fbpx

ხელოვნება და აქტივიზმი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

„ხელოვნება ეხება მორალს, კაცობრიობაში ჩვენს რწმენას. ამის გარეშე ხელოვნება უბრალოდ არ არსებობს.“ – აი ვეივეი

ხელოვნება სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. გამოქვაბულებში ადრეული ნახატებიდან დაწყებული, თანამედროვე ქუჩის ხელოვნების ჩათვლით, არტისტები თავიანთ ნამუშევრებს საზოგადოებასა და მათ გარშემო არსებულ სამყაროზე შეხედულების გამოხატვისთვის იყენებენ. საპროტესტო ხელოვნებას მრავალი ფორმა შეიძლება ჰქონდეს (ფერწერა, ქანდაკებები, ფრესკები, პლაკატები, ქუჩის ხელოვნება) და ის, როგორც წესი, შექმნილ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე ერთგვარ კომენტარს წარმოადგენს. დღეს საპროტესტო ხელოვნების კაფსულ გალერეებს, მუზეუმებს, საჯარო სივრცეებსა და სოციალურ მედიას აერთიანებს. გადავხედოთ საპროტესტო ხელოვნების ისტორიასა და ევოლუციას, მის გავლენას საზოგადოებაზე და ხელოვანის როლს სოციალურ ცვლილებებში. 

„პროტესტი  ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშია“. დიეგო რივიერა

საპროტესტო ხელოვნებას ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს, რომელიც საუკუნეებს ითვლის. საფრანგეთის რევოლუციიდან დაწყებული, სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ჩათვლით, ხელოვნებამ გარდამტეხი როლი შეასრულა საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებაში და პერსპექტივების შეცვლაში. ისტორიის მანძილზე არტისტები თავიანთ ნამუშევრებს სტატუს კვოს გამოსაწვევად და ცვლილებების შთაგონებისთვის იყენებდნენ. საპროტესტო ხელოვნების ყველაზე ადრეული ნიმუშები ძველ ეგვიპტეში გვხვდება, სადაც მხატვრები თავიანთი  შემოქმედებით ფარაონებსა და მმართველ კლასს აკრიტიკებდნენ. ძველ საბერძნეთში კი ხელოვანები იმდროინდელ პოლიტიკურ და სოციალურ ნორმებს ეწინააღმდეგებოდნენ. 

რენესანსის ეპოქაში მხატვრები რელიგიურ და პოლიტიკურ შეხედულებებს გამოხატავდნენ. იტალიელი მხატვარი მიქელანჯელო იმ დროის ყველაზე ცნობილი საპროტესტო ხელოვნების ავტორია, კერძოდ, „დავითის“, რომელიც ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ფლორენციაში მედიჩის გავლენიანი მფარველობის წინააღმდეგ.  

მე-20 საუკუნეში საპროტესტო ხელოვნება კიდევ უფრო გავრცელდა. უკრაინაში დაბადებული მხატვრის, კაზიმირ მალევიჩის აბსტრაქტული საპროტესტო ხელოვნების ერთ-ერთი ადრეული ნიმუში სწორედ „შავი კვადრატია“, რომელიც ტრადიციულ ხელოვნების ფორმებს უარყოფდა – წყვეტის წერტილი რეპრეზენტაციულ ხელოვნებასა და აბსტრაქტულ ეპოქას შორის. 

პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს მხატვრები თავიანთ შემოქმედებას ფაშიზმის აღზევებისა და გლობალური კონფლიქტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად იყენებდნენ. პირველი მსოფლიო ომის კოლექტივს შორის ცნობილი დადა არტისტები, მათ შორის მარსელ დიუშანი, ტრისტან ცარა, ჰანს არპი და ჰანა ჰოხი იყვნენ. მათი სტილის განმსაზღვრელი მახასიათებელი ნამუშევრებში ყოველდღიური საგნების ჩართვა იყო. დიუშანის მიერ მის ხელოვნებაში პისუარის („შადრევანი“) გამოყენებამ დიდი სკანდალი გამოიწვია. 1924 წელს გერმანელმა არტისტმა ოტო დიქსმა შექმნა სერიალი, სახელწოდებით „Der Krieg“ (ომი), რომელიც ომის საშინელებას და საზოგადოებაზე მის გავლენას ასახავდა. 

