fbpx

ტრიპლეტის ნაცვლად დუბლი


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევროპული საკლუბო სეზონი სრულდება და საფეხბურთო სამყაროს ფიქრებიც თანდათანობით უკვე ევროპის ჩემპიონატზე ერთვება, რომელიც სულ მალე, ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ორ კვირაში დაიწყება.

იქამდე კი ევროპის ლიგის ფინალი უკვე ჩატარდა, რომელშიც წლევანდელი სეზონის აღმოჩენამ -„ლევერკუზენმა“ განმაცვიფრებელი მარცხი განიცადა.

თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე დღეში მან გერმანიის თასის ფინალში მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელი „კაიზერსლაუტერნი“ თითქოს დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც გარანტირებულად დაამარცხა, მივხვდებით, თუ რაოდენ მძიმე იქნებოდა ჩაბი ალონსოს გუნდისთვის 51 დაუმარცხებელ მატჩიანი სერიის მაინცდამაინც იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მეხუთეადგილოსან გუნდთან შეწყდომა და ტრიპლეტთან ამგვარი დამშვიდობება…

როდესაც პირველი ტაიმი „ატალანტამ“ ანგარიშით 2:0 მოიგო, სეირის მოყვარული ნეიტრალური გულშემატკივრები მატჩის მეორე ნახევარში ბუნდესლიგის ჩემპიონისგან ტრადიციულ „ჯადოსნურ გოლებს“ ელოდნენ, მაგრამ კოკამ ამჯერად წყალი აღარ მოიტანა. 

თავხედმა ნიგერიელმა ადემოლა ლუკმენმა კი დაზღვევის მიზნით შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე პირველ ტაიმში გატანილ ორ ბურთს მესამეც დაამატა და საბოლოოდ „ჰეთ თრიქით“ ისახელა თავი ბერგამოელთათვის ამ საოცარ და ისტორიულ მატჩში. 

„ლევერკუზენი“ წლეულს „დუბლით“ და ისტორიული „ვერცხლის სინით“ დაკმაყოფილდა, რომელიც აქამდე „ბაიერნის“ ჩათვლით არცერთ გერმანულ გუნდს არ რგებია, რადგან ჩაბი ალონსოს გუნდი ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც ბუნდესლიგის სეზონი დაუმარცხებლად განვლო.

ევროპის ლიგის ფინალისტები მომავალ სეზონში შეიძლება ერთმანეთს უკვე ჩემპიონთა ლიგაზეც დაუპირისპირდნენ, მაგრამ იქამდე დიდი დროა. საუკეთესო ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უფრო მდიდარ კლუბებში გადაინაცვლებენ და შეიძლება მათ მწვრთნელებიც მიყვნენ, რაც ბევრ რამეს შეცვლის როგორც შედეგის, ისე სანახაობრივი თვალსაზრისით.

ბერგამოს „ატალანტამ“ კი ჯერ „ლივერპულის“ და შემდეგ „ლევერკუზენის“ განადგურებით ახალი ისტორია დაწერა, რომლის მთავარი შემოქმედიც მისი შესანიშნავი მწვრთნელი ჯუზეპე გასპერინია.

თუკი წარმოვიდგნეთ, რომ ის ერთადერთია, ვინც წლეულს ჩაბი ალონსოს დუელში აჯობა, მივხდებით, რომ მართლაც ეპოქის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურასთან გვაქვს საქმე და არა მაგალითად „ნაპოლის“ წლევანდელ მწვრთნელებთან…

რამდენიმე დღის წინ პრემიერლიგის ტიტულის ზედიზედ მეოთხედ მოპოვების შემდეგ პეპ გვარდიოლას და მის ბიჭებს ალბათ გადაავიწყდათ კიდეც მადრიდის „რეალთან“ პენალტებში მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ეს აუცილებლად გაახსენდებოდათ მათ გულშემატკივრებს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალური მატჩის 87-ე წუთზე, როცა დოკუმ ანგარიში შეამცირა და რეალურად შეიქმნა კიდევ ერთი პენალტების სერიის შესაძლებლობა.

თუმცა, გადამწყვეტი ფაქტორი განწყობაა და თუკი შარშან „რეალის“ განადგურებით ფრთაშესხმულმა „მანჩესტერ სიტიმ“ სულ რაღაც ერთი კვირის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერი“ და იმავე ასოციაციის თასის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა, წლეულს პრემიერლიგის მომქანცველი მოგებების მარათონის შემდეგ, გვარდიოლას ბიჭებს საბრძოლველი ძალა აღარ ეყოთ იმ გუნდთან შეხვედრაში, რომელსაც უკვე აღარ შეიძლებოდა, რომ რაიმე ტიტული არ მოეპოვებინა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ პირველ ტაიმში გატანილი ორივე ბურთი ამის დასტურია, რადგან სწორედ ამ ეპიზოდებში გამოჩნდა ერიკ ტენ ჰაგის ფეხბურთელების უდიდესი მოტივაცია და აქედან გამომდინარე უმაღლესი მომზადების დონე. 

დასამახსოვრებელი იყო ბრუნო ფერნანდეშის მახვილგონივრული გადაცემა კობი მაინოს მისამართით, რომელსაც ისღა დარჩენოდა, რომ ბურთი მეტოქის ცარიელ კარში გადაეგზავნა და „იუნაიტედის“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაეზარდა.

