fbpx

კინო პასპორტის ნაცვლად – პოლიტიკური დრამა, ტროპიკული ნუარი და ესთეტიკური ტერაქტი


გააზიარე სტატია

რას ვნახავთ და რა შეიძლება ვერ ვნახოთ საქართველოს კინოდარბაზებში – კანის 77-ე კინოფესტივალი

 

ავტორი: ნესტან ნენე კვინიკაძე

 

შონ ბეიკერი პირველი ამერიკელი რეჟისორია, ვინც კანის კინოფესტივალზე ტერენს მალიკის “სიცოცხლის ხის” (2011 წელი) შემდეგ ოქროს პალმა მოიპოვა. და შესაძლოა, ასევე პირველობდეს გამორჩეული სამადლობელო სიტყვის გამოც; დაჯილდოების ცერემონიაზე, რეჟისორის 4-წუთიანი გამოსვლა არაერთხელ გადაიფარა აპლოდისმენტებით. ამონარიდები კი რამდენიმე წუთში ჰედლაინებად გავრცელდა. ბეიკერმა თქვა, რომ კინოს მომავალი კინოთეატრებშია. ოქროს პალმა კი სექსმუშაკებს მიუძღვნა; სექსმუშაკებს წარსულში, აწმყოსა და მომავალში.

“ანორა”, სადაც მთავარ როლს მიკი მედისონი ასრულებს, რომანტიკული ტრაგიკომედიაა. დიალოგები ინგლისურ, რუსულ და, ფრაგმენტულად, სომხურ ენებზეა. 23 წლის ბრუკლინელი სტრიპტიზიორი ანორა, რუსი ოლიგარქის შვილს ვანიას (მარკ ეილდენშტეინი) გაუმიჯნურდება. წყვილი, თამაშ-თამაშით ლას ვეგასში იქორწინებს. 

რა შეუძლია ოლიგარქს, თუ ვაჟის ქორწინება მისთვის არასასურველია, ვფიქრობ, ჩვენი აუდიტორიისთვის არც ისე რთული ამოსაცნობია. ცხადია, ოჯახი შვილის დახსნის სპეცოპერაციას იწყებს.

ერთი შეხედვით, ტრივიალურ სქემას რეჟისორის ოსტატობა, მიკი მედისონის პერფორმანსი და ფილმის ფინალური სცენა “ანორას” ბეიკერის საუკეთესო ნამუშევრად აქცევს. შონ ბეიკერმა მსგავსი შინაარსის კინოს ყველა სტერეოტიპი უარყო. ანორას როლზე არც ლამაზმანი შეურჩევია და არც რუსი ოლიგარქი ჰგავს, ოლიგარქის დამკვიდრებულ სახეს, მეტიც, ფინალამდე, რეჟისორი ანორას განცდებსაც არ გვიჩვენებს. 

რუმინელი ემანუელ პარვუს ”სამი კილომეტრი სამყაროს დასასრულამდე” რუმინულ სოფელში გათამაშებული მოზარდის, მისი ოჯახის და თანასოფლელების ამბავია. ხმის დიზაინით შთამბეჭდავ დრამაში ხეების უწყვეტი შრიალი, თითქოს, დაბნეული და შეშინებული ადამიანების გულისცემას ახმოვანებს. რა ვუყოთ ჰომოსექსუალობაში მხილებულ მოზარდს? როგორ გამოვაჯანმრთელოთ? ესაა ოჯახის და მათი “მოკეთეების” მთავარი საზრუნავი. სოფლის მშრომელი ცოლ-ქმარი თავიანთი წარმოდგენების და დამკვიდრებული წესების მიხედვით მოქმედებს. მათ იციან, რომ შელოცვა, მღვდელი და ეკლესია ბიჭს იხსნის… რომ ჰომოსექსუალი შვილის სახლში გამოკეტვა სწორი გზაა. ერთ მხარეს სირცხვილია, მეორე მხარეს კი ძალაუფლება, რომელიც გარიყულებს მორჩილებაში ამყოფებს.

