fbpx

დიდებული დასაწყისი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტურნირის დებიუტს. ერთა ლიგის პირველ მატჩში ნაჩვენები თამაშის ხარისხის მიხედვით კი საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა და თითოეულმა ფეხბურთელმა გაათმაგებული სამუშაო ჩაატარა, რადგან ჩვენს გუნდს ასეთი დებიუტი აქამდე არასდროს ჰქონია!

ჩეხეთის დიდი ანგარიშით 4:1 განადგურებამ დაგვანახვა, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო, ბრძოლებში უაღრესად გამოიწრთო და აწი ნებისმიერ მეტოქესთან ადრინდელთან შედარებით გაცილებით მაღალ დონეზე შერკინება ძალუძს.

ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ ჩვენ გუნდს ჯგუფში ძალზედ სერიოზული მეტოქეები ჰყავს და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა ერთა ლიგის B კატეგორიის ტურნირზე.

მეორე მხრივ კი – საქართველოს ნაკრები ჯგუფის მთავარი ფავორიტია, რადგან ამ ოთხი გუნდიდან მხოლოდ მან შეძლო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევა.

დამაჯერებლობა ჩვენებს ჩეხებთან თამაშის ყოველ ეპიზოდში ეტყობოდათ იმ საწყისი წუთების გამოკლებით, როდესაც გიორგი მამარდაშვილმა რთული ბურთი მოიგერია. სინამდვილეში კი თურმე მეტოქის სუსტ მხარეებს ვზვერავდით…

კიტეიშვილის, ქოჩორაშვილის და ჩაკვეტაძის ძალისხმევით ჩვენებმა ნელ-ნელა თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს, მალე ბურთმა კვარაცხელიამდეც მიაღწია და მწვავე შეტევები მეტოქის გამუდმებულ შევიწროებაში და დამსახურებულ თერთმეტმეტრიანში გადაიზარდა.

ხვიჩა კვარაცხელიას სიდინჯემ პენალტის შესრულებისას თანაგუნდელებიც შეაგულიანა და შესვენებიდან  ჩვენები მეორე ტაიმში აშკარა „პერფორმანსის“ მოწყობის ეშხით გავიდნენ.

ოთხმაგ ცვლილებამდე ჩატარებული მეორე ტაიმის პირველი ნახევარი საათი კი საქართველოს ნაკრების თამაშების ისტორიაში შევა, როგორც დამაკავშირებელი იმ საუკუნოვან ტრადიციებთან, რომელთა მიხედვითაც ქართველებს მეორე მსოფლიო ომამდე ურუგვაელებს, პელეს პერიოდში ბრაზილიელებს, ხოლო მენოტის ეპოქაში კი არგენტინელებს ადარებდნენ…

სამივე გოლი ბრწყინვალე ინდივიდუალური ოსტატობისა და მოედნის ხედვის განსაკუთრებული ნიჭის შეხამების შედეგი იყო, როდესაც ფეხბურთელებმა ზუსტად იცოდნენ, როდის უნდა გაეკეთებინათ გადაცემა და როდის უნდა ემოქმედათ ინდივიდუალურად მეტოქის მცველების და მეკარის დასაბნევად.

მეორე ტაიმის დასაწყისში, საგოლე კომბინაციის დროს ჩეხი მცველები და მეკარე გარღვევაზე მყოფი ჩაკვეტაძისგან მიქაუტაძის მისამართით გადაცემას ელოდნენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა დაარტყა და თანაც ისე, რომ დაბნეულ ჩეხ მეკარეს ბურთი ფეხებშუა გაუძვრა…

მესამე საგოლე კომბინაცია გუნდური თამაშის შედევრად იქცა, როდესაც კაკაბაძემ ბურთი კვარაცხელიას გადააწოდა, კვარაცხელიამ ჩაკვეტაძეს, ჩაკვეტაძემ ლოჩოშვილს და ამ უკანასკნელმა სულ რაღაც 12 წამის განმავლობაში  მიმდინარე ელვისებრი შეტევის დამაგვირგვინებელ მიქაუტაძეს.

მეოთხე გოლის გატანისას კი ქოჩორაშვილის მისამართით ჩაკვეტაძის ჩაწოდებული ბურთი სტაჟიან გულშემატკივრებს სწორედ რომ პელეს თუ სოკრატესის დროინდელი ბრაზილიური ფეხბურთის სილამაზეს გაახსენებდა, რომლის გამგრძელებლებადაც დღევანდელ ევროპულ ფეხბურთში თურმე მათი „მონათესავე“ ქართველები უნდა იქცნენ.

მაგრამ ამ მოგებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს, რადგან აწი ჩვენებს ურთულესი გასვლითი შეხვედრა ელით ალბანეთის ნაკრებთან, რომელმაც უკრაინელებთან მატჩის შემობრუნება და სამი ქულის მოპოვება შეძლო. პოლონეთში ნეიტრალურ სტადიონზე მოგებით ალბანელმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს  მათთვის დამახასიათებელი მებრძოლი თვისებები.  

ლამაზი გოლების და კომბინაციების თვალსაზრისით ერთა ლიგის ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებს კონკურენცია მხოლოდ იტალიამ გაუწია, რომელმაც „ტიფოზებს“ წარსულის ის იშვიათი ეპიზოდები გაახსენა, „სკუადრა აძურას“ სანახაობრივ თამაშს ყველაზე მაღალ საფეხურზე რომ აყენებდა მსოფლიოში.