პირველი ბურთი კი „მანჩესტერ სიტის“ ხორვატმა მცველმა იოშკო გვარდიოლმა პრაქტიკულად საკუთარ კარში გაიტანა და ასეთი უცნაური ქმედება ასაკის მიუხედავად უკვე დაღვინებული ფეხბურთელისგან, საკმაო გაკვირვებას იწვევდა.

სანახაობრივი თვალსაზრისით მიმზიდველი გამოდგა საფრანგეთის თასის ფინალური მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ლიონს“ შორის, რომელმაც მაღალ ტემპში და არაერთი საგოლე ეპიზოდის ფონზე ჩაიარა ორივე გუნდის კართან.

მატჩის დასრულების შემდეგ „ლიონის“ ფეხბურთელები დიდად განიცდიდნენ ფავორიტთან ანგარიშით 1:2 მარცხს და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან მეორე ტაიმი მათ გამუდმებულ შეტევებში ჩაატარეს, მაგრამ პირველი ნახევრის ორბურთიანი სხვაობა მაინც ვერ ამოქაჩეს.

„პარი სენ-ჟერმენი“ 2:0-ს უკვე 35-ე წუთისთვის იგებდა და ბუნებრივი იყო, რომ შესვენების შემდეგ ის კონტრშეტევებზე გადაეწყობოდა, მაგრამ „ლიონმა“ რამდენიმე ეპიზოდში იმდენად მწვავედ შეუტია, რომ თითქოს შეიძლებოდა ყველაფერი თავიდან დაწყებულიყო.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ო’ბრაიენის მიერ მატჩის 55-ე წუთზე გატანილი შესანიშნავი თავური გოლი, რომელსაც „ლიონმა“ კიდევ ერთი პრაქტიკულად აუღებელი თავური დარტყმა მოაყოლა, მაგრამ პარიზელთა მეკარე დონარუმამ იგი სასწაულებრივ კუთხურზე გადაიტანა.

როგორც ვხედავთ, ინგლისის და საფრანგეთის თასის ფინალები მსგავსი სცენარით წარიმართა და ერთი და იმავე ანგარიშით დასრულდა. ხომ არ უნდა ველოდოთ იგივეს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც?

მადრიდის „რეალმა“ წლევანდელი სეზონი 34-ე ჩემპიონის ტიტულით და ბოლო ორ შეხვედრაში ორი ფრით დაასრულა. 

„ვილიარეალთან“ ანჩელოტის გუნდი 4:1-ს იგებდა, მაგრამ როგორც ჩანს შემდეგ მოიწყინა მოედანზე და სამი ბურთი გაუშვა, ხოლო „ბეტისთან“ მატჩი უგოლო ფრით და ტრავმის შემდეგ დაბრუნებული კურტუას რამდენიმე დასამახსოვრებელი ნახტომით დასრულდა.

როგორც ჩანს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალის“ კარს სწორედ ბელგიის და არა უკრაინის ნაკრების გოლკიპერი ლუნინი დაიცავს, რომელსაც საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვის „რეალის“ ფინალში გასვლასთან დაკავშირებით.

რამდენად შეძლებს „დორტმუნდი“ გერმანული ფეხბურთის პრესტიჟის დაცვას მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ლიდერთან შეხვედრაში, რომელსაც გაჭირვების ჟამს ყოველთვის უმართლებს?

მაგრამ ხომ შეიძლება ერთხელ „სამეფო კლუბსაც“ არ გაუმართლოს იმის გათვალისწინებითაც, რომ იღბალი არც „დორტმუნდს“ აქცევს ზურგს, თუკი „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელების მიერ მისი კარის ძელის ექვსჯერ შეზანზარებას გავიხსენებთ. 

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე კონფერენს ლიგის ფინალი შედგება „ფიორენტინასა“ და „ოლიმპიაკოსს“ შორის. 

„ფიორენტინასთვის“ შარშანდელი იტალიის თასის და შემდეგ ამავე კონფერენს ლიგის ფინალის წაგების შემდეგ, თითქოს დაუშვებელია ზედიზედ მესამე ფინალის წაგება, მაგრამ ამ აზრს არ ეთანხმება მისი გამოცდილი და ბრძოლებში გამობრძმედილი მეტოქე „ოლიმპიაკოსი“, რომელმაც ნახევარფინალში ბეჭებზე დასცა მომავალი წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონის მონაწილე ბირმინგემის „ასტონ ვილა“.

მაგრამ ჩვენთვის ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონტთან შედარებით, სადაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მატჩში თურქეთის შემადგენლობაში მოედანზე აუცილებლად გამოჩნდება არდა გულერი.

ახალგაზრდა ფორვარდი ამ ბოლო ხანს კარლო ანჩელოტის სერიოზული არჩევანია და „სოსიედადთან“, „ალავესთან“ და „ვილიარეალთან“ მატჩებში მან ჯამში ოთხი ბურთი გაიტანა. 

ჩვენებმა კი უკვე აუცილებლად უნდა იფიქრონ მის ნეიტრალიზებაზე, რაც საქართველოს ნაკრებისათვის წარმატებული სტარტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.