შემოდგომის წიგნები – მორჩილაძე, კარიერი, ეკო და სხვები
ავტორი: მათე წიკლაური
ზაფხულის დასვენების მშვიდ დღეებთან შელევა იოლი საქმე სულაც არაა. ადამიანები შემოდგომაზე ჩვეულ სამუშაო, ხშირად სტრესულ რუტინას უბრუნდებიან და პატარ–პატარა დასვენების დღეების მოწყობა სჭირდებათ, რისთვისაც კარგი ლიტერატურული ნაწარმოები ერთ–ერთი საუკეთესო დამხმარეა. ნახეთ შემოდგომისას წასაკითხი 5 წიგნი.
- აკა მორჩილაძე – „ფიროსმანი – ქართულის რვეულები“
“სულაკაურის“ გამომცემლობის სერია „ქართულის რვეულები“ აკა მორჩილაძის რამდენიმე შესანიშნავ ბიოგრაფიულ წიგნს აერთიანებს. ვაჟასა და ყაზბეგის ცხოვრებისეულ ისტორიებთან ერთად წიგნში მკითხველი გენიალური ქართველი მხატვრის ტკივილებითა და სევდით სავსე ცხოვრებასაც გაეცნობა. აკა მორჩილაძისათვის დამახასიათებელი ფანტასტიკური თხრობის ხერხები კიდევ ერთხელ გვამოგზაურებს ნიკო ფიროსმანის ღრმა შინაგან სამყაროში. „ფიროსმანი – ქართულის რვეულები“ დიდი მწერლობისა და დიდი მხატვრობის შეხვედრის ნიმუშია და შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს.
- ჟან-კლოდ კარიერი, უმბერტო ეკო – „იმედი არ გქონდეთ, რომ წიგნებს მოიშორებთ!“
ორი ინტელექტუალისა და წიგნების უფლებათა დამცველის საუბარი სხვადასხვა თემაზე, წიგნი, რომელიც დიალოგია, მაგრამ თითქოს ესეებად გვევლინება. უმბერტო ეკოსათვის დამახასიათებელი იუმორი და აღმოჩენები ცნობილ ფრანგ რომანისტ და ისტორიკოს, ჟან-კლოდ კარიერთან საუბრისას კიდევ ერთხელ გვახსენებს თავს. წიგნის მთავარი ღირსება საუბრის უსასრულობაა. დიალოგის მონაწილეები ხმალამოღებულნი იცავენ წიგნებს, საუბრობენ ბრიყვული და ჭკვიანური წიგნების სიდიადეზე, ინტერნეტზე, ელექტრონულ წიგნებსა და პაპირუსზე დაწერილ ტექსტებზე, თავიანთ თავს გადამხდარ მაგალითებს იხსენებენ და იცინიან, სულ გგონია, რომ იცინიან… რა უნდათ? როგორია წიგნებს მიკედლებული სამყარო მათთვის? – ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხს თავად იტალიელი და ფრანგი მცოდნეები მოგახსენებენ.
- ნათანიელ ჰოთორნი – „შვიდფრონტონიანი სახლი“
დოსტოევსკისთან ერთად ნათანიელ ჰოთორნიც დანაშაულის, ცოდვისა და შურისძიების ფსიქოლოგიური შტრიხების გამააზრებლად უნდა მივიჩნიოთ. ამის ბრწყინვალე ნიმუშია წარსულში მეთიუ მოულის მიწა, რომელიც პოლკოვნიკმა პინჩონმა ცილისწამებით დაისაკუთრა. მეთიუ დააპატიმრეს ჯადოქრობის ბრალდებით, პინჩონმა ამ მიწაზე სახლი აიშენა, მაგრამ მეთიუმ ჰოთორნის რომანში ნაწარმოების მთავარ ინტრიგად დაიმტკიცა თავი და პინჩონთა შთამომავლობა დაწყევლა. სწორედ ეს წყევლაა გარდამტეხი, სწორედ ამ წყევლას გადარჩენილი ოთხი პინჩონის ურთიერთობაა რომანში… რა მოუვათ, რას მოიფიქრებენ, აქვს თუ არა საერთოდ რამის მოფიქრებას აზრი, ეს წყევლა უსასრულოა, თუ ოდესმე დადგება დრო და მასაც დაეკარგება ძალა? – ყოველივე ამას ფანტასტიკური ელემენტებით გაჯერებულ რომანში თავად ავტორი უპასუხებს.
- არჩილ ქიქოძე – „ინდოეთის დღიური“
არჩილ ქიქოძის ნაამბობი ნორვეგიული და მექსიკური ამბები ქართველი მკითხველისთვის უკვე ძალიან კარგადაა ცნობილი, მაგრამ თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთმა საუკეთესო მთხრობელმა სერიას „ინდოეთის დღიურიც“ შემატა და ჩვეული სტილით მკითხველი წიგნის ფურცლებიდან გაამგზავრა სხვა ქვეყანაში. აქ ცნობისმოყვარე ადამიანები გვხვდებიან, რანტამბორის ეროვნულ პარკსა თუ ოქროსფერ ჯაისალმერსა და ტარის უდაბნოში თავის ამოყოფა თუ მოგინდებათ, არჩილ ქიქოძის გზამკვლევზე უკეთ მეგზურობას ცოტა რამ გაგიწევთ. ავტორი ჰყვება ინდოეთზე, მაგრამ თხრობის მანერის მიღმა მისი მწერლური ოსტატობისა და ნაფიქრ-განცდილის პალიტრა იშლება, რის გამოც დაამთავრებ თუ არა კითხვას, ერთადერთი სურვილი გიჩნდება, – გაფრინდე ინდოეთში და შენი თვალით ნანახი მწერლისას შეადარო.
- იოზეფ როთი – „რადეცკის მარში“
იოზეფ როთის ამ ნაწარმოებზე მარიო ვარგას ლიოსამ თქვა, საუკეთესო პოლიტიკური რომანია, რაც კი ოდესმე დაუწერიათო. ავსტრიელი მწერლის შედევრი 1932 წელს გამოიცა. წიგნი ტროტას საგვარეულოს ოთხი თაობის ცხოვრების პერსპექტივიდან აცოცხლებს ჰაბსბურგთა დინასტიის, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის და ძველი ევროპის დაცემის ისტორიას. წიგნი ყველანაირი ტიპის მკითხველს ახვევს საკუთარ საბურველში, ერთი გვარის მრავალწლიანი ისტორიის მიღმა კი მთელი ევროპის ბედი, ისტორია და კულტურა იშლება, ავტორი იმ მოვლენებს აერთიანებს, რომლებმაც მსოფლიო ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშეს, რომელთა გავლენაც თანამედროვე მსოფლიოზე უდიდესია.
არ გამოგრჩეთ ეს წიგნები და აქციეთ უფრო საინტერესოდ და მრავალფეროვნად თქვენი შემოდგომა.