ფინეთის სკოლებში ყველა სასკოლო საგანი უქმდება
კონსულტაციებითა და საჭიროების შემთხვევაში ტაქსის მომსახურებით. მოსწავლეთა ჯანდაცვა უფასოა.
პირველად მე-6 კლასში ბავშვებს ეძლევათ არჩევანი, მონაწილეობა მიიღონ რაიონულ გამოცდებში, და ისიც იმ შემთხვევაში, თუ კლასის მასწავლებელი დათანხმდება მონაწილეობაზე. უმრავლესობა ცნობისმოყვარეობის გამო თანხმდება. შედეგი არ საჯაროვდება. ფინელ პედაგოგებს უჭირთ იმის გაგება, თუ რატომ მოსწონთ ასე ძლიერ ამერიკაში სტანდარტული ტესტები.
ფინური საგანმანათლებლო სისტემის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფინური საზოგადოება ბევრ დიდ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო ჰომოგენურია – 5,4-მილიონიან ქვეყანაში მხოლოდ 4%-ია უცხოეთში დაბადებული, რაც ნებისმიერ რეფორმას ბევრად უფრო აადვილებს. ამ არგუმენტის პასუხად შეგვიძლია შევამოწმოთ ტერიტორიულად ისეთივე სიდიდის ფინეთის მეზობელი ნორვეგია – აქ განათლების ამერიკულ სისტემას ემხრობიან, იყენებენ სტანდარტულ ტესტებსა და ასაქმებენ მასწავლებლებს მაგისტრის ხარისხის გარეშე. ფინეთისგან განსხვავებით (და ამერიკის მსგავსად), ნორვეგიის შედეგებმა PISA ტესტებში ბოლო წლების განმავლობაში სტაგნაცია განიცადა და იგი საშუალო მაჩვენებელს ვერ გასცდა.
ფინური სასკოლო რეფორმის მოკლე ისტორია
ფინეთის სკოლები ყოველთვის გაოცებას როდი იწვევდა. 1960-იან წლებამდე ფინეთი ჯერ კიდევ ცდილობდა საბჭოთა გავლენიდან გამოსვლას. ბავშვების უმეტესობა საჯარო სკოლებს 6 წლის შემდეგ ტოვებდა (დანარჩენები კი, ნაკლები სიმკაცრის გამო კერძო სკოლებში, აკადემიური გრამატიკის სკოლებში ან ხალხურ სკოლებში აგრძელებდნენ სწავლას). ხარისხიანი განათლება მხოლოდ პრივილეგირებულთათვის იყო ხელმისაწვდომი.
ვითარება შეიცვალა, როდესაც ფინეთმა თავისი სისხლიანი და დანგრეული წარსულის გაერთიანებულ მომავალზე გადაწყობა დაიწყო. საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებლობის მოყვარული ფინელები ორ ძალას შორის იყვნენ მოქცეულნი; ეს იყო – შვედეთის მონარქია დასავლეთიდან და მეფის რუსეთი აღმოსავლეთიდან. ფინელები არც სკანდინავიელები არიან და არც ბალტიელები და ამაყობენ თავიანთი ნორდიკული ფესვებითა და ენით, რომელზეც საუბარი მხოლოდ მათ შეუძლიათ. 1809 წელს, 600-წლიანი მმართველობის შემდეგ, შვედეთმა ფინეთი რუსეთს გადასცა. რუსეთის მეფემ ფინეთის საჰერცოგო შექმნა. ეს იყო კვაზისახელმწიფო, რომელიც კონსტიტუციურად იმპერიაზე იყო მიბმული. მეფემ დედაქალაქი სტოკჰოლმთან მდებარე ტურკუდან მოსკოვთან უფრო ახლოს მდებარე ჰელსინკიში გადაიტანა. მას შემდეგ, რაც 1917 წელს მეფის რუსეთი ბოლშევიკებმა გადააგდეს, ფინეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამაც თავის მხრივ სამოქალაქო ომი გამოიწვია. 1939-1945 წლებში მომხდარმა ორმა ომმა რუსეთის წინააღმდეგ და ერთმა – გერმანიის წინააღმდეგ ქვეყანა დაანაწევრა, ხოლო ფინანსურად ფინეთს რუსეთის დიდი ვალი დაეკისრა. “ჩვენ მაინც მოვახერხეთ დამოუკიდებლობის შენარჩუნება,” – აცხადებს პასი სალბერგი, განათლებისა და კულტურის სამინისტროს გენერალური დირექტორი.
1963 წელს ფინეთის პარლამენტმა მიიღო თამამი გადაწყვეტილება ეკონომიკის აღდგენისთვის აქცენტი საჯარო განათლებაზე გაეკეთებინა.
“მე ამას ფინური განათლების დიად ოცნებას ვეძახი”, – აცხადებს სალბერგი, რომლის წიგნი “ფინური გაკვეთილები” თებერვალში გამოიცა. “იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ყველა ბავშვს ძალიან კარგ საჯარო სკოლაში ესწავლა. იმისთვის, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, ჩვენ უნდა გავანათლოთ ყველა. ეს ერთადერთი გზა იყო გადარჩენისთვის”.
1979 წლის რეფორმის თანახმად, ყველა მასწავლებელს უნდა გაევლო სამაგისტრო პროგრამა თეორიასა და პრაქტიკაში 8 სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში. პედაგოგების განათლების ხარჯებს საკუთარ თავზე სახელმწიფო იღებდა. ამის შემდეგ მასწავლებლები სტატუსით ექიმებს და იურისტებს გაუტოლდნენ. მსურველთა რიცხი ასტრონომიულად გაიზარდა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ პედაგოგებს მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ, არამედ პატივისცემამ და ავტონომიურობამ მასწავლებლის საქმიანობა მიმზიდველი გახადა.
