fbpx

კენეთ ენგერის “ლუციფერის აღზევება”


გააზიარე სტატია

,,There was Lao-tzu.

There was Siddartha.

There was Krishna.

There was Tahuti.

There was Mosheh.

There was Dionysus.

There was Mahmud.

But the seventh men called Perdurabo.

And the eighth men called Anger”

 

ავტორი: ლაშა ყელბერაშვილი

 

იქ, როგორც ბლეიკი იტყვის მილტონის შესახებ, თუ როგორი ხალისითა და ვნებით აღწერს ის დემონურ სახეებს, ხოლო უჭირს ანგელოზურთა გარჩევა, და სწორედ ამიტომ, მილტონს მიაკუთვნებს სატანის რიგებს (და ყველა დანამდვილებით პოეტსაც), შეგვიძლია შევამჩნიოთ ერთგვარი სიამაყე, აჯანყებულთა და დაჩაგრულთა მხარეს დგომის სიამოვნება, ასე, კენეტ ენგერიც მუდამ იმათ რიგებში იყო, ვინც სინათლის მოსატანად მზადაა უწინდელი შემუსროს კიდეც ამ სინათლით და ბრწყინვალებით და რაც უმთავრესია, მოაჯადოოს. 

“ლუციფერის აღზევება” ენგერის მაგიური ფარნის წრის კულმინაციას წარმოადგენს და მისი, როგორც ცერემონიული მაგისა და თელემიტის სამუშაოს ერთგვარ შეჯამებასაც. ენგერი პრესვიტერიანელთა ოჯახში დაბადებული მესამე და უკანასკნელი ბავშვი იყო, რომელიც კინოში პირველად ბებიამ წაიყვანა სერგეი ეიზენშტეინის Да здравствует Мексика-ს სანახავად და მომდევნო წლებშიც, როცა ენგერი ჰომოსექსუალად რეპრეზენტირებას იწყებს (ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამერიკაში ჰომოსექსუალობა არალეგალურია) და ამერიკის ავანგარდულ წრეებს უახლოვდება, ბებიაა ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ფინანსურად მხარს უჭერს მას. 

ენგერი მეოცე საუკუნის 40-იან წლებში იწყებს ფილმების გადაღებას. მთავარ ზეგავლენად ჟორჟ მელიესა და მის Les Quat’Cents Farces du diable-ს ასახელებს. ორივე ერთგვარად ჯადოქარი, რეალობის ტრანსფორმაციისა და რეკონსტრუქციის საერთო ინტერესებით და მისი წინამორბედი, პოეტური კინოს ერთ-ერთი პიონერი ჟან კოკტო, რომელიც ასევე მისი არტისტული სიყვარულის ობიექტს წარმოადგენდა. თავად კენეტი კი მომდევნო, 60-იანი წლების ექსპერიმენტული კინოს წინამორბედად შეგვიძლია მივიჩნიოთ, დროის, როცა სექსუალური ტაბუები ირღვევა, ეკოლოგიური ცნობიერება იწყებს დაბადებას, ბიტ თაობა ყვავილებით უცხადებს პროტესტს ომსა და სისხლის ღვრას, თუმცა მანამდე, სწორედ 40-50-იან წლებში, როცა კინო ერთთავად გადაშვებულია მატერიალისტური ფილმების კეთებაში, ენგერი საკუთარ თავს არა მარტო მეინსტრიმ კულტურის მიღმა გარიყავს, არამედ, ზოგადად, მის ნეგატიურ სურათად მოგვევლინება სტენ ბრეკეჯთან, კურტის ჰარინგტონთან და მაია დერენთან ერთად. 