1960-იან-70-იან წლებში საპროტესტო ხელოვნება უფრო ფართო მასშტაბებზე გავიდა, რადგან მხატვრები ისეთ საკითხებს ეხმაურებოდნენ, როგორიცაა რასიზმი, სექსიზმი და ცივი ომის კონფლიქტები. ამერიკელმა მხატვარმა ჯასპერ ჯონსმა იმ დროისთვის ყველაზე ცნობილი საპროტესტო ხელოვნება – ამერიკის დროშა შექმნა, რომელიც ამერიკული ნაციონალიზმის კრიტიკას წარმოადგენს. 

პაბლო პიკასო მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მხატვრად მიიჩნევა. მან დიდი წვლილი შეიტანა კუბიზმის განვითარებაში – მოძრაობა, რომელიც მის პოლიტიკურ აქტივიზმს შეგვიძლია დავუკავშიროთ. პიკასოს შემოქმედება ხშირად  მის შეხედულებას ასახავდა, განსაკუთრებით ომისა და ძალადობის წინააღმდეგ. მხატვრის ცნობილი ნამუშევარი „გერნიკა“ ესპანეთის სამოქალაქო ომის სისასტიკის ფერწერული რეპრეზენტაციაა. პიკასომ ნამუშევარი ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, გერმანული და იტალიური სამხედრო თვითმფრინავების მიერ ესპანეთის ქალაქ გერნიკას დაბომბვის საპასუხოდ შექმნა, რომელმაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. ნახატი ანტიფაშისტური განცხადებაა და შეიძლება ითქვას, რომ მშვიდობის სიმბოლოდაც კი იქცა. პიკასომ „გერნიკათი“ ახალგაზრდა მხატვართა თაობას შთააგონა ხელოვნება სოციალურ და პოლიტიკურ პლატფორმად ექციათ. 

კონსუმერიზმის, ფემინიზმისა და ქალთა იდენტობის შესახებ ბარბარა კრუგერის ნამუშევარი “We Don’t Need Another Hero” (ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ერთი გმირი) ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებულ გენდერულ როლებს აკრიტიკებს. შავ-თეთრი ფოტოგრაფიის, წითელი ბანერებისა და ერთი თამამი შრიფტის გამოყენებით, კრუგერი რეკლამის გამოსახულების იმიტაციას აკეთებს, რითაც მომხმარებელზე და მედიაზე ორიენტირებულ კულტურას აკრიტიკებს. 

ჟან-მიშელ ბასკია ამერიკელი მხატვარი იყო, რომელმაც პოპულარობა 1980-იან წლებში მოიპოვა. ის ცნობილია  გრაფიტით შთაგონებული ნახატებით, რომლებიც ხშირად რასიზმისა და უთანასწორობის საკითხებს ეხება. ბასკიას შემოქმედების უმრავლესობა მარგინალიზებული სოციალური ჯგუფების შესახებ სოციალურ კომენტარს წარმოადგენდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პოლიტიკური ნამუშევარი – „Defacement“ (მაიკლ სტიუარტის სიკვდილი) ახალგაზრდა შავკანიან მხატვარს, მაიკლ სტიუარტს ეძღვნება, რომელიც ნიუ-იორკის პოლიციის თანამშრომლებმა ცემით მოკლეს 1983 წელს. ნახატი ასახავს სტიუარტის სახეს სიტყვებით: „ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს“. 

საპროტესტო ხელოვნება განაგრძობს განვითარებას. მეტიც, ქუჩის მხატვრები უკვე პროტესტის ეთოსის სინონიმად იქცნენ, კერძოდ, ბენქსი, რომელიც პოლიტიკურად დატვირთული იმიჯებით არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის ხელოვნება 70-იანი წლებიდან არსებობს, მის პოპულარიზაციას და ფართო მასშტაბებზე გასვლას სწორედ ბენქსიმ შეუწყო ხელი. მან უდიდესი როლი ითამაშა იმაში, რომ ქუჩის მხატვრობა სუბკულტურიდან მეინსტრიმ ხელოვნების სცენამდე მისულიყო, რამაც უამრავ ქუჩის არტისტს ახალი შესაძლებლობებისკენ გაუხსნა გზა. მხატვრის თამამმა ხედვამ და სტილმა დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე ხელოვნებაზე, თუმცა ბენქსი დიდი ხანია გასცდა თანამედროვე ხელოვნების ჩარჩოებს. არტისტის შემოქმედება ყოველთვის კრიტიკულია – მისი ხელოვნება ერთდროულად სოციალური კომენტარი, პოლიტიკური განაცხადი და სატირაა, რომელიც ირონიითა და სარკაზმით არის გაჟღენთილი. ის ებრძვის ომს, კაპიტალიზმს, ელიტიზმს და ავტორიტარიზმს. ბენქსიმ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნება აქტივიზმის პლატფორმად აქცია, ქუჩის ხელოვნება კი მნიშვნელოვან სახელოვნებო მედიუმად. 