ასე იყო შორეულ 1978 წელს არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც იტალიის ნაკრებმა კაუზიოს, როსის და ბეტეგას ეპოქაში ულამაზესი შემტევი ფეხბურთი ითამაშა, თუმცა ტიტულს ოთხი წლის შემდეგ, ნაკლებად სანახაობრივი ფეხბურთის დემონსტრირებით დაეუფლა.

პლატინის ეპოქაში ფრანგმა ლიაკომბმა მსაჯის სასტვენისთანავე გახსნა ანგარიში იტალიელებთან მატჩში, რომელიც „სკუადრა აძურამ“ პირველივე ტაიმში შემოაბრუნა.

მას შემდეგ 46 წელიწადი გავიდა. განვლილ ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების სუსტი გამოსვლის და ფრანგებთან მორიგ დაპირისპირებაში ბარკოლას უსწრაფესი გოლის გათვალისწინებით კი მაყურებლები ალბათ უფრო სტუმართა განადგურების და არა მათ მიერ მატჩის მობრუნების საყურებლად მოემზადნენ.

მაგრამ თუნდაც ინგლისელთაგან განსხვავებით, იტალიელებს დროდადრო ყოველთვის ახასიათებდათ „წითელ ხაზთან“ მოხვედრისას მობილიზების უნარი, რამაც მათ 1982 წელს ზედიზედ არგენტინელებთან, ბრაზილიელებთან და გერმანელებთან, 2006 წელს ისევ გერმანელებთან და ზიდანის ეპოქის საფრანგეთის ნაკრებთან და ბოლოს, 2021 წელს „უემბლიზე“ ინგლისის ნაკრებთან მოაგებინა.

ამ ჩამონათვალში ორიოდე გამონაკლისის გარდა, იტალია შემადგენლობის სიძლიერის თვალსაზრისით ყოველთვის ჩამოუვარდებოდა მეტოქეებს და თითქოს ასევე იყო ერთა ლიგის უკანასკნელ მატჩშიც საფრანგეთის წინააღმდეგ.

მაგრამ ფრანგებზე ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით თურმე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ინგლისელთაგან განსხვავებით, მწვრთნელის გამოცვლა მათ ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც ვერ მოიფიქრეს, „სკუადრა აძურას“ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის ხელში კი თვით რასპადორიმაც გაიბრწყინა, რომლის დანახვამაც „ნაპოლის“ შემადგენლობაში ადამიანს ფეხბურთის ყურებაც კი შეიძლება შეაწყვეტინოს…

რასპადორიმ ფრანგებთან მატჩში მესამე გოლით წერტილი დასვა, იქამდე კი იტალიელმა ფეხბურთელებმა გაშვებული გოლის შემდეგ თანდათანობით ხელთ იგდეს სათამაშო ინიციატივა და არარაობად აქციეს მბაპეს და ბარკოლას შემტევი დუეტი. 

შეხვედრამ კულმინაციას 30-ე წუთზე მიაღწია, როდესაც დიმარკომ და ტონალიმ სამი შეხებით საფეხბურთო ქრესტომათიაში შესატანი საგოლე კომბინაცია გაითამაშეს, რის შემდეგაც „სკუადრა აძურამ“ თამაშის ბოლომდე გააქრო მოედნიდან მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები.

მაგრამ როგორც  უნდა ვაფასებდეთ თანამედროვე ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს, არსებობს ყველასგან განცალკევებული და მაღლა მდგომი საფეხბურთო ორგანიზაციები, არგენტინის და ესპანეთის ნაკრებები რომ ჰქვიათ, რადგან წლითიწლობით გვაკვირვებს ამ გუნდების წარმატებათა თანმიმდევრულობა, მათი რაოდენობა და ხარისხი.

თუკი ევროპის და ერთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა მშვიდად, ფრედ 0:0 ითამაშა სერბეთის ნაკრებთან, რაც აშკარად მოულოდნელი შედეგია, არგენტინელებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში მესის გარეშე ანგარიშით 3:0 დაამარცხეს ჩილეს ნაკრები და შვიდი ტურის შემდეგ მოპოვებული 18 ქულით დამაჯერებლად განაგრძეს ჯგუფში ლიდერობა.

მსოფლიოს და სამხრეთ ამერიკის მოქმედმა ჩემპიონმა სამივე ბურთი მეორე ტაიმში გაიტანა და გამანადგურებელი ანგარიშით მოგებაში განსაკუთრებული წვლილი ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა ლო ჩელსომ, დიბალამ და გარნაჩომ შეიტანეს. 

ტურნირის რეგლამენტიდან გამომდინარე, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის გარანტიის მიუხედავად, კვლავ კრიზისშია ბრაზილიის ნაკრები, რომელიც საკუთარ მოედანზე ეკვადორის ნაკრებთან შეხვედრაში გამარჯვებას როდრიგოს ერთადერთი გოლით დასჯერდა.

ბრაზილიელები მე-7 ტურის შემდეგ ჯგუფში მხოლოდ მეოთხე ადგილზე იმყოფებიან, რაც მათი უაღრესად სუსტი ასპარეზობის შედეგია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.