fbpx

ზაფხულში სანახავი 10 სერიალი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

ზაფხულის სეზონი ადამიანთა უმეტესობისთვის  წლის საუკეთესო პერიოდია, მიზეზი კი მზიან ამინდებთან ერთად ბევრი თავისუფალი დროა. ამ სეზონზე ვცდილობთ  მაქსიმალურად სასიამოვნოდ გავატაროთ დღეები და დრო ჩვენს საყვარელ აქტივობებს დავუთმოთ. და თუ საზაფხულო გეგმების სიაში სერიალების ყურებაც შედის, მაშინ ჩვენ რამდენიმე შოუს გირჩევთ, რომლებიც დროს სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაგატარებინებთ. 

 

The White Lotus 

თუ HBO-ს ჰიტად ქცეული ეს სერიალი არ გინახავთ, მაშინ ზაფხული მისი ორი სრული სეზონის საყურებლად საუკეთესო დროა. The White Lotus არა მხოლოდ  სცენარით, არამედ ესთეტიკურადაც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია. ყოველ სეზონში ისტორია საკურორტო სასტუმროში ვითარდება და დამსვენებელი გმირების უცნაური თავგადასავლების შესახებ გვიყვება. სერიალის სეზონების მიხედვით იცვლებიან მთავარი გმირები და იცვლება მოქმედების გეოგრაფიული ადგილიც, თუმცა მუდმივი რჩება ერთი დეტალი: სასტუმროს გამოგონილი ბრენდი – The White Lotus. სერიალში სატირას და არაერთ ალეგორიას შევხვდებით. ამ ყველაფერს კი შთამბეჭდავ სანახაობად აქცევს რეჟისურა, მხატვრობა, ეპიზოდებში ნაჩვენები პეიზაჟები და ზოგადად – შოუს ესთეტიკა. 

 

Emily in Paris

მიუხედავად იმისა, რომ Netflix-ის კომედიური სერიალის სცენარი დიდი სიღრმით არ ხასიათდება და ბევრ კლიშესაც შეხვდებით, ლამაზი კადრების დამსახურებით, მის ყურებაში დროს, სავარაუდოდ, სასიამოვნოდ გაატარებთ. შოუს ახალი, მეოთხე სეზონის პრემიერა 15 აგვისტოს შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე სერიალი არ გინახავთ, ახლა დასაწყებად კარგი დროა.  ისტორია მარკეტინგის ამერიკელი სპეციალისტის, ემილის ირგვლივ ვითარდება, რომელიც სამუშაოდ პარიზში გადადის და ცდილობს, ქალაქის დამახასიათებელ კულტურას გაუგოს. სერიალში ვხვდებით პარიზისათვის დამახასიათებელ არაერთ ნიშანდობლივ დეტალს: ფრანგულ კულინარიას, მოდას, ცხოვრების სტილს და რა თქმა უნდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და შთამბეჭდავ ხედებს. 

 

Death and Other Details 

თუ აგათა კრისტის დეტექტივების მსგავსი ჩახლართული ისტორიები გიყვართ, მაშინ Hulu-ს სერიალი Death and Other Details  მოგეწონებათ. შოუ შთაგონებულია სწორედ აგათა კრისტის დეტექტიური რომანით, სახელწოდებით “სიკვდილი ნილოსზე”. ზაფხულის ხედებით, ღია პასტელური ფერებით და დინამიკით, ეს სერიალი მაყურებელს დამაინტრიგებელ ათ ეპიზოდს სთავაზობს. სიუჟეტი საკრუიზო გემზე ვითარდება, რომელზეც მოულოდნელად მკვლელობა ხდება. სწორედ აქ ჩნდებიან მთავარი გმირები – მსოფლიოს ყველაზე გამჭრიახი დეტექტივი და საიდუმლოს ამოხსნის დიდი ნიჭით დაჯილდოებული მგზავრი. მთავარი გმირები იდუმალებით სავსე დანაშაულის ამოხსნას ერთად შეუდგებიან და თავგადასავალიც ასე იწყება. 

 

My Lady Jane

27 ივნისს Amazon-ის სტრიმინგ სერვის Prime Video-ზე სერიალი My Lady Jane გამოვიდა, რომელიც ცნობილ ისტორიულ მოვლენებზეა დაფუძნებული და მის ალტერნატიულ ვერსიას გვთავაზობს. მთავარი გმირი ჯეინ გრეია, რომელიც რეალური ისტორიული ფიგურაა და  მე-16 საუკუნეში დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე იყო. ჯეინმა ტახტზე ასვლა შეძლო, თუმცა ქვეყანას რამდენიმე

დღე მართავდა, რადგან ის ღალატისათვის სიკვდილით დასაჯეს. სერიალის სინოფსისის მიხედვით, ისტორიული  წყაროებისაგან განსხვავებულ ამბავს ნახავს, რომელიც სახალისო მომენტებით არის სავსე. 

