სინამდვილე და წარმოსახვა
ავტორი: ტატო ჩანგელია
ადამიანი გამუდმებით სინამდვილის მოხელთებისკენ მიილტვის, მაგრამ, ხშირად, როცა გვგონია, რომ ჩვენ წინ სინამდვილეა აღმართული, სინამდვილეში ილუზიის ოთახში ვართ მოხვედრილები და კმაყოფილი ღიმილით ვინიღბებით. რა არის საერთოდ სინამდვილე? და რა წარმოსახვა? როდის იმყოფება ადამიანი სინამდვილეში და როდის წარმოსახვაში? ვინ ცდილობს ადამიანი მოწყვიტოს სინამდვილეს და თავს მოახვიოს ილუზია, დააჯეროს, რომ სამყარო ჰიპერრეალისტურ ჟანრშია გადაწყვეტილი?
მიქელანჯელო ანტონიონის ფილმი „Blow Up“ სინამდვილისა და წარმოსახვის ურთიერთმიმართებას გვანახებს. მთელი ფილმის განმავლობაში მაყურებელი ორ განსხვავებულ სურათს აწყდება, როგორც ფილმის მთავარი გმირი, პოპულარული ფოტოგრაფი თომასი, რომელიც პარკში ბედნიერი შეყვარებული წყვილით მორთულ ლანდშაფტს გადააწყდება; ის მშვენიერებით მოინუსხება, სწრაფად მოიმარჯვებს ფოტოაპარატს და ბარბაროსული წესით ლინზაში მოათავსებს საგნებს, მაგრამ, როცა თომასი ფირის გამჟღავნებას იწყებს, აღმოაჩენს მამაკაცთან ურთიერთობით უკმაყოფილო ქალის სახეს. ეს არის გამოსახულების დეტერიტორიალიზაცია, თომასი მას სულ სხვა არს აძლევს, განსხვავებულ დრო-სივრცის ურთიერთობაში მოაქცევს და ტოვებს თავდაპირველ კადრს; აქცენტს აკეთებს მხოლოდ ქალის სახეზე. იგივე ტექნიკით ფოტოგრაფი აღმოაჩენს გვამს და ტყეში მიმალულ მკვლელს, მაგრამ, როგორც მოგვიანებით ირკვევა, მკვლელობა არასდროს მომხდარა. ამგვარად ანტონიონი აქ კიდევ ერთ დილემას ქმნის, გამოსახულების განცალკევება მისი უწყვეტი მოძრაობიდან უფრო მეტ ფოკუსირებას იძლევა გარკვეულ წერტილებზე, თუ ეს იწვევს უფრო მეტ დაბნეულობას და ჰალუცინაციასაც კი?
ანტონიონი არ ინტერესდება ავტორით, მას საერთოდ სხვა მიზნები აქვს. თუმცა, ჩვენ მოვძებნოთ ავტორი, ვინც ქმნის ჩვენს სოციალურ წარმოსახვებს, ესე იგი ილუზიას, ვინც გამუდმებით გადაგვატანინებს მზერას სინამდვილისგან, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობას, და ვინც სახეზე გვაფარებს იმას, რაც სინამდვილეში საერთოდ არ არსებობს, მის გარშემო შემოგვკრებს, და საბოლოოდ ისე მოხდება, რომ ეს არარსებული არსებობას იწყებს. ასე ხდება ახლაც, ქუჩები საერთო, სახალხო პროტესტით არის შემოსილი. ჩვენი ერთიანობა ითხოვს იმას, რომ უარესობაში არ გადავვარდეთ, რომ მავნე კანონი აგენტებისა და ოფშორების შესახებ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა გაიწვიოს. ასე იყო გასულ წელს: ის ბრძოლა ქართველმა ხალხმა მოიგო, თუმცა ცხოვრება ისევ ძველებურად გაგრძელდა.
