის ნაშრომს – „კომუნისტური პარტიის მანიფესტს“ უკავშირებენ, რომლის მთავარი  ფორმაც სწორედ ძველის უარყოფასა და ახალი სამყაროს შემოთავაზებას ეფუძნება.

თანამედროვე ხელოვნება დღითიდღე კარგავს მანიფესტისთვის საჭირო ამ მთავარ იდეას – ახალი სამყაროს შექმნის შესახებ, თითქოს ის კრიტიკულია სამომხმარებლო სამყაროს მიმართ, თუმცა ასევე ხელს აწერს მის მარადიულობას. ეს გარკვეული სახის უიმედობა ნიჰილიზმიც შეიძლება იყოს.

გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ფრანგმა ხელოვანებმა – გი დებორმა და ასგერ იორნმა ჩამოაყალიბეს საერთაშორისო მოძრაობა, მოიწვიეს სხვადასხვა მხატვრული ჯგუფების წარმომადგენლები, მხატვრები, პოეტები, არქიტექტორები, ურბანისტები, რეჟისორები და სხვა. მათ მოაწყვეს კონგრესი იტალიაში, სადაც დააარსეს სიტუაციონისტური ინტერნაციონალი; ის ოფიციალურად ჩამოყალიბდა ერთი წლის შემდეგ, იტალიის სხვა ქალაქ დი აროსიაში გამართულ შეხვედრაზე. სწორედ აქ დაწერა დებორმა სიტუაციის მანიფესტი, სათაურით  – “მოხსენება სიტუაციების აგების შესახებ”.

ეს იყო რევოლუციური მოძრაობა, რომელიც განიცდიდა მარქსიზმისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ავანგარდული ხელოვნების მოძრაობების, განსაკუთრებით კი დადაიზმისა და სიურრეალიზმის გავლენას, და თავისი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1968 წლის სტუდენტურ პროტესტებში, თუმცა მისი თანამედროვე სახე, და ზევით ნახსენები თანამედროვე ხელოვნების პრობლემა – მუდმივი კრიტიკულობა და ჩაკეტილობა, სწორედ მოცემული ჟანრის დაპროექტებულია – გი დებორის ეპოქალური წიგნი, დაწერილი მანიფესტის ფორმით – „სპექტაკლის საზოგადოება“, სადაც აღწერილია სამომხმარებლო საზოგადოება და მათი მანკიერებები, გარკვეული თვალსაზრისით წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების მთავარ ინსპირაციას.

ტექნიკის პროგრესი, ზოგადად რომ ვთქვათ, მტრულია ხელოვნებისადმი და მის განცალკევებულ განვითარებას აბსოლუტურ ზღვარს უწესებს, თუ პირიქით? ეს საკმაოდ საკამათო საკითხია, ჩვენ წინ ორი დებულება ამოყოფს თავს: 1. ტექნიკის პროგრესს ხელოვნების გაფურჩქნასთან მივყავართ, რადგან მხატვრული განვითარება სამეურნეო განვითარებით განისაზღვრება. 2. ტექნიკის პროგრესს ხელოვნების დაღუპვასთან მივყავართ, რამდენადაც რაციონალიზებული, სტანდარტიზებული, სერიული და ა.შ. წარმოება არ ეგუება ინდივიდუალური „კუსტარული“ პროდუქტის არსებობას, როგორიც არის ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოები. დავტოვოთ ეს ორი დებულება მსჯელობისა და პასუხის გარეშე, უბრალოდ ფიქრის საშუალებად, და გავიხსენოთ, კიბორგის მანიფესტი, რომელიც დაწერა ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ფემინისტმა მოაზროვნემ დონა ჰარავეიმ. ეს მანიფესტი 1985 წელს გამოქვეყნდა და მისი ძირითადი წინადადება წარმოადგენს აზრს, რომ კიბორგის კონცეფცია არის ხისტი საზღვრების უარყოფა, რომელიც აშორებს ადამიანს ცხოველისგან და ადამიანს – მანქანისგან. მანიფესტში წერია:

კიბორი არ ოცნებობს საზოგადოებაზე, ორგანული ოჯახის მოდელზე, მათ შორის ოიდიპური პროექტის გარეშე. 

კიბორგი არ ცნობს ედემის ბაღს; ის არ არის დამზადებული ტალახისგან და არც მტვერში დაბრუნებას ოცნებობს.

კიბორგის მანიფესტმა კრიტიკულად გამოხატა ფემინიზმის ტრადიციული ცნება, განსაკუთრებით ფემინისტური იდენტობის პოლიტიკა, სადაც კიბორგის ფიგურა გამოიყენებოდა ქალებისთვის გენდერული, ფემინისტური და პოლიტიკური ჩარჩოების მიღმა აზროვნებისთვის, და სრულიად ახალი დისკურსის აგებისთვის მანიფესტის კულტურა თანამედროვე ხელოვნებაშიც გრძელდება, თუმცა ის ძირითად შემთხვევაში სიმბოლური სახის არის და გამოხატავს მოძრაობის დეკლარაციას,  მან  მეოცე საუკუნეს დაუტოვა ახალი სამყაროს შექმნის იდეის შესაძლებლობა, თვითონ კი, თითქოს გამოიფიტა, თუმცა მაინც განვსაზღვროთ (დავწეროთ), როგორ შეიძლება იწყებოდეს თანამედროვე ხელოვნების მანიფესტი: “ხელოვნებამ ერთი ხელით უნდა აღწეროს მოცემული სამყარო, თავისი ტიპური სინამდვილით, თუმცა არა პირდაპირი, არამედ სპირალისებური გზით – აღწერილი მუდმივად უნდა რეფლექსირებდეს, რომ ის არა მარადიულია, რომ ის ექვემდებარება გარდაქმნას.

გარდა აღწერისა, ხელოვნება უნდა სახავდეს ჰორიზონტს. 

ხელოვნება საჭიროებს თავისი ფუნქციის გამოღვიძებას – ახალი სამყაროს დაგეგმვას.

სწორედ ამიტომ, გაიღვიძეთ ფუტურისტებო, დადაისტებო, ლოთო პოეტებო და პარკინსონით დაავადებულო მხატვრებო, მოიმარჯვეთ კლავიატურები, კალმები, ფუნჯები და მარკერები – დაგეგმეთ სამყარო”

და ა.შ. და ა.შ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.