 

Bridgerton

სერიალი ამერიკელი ავტორის, ჯულია ქუინის ისტორიული რომანის ეკრანიზაციაა. კომედიური ჟანრის რომანტიკული შოუ Netflix-მა გადაიღო და მან მალევე მოიპოვა დიდი პოპულარობა. სიუჟეტის ცენტრში ლონდონის დიდგვაროვანი ოჯახი – ბრიჯერტონები არიან. თითოეული სეზონი ამ ოჯახის სხვადასხვა წევრის სიყვარულისა და მეორე ნახევრის პოვნის ისტორიაზე გვიყვება. სერიალის ერთ-ერთი ხიბლი ულამაზესი მხატვრობა და კოსტიუმების დიზაინია. ამ დრომდე მაყურებელმა Bridgerton-ის სამი სეზონი იხილა. უახლესი, მესამე სეზონის პრემიერა 16 მაისს შედგა. 

 

 

The Gentlemen

როდესაც ჰოლივუდის ლეგენდარული რეჟისორი სტრიმინგ სერვისებისათვის იღებს სერიალს, ეს მაყურებლის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. სწორედ ეს შემთხვევაა 2024 წლის სერიალი  The Gentlemen, რომელიც გაი რიჩის და Netflix-ის თანამშრომლობის შედეგია. სიუჟეტი ინგლისის არისტოკრატული ოჯახის მემკვიდრის ირგვლივ ვითარდება. მამის გარდაცვალების შემდეგ ის მშობლიურ მამულში ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ მისი ოჯახი კრიმინალურ ბიზნესთან არის დაკავშირებული. ისტორია გაი რიჩისეული ხელწერით არის გადმოცემული, სადაც ძალადობრივ სცენებსაც კი იუმორი და დამახასიათებელი ვიზუალური ესთეტიკა ახლავს.

 

 

The Bear

The Bear სერიალების ინდუსტრიის მთავარი დაჯილდოების, Emmy-ის რეკორდსმენია. შოუმ 2024 წლის დაჯილდოებაზე 23 ნომინაცია მიიღო. კულინარიული თემატიკის კომედიური დრამა ახალგაზრდა შეფმზარეულის ირგვლივ ვითარდება. ის მაღალი კლასის კულინარიული სამყაროდან მშობლიურ ჩიკაგოში ბრუნდება, რათა ოჯახის სენდვიჩების კაფე მართოს. The Bear-მა მთავარი როლის შემსრულებელი ჯიმი ალენ უაითი არა მხოლოდ სერიალების, არამედ მოდის სამყაროს ვარსკვლავადაც აქცია. The Bear-ის მესამე სეზონის პრემიერა 26 ივნისს შედგა. 

 

House of the Dragon

რთულად მოიძებნება სერიალების ისეთი მოყვარული, რომელიც ჯორჯ მარტინის სამყაროს ეკრანიზაციების მაყურებელი არ არის. მას შემდეგ, რაც Game Of Thrones-მა სერიალების სტანდარტი სამუდამოდ შეცვალა, რთულად გავიხსენებთ ეპიკური ჟანრის შოუს, რომელიც მას უწევს კონკურენციას. თუმცა რამდენიმე წლის წინ HBO-მ გადაწყვიტა, ეს გამოწვევა თავადვე მიეღო და GOT-ის ე.წ. სიქუელი გადაეღო. House Of The Dragon – ასე ჰქვია სერიალს, რომელიც ეფუძნება ჯორჯ მარტინის წიგნს, სახელწოდებით “ცეცხლი და სისხლი”. სიუჟეტი იმ პერიოდზე გვიყვება, როცა შვიდ სამეფოს ტარგარიენების გვარი მართავდა და დრაკონები ჯერ კიდევ არ იყვნენ გადაშენებული. House of the Dragon-ის მეორე სეზონის პრემიერა 16 ივნისს შედგა და ის უკვე ფლობს 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი სერიალის სტატუსს. 

 

One Day

Netflix-ის რომანტიკული დრამა One Day ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით გადაღებული მინისერიალია. მხატვრული ფილმი 2011 წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლებს ენ ჰეთეუეი და ჯიმ სტარჯესი ასრულებენ. რაც შეეხება სერიალს, მისი პრემიერა 2024 წელს შედგა. ისტორია ემასა და დექსტერის ირგვლივ ვითარდება. მათ ერთმანეთთან გრძნობები წლების განმავლობაში აკავშირებთ და ურთიერთობაც დროსთან ერთად იცვლება. სერიალმა მაყურებლის დიდი მოწონება, კინომიმომხილველი პრესის დადებითი რეცენზიები და მაღალი რეიტინგი დაიმსახურა. 

 

Land of Women

Apple TV+-ის სერიალი Land of Women ნიუიორკელი ქალის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც შვილთან და დედასთან ერთად ქმრის მევალეებისაგან გაქცევა შორეულ ესპანურ ქალაქში უწევს. ქალაქი მეღვინეობის კულტურით არის ცნობილი და მალევე მთავარი გმირის სახლი ხდება. სერიალში მთავარ როლს ევა ლონგორია ასრულებს. Land of Women-ის პრემიერა 26 ივნისს შედგა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.