fbpx

ცვლილება – აქტი მეორე – ჯგუფური გამოფენა გალერეა Window Project-ში


გააზიარე სტატია

გალერეა Window Project-ი წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას სახელწოდებით „ცვლილება – აქტი მეორე“, რომელიც სხვადასხვა თაობის ხელოვანების (უტა ბექაია, შოთიკო აფციაური, ვახტანგ ქოქიაშვილი, თამარა კ.ე., გვანცა ჯიშკარიანი, კოკა რამიშვილი, დათო ქორიძე, მარიამ მზესუ გიუნაშვილი, სანდრო სულაბერიძე x გურამ წიბახაშვილი, ნიკა მაჩაიძე, ერეკლე გეწაძე, Situationist (ირაკლი რუსაძე), გიორგი გაგოშიძე), 1989 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს და საქართველოს უახლეს ისტორიაში, პოლიტიკასა და კულტურაში მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებს ეხმიანება.

ანდრო დადიანი, ხელოვანი:”ცვლილება – აქტი მეორე” ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო გამოფენაა ახლა ქალაქში. სრულიად “შემთხვევით“ და საეჭვოდ, სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა თავგამოდებით ცდილობს, ხელოვანებს და სპორტსმენებს აპოლიტიკურობა დაასწავლოს. მოქალაქე, პიროვნება გამორთოს ჩვენში და ჩვენი საქმეების მექანიკურ შემსრულებლებად გადაგვაქციოს, ანუ ჰომოსოვეტიკუსის კვალზე შექმნას ჰომოქოცი, – მორჩილი და მადლიერი ქართველი. ამ ბრამდ დაყოლაში კი, ქვეყნის კონსტიტუციურ გადატრიალებას ახდენს მთავრობა, მთავრობა რომელიც ქართველი ერის წინააღმდეგ შექმნილი რუსული ჰიბრიდული იარაღი აღმოჩნდა.

ისე როგორც ყველაფერი სამყაროში, ხელოვნებაც პოლიტიკურია. ეს გამოფენაც მკაფიოდ სახალხო, ეროვნული ნარატივის გამტარია და მიხარია, რომ ჩემი ნამუშევარიცაა ერთ-ერთი ხელოვანების ამ პოლიფონიაში. 2020 წელს შექმნილი ნამუშევარი “მოკლე ისტორიული მეხსიერება“, ძველ, სამფეროვან დროშაში სპეციალურად დაშვებულ შეცდომაზეა აგებული. ეს დროშა რამდენიმე წლის წინ შეიცვალა, მაგრამ დამთვალიერებლის 95% ვერ ამჩნევს შეცდომას ნამუშევარში. ეს მცირე, მაგრამ მკაფიო შეცდომა ქვეყნის მთავარ სიმბოლოში დასაშვებს ხდის, რომ არ გვახსოვდეს უახლოესი ისტორიული ფაქტებიც და ეს ბადებს ბუნებრივ განცდას, რომ იგივე შეცდომებს ვუშვებთ, წინ ვერ მივდივართ, ვიტკეპნებით, ცრემლებიც ამიტომაა ნამუშევარზე.”

1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, არაერთი ომის, ოკუპაციის, ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი სივრცის მიტაცების მცდელობების მიუხედავად, თუ საპასუხოდ, საქართველოში იქმნება ხელოვნება, რომელიც, მეტაფორულად, სარკაზმითა თუ რომანტიზმით, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება, როგორიც არის წარსულისა და აწმყოს კრიტიკულად გადააზრების აუცილებლობა, ისტორიის დემითოლოგიზაცია, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა საჯარო სივრცის ფორმირებაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა, ერთი და იმავე მოვლენის მრავალი პერსპექტივიდან გადააზრებისა და მათი სახელდების აუცილებლობა, იდენტობის კრიზისი და რეზისტენტულობა პოლიტიკურად არამდგრად გარემოში.

გამოფენაზე წარმოდგენილი თითოეულ ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს, და სხვადასხვა პერიოდის კოლექტიურ, თუ ინდივიდუალურ რაკურსს ასახავს. კოლექტიური მოცემულობის ვიზუალური ანალიზი კი განსხვავებული სახვითი ფორმებისა და დროის მიუხედავად, ერთსა და იმავეს, საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლებისათვის დაპირისპირებებს, თავისუფლების ძიებასა და დამოუკიდებლობისათვის უწყვეტ, გარდაუვალ მოცემულობად აღქმულ ბრძოლის პროცესს ასახავს.

გამოფენის სათაური, „ცვლილება – აქტი მეორე“ კოკა რამიშვილის ამავე სახელწოდების ვიდეო ინსტალაციიდან არის ნასესხები. ვიდეო 2012 წელს საქართველოში გამართული არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების დოკუმენტური კადრების მანიპულირების შედეგად შეიქმნა. რამდენიმე წლით ადრე კი, კოკა რამიშვილმა შექმნა ვიდეო- “ცვლილება”, რომელიც ვარდების რევოლუციის კულმინაციურ მომენტს ასახავდა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ნივთები ერგნეთის ომის მუზეუმიდან, რომელიც ერგენეთელმა ლია ჩლაჩიძემ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე საკუთარი სახლის სარდაფში დაარსა . მუზეუმი 2008 წლის აგვისტოს ომსა და რუსეთის ოკუპაციას ეძღვნება.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.