იდენტური პრობლემების მიუხედავად, განსხვავება ისაა, რომ ასეთი კინოსურათი რუმინეთში ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით მზადდება. მაშინ როცა საქართველოში ფილმებიდან ლგბტ სცენების ამოსაჭრელად კანონის მიღებაზე მსჯელობენ.

ამ კანონის გათვალისწინებით, ქართველ მაყურებლამდე ვერც ბრაზილიური ეროტიკული ტრილერი მოაღწევს. ”მოტელ დესტინო” კარიმ აინუზის დრამაა. რეჟისორმა სცენარზე ვისლან ესმერალდოსთან ერთად იმუშავა. მოქმედება მოტელ დესტინოში ხდება, რომელსაც მხოლოდ მოკლე შეხვედრებისთვის სტუმრობენ პარტნიორები და შესაბამისად, მთელი ფილმის განმავლობაში სექსის სიამოვნებით მოგვრილი კვნესა ანაცვლებს ყველა სხვა ფონურ ხმას თუ მუსიკას.

მთავარ როლს იაგო ქსავიერი განასახიერებს, ის 500 კანდიდატს შორის შეირჩა. 21 წლის ჰერალდო, რომელიც “მოტელ დესტინოს” მფლობელ წყვილს, ადგილობრივი განგსტერული დაჯგუფებისგან მიმალვის მიზნით ჩაუსახლდება, სანაცვლოდ მოტელის ოთახების დალაგებას, გაფუჭებული კონდიციონერების შეკეთებას და სხვა საქმეს ითავსებს.

კლასიკური სასიყვარულო სამკუთხედი იკვრება, თუმცა “მოტელ დესტინოში” არაფერია ჩვეულებრივი.

მოტელის სათვალთვალო კამერები მიმდინარე ამბებს აფიქსირებს, ფლეშბექები კი წარსულ ქრონიკას, ჰერალდის ბავშვობის ტრავმებს და სიღარიბეს გვახსენებს.  

რეჟისორი ნეონით და სიცხით გაჟღენთილ სივრცეს საუცხოო ოსტატობით ითვისებს. კლაუსტროფობიური ინტერიერებიდან თამამი ბრაზილიური სანაპიროების და ტროპიკული მცენარეების ალყაში სასპენსის ტემპერატურაც იმატებს. 

ტროპიკულ ნუარად წოდებული “მოტელ დესტინო” საკონკურსო პროგრამის უპრიზოდ დარჩენილი გამორჩეული ფილმია.

კანის კინოფესტივალს სული ელევა სენსაციებზე. ამიტომ, ფესტივალის ბოლოსკენ ააფეთქა ერთი თვის წინ საკონკურსო პროგრამაში დადებული ნაღმი.

მოჰამედ რასულოფი, ცნობილი და გავლენიანი ირანელი რეჟისორია, თუმცა მის ფილმებს სამშობლოში არ უჩვენებენ, მეტიც, კრძალავენ და თავად რეჟისორს დევნიან. მან გაიარა პატიმრობის ტანჯვაც, ქონების კონფისკაციის მუქარაც, 2017 წელს კი პასპორტის ჩამორთმევაც მისი ბიოგრაფიის ნაწილი გახდა. რასულოფის 8-წლიანი სავარაუდო პატიმრობა ელოდა. კანის ფესტივალმა საკონკურსო პროგრამაში მისი ფილმის განთავსებით, მორალური მხარდაჭერაც დააფიქსირა. უპასპორტო რეჟისორს ფესტივალზე არავინ ელოდა. ის კი ირანიდან საიდუმლოდ, ტყეებისა და მთების გავლით გამოიქცა და საკუთარი ფილმის პრემიერაზე აღმოჩნდა. რეჟისორს წითელ ხალიჩაზე ხელში ეჭირა მსახიობების ფოტოები, რომლებიც კინოფესტივალზე ვერ ჩამოვიდნენ.

