fbpx

Black Sea Jazz Festival ბათუმში 26-28 ივლისს გაიმართება


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

თეთრი ზღვისპირა ქალაქის კორტები Black Sea Jazz Festival-ს კიდევ ერთხელ მასპინძლობს. მრავალწლიანი ფესტივალის პროგრამა არაერთი ცნობილი ბენდისა და შემსრულებლის შოუს აერთიანებს, მათ შორისაა ცნობილი ჯგუფი ჯექსონ 5, რომელიც ბათუმს 28 ივლისს ეწვევა და ფესტივალს გრანდიოზული კონცერტით დახურავს. ფესტივალი 26, 27, 28 ივლისს გაიმართება და უამრავ სტუმარსა თუ შემსრულებელს დაუვიწყარ დღესასწაულს ჰპირდება.

ბათუმი ჯაზის მოყვარულების მექად ჯერ კიდევ 2007 წლიდან გადაიქცა და ყოველწლიურად ერთმანეთზე უფრო დასამახსოვრებელ გამოცდილებას უტოვებს ფესტივალის ვიზიტორებს. წლევანდელი შემსრულებლების სია მხოლოდ ჯექსონებით არ შემოიფარგლება და სცენა ისეთ ვარსკვლავებს დაეთმობა, როგორებიც არიან ფილიპ ლასიტერი და ჯოჯო მაიერი.

ფესტივალი 26 ივლისს ბათუმის კორტებზე 11 გრემის მფლობელი ლეგენდით, ფილიპ ლასიტერის კონცერტით გაიხსნება. პრინცის New Power Generation-ის უცვლელი წევრი, თერთმეტკაციან ბენდთან ერთად, შავი ზღვის სანაპიროზე დემოკრატიის მუსიკით ქართველ მსმენელს მოხიბლავს და მაყურებელს შესაძლებლობა ექნება მის პირველ სოლო კონცერტს მოუსმინოს.

27 ივლისს სცენა ვირტუოზ შვეიცარიელ დრამერ ჯოჯო მაიერს დაეთმობა. არტისტი ელექტრონული კვარტეტის, “ნერვის” თანხლებით, მსმენელებს დრამ ენდ ბეისისა და ჯანგლის უბადლო სესიებს შესთავაზებს.

ჯექსონების ოჯახს დიდი წარდგენა არ სჭირდება. ტიტო, ჯეკი და მარლონ ჯექსონები წელს ევროპისკენ აიღებენ გეზს და დაუვიწყარი ჯგუფი მაყურებელს ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ ჰიტებს შესთავაზებს – ABC; Can you feel it,I want you back და ა.შ.

წლევანდელი ტურნე ჯექსონების ოჯახზე გადაღებული ფილმის წინაპირობაა, რომელსაც 2025 წელს იხილავს მაყურებელი დიდ ეკრანებზე.

ფესტივალის მდიდარი ისტორიიდან და საინტერესო თავგადასავლებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მის სულისჩამდგმელს, კახა კანდელაკს გავსაუბრებოდით და მეტი ინფორმაცია გაგვეზიარებინა მკითხველებისთვის იმ ჯადოსნური დღეების შესახებ, რომლის მასპინძელიც ყოველწლიურად ქალაქი ბათუმი ხდება. Სტუმრებისთვის ფესტივალი ჯერ კიდევ ჯაზის მატარებლიდან იწყება, რომელსაც ზღვისპირა ქალაქისკენ აქვს გეზი აღებული, რათა მუსიკალური იმპროვიზაციის მაგიური სამყაროს გზა გაუხსნას სტუმრებს.

სწორედ ამიტომ, გავესაუბრეთ კახა კანდელაკს, ფესტივალის ერთ-ერთ დამფუძნებელს და ვთხოვეთ, მეტი მოეყოლა ფესტივალის შესახებ.

 

ბატონო კახა, საიდან წამოვიდა ფესტივალის იდეა, რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწიათ, როგორ მოხვედით აქამდე?

ძალიან Საინტერესო ისტორია აქვს, თუ როგორ და როდის გაჩნდა ეს ფესტივალი. იდეა თავდაპირველად 2007 წელს ჩაისახა, თუმცა ეს ყველაფერი თბილისის ჯაზფესტივალის გაგრძელებას წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მუსიკალური ფესტივალის სათავე, რაც საქართველოში ტარდება, არის თბილისის ჯაზფესტივალი. ეს არა მარტო თბილისის, არამედ პოსტსაბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველ ფესტივალს წარმოადგენდა. Საერთოდ, მაშინ ბევრი რამ არ იცოდნენ, სიტყვა “ფესტივალი” და მისი ასოციაციაც ზუსტად თბილისის ჯაზფესტივალიდან წამოვიდა.

