ქუთაისი ქალაქია…
ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და უფრო მეტიც, მეხუთე უძველეს ქალაქად მიიჩნევა ევროპაში. სხვადასხვა წყაროში ანტიკური ავტორები მას კოლხეთის სამეფოს დედაქალაქადაც მიიჩნევენ. ქალაქის სიძველე მის ისტორიაზე, კულტურაზე და ქვეყნის ისტორიაში შეტანილ წვლილზეც აისახება.
ალბათ არ არსებობს სფერო, რომლის განვითარებაშიც დიდი როლი არ ითამაშა ქუთაისმა, იქნება ეს ლიტერატურა, მეცნიერება, მუსიკა, კინო თუ თეატრი. სწორედ ქუთაისის სახელს, იქაურ გიმნაზიას, თეატრსა თუ ქალაქს უკავშირდება ქართული კულტურისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანები – აკაკი წერეთელი, ტიციან ტაბიძე, ნიკო ნიკოლაძე, პაოლო იაშვილი, დავით კაკაბაძე, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, ექვთიმე თაყაიშვილი, აკაკი შანიძე, პაოლო იაშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, კოტე მარჯანიშვილი, პეტრე ოცხელი და მრავალი სხვა. ქუთაისელი იყო პირველი ქართული დოკუმენტური კინოს ავტორი, რეჟისორი და ოპერატორი, ვასილ ამაშუკელი და ქუთაისია მთავარი გმირი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და წარმატებული ქართული ფილმისა “რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?”.
ქუთაისი ის ქალაქია, რომელიც ერთი ნახვით შეგაყვარებს თავს, და გარდა ისტორიისა, აწმყოშიც უამრავი რამით შეუძლია იამაყოს – ქალაქის ცენტრშია განთავსებული ოპერის, თოჯინების და დრამატული თეატრები, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სამხატვრო გალერეა და ქუთაისის ისტორიული მუზეუმი. იქვეა ქუთაისის ღამის ცხოვრების ორი სიმბოლო, კლუბები – ბუდე და რეფლექტორი.
საერთაშორისო აეროპორტის გახსნასთან ერთად ქუთაისი ქართველი თუ უცხოელი ტურისტების ახალ საყვარელ დანიშნულების ადგილად იქცა რაც გასაკვირი სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალაქსა და მის შემოგარენში უამრავი რამის ნახვა და აღმოჩენა შეიძლება. სწორედ ქუთაისში, ცენტრიდან ფეხით, 10-15 წუთის სავალზე ნახავთ გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოს – ბაგრატის ტაძარს, ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაა ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, სადაც 700-მდე სახეობის მცენარეა გაშენებული, ხოლო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში წარმოდგენილია უნიკალური მასალა ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. მუზეუმის არქეოლოგიურ განყოფილებაში, რომელიც ქუთაისსა და მის შემოგარენში მიკვლეული მასალებით ივსება, ბრინჯაოს და ანტიკური ხანის უამრავი ნიმუშია დაცული. ასევე, მუზეუმის საგანძურში ინახება შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნებისა და ოქრომჭედლობის ნიმუშებიც.მუზეუმის ეთნოგრაფიულ განყოფილებაში ხის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინისა და ქსოვილის მდიდარი კოლექციებია.
ბიბლიოთეკაში 40 000 წიგნთან ერთად, XIX-XX სს-ის პერიოდულ გამოცემათა კომპლექტებია დაცული. ასევე, საზოგადო მოღვაწეთა პირადი და საერო თუ სასულიერო დაწესებულებების არქივები.
მოკლედ, ქუთაისს აქვს ყველაფერი, რაც ქალაქს გაგაცნობს და შეგაყვარებს. ქალაქი კი ადამიანების გარეშე არ არსებობს, ალბათ ესეცაა იმის ერთერთი მიზეზი, რომ ადგილობრივების განთქმული სტუმართმოყვარეობა ბუნებრივად ითარგმნა სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში და ქუთაისში გაჩნდა ისეთი რესტორნები, კაფეები, სასტუმროები თუ ჰოსტელები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაგრძნობინებენ ქალაქის სულს.
სწორედ ქუთაისს მიეძღვნა კიდევ ერთი ვიდეო საქართველოს ბანკმა. ვიდეოში კიდევ ერთელ შეგიძლიათ ნახოთ ადგილები და ისტორიები, რომელიც ქუთაისსა და ქუთაისელებს ასე გამორჩეულს ხდის.