“წმინდა ლეღვის მარცვლები” პოლიტიკური დრამაა, რომელსაც ერთი ოჯახის ამბიდან ვაკვირდებით. მოსამართლე იმანი დააწინაურეს. მაღალი თანამდებობა კეთილდღეობას, უკეთეს პირობებს და შემოსავლის ზრდას მოიაზრებს. დაწინაურება ანტიჰიჯაბის მოძრაობის დაწყებას ემთხვევა. იმანი ორი თინეიჯერი ქალიშვილის მამაა. თინეიჯერები საპროტესტო პროცესს სოციალურ ქსელებში ადევნებენ თვალს. პროტესტში მონაწილეობს მათი ახლო მეგობარიც.

რა შეიძლება დაემართოს დიქტატურის რეჟიმის ერთგულ, აგონიაში ჩავარდნილ ჩინოვნიკს? ამ ამბავს რეჟისორი 3 საათის განმავლობაში დამახასიათებელი დრამატურგიული სიზუსტით ჰყვება და მხატვრულ თხრობაში არქივის რეალურ მასალას ოსტატურად აზავებს.

“წმინდა ლეღვის მარცვლები” ჟიურის სპეციალური პრიზით აღინიშნა. ისტორიას კი კინოფილმთან ერთად, დარჩა ირანელი რეჟისორის აქტი – კინო, როგორც პასპორტი. კინო, როგორც ბედისწერა და სავარაუდოდ,  გადარჩენა.

დიდი ტრიუმფის და აღიარების შემდეგ, იორგოს ლანთიმოსი, თითქოს, კვლავინდებურად საკუთარ ოთახში შეიკეტა. თუ ”საბრალო არსებებში” რეჟისორი გასაგები ენით, კონკრეტულ და ტრენდულ თემებს თავისებური ხელწერით გვიზიარებდა, ტრიპტიქში “სიკეთის სახეობები”, სადაც ემა სტოუნი და უილიმ დეფო კვლავინდებურად მონაწილეობენ, ავტორი თითქოს ზურგით დადგა მაყურებელთან. მრავალშრიანი და რთული არქიტექტონიკის კინოსურათი, სადაც გაუცხოება, სულიერი ლიდერის ძებნა და ძალადობის ობსესია მართავს პერსონაჟებს, წლევანდელი ფესტივალის ერთგვარ რებუსად იქცა. კრიტიკოსების ნაწილი მოხიბლული დარჩა, ზოგი ხუმრობდა – რისი თქმა სურდა ლანთიმოსსო? ნაწილი კი იმასაც ამბობდა – რეჟისორს არ უნდოდა ფილმი მოგვწონებოდაო.

ლანთიმოსის ახალ კინოსურათში შესრულებული მთავარი როლისთვის  ჟიურიმ ჯესი პლემონსი საუკეთესო მამაკაც მსახიობად დაასახელა.

რა მოხდება, თუ ცნობილი მექსიკელი კრიმინალური ავტორიტეტი ქალად გადაკეთებას მოისურვებს? ასეთი რთული დავალების შესრულება მოინდომა ჟაკ ოდიარმა ფილმში “ემილია პერესი” და ტრანსგენდერ ესპანელ მსახიობს, კარლა სოფია გასკონეს, ორივე როლის – მანიტასა და ემილიას განსახიერება ანდო.

კანის 77-ე კინოფესტივალი დღესასწაულად სწორედ ჟაკ ოდიარის “ემილია პერესმა” აქცია. სენსიტიური ესპანურენოვანი მიუზიკლი, ოდიარის არცერთ სხვა ნამუშევარს არ ჰგავს, მეტიც,  ალმოდოვარის თუ სხვა ასოციაციების მიუხედავად, ოდიარის თანამედროვე მელოდრამა ბრწყინვალე რეჟისურით, მუსიკით, ლიბრეტოსა და სამსახიობო ოსტატობის გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ახალი ოდიარის დაბადებად მივიჩნიოთ.