სალბერგის განცხადებით, 2010 წელს დამწყებ კლასებში მასწავლებლის ვაკანტურ 660 პოზიციაზე მსურველთა რიცხი 6600 იყო.1980-იანი წლების შუაში ინიციატივების საბოლოო ტალღამ წაშალა ვერტიკალური რეგულაციის ბოლო კვალი. საგანმანათლებლო პოლიტიკაზე კონტროლმა საკრებულოებში გადაინაცვლა. სასწავლო გეგმა უფრო ფართო სახის გზამკვლევებად გადაკეთდა. ყველა მოსწავლე, შესაძლებლობების მიუხედავად, განათლებას ერთ საკლასო ოთახში იღებდა, ხოლო მასწავლებლები უზრუნველყოფდნენ, რომ პროცესს არც ერთი მოსწავლე არ გამორჩენოდა. გენინსპექცია 90-იანი წლების დასაწყისში გაუქმდა, ხოლო ანგარიშვალდებულება მასწავლებლებსა და დირექტორებზე გადანაწილდა.
ახალი ფინური გამოწვევა: სკოლა ტრადიციული სისტემის პირისპირ
ამჟამად, ფინეთის სკოლები მორიგი ტრანსფორმაციის მოლოდინში არიან: ქვეყნის სასკოლო განათლების მორიგი რევოლუციური ცვლილება სასწავლო გეგმიდან ყველა სასკოლო საგნის ამოღებას ითვალისწინებს. შესაბამისად, ფინეთი გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც სასწავლო გეგმიდან ყველა სასკოლო საგანს ამოღებს.
ჰელსინკიში განათლების დეპარტამენტის უფროსის, მარიო კიოლენენის განცხადებით, მას სწამს, რომ განათლების დღევანდელი მეთოდები 1900-იანი წლების დასაწყისში იყო ეფექტური, და რომ ისინი აღარ არის რელევანტური და სასარგებლო თანამედროვე განათლების პირობებში. მას ღრმად სწამს, რომ ჩვენი მოთხოვნილებები შეიცვალა და რომ სწავლება შესაბამისად ჩვენს ახალ აზროვნებას და განვითარებას უნდა მოვარგოთ.
ყველაზე დიდი ცვლილება სასწავლო გეგმიდან სასკოლო საგნების ამოღება იქნება. სამინისტროს შეთავაზებით, საგნები ინდივიდუალური მოვლენების და ფენომენების შესწავლით (ე.წ. „ფენომენებზე დაფუძნებული სწავლებით“) ჩანაცვლდება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები აღარ ისწავლიან ცალკეულ საგნებს, როგორიცაა მათემატიკა, გეოგრაფია ან ისტორია, არამედ ისინი შეისწავლიან კონკრეტულ მოვლენებს, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომს მათემატიკის, გეოგრაფიის და ისტორიის კონტექსტში.
შემოთავაზებულია აგრეთვე კურსი, სახელწოდებით “მუშაობა კაფეში”, რომელიც მოსწავლეებს ინგლისურ ენაში, ეკონომიკასა და კომუნიკაციაში მოამზადებს.
ახალი სისტემა, რომლის შემოღებაც 2020 წელს იგეგმება, 16 წლის მოსწავლეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ცვლილება გულისხმობს, რომ ზოგადი საგნების შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, საშუალება ექნებათ თვითონ აირჩიონ ის კონკრეტული მოვლენები, რომლის შესწავლაც სურთ.
იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებს მოეხსნათ იმ გაკვეთილებზე ჯდომის დისკომფორტი, რომლებიც, მათი აზრით, არასდროს გამოადგებათ მომავალში. სანაცვლოდ კი ისინი ისწავლიან მათ მიერ შერჩეულ საკითხებს, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება იგივე უნარ-ჩვევების მიღებაში, თუმცა უფრო პროდუქტიული და სასარგებლო გზით.
ფინური განათლების სისტემა ასევე ხელს უწყობს კოლექტიურ მუშაობას, რაც გულისხმობს იმას, რომ, მერხთან ჯდომისა და მასწავლებლის მოსმენის ნაცვლად, მოსწავლეები იმუშავებენ პატარა სადისკუსიო ჯგუფებში.
ახალი სისტემა პედაგოგებისგან მოითხოვს სრულ თანამშრომლობას და სწავლების ახალ სისტემასთან ადაპტირებას. ჰელსინკიში მასწავლებლების 70%-მა უკვე დაიწყეს სწავლების ახალი სტილისთვის მზადება, რაც შედეგად მათ გაზრდილ ხელფასებზეც აისახება.
ფინური საგანმანათლებლო სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ არის მიჩნეული. მიუხედავად ამისა, „ფენომენებზე დაფუძნებული სწავლების“ კრიტიკოსები თვლიან, რომ ეს მეთოდი, შედარებით ჩამორჩენილი უნარების მქონე მოსწავლეების ხარჯზე, ინტელექტუალურად მეტად განვითარებულ მოსწავლეებზეა მორგებული.
შეკითხვა ასეთია: იქნება თუ არა ეს რადიკალური ცვლილება მაგალითი სხვა ქვეყნებისთვისა და მომავალი თაობებისთვის?
თქვენ როგორ თვლით?
ავტორები: ლაინელ ჰენკოკი
წყარო: https://smithsonianmag.com