fbpx

20 წლის და 75 წუთის შემდეგ


გააზიარე სტატია



ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ბერძნული ფეხბურთის ვარსკვლავი ანგელოს ხარისტეასი დღემდე აღელვებით იხსენებს მისი ქვეყნის ნაკრებისათვის ზღაპრულ 2004 წელს, როდესაც საბერძნეთმა ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია მოახდინა.

მისი თქმით, თავიდან ნაკრების წევრებს ჯგუფიდან გასვლის იმედიც არ ჰქონდათ, მაგრამ ფლეიოფებში ერთიმეორის მიყოლებით თვით მაშინდელ მოქმედ ჩემპიონ – ზინედინ ზიდანის საფრანგეთის და ჩეხეთის ალბათ ყველა დროის საუკეთესო ნაკრების დამარცხების შემდეგ, უკვე თავდაჯერებულმა დაცვითი ყაიდის გუნდმა ფინალის კარი ჩემპიონატის მასპინძელი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ შეაღო, რომელშიც თვით ლუიშ ფიგუ ბრწყინავდა და რომელთანაც ბერძნებს უკვე მოგებული ჰქონდათ ჩემპიონატის პირველივე ჯგუფური მატჩი…

შეიძლება ბევრს არ ახსოვდეს, მაგრამ იმ შეხვედრის დამატებით წუთზე პორტუგალიელთა მხრიდან მოედანზე შესულმა ახალბედა კრიშტიანუ რონალდუმ მხოლოდ მინიმუმამდე დაიყვანა პორტუგალიელთა მოულოდნელი მარცხი, როდესაც აქამდე გამართულ ხუთ ევროპის ჩემპიონატში გატანილი 14 გოლიდან, პირველი გაიტანა… 

მაგრამ ფინალის ბედი ხარისტეასის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ბერძენმა ფორვარდმა მატჩის 57-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთის შემდეგ გაიტანა.

ხარისტეასი იხსენებს, რომ კუთხურის მოწოდების მომენტში მან კარს უკან გაიხედა, სადაც სტუმრად თამაშის მიუხედავად, უამრავ ბერძენ გულშემატკივარს მოეყარა თავი. სწორედ მაშინ დაუსახა ფორვარდმა მიზნად საკუთარ თავს თავით უნაკლო დარტყმის შესრულება, რომელმაც ფეხბურთის ისტორია შეცვალა…

რით არ არის ეს სიტუაცია საუკეთესო მისაბაძი მაგალითი საქართველოს ნაკრებისთვის კარსმომდგარი ევროპის ჩემპიონატის წინ იმ სიმბოლური დატვირთვითაც, რომ სწორედ ჩვენებმა გადაუჭრეს ბერძნებს წლევანდელი ტურნირისაკენ მიმავალი გზა გამარჯვებიდან 20 წლის შემდეგ.

მაგრამ ნაკრების ტრიუმფის 20 წლისთავი საბერძნეთმა საკლუბო დონეზე აღნიშნა, როდესაც გასულ კვირას პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ კონფერენს ლიგის ფინალში „ფიორენტინას“ ისტორიული დამარცხებით თავისი პირველი ევროპული ჯილდო მოიპოვა 99 წლიანი არსებობის მანძილზე.

ერთადერთი ბურთი „ოლიმპიაკოსმა“ მატჩის დამატებითი დროის ამოწურვამდე ხუთი წუთით ადრე გაიტანა, როდესაც მაროკოელმა ფორვარდმა ელ კააბიმ დასწრებაზე რთული პოზიციიდან თავური დარტყმით დაამწუხრა იტალიური კლუბი, რომელმაც ორი წლის განმავლობაში ზედიზედ მესამე ფინალი წააგო – ორი კონფერენს ლიგის და ერთიც იტალიის თასის.  

აი ასეთია ფლორენციელთა ერთ-ერთი გამორჩეული ბოლოდროინდელი მწვრთნელის ვინჩენცო იტალიანოს ხვედრი, რომელიც წარსულის კიდევ ერთ შესანიშნავ მწვრთნელს – ჰექტორ რაულ კუპერს მოგვაგონებს. 

არგენტინელი  სპეციალისტი ევროთასების ფინალების წაგებების დიდოსტატი იყო „მალიორკასა“  და „ვალენსიაში“.

მისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის პერიოდში კი ჩვენ გუნდს მთელი შესარჩევი ციკლის მანძილზე ერთი მატჩიც არ მოუგია, რაც უკვე არასასიამოვნო გასახსენებელია დღევანდელ სიტუაციაში.

სამაგიეროდ ვინჩენცო იტალიანოს საპირისპიროდ უნდა ვახსენოთ გამარჯვებული „ოლიმპიაკოსის“ მწვრთნელი ხოსე ლუის მენდილიბარი, რომელმაც შარშან „სევილიასთან“ ერთად ევროპის ლიგის ტიტული მოიპოვა, წლეულს კი ანდალუზიური კლუბის ხელმძღვანელობამ იგი გუნდიდან გაუშვა მაშინ, როდესაც „სევილია“ ტრავმებისგან პრაქტიკულად ლაზარეთად იყო ქცეული. 

გადაწყვეტილება რომ ნაჩქარევი იყო, როგორც „სევილიას“, ისე „ოლიმპიაკოსის“  შედეგმა აჩვენა წლევანდელ სეზონში.

მაგრამ თუკი ბერძნულმა ფეხბურთმა 20 წელიწადი მოანდომა დიდი დღესასწაულის გამეორებას, მადრიდის „რეალს“ 75 წუთი დასჭირდა „დორტმუნდთან“ ანგარიშის გასახსნელად, პრაქტიკულად მაშინვე თამაშის მოსაგებად და ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტე ტიტულის დასაუფლებლად…

20 წლის წინ ხარისტეასის მსგავსად, დანი კარვახალმაც თავური დარტყმით გაიტანა ბურთი და ისეთ დროს დააწინაურა მადრიდის „რეალი“, რომ მოედანზე იმ მომენტში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ალბათ თვით გერმანელ გულშემატკივრებსაც აღარ ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების იმედი.

საოცარია ანჩელოტის სტრატეგია, რომელიც მუდმივად გვაკვირვებს თავისი გადაწყვეტილებებით და საჭირო მომენტში გარანტირებული გოლის ტენდენციით. თანამედროვე ფეხბურთში ჩვეულებრივი ხერხია მარჯვენა ფეხით მოთამაშე ვინგერის მარცხენა ფლანგზე გადაყვანა და პირიქით, რადგან ამ დროს ფეხბურთელი ცენტრისკენ შეჭრის შემდეგ თავის დამრტყმელ ფეხს იყენებს, მაგრამ ვის გაუგია მოთამაშის ფლანგის შეცვლა თავით დარტყმის მიზნით?!

კუთხურის მოწოდებისას კარვახალი „დორტმუნდის“ საჯარიმოში მეორე ტაიმის დასაწყისშიც გამოჩნდა, მაგრამ მაშინ „რეალის“ მარჯვენა მცველის თავურს „დორტმუნდის“ ტანმაღალი მცველები გადაეღობნენ.

მეორედ კი სტრატეგიამ უკვე იმუშავა. ესპანეთის ნაკრების ტანმორჩილმა მცველმა ანგარიში გახსნა და ამ გოლით მოწინააღმდეგე სასტიკ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან 75-ე წუთიდან მოყოლებული მატჩის ბოლომდე ტელეეკრანებზე ძირითადად „დორტმუნდელთა“ შესანიშნავ გოლკიპერ კობელის „სეივებს“ ვხედავდით, ხოლო ბელინგემის გადაცემის შედეგად ვინისიუსის მიერ გატანილი მეორე ბურთი კი როგორც იტყვიან, უბრალოდ „ტექნიკის საქმე“ იყო.

მატჩის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ფულკრუგმა დალაშქრა ტიბო კურტუას კარი, მაგრამ გოლი აშკარა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვლილა.

ტრავმიდან ახლახან დაბრუნებულ მადრიდელთა გოლკიპერს შესანიშნავი მატჩი გამოუვიდა, რადგან მან პირველ ტაიმში რამოდენიმეჯერ იხსნა თანაგუნდელები გოლისაგან.