თავად ფილმი, ისევე როგორც მისი გადაღების პროცესი, მითოსურ ნისლშია გახვეული, თუმცა სანამ ამაზე გადავალთ, კენეტ ენგერის უმთავრეს ზეგავლენაზე, ინგლისელ ოკულტისტსა და მაგზე უნდა შევჩერდეთ, ალისტერ ქროულიზე, რომლის გარეშეც ფილმის ისედაც არანარატიული სტრუქტურის გაგება გაჭირდება.  ქროული, მისი შესანიშნავი თეოლოგიური ცოდნის მიღმა, ასევე უდიდესი პოეტი, მოჭადრაკე და მთამსვლელი იყო. მის სახელს უკავშირდება ბოდლერის “ხელოვნური სამოთხეებისა” და აღმოსავლური მარგალიტის, ლაო ძის “დაო დე ძინის”  თარგმნა, თუმცა უმთავრესად იმითაა ცნობილი, რომ მაშინ არსებული ჰერმეტული და ოკულტური ცოდნის სისტემებიდან ახალი გამოძერწა და თელემა დაარქვა. ეს სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა და უხეშად, ნებას აღნიშნავს. არსად შევხვედრილვარ თუმცა, ურიგო არ იქნება ვთქვათ, ეს სახელი შესაძლოა ფრანგი მწერლის, ფრანსუა რაბლეს  “გარგანტუა და პანტაგრუელშიც” ამოიკითხა, სადაც სწორედ მითურ ადგილზეა საუბარი, რომლის შესასვლელ კარიბჭეზეც ეს სიტყვა აწერია. ქროულის მაგიური სამუშაო მის მთავარ ქმნილებაში “კანონთა წიგნში” ჯამდება, რომელიც თავის მხრივ ასევე მაგიური ფორმულით ავლენს ახალ, ჰორუსის ეონს, დროის იმ პერიოდს, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ ჩვენ – “Do what thou wilt” (ჰქმენ ის, რაც გნებავს). სწორედ ასე იწყება ფილმი. სისხლით, ტალახით და ოფლით ნაგებმა ეონებმა – ისისმა და ოსირისმა შვილი შობეს, ჰორუსი – ლუციფერი. ბავშვური, თუმცა წრფელი და ძლიერი ნებით სავსე ეპოქის სული. გაიხსენეთ იესო, როდესაც ის ეტყვის მასსა და ბავშვებს შორის ჩამდგარ მოწაფეებს: “მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში”.

რაც შეეხება ფილმის სტრუქტურასა და მისი გადაღების პროცესს, ენგერი უარყოფს პირდაპირ დიალოგსა და ნარატიულ თხრობის სტილს. ამის მაგივრად ის მთლიანად მუსიკით მოსავს თხრობას. მისი სისტემა პოეტურია, ნანგრევ-ნანგრევ ნაგები. ურჩევნია, კარგად მოთხრობილი ამბის ნაცვლად, შელოცვით მოხიბლოს მაყურებელი. მონტაჟი შერეულია, ზოგჯერ ეიზენშტეინისეული, რიტმული და ინტელექტუალური, ზოგჯერ კი, როგორც კინოკრიტიკოსი და  მწერალი კარელ როი შენიშნავს: “ლუციფერში კამერა საბოლოოდ გაათავისუფლებს საგანს ახლო ხედვისგან შორეული გადაღების მიზანსცენებით. ლანდშაფტების, ზღვისა და ცის სურათების სერია იღებს მითურ პროპორციებს შორი მონტაჟის მეშვეობით, შორეული კადრები ადასტურებენ სამყაროს უზარმაზარობას”. ფილმს გასდევს მისტიკური დუალობა. მისი პერსონაჟები ერთდროულად პერსონაჟსაც და საკუთარ თავსაც განასახიერებენ. მერიენ ფეისფული, მაშინდელი როკ-სცენის ვარსკვლავი  ფილმში ლილიტი, უარყოფილი ადამის მიერ, იმის გამო, რომ ლილიტი არ აძლევდა უფლებას ადამი ზევიდან ყოფილიყო), ასევე უარყოფილი როლინგ სტოუნსის ლეგენდარული წევრის, მიკ ჯაგერის მიერ, რომლის გამოც მაჯებს გადაისერავს. კენეტი ცდილობდა ლუციფერის როლზე სწორედ ჯაგერი დაემტკიცებინა, თუმცა ბოლო მომენტში მან უარი განაცხადა. ფილმისთვის მუსიკა მენსონის ოჯახთან დაახლოებულმა და მკვლელობისთვის ციხეში გამომწყვდეულმა ბობი ბოშოლეიმ ციხეში დაწერა. რაც გადაღებების პროცესს შეეხება, კენეტი ჭკვიანურად მოიქცა, როცა ეგვიპტეში ჩასვლის მიზეზად დოკუმენტური ფილმის გადაღება მოიმიზეზა ძველ ეგვიპტურ ტრადიციებსა და ცხოვრების წესზე. როგორც იხსენებს, ეს მოგზაურობა მის მიერ 1952 წელს კაიროში შავ შაბათად წოდებულმა, ანტიბრიტანული გამოსვლების დროს ხოცვა-ჟლეტის ამსახველმა ფოტოებმა დაუფინანსა. 