 

თემა, რომელიც ყველაზე ხშირად მეორდება ბენქსის ნამუშევრებში, ომია. მხატვარმა ომის შედეგად დაზიანებული არაერთი შენობის კედელი მოხატა. 2022 წლის ნოემბერში ბენქსი უკრაინაშიც გამოჩნდა. კიევში, ირპინსა და ბოროდიანკაში მან 7 სტენსილი შექმნა: ტანმოვარჯიშე გოგო, რომელიც ჭურვით დაშლილი სახლის ნანგრევებზე ხელებით დგას, ბავშვი, რომელიც ძიუდოში ამარცხებს შავქამრიან “ათლეტს” (პუტინის დამარცხების მეტაფორა), ქალი აირწინაღით და სხვა. მისი სტენსილის, ძიუდოს მოთამაშეების რეპროდუქცია, მოგვიანებით უკრაინის ფოსტამ საფოსტო მარკაზეც გამოსახა. 

2005 წელს ბენქსიმ ისრაელსა და პალესტინას შორის აშენებული კედელი მოხატა, რომელსაც სეგრეგაციის კედლად მოიხსენიებენ. ნამუშევრებზე მეორე მხარესთან ურთიერთობის აღდგენის სურვილია ასახული, რომელზეც ორი ახალგაზრდა ბიჭია გამოსახული ნიჩბებით ხელში, ერთი დაჩოქილია მეორე კი წინ იხედება. ნამუშევარი ბენქსის ტიპური შავ-თეთრი სტენსილის ესთეტიკით არის გაკეთებული. ბიჭების ზემოთ, მხატვარმა ნაცრისფერი გატეხილი კედლის მონაკვეთის ილუზია შექმნა, რომელზეც ნახატია შესრულებული. 

2015 წელს ბენქსიმ Dismaland გახსნა – დისტოპიური თემატური (არა გასართობი) პარკი სომერსეტში, რომელიც „დისნეილენდის“ დამცინავ და დამახინჯებულ ვერსიას წარმოადგენს. მეტაფორულად რომ შევხედოთ, პარკი თითქოს იმ ილუზიას ამსხვრევს, რომელსაც „დისნეილენდი“ გვიქმნის და იმ სამყაროს საზარელ რეალობას ასახავს, რომელშიც ვცხოვრობთ. ბენქსიმ მას „ბავშვებისთვის შეუფერებელი საოჯახო პარკი“ უწოდა. პროექტი საიდუმლოდ დაიგეგმა და ბენქსის 10 ახალ ნამუშევართან ერთად, კიდევ 58  არტისტის ნამუშევრებიც გამოიფინა. ის გახსნიდან 5 კვირის შემდეგ დაიხურა, თუმცა გახსნის პერიოდში მას 150 000 ვიზიტორი ეწვია. 

ჩინელი არტისტი აი ვეივეი პოლიტიკურად დატვირთული ინსტალაციებითა და სკულპტურებით არის ცნობილი. მხატვრის ნამუშევრები ხშირად ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება და სამთავრობო კორუფცია. ვეივეის საპოროტესტო ხელოვნებამ 2011 წელს ჩინეთის ხელისუფლების მიერ მისი დაკავებაც კი გამოიწვია. „Self-Portrait In Lego“ (ავტოპორტრეტი ლეგოში) აქტივიზმის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც პირველად ჰირშორნში გამოიფინა. მონუმენტური ინსტალაცია მთელი მსოფლიოდან იმ ადამიანების პორტრეტების კოლექციას წარმოადგენდა, რომლებიც აქტივისტებად მიიჩნევიან. 176 პორტრეტიდან თითოეული ათასობით პლასტმასის ლეგოსგან იყო დამზადებული, რომლებიც ხელით ააწყვეს და მუზეუმის იატაკზე გამოფინეს. 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.