fbpx

Kite Dreams Georgia – ცეკვა სანაპირო ქარებთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი თენიეშვილი
ფოტო: Kitedreams Georgia

მე მაინც უნდა ავფრინდე, –
ავფრინდები და…
ფრრი…

მორის ფოცხიშვილი

შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებული პატარა, მაგრამ ეკლექტური ქალაქი – ბათუმი ბევრის მნახველი და მომსწრეა – მომავალი დიქტატორებიც უნახავს, დიდი მწერლებიც და მხატვრებიც. ის თავის დროზე მთავარი გასასვლელი იყო კონსტანტინოპოლის გავლით ევროპისკენ და როგორც ადრე, ახლაც აქ ერთმანეთს მთელი თავისი სისავსით კვეთენ აღმოსავლური და დასავლური კულტურები, რომლებიც ზღვის მონაბერ ქარს ჩამოაქვს ქალაქში, შემდეგ სადღაც მიაქვს და ისევ ხელახლა…

ზღვისა და ცის მშვენიერ ღია ფერებს სანაპირო ზოლზე გაჭიმული მწვანე საფარი ერწყმის, გარშემო მთები, ზღვის ჰორიზონტზე აღმართული  კავკასიონი, რაც ქმნის ქალაქის ბუნებასა და აურას. ბათუმს პერიოდულად ჰქონდა სხვადასხვა სავიზიტო ბარათი და თანაც თითოეული ადამიანისთვის პერსონალური – ზოგჯერ ეს ძეგლი იყო, ზოგჯერ რომელიმე კერძი, ზოგჯერ კი ოდიოზური ლიდერი და სხვა. ახლა ბათუმის სავიზიტო ბარათი ბევრისთვის ცაში მფრინავი სხვადასხვა ფიგურაა – ფრანები, რომლებიც ეძებენ ქარის ტურბინებს ასაფრენად, რათა შეერწყან ღია და მწვანე ფერებში გადაწყვეტილ ქალაქის პეიზაჟს.

ბათუმში და მის შემოგარენში მუდამ ტარდებოდა დროსთან და კონტექსტთან დაკავშირებული დღესასწაულები, თითოეული პერიოდი გარკვეული სახის სახალხო დღესასწაულებს შობს, ასეთი იყო სელიმობა, განდაგანა, შობის დღეობა, საბჭოთა კავშირში შექმნილი  ბათუმობა. მეცხრამეტე საუკუნემდე საქართველოში მრავალი დღესასწაული აღინიშნებოდა, გაწითლების შემდეგ კი რელიგიური მოტივის გამო  აიკრძალა, ზოგმა ფორმა იცვალა და ახლებური ვარიაციით დაბრუნდა. უძრაობის ხანაში დღესასწაულები კვლავ ბრუნდება, თუმცა ფორმა შეცვლილი. საინტერესოა, რომ 70-იანი წლების ბათუმში აღადგინეს ნეპტუნისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომელიც ათასწლეულების წინ უძველეს რომის იმპერიაში იმართებოდა და თავისთავად პატივს მიაგებდა რომაული მითოლოგიის ზღვის ღმერთს – ნეპტუნს. გადმოცემის მიხედვით, მთელი ქალაქი ქუჩაში გამოდიოდა, სირინოზების, მეომრების და კიდევ  სხვადასხვა  ფორმაში გამოწყობილი ხალხი ქალაქის ქუჩებში მსვლელობას აწყობდა, რაც ივლისში  ტარდებოდა, როცა ქალაქში საკურორტო სეზონი იხსნებოდა.

2018 წლიდან ბათუმში ახალი ფესტივალი გაჩნდა, რაც  ცაში მოფრიალე სხვადასხვა სახის ფრანებმა  გვამცნო,  და მას შემდეგ ქალაქის განუყრელი ნაწილია. ფესტივალი დროთა განმავლობაში განვითარდა – ახლა უკვე ბათუმის სანაპიროზე გაშლილ ცას ფრანები სრულად ფარავენ, ისინი კატეგორიებად იყოფიან – არსებობს სპორტული, გიგანტური, პატარა და საბავშვო ფრანები. ამ დროისთვის კოლექციაში 50 ფრანია.  განსაკუთრებით გამოირჩევა 15-მეტრიანი თევზი, რომელიც ზღვის ჰორიზონტს განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს, 25-მეტრიანი სიურრეალისტური რვაფეხა, 22-მეტრიანი ტრილობიტი, რომელიც ექსკლუზიურად ფრანების ფესტივალისთვისაა შექმნილი და 12-მეტრიანი ასტრონავტი, რომელიც ცისკენ კოსმოსური ხომალდივით მიიწევს.

დასავლეთის ბრიზი ფრანებს ცაში მიაქროლებს ელექტრონული მუსიკის ფონზე, ისინიც დაქრიან შავი ზღვის ტალღების პარალელურად, უყურებენ პრივატიზებულ პლაჟს, სოკოებივით ამოზრდილ შენობებს და თავიანთი ხდომილების ჩაწერას ცდილობენ ქალაქის ყოველდღიურობაში.

თავიდანვე ფრანების გაფრენა ეკოლოგიასთან იყო დაკავშირებული, ფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დადიოდნენ, თითო-ოროლა ფრანს უშვებდნენ ცაში და პარალელურად გარემოს  აწესრიგებდნენ. 