ზოე სალდანა, სელენა გომესი, კარლა სოფია გასკონე, ადრიანა პასი – ერთობლივად გახდნენ ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლები. ფილმშიც ასეა, თითქოს ერთი პერსონაჟი მეორიდან გამომდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებული წარსული, საქმე და ინტერესები აქვთ.

საუცხოო წარმოდგენაში ძალადობრივი, სისხლიანი, სასტიკი და იმავდროულად, მეტისმეტად ადამიანური სამყარო ამღერდება.

პრესის ჩვენებისთანავე კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში კორელი ფარგოს “სუბსტანცია” მოექცა. კინოფილმში ეკრანებიდან გამქრალი დემი მური დაბრუნდა, მის ალტერ ეგოდ კი მარგარეტ ქუალი გვევლინება.

გიოცნებიათ საკუთარი თავის უკეთეს ვერსიაზე? მაშინ ეს ახალი პროდუქტი უნდა გასინჯოთ; სუბსტანცია, რომელიც გაახალგაზრდავებას და გალამაზებას გვპირდება, საპირისპირო შედეგის მომტანი აღმოჩნდება.

ცნობილი ტელევარსკვლავი, დემი მურის გმირი, მისი მოკრძალებული ასაკის გამო შოუში ახალი სახის უნდა ჩაანაცვლონ. ცნობილი შოუს დახურვა ერთ დროს ვარსკვლავი ქალისთვის საბედისწერო აღმოჩნდება.

ორიგინალური იუმორით, დრამატურგიის მრავალშრიანობით, ნოვატორული ვიზუალით და კინოენით, კორელი ფარგო დრამას სრულიად არასწორხაზოვნად გაათამაშებს. შესაბამისად, დნმ-ის ცვლილება თუ ფემინისტური ექოები, ახალგაზრდობაზე ჩაბღაუჭების მცდელობა თუ სილამაზისთვის გაღებული მსხვერპლი, რეჟისორის ოსტატობის შედეგად, მაღალმხატვრულ ნამუშევრად იქცევა.

სუბსტანცია საუკეთესო სცენარის ჯილდოს მფლობელი გახდა.

30 წლის შემდეგ კანის საკონკურსო პროგრამაში ინდური კინოფილმი დაბრუნდა. პაიალ კაპადიას “ყველაფერი, რაც სინათლე გვგონია” გრანპრით აღინიშნა.

სამი სხვადასხვა თაობის ქალის ხმა და პერსპექტივა თანამედროვე ინდოეთის პატრიარქალურ სამყაროს გვიჩვენებს.

თავშეკავებული რეჟისურით და ნელსურნელებით ავტორი, ერთგვარად, შეურყვნელ სათავეებს მიმართავს და სწორედ ამ ინტონაციით თანამედროვე ქალების ვალდებულებებზე, აკრძალვებსა და გამოწვევებზე გვიყვება.

“ყველაფერი, რაც სინათლე გვგონია” გამჭვირვალე და რბილი ქსოვილივით სხლტება და ბრუნდება მაყურებელთან. კინოფილმი თავისუფალია ავტორის ძალაუფლებისაგან და იქნებ ამ მიზეზით იკავებს ადგილს მეხსიერებასა და გულში.

“გრანდ ტური” პორტუგალიელი მიგელ გომესის ლირიკული სიმძაფრით გაჟღენთილი შედევრია.

გომესის კინოს მოხილვას(!) ერთგვარი მზაობა სჭირდება, რადგან რეჟისორი არავის არაფერზე უთანხმდება და აქ შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.

კინო-გამოცანა, რომლის შესაქმნელად გომესი ყველა გამომსახველობით ფორმას გამოიყენებს.

მნიშვნელოვანია თუ არა რეალობა? იქნებ მხოლოდ ნარატივია მთავარი? “გრანდ ტური” სულის მოგზაურობაა, რომელსაც სხეული აჰყოლია.