ლუციფერის აღზევებაში თითოეული პერსონაჟი გარკვეული ტიპის სინათლეს განასახიერებს. ისისი (მირიამ ჯიბრილი) და ოსირისი ( დონალდ კამელი) მზის ღვთაებები არიან. ლილიტი მთვარეა. ლუციფერი (ლეზლი ჰაგინსი) კი ელვა. როგორც ფანარი, კინოც აშკარად დამოკიდებულია სინათლეზე და სინათლის მფარველად კი ლუციფერი გვევლინება. მისი სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვებიდან lucis (ნათელი) და ferre (მოტანა). ამრიგად, კენეტი წარმოიდგენს კინოს, როგორც ლუციფერული ხელოვნების ფორმას – “ლუციფერი ვიზუალური ხელოვნების მფარველი წმინდანია. ფერი, ფორმა – ეს ყველაფერი ლუციფერის ხელობაა”. 

კიდევ ერთი რამ, რაც მნიშვნელოვან გამომხატველობად გვევლინება არა მხოლოდ “ლუციფერის აღზევებაში”, არამედ ენგერის მთელ ფილმოგრაფიაშიც, ეს ძილი და მისგან გამოღვიძებაა. დაბადება და სიკვდილი. ფილმის დასაწყისში ვხედავთ სებეკს, ნიანგთა მეუფეს, როგორ გამოდის კვერცხის ნაჭუჭიდან, რათა ოსირისთან ერთად შეუერთდეს ახალ, მერწყულის ეპოქის განთიადს და მასთან ერთად გამოიხმოს ლუციფერი – ამბოხი ყოველი ფორმის დაბადებისა და განახლების. როგორც კამიუ დაწერს,  “ამბოხი, ნოსტალგია უდანაშაულობისა და არსებობის არსის მიმართ”, ენგერი იკვლევს სწორედ ამ არსს და ეს არსი, დროის სული მის ფილმში ერთიანი და უწყვეტი, თანადროულია ყოველი არსებობის. სწორედ ამითაა განპირობებული ის, რომ ენგერი მიატოვებს ტრადიციულ ნარატივს და ოკულტური სიმბოლოების სერიის სახით მოაჯადოებს მაყურებელს. მისთვის უმჯობესია კინო არ იყოს თხრობა, არამედ გამოხმობა. ცნობიერების ტრანსფორმაციის სულ მცირე მცდელობა მაინც. 