დასაწყისში ორგანიზატორებს ჰქონდათ თავიანთი ფრანების პატარა კოლექცია, რომელსაც ისინი შემოქმედებითაც იყენებდნენ სხვადასხვა ქალაქში. ერთ-ერთ ზღვისპირა მუსიკალურ ფესტივალზე კი მოხდა ერთგვარი გარღვევა, სადაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო  უნიკალურმა ფრანებმა,  ფესტივალთან წარმატებულმა თანამშრომლობამ კი ფრანებს  მომავალი გაუხსნა. ეტაპობრივად შეიყიდეს  დიდი ფრანები  და სანახაობაც ბევრად უფრო მომნუსხველი გახდა.  საბოლოოდ კი, გარდა სხვადასხვა ფესტივალებზე ფრანების გაშლისა, დაარსდა ავტონომიური ფრანების ფესტივალი, რომელსაც  ბათუმი და მისი შესანიშნავი სანაპირო ზოლი მასპინძლობს.

ფრანების ფესტივალი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ტურისტებისთვის, ბევრი ადამიანი სტუმრობს ქალაქს სწორედ იმ დროს, როცა ფესტივალი ტარდება. 

სხვადასხვა ფორმის ცაში მოფრიალე ფიგურები იზიდავს ხალხს უამრავი ქვეყნიდან, ხელს უწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ფრანების ღონისძიებები აერთიანებს ყველა ასაკის ადამიანს, ხელს უწყობს საზოგადოების  საერთო მიზნების დასახვას, ახალგაზრდა მშობლები, ბავშვები და ყველა  თაობის ენთუზიასტი იკრიბება ჯანსაღ და მიმზიდველ გარემოში.

სცენის მიღმა

ფრანების ფესტივალი მთელ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდია და მისი პროგრესი წლიდან წლამდე, ღონისძიებიდან ღონისძიებამდე შესამჩნევი და ადვილად გასარჩევია. მის ხარისხს კი არა მხოლოდ ფრანების რაოდენობა, არამედ პირველ რიგში გუნდი განსაზღვრავს. ორგანიზატორები ხშირად ატარებენ გუნდურ ვარჯიშებს სანაპიროზე, რაც რამდენიმე საათით გრძელდება. განიხილება, თუ როგორ უნდა გავუშვათ ფრანი და დავიცვათ უსაფრთხოება. გუნდში  დაახლოებით 40 ადამიანია. ფესტივალი თანამშრომლობს სპონსორებთან,  შემოსული ფინანსები ხმარდება ფრანების გუნდს და საზღვარგარეთ  შეკვეთით ამზადებენ  ინდივიდუალური დიზაინის ფრანებს  და ჩამოაქვს ქვეყანაში.  ბოლოს შეიძინეს  12-მეტრიანი კოსმონავტის ფრანი, რომელიც ცას განსაკუთრებულ მაგიურობას მატებს.

ფესტივალის მიღმა ფრანებს გავლენა აქვთ სხვადასხვა აქტივობაზე. გუნდი ბათუმსა და სხვა ქალაქებში ტურისტული სეზონის გახსნაში ხშირად ტურიზმის დეპარტამენტის მოთხოვნით მონაწილეობს.

სცენის მიღმა და სცენაზე მთავარი პერსონაჟი, ფრანთან და დაუღალავ შრომასთან ერთად,  ქარია. ბუნების ეს მოვლენა ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფრანები ცაში გაუშვან, ამიტომ გუნდის მთავარი სლოგანი და ერთმანეთთან ურთიერთობის დევიზია  – ქარი ჩვენკენ!

ფესტივალის უნიკალური ასპექტია მონაწილეებისთვის შექმნილი  გარემო -მათ  ფრანების მოხატვისა და გაშვების საშუალება ეძლევათ. ეს აქტივობა ღონისძიებას ფამილიარულ ელფერს მატებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ფესტივალის მხატვრულ გაფორმებაში  და შექმნან საერთო ველი ცასა და მიწას შორის. ბათუმის ფრანების ფესტივალი აერთიანებს მუსიკოსებს და სკეიტერებს, ქმნის უნიკალურ და მრავალფეროვან კულტურულ გამოცდილებას. ის მსოფლიოში პირველი ფრანების ფესტივალია, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა აქტივობები. ფრანებთან ერთად, აქ დაგხვდებათ თანამედროვე ხელოვანების ინსტალაციები, სხვადასხვა შოპები, სკეიტ შეჯიბრი, ასევე ფრანების ფესტივალზე შესაძლებლობა გაქვთ  მონაწილეობა მიიღოთ ვორქშოპებში, სადაც თქვენ თვითონ შეგიძლიათ ააწყოთ ფრანი, მოხატოთ და გაუშვათ ჰაერში. მიიღოთ სიამოვნება და თან დაიტოვოთ სამახსოვრო მოგონებად.

ფრანების ფესტივალი ადასტურებს საზოგადოების შემოქმედებითობის  და ეკოლოგიური ცნობიერების გაერთიანების ძალას. მისი დადებითი გავლენა ტურიზმზე, კულტურასა და ჯანსაღ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერთან ერთად, ფესტივალს აქვს პოტენციალი შთააგონოს მეტი ადამიანი და ხელოვნებისა და ბუნების უნიკალური ნაზავით მიაღწიოს ახალ სიმაღლეებს.

წელს ფრანების ფესტივალი 27, 28 ივლისს ბათუმის სანაპიროზე იმართება. იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება. 

ქარი ჩვენკენ!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.