მიგელ გომესი სამხრეთ აზიაში მიგვიძღვის, იმავდროულად, ლოგიკას უარყოფს; დროით თამაშობს, როცა დრო ყველაფერიცაა და არაფერიც.

ტური რანგოში იწყება. ედუარდ აბოტი ცდილობს გაექცეს მოლი სინგლტონს, ქალს, რომელზეც უნდა იქორწინოს. ედუარდის წარმოსახვაში, მას მოლი ადევნებული ჰყავს, ქალის ხმა ყველგან აღწევს, ტელეგრამის თუ სხვა ირეალური კავშირების საშუალებით.

შეძლებს თუ არა მოლი ედუარდის პოვნას და რას გვიჩვენებს რეჟისორი ფილმის მეორე ნაწილში, თავად უნდა ნახოს მაყურებელმა. ეს ძვირფასი პროცესი და მდგომარეობები, რომელსაც ყურადღებით ვაკვირდებით, მუდმივად ცვალებადია. აქაა კინო კინოში; შავ-თეთრი და ფერადი გამოსახულების ციმციმი.

ფილმში ცალკეული სცენები სხვა საკონკურსო სრულ ფილმებს წონის; მაგალითად, სცენა, როცა პორტში, თავსხმა წვიმაში, ედუარდი გამვლელებს ყვავილებს ურიგებს; ასეთია ლოტოსის ყვავილების კრეფის სცენაც… ატრაქციონების მოძრაობაც; ქალების დიალოგი, როდესაც, მოულოდნელად ამოთქმული უცენზურო სიტყვები შესაბამისი დამხშობი სიგნალით იფარება… აქ 1919 წელიცაა და დღევანდელობაც; მკვდარიც შეიძლება გაცოცხლდეს, რადგან მიგელ გომესი, თამამად იმორჩილებს მთელ სამყაროს. მისი მხატვრული დაუფლების ცდა ისეთი დამაჯერებელია, რომ პირობითობის საზღვრები სრულად წაშლილია. “გრანდ ტური” – ესაა ერთგვარი ესთეტიკური ტერაქტი, რომელსაც მორალს ვერ მოჰკითხავ.

77-ე კინოფესტივალზე მიგელ გომესი, გრეტა გერვიგის ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

მაგნუს ფონ ჰონრი  წლევანდელ ფესტივალს ეწვია ფილმით “გოგონა ნემსით”, რომლის ინსპირაციაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არასასურველი ორსულობების შედეგად გაჩენილი ბავშვების ამბავს და რეალური ქალის, დაგმარ ოვერბის ისტორიას უკავშირდება. ქალი, რომელიც დანიაში სასტიკი დანაშაულებითაა ცნობილი.

ანდრეა არნოლდის “ჩიტი” კენტში გათამაშებული დრამაა. რეალობა, სადაც ყველა თავისებურად ხელმოცარული და მარტოსულია… ძალადობრივი გარემოსაგან თავდასაცავად 12 წლის გოგო წარმოსახვით სამყაროში იმალება. 

არნოლდი, სავარაუდოდ, პირველია, ვინც სკუტერის კინოს ხაზს შემოიტანს ფილმში. შესანიშნავია მოძრავი სკუტერიდან დანახული ქალაქი, რომელშიც ვერა და ვერ მოშინაურდებიან ემიგრანტები, სადაც ან მუსიკა, ან ფოტოგრაფია უნდა იქციო თავშესაფრად. სადაც მხოლოდ ჩიტები გიერთგულებენ.

საკამათო არაა, 85 წლის ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის გადასაღებად ნამდვილად ეკუთვნის 130 მილიონი. მით უფრო, თუ “მეგაპოლისზე” 30 წელი მუშაობდა. მთავარი როლის შემსრულებელ ადამ დრაივერს კი მაინც გაუჭირდა ფილმის ჟანრის და შინაარსის მკაფიოდ განსაზღვრა.