კენეტის ფილმებში პერსონაჟები ინდივიდუუმებად არ გვევლინებიან. ისინი ბუნების ძალებს განასახიერებენ, ადამიანიც ხომ ბუნების ერთ-ერთი ძალაა, ისევე როგორც კადრის გახსნისას ნაჩვენები ამოფრქვეული ვულკანი, ცის მნათობები, ქარი ან წვიმა. ის, რაც ჩვენ, ქრისტიანულ კულტურას პაგანურისგან განასხვავებს, ესაა მათი შემზარავი ძალისხმევა არ სწამდეს ადამიანის, რათა არ დაკარგოს კონტაქტი მთლიან შემოქმედებასთან. უმცირესი იმპულსი სიყვარულისა მეტად გვაახლოებს ღმერთთან, ვიდრე ნებისმიერი ინტელექტუალური ცოდნა შესაქმესა თუ მის სტადიებზე. საგანი თუ ფენომენი, რომელსაც სახელს ვარქმევთ,  მკვდარი ფენომენია. და ჩვენ მიერ ფენომენთა თუ საგანთა, ზოგჯერ ღმერთებზე სათაგურებიდან დარქმეული კომფორტული სახელები კი არ გვაახლოებს მათთან, არამედ გვაშორებს. იქნებ სწორედ ამიტომ გამოსახავდნენ ოკულტები ღმერთს ბაფომეტად და არა კეთილ და წირპლიან ღმერთად, რათა ამ საშინელი ასპექტით შეეცნოთ სწორედ ბუნება და ღმერთი. ვფიქრობ, კენეტის ძალისხმევაც სწორედ ეს იყო – კინემატოგრაფიული შელოცვით ენახებინა სასტიკი ასპექტი სიხარულისა, რომელიც მხოლოდ გულწრფელ დაუმორჩილებლობაში დევს. 

ფილმში ლუციფერი, დაუმორჩილებელი ძალა, რომელიც ერთსა და სრულყოფილს გამოეყო, სულ სამი სახით გამოჩნდება. პირველად თეთრსა და წითელში გამოწყობილი, როგორც ხელახლა დაბადების სიმბოლო, მეორედ გამოღვიძებულ ადეპტთან ერთად შავ-თეთრში, როცა ყოველი ძალა ადეპტისა, ლილიტისა თუ ბუნების ემზადება მის გამოსახმობად, და ბოლოს, მაშინ როცა ადეპტს ლუციფერის დაბადების დღის ტორტი უჭირავს ხელში, საიდუმლო ბომბით. აი მისი საჩუქარი კაცობრიობას. მისი ნამდვილი ძალა. 

ასე, კულტურის მიერ დამკვიდრებულ ნიშან-ხატების სისტემებში მეტ-ნაკლებად გარკვეულთათვის, ეს ნიშნები ენგერთან მთავრდება და შიშველ ფენომენთა წვეულებაში რეტდასხმული ცეკვავს. მისტიკურ სიმბოლოთა ბურუსში გახვეულ მაყურებელს ეჩვენება, რომ ნახა რაღაც, რაშიც ბოლომდე ვერ გაერკვა, იქნებ საერთოდაც ვერა, თუმცა მონუსხულია, სწორედ იმით, რასაც ვეძახით სიცოცხლის მისტერიას და არა ისტორიას. კენეტიც სწორედ ამას ამბობს, რომ “ლუციფერის აღზევება” ამ არსების დაბადების დღის წვეულებაა, ის, რაც ისტორიისა და ყოველდღიურობის მიღმა ხდება და მეც, არტოს რომ დავესესხო, რასაც ის ჰელიოგაბალზე, ან გვირგვინმოსილ ანარქისტზე წერისას ამბობს:  “მე დავწერე მისი ისტორია, როგორც მოვყვებოდი მას და როგორც ახლა ვამბობ. ასევე დავწერე ის, რათა დავხმარებოდი მკითხველებს ესწავლათ ისტორიის დავიწყება”. 

კენეტი ახლა მკვდარია. მე კი, ვინც მისი შემოქმედებითი, მისტიკური ბურუსის მცირედ გაფანტვა ვცადე, ვეცდები, დაინტერესებულთა ძალისხმევას დავუტოვო დანარჩენის ხილვა. ახალი ეონი მოდის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.