სინამდვილეში არსებობს მთავარი საკითხები, რომელიც პირველადია. ასეთია საკვები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ღირსეული საცხოვრებელი, კულტურული ინტეგრირება და სხვა. ასევე არსებობს პერიფერიული და უფრო პერიფერიული საკითხები, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. ერთი ფრანგი ფილოსოფოსის მიხედვით, პოლიტიკა ყველაზე მეტად ჰგავს თეატრს და პირიქით. ერთი ხომ ისაა, რომ პოლიტიკოსები თეატრალურ ფიგურებად გარდაიქმნენ, მეორე კი ისაა, როგორც სტანისლავსკი იტყოდა, ნამდვილი თეატრი კულისებიდან იწყება – ამის ალუზიით რომ ვთქვათ, კულისებში კეთდება, ის კი, რაც სცენაზეა, სინამდვილეში მზერის გადატანის მეთოდია, რათა ჩვენი გაღატაკების პროექტი სათანადო ინტენსივობით წარიმართოს.
ახლა მიმდინარე სახალხო პროტესტი სტიქიურია და ის აუცილებლად მიიღებს თავის კალაპოტს, ესე იგი, გაფართოვდება, მოიცავს იმას, რაც იწვევს ჩვენს აფექტებსა და გაბრაზებებს, ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობას და რისი მოპოვებაც უფრო და უფრო რთულდება. ის კანონები, რომელიც ხელისუფლებამ აგვიფრიალა, ერთი მხრივ, ჩვენი ძარცვისთვის და ერთეულების გამდიდრებისთვისაა მიმართული, მეორე მხრივ კი, სტაგნაციის შექმნის მცდელობაა, რაც გამორიცხავს რეალურ ცვლილებებს. რეალური ცვლილებებისთვის საჭიროა ჰორიზონტის დასახვა უკეთესი სახელმწიფოსთვის.
ნებისმიერი საგანი, რომელიც გარშემო ტრიალებს, არ არის ერთი ან ორი ფუნქციის, ის მრავალფუნქციურია, ამდენად ევროპული ტრადიციაც ასეთია, ის ინახავს, როგორც კოლონიალიზმის ისტორიას, ასევე მნიშვნელოვან ტრადიციას – ბრძოლას და მუდმივ დაცვას საყოველთაო ღირებულებების – საკვების, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის, ღირსეული საცხოვრებლის, კულტურული ინტეგრაციის. ამას შეგვიძლია დავარქვათ პროგრესული ბრძოლა, სხვაგვარი ბრძოლა აუცილებლად გადაიქცევა მასკარადად.
გავიხსენოთ ანტონიონის ფილმის ეპილოგი: თომასი ბრუნდება პარკში, სადაც ის კიდევ ერთ უცნაურ სცენას გადააწყდება: პანტომიმების გუნდი კორტზეა შეკრებილი, ისინი ჩოგბურთს თამაშობენ უცნაური დათქმით – ბურთისა და ჩოგნების გარეშე. ეს წარმოსახვითი თამაში თომასში გაოცებას იწვევს. ისინი თამაშობენ, თომასი კი უყურებს. შემდეგ მოთამაშეებს ბურთი, რომელიც არ არსებობს, კორტს მიღმა გადაუვარდებათ, თომასს კი სთხოვენ მოაწოდოს, ის თავის მხრივ მივა, არარსებულ ბურთს აიღებს და კორტისკენ მოისვრის. თომასი თავისდაუნებურად მიპატიჟებულია ტოტალურ ილუზიაში.
ასეთ ტოტალურ ილუზიაში გვიწვევენ ყოველდღიურად, სადაც გვიწევს თამაში ჩოგნებისა და ბურთის გარეშე. ეს ქვეყანა უკვე მეოთხე ათწლეულს გადის არსებობისა, შესაბამისად, დროა სიყმაწვილის ასაკიდან გამოსვლის – დროა ნამდვილი საგნების გამოყენების – ესე იგი, სინამდვილის მოხელთების.
ანტონიონი არარსებულს გადააქცევს არსებულად – თომასი ისვრის ბურთს, კადრი მის სახეზე ჩერდება, უეცრად კი ბურთის კორტზე დაგდების ხმა გვესმის.
ასეა ეს. ხშირად, როცა გვგონია, რომ ჩვენ წინ სინამდვილეა აღმართული, სინამდვილეში ილუზიის ოთახში ვართ მოხვედრილები და კმაყოფილი ღიმილით ვინიღბებით.