სამაგიეროდ, კრიტიკოსებმა “მეგაპოლისს”, ღიად და ირონიულად, კოპოლას გლოვა უწოდეს – რეჟისორმა ამერიკული დემოკრატია გამოიტირაო.

ახლო მომავალში ახალ რომში ვართ; კეისარი ადამ დრაივერია. უტოპიური საზოგადოება ძალაუფლების შესანარჩუნებლად იბრძვის.

“მეგაპოლისის” კინოენა ეკლექტურია; სანახაობა, პერიოდულად, ანიმაციით და სხვა ულტრათანამედროვე საშუალებებით აღწევს ჩვენამდე. კანში წარმოდგენილი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კინოფილმი ვარსკვლავებითაა გაჯერებული.”მეგაპოლისი” მისი ბრწყინვალების და მასშტაბურობის გამო, აუცილებლად სანახავი ფილმია, იმის მიუხედავად, ძველი კოპოლა უფრო მეტად გიყვართ თუ არა.

ულტრათანამედროვე საფლავების ბიზნესზე მიგვაპყრობინა ყურადღება კიდევ ერთმა ვეტერანმა – დევიდ კრონენბერგის “სუდარები” შავი იუმორით გაჯერებული დრამაა, სადაც ვინსენ კასელი და დაიან კრუგერი თამაშობენ. კრონენბერგიც პრიზის გარეშე დაბრუნდა შინ.

ისევ ნეაპოლში, ისევ ესთეტიკური ტკბობა… პაოლო სორენტინო ფილმში “პარფენოპა” ბერძნული მითოლოგიიდან ციტირებს და ქალის ეპოპეას წარმოგვიდგენს. ვგულშემატკივრობთ თავისუფლების და სიყვარულის მაძებარ ქალს, რომელსაც სურს, რომ სილამაზის მიღმა ხედავდნენ.

პოლ შრაიდერის  “ოჰ, კანადა” რიჩარდ გირის და უმა ტურმანის დუეტმა ვერ გადაარჩინა. ფილმი პრიზის გარეშე დარჩა. 

ჟილ ლელუშის “მფეთქავი გულებიც” საკონკურსო პროგრამის სუსტი ნამუშევრების ნუსხაში აღმოჩნდა, ისე, როგორც კრისტოფ ონორეს “ჩემი მარჩელო”. ფილმი მამის, მარჩელო მასტროიანის ჩრდილს ვერდახსნილი ქალიშვილის ერთგვარი დღიურია. საკუთარი თავის ძიების პროცესი რეალური ამბებით და პროტოტიპებითაა დახუნძლული. ფილმის პრემიერას კატრინ დენევის თაოსნობით, მთელი დინასტია და მასთან დაახლოებული ელიტა სრული შემადგენლობით ესწრებოდა.

 

ყურადღების მიღმა დარჩა ალი აბასის “შეგირდიც”, ფილმი დონალდ ტრამპის ჭაბუკობის პერიოდზე.

კირილ სერებრენიკოვის პირველი ინგლისურენოვანი ფილმის ჩართვა საკონკურსო პროგრამაში ერთგვარი რევერანსი იყო რეპრესირებული რეჟისორისთვის. “ლიმონოვი: ბალადას” სამშობლოდან იძულებით გახიზნული გადამღები ჯგუფი პრესკონფერენციაზე პატიმრობაში მყოფი რეჟისორების ბანერით წარდგა. კირილ სერებრენიკოვმა პრესას იმ რეჟისორების ამბავი უამბო, რომლებიც 7-წლიან პატიმრობაში ანტისახელისუფლებო შინაარსის სპექტაკლის გამო აღმოჩნდნენ.

კანის კინოფესტივალი ყველაფერს იტევს; თავის დროზე სწორედ აქ დავიჯერე, რომ ხელოვნება დამოუკიდებელი, ცოცხალი და პოლიტიკურია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.