ფესტივალს კი სათავე 1978 წლიდან ჩაეყარა. არაფერი არ იყო მაშინ, არავინ იცოდა რას ნიშნავდა სპონსორი, ვინ რას “ასპონსორებდა”, მითუმეტეს 2- და 3-წლიან კონტრაქტებზე ლაპარაკი ზედმეტი იყო და აი, ისეთი სიტყვებიც კი, როგორიცაა “საინფორმაციო მხარდაჭერა” იშვიათობას წარმოადგენდა. Მაშინ, ჯერ კიდევ კოკა-კოლა იყო გენერალური სპონსორი, თიბისიც მათ შორის, 2007 წელს.

ვისაც ვეპატიჟებოდით, ისინიც არ მოვიდნენ და მოკლედ, ვდგავართ ერთი 20 კაცი ამ კონცერტებზე. თან, წარმოიდგინეთ, ფრედ უესლი და პივი ელისი ჩამოვიდნენ, ძალიან მაგარი ლეგენდები, ჯეიმს ბრაუნის მარჯვენა ხელი და ჯგუფის წევრები. Მაგას დამატებული პლუს ასეთი ჯგუფი იყო – Parov Stelar – ელექტრო სვინგ ჯაზს უბერავდნენ, შემდეგ ცნობილებიც გახდნენ.

რამდენიმე წლის წინაც საახალწლოდაც დავპატიჟეთ და წარმოიდგინეთ, 30000 კაცი დაესწრო, მაგრამ იქამდე, ვინც პირველ ჩამოსვლას ესწრებოდა, სულ 20 კაცი ვიყავით. კარი ღია გვქონდა, კაციშვილი არ შემოდიოდა და ვიღაცები გარეთ იდგნენ.

ნიუპორტსაც ხომ მსგავსი ისტორია აქვს, თავიდან მხოლოდ სტაფით დაიწყო, რამდენადაც ვიცი.

სტილის მიხედვით 4 ფესტივალი ხომ გვაქვს, რაღაც 4 სეზონი გამოვიდა და აქედან გამომდინარე, განსხვავებული მიმართულებები შევარჩიეთ. Ნელ-ნელა ხალხი უკვე მიხვდა, რა მაგარი რამაა ჯაზი, საოცრად მრავალფეროვანია თავის განშტოებებით. Მაგალითად, ფანკიც ბათუმის ჯაზფესტივალის შემდეგ შემოვიდა საქართველოში, იმიტომ, რომ ფანკი, როგორც სიტყვა, არც იცოდნენ ჩვენთან – მაშინ რიტმ ენდ ბლუზს ვეძახდით.

ფანკის ისეთი ლეგენდები ჩამოვიდნენ ბათუმში, როგორებიც არიან ჯორჯ კლინტონი, ფანკადელიკი, ბუცი კოლინზი, ლარი გრეჰემი. ეს ისეთი სახელებია, იმის იქით რომ არ არის, მთვარეზე ან მარსზე თუ იპოვი, თორემ დედამიწაზე ჰიპ-ჰოპიც მაგათით დაიწყო. ფესტივალზე ჩადიხარ 3-4 დღე, მაგრად ერთობი, სიურპრიზებიცაა, მოლოდინებიც… რაღაც მხრივ არის კიდეც ნატვრის ახდენა.

ვიღაცებს სნუპ-დოგის ნახვა უნდოდათ, ვიღაცებს პროდიჯის, მე, მაგალითად, კვინსი ჯონსის ნახვისა არ მჯეროდა, დაუჯერებელი ამბავი იყო ჩემთვის. კვინსი ჯონსს ეძახიან მთელი მსოფლიოს შოუბიზნესის ბოსს. Ბოსია ნამდვილად, იმიტომ, რომ პოპის მეფეც მაიკლ ჯექსონიც კვინსი ჯონსმა გახადა და USA to Africa კვინსი ჯონსის შექმნილია. მაგან გამოიყვანა ეს ახალი თაობის მაიკლ ჯექსონები, როგორიც იყო, ვთქვათ, იგივე ჯეკობ კოლიერი, კოლი ჰენრი.

ჯეკობ კოლიერმა, როგორც კი ბათუმიდან წავიდა, სამი წლის განმავლობაში 6 გრემი აიღო. თვითონ კვინსი ჯონსმა მითხრა, რომ მაიკლ ჯექსონის მერე, მაშინ რომ ვიპოვე და გამიმართლა, მას შემდეგ ასეთი აღტაცებული არავისით ვყოფილვარო.