საერთოდ, პირველი ტაიმის შემხედვარე გამოუცდელი მაყურებელი აუცილებლად იტყოდა, რომ მატჩის მეორე ნახევარში „დორტმუნდი“ ასეთ საგრძნობ უპირატესობას გოლში გარდასახავდა და თამაშს მოიგებდა, მაგრამ როდესაც გუნდები შესვენებაზე გოლების გარეშე გავიდნენ, უკვე აშკარა იყო, რომ მეორე ტაიმში „რეალი“ გაცილებით საშიში იქნებოდა მოწინააღმდეგესთან შედარებით. 

გოლამდე ტონი კროოსმა ჯერ შორეული დარტყმებით აიკლო დორტმუნდელთა გოლკიპერი, შემდეგ კი გერმანელთათვის იმ ავადსახსენებელ 75-ე წუთზე კუთხურიდან თავზე დაასვა ბურთი დანი კარვახალს, რომელმაც ანგარიში გახსნა…

კობელის მხრიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მეორე გაშვებულ გოლამდე ცოტა ხნით ადრე, ერთი წუთის განმავლობაში ჩადენილი ორი „სეივი“, როდესაც მან ჯერ კამავინგას ჩახვეული დარტყმა „ცხრიანიდან“ კუთხურზე გადაიტანა, ხოლო შემდეგ  კუთხურიდან უკვე ნაჩოს ურთულეს თავურ დარტყმაზე მოახდინა რეაგირება.

კარვახალის მსგავსად, ნაჩოსაც ბურთი თავზე რა თქმა უნდა ტონი კროოსმა „დაასვა“, რომელსაც მართლაც ტრიუმფალური გამოუვიდა მადრიდის „რეალის“ მაისურით ჩატარებული ბოლო მატჩი.

კარლო ანჩელოტიმ კი ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალთან“ ერთად მესამეჯერ მოიგო. „დორტმუნდამდე“ მისი ხელმძღვანელობით„რეალს“ ფინალებში მადრიდის „ატლეტიკო“ და „ლივერპული“ ჰყავდა დამარცხებული.

„რეალთან“ ფინალში ორჯერ წაგებული მწვრთნელი იურგენ კლოპი კი ტრიბუნებზე იმყოფებოდა და გულშემატკივრობდა თავის ყოფილ გუნდს, რომელმაც 2013 წელს „ბაიერნთან“ დათმო ჩემპიონთა ლიგის ბუნდესლიგური ფინალი.

რაზე ფიქრობდა კლოპი? იქნებ მატს ჰუმელსზე, რომელმაც შეიძლება თავისი საბოლოო სიტყვა ევროპის ჩემპიონატზე თქვას? განა პირველ ტაიმში მის საოცარ გადაცემას არ მოჰყვა პირველი გამწვავება ამ მატჩში, როდესაც კურტუასთან პირისპირ გასული ადეიემი საბოლოოდ მადრიდელმა მცველებმა შეავიწროვეს და კარში დარტყმის საშუალება არ მისცეს? იქნებ ამ უკანასკნელის მარკო როისით შეცვლაზეც, რადგან „რეალმა“ ანგარიში ადეიემის მოედნიდან გასვლისთანავე გახსნა…

როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ მადრიდის „რეალის“ წარმატებების საიდუმლოება დღემდე გაკვირვებას იწვევს და ახლავე გვაფიქრებინებს, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალ წელს.

ვინ შეიძლება დაამარცხოს ეს გუნდი. ან, მეორე მხრივ ორჯერ ზედიზედ მოახერხებს კი იგი ტურნირის მოგებას? 

რატომაც არა. განა ზინედინ ზიდანის მწვრთნელობის დროს ზედიზედ სამჯერ არ მოიგო მან ჩემპიონთა ლიგა?

და რაზე უნდა იფიქროს გიორგი მიქაუტაძემ, რომლის „მეციც“ საფრანგეთის მეორე დივიზიონში გავარდა? უპირველეს ყოვლისა იმაზე, რომ თავი დააღწიოს გუნდს, რომელიც „სენტ ეტიენთან“ მატჩში რომც არ დამარცხებულიყო, მის სათამაშო დონეს არ შეესაბამება.

მთავარი კი საქართველოს ნაკრებია და მისი გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე. მიუხედავად იმისა, რომ როდრიგო ყველაზე სუსტი იყო მადრიდის „რეალიდან“ „დორტმუნდთან“ შეხვედრაში, თურქეთის ნაკრების ფორვარდი არდა გულერი კარლო ანჩელოტის მოედანზე მაინც არ შემოუყვანია…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.