ჯექსონები ახსენეთ და მათზეც რომ ვისაუბროთ…

ჯექსონების მთელი ოჯახი ჩამოდის, 3 ძმაა დარჩენილი, მომღერალიც ჰყავთ დამატებული და რვაკაციანი ბენდია, კიდევ – ინსტრუმენტალისტები, ტოპ კლასის მუსიკას უკრავენ, იმ Jackson five-დან, რაც იყო, მთელი რეპერტუარია წარმოდგენილი. საინტერესოა ისიც, რომ 50 წლის საიუბილეო ტური აქვთ, წელს უსრულდებათ.

რადგან 2025 წელს ფილმიც გამოდის ამ ოჯახზე, თან ძალიან ცნობილი მსახიობები თამაშობენ, მთელი ფანები სულმოუთქმელად ელოდებიან, ამიტომ შანსი არ უნდა გაუშვათ, რომ ცოცხლად ნახოთ და შემდეგ დაელოდოთ ფილმს. , ელტონ ჯონიც ხომ იყო და შემდეგ აიღო ოსკარი ფილმმა, ჯეიმს ბრაუნიც თბილისში იყო და უცებ ფილმშია. ნეფტლიქსი ჩამოჰყვა კვინსი ჯონსს, ეგეც რამდენად დიდი რეკლამაა სახელმწიფოსთვის.

ნეტფლიქსზე კვინსი გამოვიდა, რომელმაც გრემი აიღო – the best music movie და ბათუმის ეპიზოდია ფილმში ასეთი, რომ ფრენკ სინატრა, 2pac, რაღაც მსგავსი კადრები ენაცვლება ერთმანეთს და უცებ, ბლექ სი ჯაზფესტივალის კადრი შემოდის – ტიპი ზის, ვიღაცები ჩოხებით ცეკვავენ მეგრულ-ლაზურ რესტორანში და ეს იძახის, ვა, რა მაგარი ქვეყანაა, რა მაგარი არქიტექტურა, მადლობას ამბობს და გამოჰყავს სცენაზე ეს ტიპები. პარალელურად თბილისელი დამსწრეები კივიან მთელ დარბაზში – მაგარი მომენტია, ისეთ მარადიულ ისტორიაში შევიდა, ვერც ერთი პოლიტიკოსი ამას ვერ გააკეთებს, რასაც ეს მუსიკოსები გვიკეთებენ ჩვენ.

პირველ დღეს ხსნის ფილიპ ლასიტერი, რომელიც ამერიკელი მულტიინსტრუმენტალისტი, მესაყვირე, მაგრამ, რაც მთავარია, არანჟირების უდიდესი ოსტატია. ისეთი მაგარი შოუ აქვს, რომ… თან პრინცის გავლენაც იგრძნობა მაგრად, გოსპელისაც, სულ თეთრები კი არიან, მაგრამ შავ მუსიკას უკრავენ. ძალიან მაგარი რიტმის გრძნობა აქვთ და სხვანაირი გრუვი მოდის. Ჯაზის ელემენტებია 20%, ასე ვთქვათ, და უფრო არის ფანკი და დისკო – happy music. ძალიან ბევრ ხალხთან ერთად აქვს ნამუშევარი, 11 გრემი ისე ვერ გექნება, მაგრამ საკუთარი პროექტი ახლა დაიწყო და რაც ყველაზე მაგარია, 12 კაცი ჰყავს სცენაზე, შემდეგ ამ 6 კაცს იტოვებს და “ივერია ბიჩზე” სამივე ღამეს ჯემსეშენებს გვიწყობენ. ბოლო დღეს, ჯექსონები რომ იქნებიან, მაიკლ ჯექსონის თემებზე ააწყობს და ჯექსონებიც რომ შემოუერთდებიან, იქნება საგიჟეთი. Ჰოდა ასეთი გართობა გველის, დაუვიწყარი.

მეორე დღეს შვეიცარიელი დრამერია, ვირტუოზს ეძახიან – ეს არის ჯოჯო მაიერი, დაიწყო, როგორც ჯაზმენმა, 18 წლის იყო, მონტე ალექსანდერთან რომ უკრავდა, მერე დიზი გილესპი და ნინა სიმონთან ითანამშრომლა და ამ დროს, უცებ შეცვალა მთელი თავის ტექნიკა, ახალი ტექნიკა მოიგონა, დრამ ენდ ბეიზი შეაერთა. პროგრამას Nerve დაარქვა, დრამზე ვერც დაიჯერებ, რომ ცოცხლად შეიძლება ამის გაკეთება, კომპიუტერზე ჩაწერილი გეგონება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.